როგორი რეაქცია აქვთ ზალიკო სულაკაურის კარიკატურებზე ცნობილ ადამიანებს? - გზაპრესი

როგორი რეაქცია აქვთ ზალიკო სულაკაურის კარიკატურებზე ცნობილ ადამიანებს?

მხატვარ ზალიკო სულაკაურს საქართველოში კვიმატი იუმორით და არაჩვეულებრივი კარიკატურებით იცნობენ. როდის დაიწყო ხატვა და როდის გადაწყვიტა, პირველი კარიკატურა შეექმნა? - ცნობილ მხატვარს ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ.

- ალბათ, იმით უნდა დავიწყო, რომ სულაკაურების მთელი საგვარეულო მხატვრობის ნიჭით არის დაჯილდოებული. ცხადია, ყველა მხატვარი არ არის, მაგრამ თითქმის ყველა ხატავს. მე და ჩემს ტყუპისცალს, ბაკურს თავიდანვე გვქონდა სურვილი, გვეხატა. ერთი წლის ასაკშიც კი ვხატავდით. ზოგჯერ ვხუმრობ, - ფანქრით არ დავბადებულვარ, თორემ ხელში სულ ფანქარი მეჭირა და ვხატავდი-მეთქი. ალბათ, დაჰკვირვებიხართ, რომ ბავშვები ხატვას სიარულთან და ლაპარაკთან ერთად იწყებენ. ისინი ყველგან ხატავენ, სადაც მოეპრიანებათ. მე და ჩემმა ძმამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ კედლებზე უნდა გვეხატა. ხომ შეიძლებოდა, მშობლებს დაეშალათ და ეთქვათ, ნუ შვრებითო, მაგრამ არ დაგვიშალეს. ჩემთვის სწორედ მაშინ გაიხსნა ის ჯადოსნური კარი, რომელსაც მხატვრობა ჰქვია. ძნელი ასატანია, ახალგარემონტებულ სახლში ბავშვი კედლებს რომ მოგიხატავს, მაგრამ არ უნდა დაუშალო. ბავშვი თავისუფალი უნდა იყოს, უნდა გამოხატოს, რა ხდება მის ოცნებებსა და სურვილებში; საშუალება უნდა მისცე, ხატოს. პატარები სიყვარულით ხატავენ: ბებოს, პაპას, დედ-მამას, ცხოველებს, პეპლებს... ამიტომ, საშუალება უნდა მისცე, დახატოს. ვფიქრობ, მე კედლებზე რომ არ მეხატა, მხატვრობის სიყვარულს ვერ შევიცნობდი. ჩემი პროფესიისკენ სწორედ ამან მიბიძგა. კედელზე ხატვა სხვა სიამოვნებაა და ზოგჯერ, ჩემს მოსწავლეებსაც ვაძლევ ამის საშუალებას. მათ ხშირად ვეუბნები: თუ გინდა, თავისუფალი იყო, ისე უნდა ხატო, როგორც გული გკარნახობს-მეთქი. აკადემიური მხატვრობა ისწავლება, მაგრამ თავისუფლება მაინც უპირველესია.

charkviani-copy-1666594359.jpg

- მოგვიყევით თქვენს ოჯახზე. მშობლებმა რა როლი შეასრულეს თქვენს პროფესიულ არჩევანში?

- მამაჩემი, ვალერიან სულაკაური მწერალი, კინოდრამატურგია. ჩემს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები, ჩემ გვერდით ბუმბერაზი ხალხი ტრიალებდა... სამი წლის ასაკიდან ვიცნობდი კინოსტუდიის მხატვრებს. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ: რამაზ ჩხიკვაძე, ჯემალ ღაღანიძე, ბუბა ხოტივარი, ჰამლეტ გონაშვილი და სხვები... ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში ვიზრდებოდი. როცა პატარა ხარ, ვერ აცნობიერებ, რომ ასეთ დიდ ადამიანებთან გაქვს ყოველდღიური კონტაქტი, მეც ვერ ვაცნობიერებდი! დედა - იზო ონიაშვილი ფიზიკოსია. ისიც ყველანაირად გვიწყობდა ხელს, რომ ჩვენი ნიჭი არ დაკარგულიყო.

givii-copy-1666594373.jpg

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრის ცხოვრებაში?

- მთავარია, გადაულახავი სურვილი გქონდეს, ხატო და ამ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგივა. მე სამხატვრო აკადემიაშიც კი არ მისწავლია: 1986 წელს, ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვაბარებდი და ვერ მოვხვდი, რადგან ყველა ადგილი გაყიდული იყო. მაშინ ე.წ. ჩაწყობა ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ჰოდა, დიდი, ბუთხუზა ორიანი დამიწერეს. ცოტა ხანს ამ საქმეზე გული ამიცრუვდა, მაგრამ შემდეგ "თოიძეში" წავედი და კერამიკოსის სპეციალობას დავეუფლე. 1990-იანმა წლებმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა, რადგან ჩემს სახელოსნოში იკრიბებოდნენ ხელოვანები, მხატვრები - ეს მათთვის კეთილი ნავსაყუდელი იყო. სწორედ მაშინ გავიცანი გივი ბერიკაშვილი, თენგიზ არჩვაძე და სხვა ბუმბერაზი მსახიობები. ამ სახელოსნოში ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვხუმრობდით და ზოგჯერ ვსვამდით კიდეც.

- როდის გადაწყვიტეთ, კარიკატურები შეგექმნათ?

- კარიკატურებსა და მეგობრულ შარჟებს სკოლიდან ვხატავდი, მასწავლებლებს, მოსწავლეებს - ყველას ვაშარჟებდი, რადგან ვხედავდი, ეს სახალისო და კეთილი საქმეა: კარიკატურას ადამიანებისთვის ღიმილი და დადებითი ემოციები მოაქვს. მერე პოლიტიკურ შარჟებსაც ვხატავდი, რომელსაც ძირითადად, ჟურნალ-გაზეთები მიკვეთდნენ. მოკლედ, რა არ დამიხატავს. ახლაც, ხელში სულ ფანქარი მიჭირავს, რადგან ვიცი - მხატვრისთვის მთავარი ნიჭი - შრომისმოყვარეობაა. ბევრი ნაცნობი მყავს, რომელმაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მაგრამ დღეს სულ სხვა საქმითაა დაკავებული. არავინ თქვას, რომ მხატვრობით თავს ვერ ირჩენს. მართალია, საზოგადოება ფიქრობს, რომ ბევრი მხატვარი დუხჭირად ცხოვრობდა და თავის სიცოცხლეში ერთი ნახატიც ვერ გაყიდა, მაგრამ დღეს მხატვრობით ნორმალურად იცხოვრებ, თუკი ნიჭიერი ხარ და შენი ქმნილებები რაღაცას წარმოადგენს. მესმის, შეიძლება საზღვარგარეთ მეტი იშოვო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამშობლო სულ მიატოვო და სხვა ქვეყნისთვის იშრომო. თუ ხატვა გწყურია, უნდა ხატო და მერე გამოჩნდება, რამდენად ფასეულია შენი ნახატები.

- გივი ბერიკაშვილის და ოტია იოსელიანის კარიკატურები რომ დახატეთ, რა რეაქცია ჰქონდათ?

- გივი ბერიკაშვილს სულ ვხატავდი... ვითომ ბრაზდებოდა, - ამ სულაკაურმა ხომ გული გამიწყალა, თუ ხედავთ, რამხელა ცხვირი დაუხატავსო. თითქოს, პატარა ცხვირი ჰქონდა... მის შვილთან ვმეგობრობდი და ახლაც ვმეგობრობ. მე და ოტია იოსელიანიც ვმეგობრობდით. ერთხელ მითხრა: ჩემი სახლის კედლები სულ ნახატებითაა სავსე. მინდა, ერთი შენი ნახატიც იყოსო. ამას აუცილებლად შევასრულებ და მის შვილიშვილს ჩემს ნახატს ვაჩუქებ, რომ ჩემი ერთი ნახატი ოტიას სახლშიც იყოს. კახი კავსაძეც დამიხატავს და ჩემს კარიკატურებს ისიც ჯანსაღი იუმორით, ღიმილით ხვდებოდა. ჯანსუღ ჩარკვიანის კარიკატურაც მაქვს შექმნილი, რომელიც მამაჩემთან მეგობრობდა და ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. რომ დავფიქრდები, გული მწყდება, რომ ასეთი ხალხი მიდის და ისეთები მოდიან, რომლებიც ზამთარში თოვლს არ მოგცემენ.

v-1666594389.azarashvili - Copy.jpg

- პოლიტიკურ კარიკატურებს აღარ ხატავთ?

- არა, ახლა ძირითადად, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების კარიკატურებს ვხატავ. თუმცა, წლების წინ, თითქმის ყველა პოლიტიკოსის კარიკატურა მაქვს დახატული, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის... ახლა კი ვცდილობ, პოლიტიკისგან შორს ვიყო.

- მიუხედავად ამისა, თქვენს ნახატებში თეა წულუკიანის კარიკატურაც არის. როგორი რეაქცია ჰქონდა მას ამ კარიკატურაზე?

- ძალიან კარგი: მისი დახმარებით, წელს კარიკატურის ფესტივალი ჩავატარეთ, რომელიც კულტურის სამინისტროს ეგიდით მოეწყო. ყველა მოვიწვიეთ, ვისაც კარიკატურა უყვარს. ახლა გვინდა, ნიკო ფიროსმანის ალბომი გავაკეთოთ და ჩვენი ნიკალა მთელ მსოფლიოს კარიკატურისტების თვალით დავანახვოთ.

- ყველაზე მეტად ვის მოსწონდა თქვენი შარჟები?

- კარიკატურის ჟანრი ძალიან უყვარდა ზურაბ ჟვანიას, რომელსაც ბავშვობიდან - 10-12 წლიდან ვიცნობდი. ის ჩემს ნახატებს აგროვებდა, ჩარჩოში სვამდა და თავის კაბინეტში ინახავდა - კედლებზე კარიკატურების გამოფენა ჰქონდა. შექმნილი მაქვს გურამ დოჩანაშვილის - ამ დიდი გენიოსის კარიკატურაც. მსოფლიოში არ არსებობს კუთხე-კუნჭული, სადაც ჩემს ნახატს ვერ იპოვით. ჯორჯ ბუში, ტანია მარია, ალან რიკმანი - ყველას კარიკატურა მაქვს დახატული...

- პოპულარობა თქვენთან როდის მოვიდა?

- პოპულარობა სატელევიზიო გადაცემამ მომიტანა, სადაც ბავშვებს ხატვას ვასწავლიდი და ვცდილობდი, მათთვის ყველაფერი გასაგები, მარტივი ენით ამეხსნა. ამის შემდეგ ჩემს სტუდიაში თავისი შვილი უამრავმა ადამიანმა მოიყვანა. მეც ალბათ, მაშინ გადავწყვიტე, რომ პატარებისთვის ხატვის სწავლება ჩემი მოწოდება იყო და ახლა მთლიანად ბავშვებზე ვარ გადართული: ძალიან დაკავებული ვარ ჩემი სამხატვრო სტუდიით. ბავშვებს ვასწავლი, რომ კარიკატურამ უნდა გაგახალისოს, რომ ის კეთილი იუმორით უნდა იყოს გაჯერებული. სამწუხაროდ, ქართველებს გვიჭირს, მივიღოთ ადამიანი, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვს. მე რომ ლურჯი ფერი მიყვარს და შენ - წითელი, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხარ მართალი. ადამიანი კი არ უნდა შეიძულო იმის გამო, რომ სხვანაირად ფიქრობს. განკითხვა და ერთმანეთის სიძულვილი ის თვისებებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

- საინტერესოა, კარიკატურის ობიექტს როგორ არჩევთ?

- ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვის ვხატავ. მთავარია, ადამიანის გარეგნობაში საინტერესო შტრიხი დავიჭირო და მის კარიკატურას აუცილებლად დავხატავ. ასე, ვანო ჯავახიშვილიც დამიხატავს, რა უნდა მის დახატვას? - ისედაც თავგასივებულია, და როცა ამას ვეუბნები, ყოველთვის გულიანად იცინის. ჩემი თავიც დამიხატავს: აბა, ჩემი კარიკატურის დახატვას რა უნდა? - დახატე გაბურძგნილი თმა და მერე თვალები მიახატე... (იცინის)

- დაბოლოს, როგორი თაობა მოდის - გყავთ თუ არა განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები?

- საოცრად ნიჭიერი თაობაა. ჩემს სტუდიაში ძალიან ბევრი მოსწავლე გავზარდეთ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალში ბევრი საუკეთესო მხატვარი ეყოლება. ჩვენი ბავშვები საოცრებებს ქმნიან. სტუდიები უკვე გურჯაანსა და თელავშიც გავხსენით და იქაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ. ინტერვიუს დასასრულს კი გეტყვით, რომ პატარების აღზრდა ყველაზე საუკეთესო საქმეა, რაც კი ოდესმე მიკეთებია!

ხათუნა ჩიგოგიძე