ანჟელიკა აგაბაბოვი მსახიობის პროფესიის ხიბლსა და სირთულეზე - გზაპრესი

ანჟელიკა აგაბაბოვი მსახიობის პროფესიის ხიბლსა და სირთულეზე

ეს მისი პირველი ინტერვიუა. ამბობს, რომ გაუმართლა: 18 წლის ასაკში, როცა თვალების გახელას იწყებდა, პედაგოგად თემურ ჩხეიძე შეხვდა. ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი კვალი დატოვა მის გონებაში. ჯერ იყო "თესეა", ახლა - "სიყვარულს მიღმა". იმედი აქვს, რომ ეს ჩამონათვალი გაიზრდება. მსახიობი ანჟელიკა აგაბაბოვი დღეს ყველა მის როლს თემურ ჩხეიძის ხსოვნას უძღვნის.

- ანჟელიკა, გამხდარიყავი მსახიობი - ეს გადაწყვეტილება რა ასაკში მიიღე?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება უფრო მინდოდა. გარდა იმისა, რომ ვხატავდი, მქონდა მუსიკალური განათლება და კარგად ვცეკვავდი. ერთ დღეს დედამ დამსვა და დამელაპარაკა. მითხრა, - მგონია, რომ სხვა სფეროში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებო, - და ეს სხვა სფერო იყო მსახიობობა. ჰო, ასე მოხდა, ეს პროფესია დედის არჩევანი იყო.

- ხშირ შემთხვევაში მშობლებს არ სურთ, მათმა შვილმა ეს პროფესია აირჩიოს.

- ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა.

- პროფესიული არჩევანის გამო სინანული გქონია?

- ერთი პერიოდი თითქოს იმედგაცრუება მქონდა, ვფიქრობდი, რომ მეორეხარისხოვან პროფესიად დამეტოვებინა და სხვა სპეციალობა შემესწავლა. თემურ ჩხეიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც სხვაგვარად დამაფიქრა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ პროფესიას სხვა თვალით შევხედე. ჩემს ყველა როლს, კინოში იქნება თუ თეატრში, რაც მითამაშია და რასაც მომავალში ვითამაშებ, თემურ ჩხეიძის ხსოვნას ვუძღვნი.

- მასთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებ?

- პირველი შეხვედრა მისაღებ ტურებზე იყო. ცოტათი მეშინოდა, რატომღაც მკაცრი მეგონა, სინამდვილეში კი ყველაზე თბილი, ლოიალური, მშვიდი, უკარგესი ადამიანი აღმოჩნდა. მან შემაძლებინა, დაძაბულ და სტრესულ გარემოში გავხსნილიყავი.

- დღევანდელი გადასახედიდან, შენთვის ამ პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის?

- პროცესი და მოქმედება.

- პირველი როლი და მაშინდელი ემოცია როგორ გახსენდება?

- 3 წლის წინ, "თესეაში" გადამიღეს. მთავარ პერსონაჟს ნინიკო ერქვა, რომელსაც ანიკო ცეცხლაძე ასრულებდა და მე მის ბავშვობას ვთამაშობდი. გამორჩეულად მახსოვს ეს როლი. ძალიან ვნერვიულობდი, პირველი იყო და ეს ბუნებრივიც არის. მსახიობი ყველა ახალ როლში რაღაც ახალს პოულობ და ყველა როლი თავისებურად სანერვიულოა.

- მანამდე სცენაზე არ გითამაშია?

- მაია დობორჯგინიძემ "ბერნანდა ალბას სახლი" დადგა, იქ მოახლის როლი მქონდა. ამ როლზე ორმაგად ვინერვიულე. თემურ ჩხეიძის სტუდენტი რომ გქვია, ეს კიდევ სხვაგვარი პასუხისმგებლობაა. ამ როლმა ბევრი რამ მასწავლა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა როლი იყო, თუმცა თემურ ჩხეიძე გვეუბნებოდა, რომ დიდი და პატარა როლი არ არსებობს.

124616461-3676244405761599-2636246045475186726-n-copy-1666689988.jpg

- როლზე მუშაობას როგორ იწყებ?

- განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაში მუსიკა ძალიან მეხმარება. ვიწყებ ფიქრს - ის ადამიანი, მისი ცხოვრება როგორი იქნებოდა, როგორი მშობლები ეყოლებოდა, ვფიქრობ, როგორ დავემსგავსო. თითქოს ეს პერსონაჟი რეალურ ცხოვრებაში გადმომყავს, მერე ვეძებ მის მსგავს ადამიანს, ვიწყებ მასზე დაკვირვებას. ბატონი თემური სტუდენტებს ხშირად გვეუბნებოდა: დააკვირდით ხალხს, დააკვირდით ყველა სიტუაციაში! ეს ხშირ შემთხვევაში ინსპირაციად იქცევა. სტუდენტებს გვეუბნებოდა, საკუთარი მანქანით ან ტაქსით ნუ დადიხართ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით იარეთ, დააკვირდით ხალხს, იფიქრეთ, მუსიკას მოუსმინეთ! ფეხით სიარული მიყვარს და რაც უნდა შორ მანძილზე მიწევდეს გადაადგილება, უმეტეს შემთხვევაში ფეხით მივდივარ, ეს ერთგვარი შემოქმედებითი პროცესია.

- მეტად როგორი პერსონაჟი გიზიდავს - რომელიც შენგან განსხვავდება თუ რომელთანაც ბევრ საერთოს პოულობ?

- ჩემთვის ის პერსონაჟები, რომლებსაც ვგავარ, ადვილი სათამაშოა, ამ დროს არ მიწევს ტიპაჟის ძებნა, ბევრი ფიქრი. ამიტომ, როცა ჩემგან განსხვავებულ პერსონაჟზე ვმუშაობ, ეს მეტ ძიებას მოითხოვს, მეტ დაკვირვებას, და პროცესი გაცილებით საინტერესო ხდება. განვითარებაშიც მეტად მეხმარება. ჩემს გმირს ბევრი რაკურსით უნდა შევხედო, ეს რთულია, მაგრამ საინტერესო. როცა მსახიობი სამაგიდო რეპეტიციებს გადიხარ, ძალიან ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი, ახალ და ახალ აღმოჩენებს აკეთებ, შემდეგ გადადიხარ სცენაზე, გადაგყავს შენი პერსონაჟი, იქ აცოცხლებ და სულ სხვა რაღაცები იჩენს თავს. სხეულის ენა სხვა უნარ-ჩვევების გამოვლენას იწყებს, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. ასე რომ, როლზე მუშაობის ყველა ეტაპი თავისებურად საინტერესოა.

- მომავალში საკუთარი თავი სად უფრო წარმოგიდგენია - სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე?

- ალბათ - გადასაღებ მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ თემურს თეატრი ძალიან უყვარდა. მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მგონია, რომ გადასაღებ მოედანზე მეტად კომფორტულად ვარ, საკუთარ თავს იქ უფრო ვხედავ.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" როგორ აღმოჩნდი?

- დამირეკეს, მივედი კასტინგზე, პატარა სცენა გავიარე და რამდენიმე დღის შემდეგ მითხრეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი.

- შენი პარტნორი სოფო გორელაშვილი გამოცდილი მსახიობია, ის გადაღების პროცესში რამდენად დაგეხმარა?

- სოფო საინტერესო ადამიანია. რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა სადად და ძალიან მარტივად შეუძლია ემოციების გამოხატვა. ეს გარკვეულწილად, ალბათ გამოცდილების შედეგად მოდის. სოფო ძალიან დახვეწილია.

- როგორია მაყურებლის გამოხმაურება?

- "თესეაში" რომ ვთამაშობდი, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი მცნობდა, მაჩერებდნენ, მეკითხებოდნენ, - შენ ის გოგონა ხარ, სერიალიდან, არა? რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო მომენტია. "თესეა" და "სიყვარულს მიღმა" მაყურებელს ძალიან მოსწონს და უყვარს.

- რიტუალი თუ გაქვს, რომელსაც სცენაზე ყოველი გასვლის წინ ასრულებ?

- ბნელ ადგილს ვეძებ, 5-8 წუთით რომ განვმარტოვდე, ვდგავარ და ვფიქრობ. ეს სიბნელე კონცენტრაციაში ხელს მიწყობს, ვიწყებ ფიქრს, ვიქმნი განწყობას. რატომღაც ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ყველა სპექტაკლი, სადაც კი თამაში მიწევდა, ჩემი პერსონაჟით იწყებოდა. დიდი დრო შესამზადებლად არასდროს მქონდა.

- რა განცდა გაქვს, როცა ეკრანზე საკუთარ თავს უყურებ?

- ვერ ვუყურებ, არ შემიძლია, არადა, ვიცი, რომ ეს აუცილებელია: ეკრანზე შენს თავს რომ შეხედავ, ბევრ რამეში დაგეხმარება, მაგრამ ჩემი ხმის გაგონებაც კი იმდენად უცხოა, აქამდე ვერ შევძელი. ეს სირთულე გადასალახი მაქვს, ბავშვური აკვიატებაა, ცუდია.

- ახალ როლზე რომ გამტკიცებენ, პირველად ვის ურეკავ?

- ადრე ბატონ თემურს ვურეკავდი, ყოველთვის ვეკითხებოდი, დავთანხმებოდი თუ არა ამა თუ იმ პერსონაჟის თამაშს. მას ვეღარავინ შემიცვლის... ახლა პირველად ჩემს მეგობარს ვურეკავ. არ არის მსახიობი, არ არის ჩემს პროფესიაში ჩახედული და მასთან ადვილია ამ თემაზე ლაპარაკი, ეს ჩემთვის კომფორტის ზონაა.

- კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- მაქვს უნარი, კრიტიკას ანალიზი გავუკეთო - რამდენად ჯანსაღია და რამდენად - არა, ის ადამიანი რამდენად კომპეტენტურია. როცა დილეტანტი მაკრიტიკებს, მისი აზრიც მნიშვნელოვანია, ისიც ხომ რიგითი მაყურებელია, მინდა თუ არა, მის ნათქვამზე მაინც მეფიქრება.

103965474-3431176590259776-8136058778295320399-n-copy-1666689975.jpg

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხარ?

- არა, ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე პროფესიულ განვითარებაზე ვარ გადართული. ბატონმა თემურმა იმდენად შემიცვალა დამოკიდებულება, იმდენად ორიენტირებული გამხადა საკუთარი თავის განვითარებაზე, ახლა სხვა არაფერი მახსოვს. არ ვიცი, ვინმე ისეთი რომ გამოჩნდეს, რომელიც ჩემს ყურადღებას მიიპყრობს, როგორ განვითარდება ურთიერთობა, მაგრამ ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ჯერ 23 წლის ვარ.

- თემურ ჩხეიძე ხშირად გაიხსენე. მისი ნათქვამი ფრაზა, სიტყვები, რომელიც ასევე სულ გახსენდება, რომელია?

- ის ძალიან ხშირად ამბობდა სიტყვებს "ამაშია საქმე". მისი გავლენით, ამ სიტყვებს ჩემს ლექსიკონშიც ხშირად ვიყენებ, მომწონს. გამიმართლა, რომ მას შევხვდი, თან შევხვდი 18 წლის ასაკში, როცა თვალების გახელას ვიწყებდი. 5 წელი მასთან გავატარე და გავიზარდე, საიმედო ხელში ვიყავი. ემოციურად კი სულ მახსენდება, მისი სიყვარული, თავდადება პროფესიისადმი, ბოლომდე როგორ იყო ამ პროფესიაში. ვისურვებდი, რომ მისებური სიყვარული ვისწავლო, არა მხოლოდ პროფესიისადმი, არამედ - ადამიანებისადმი.

თამუნა კვინიკაძე