"პრინცესული" ფერები და მეგრული სამზარეულო - გზაპრესი

"პრინცესული" ფერები და მეგრული სამზარეულო

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი გემოვნებასთან დაკავშირებით გულახდილად გვესაუბრა: გაგვიზიარა, რა მოსწონს და რა - არა, თუმცა, როცა მისთვის სამაგალითო ტელეჟურნალისტის დასახელება ვთხოვეთ, ზოგადი პასუხი გაგვცა, რაც გარკვეული მიზეზით ახსნა...

- ახალი სამუშაო სეზონი დასვენებულმა, ძალიან კარგი განწყობით, ახალი შემართებით დავიწყე, რადგან იქ ვმუშაობ, სადაც მისვლა მიხარია.

- ტელეეთერისთვის სამოსს როგორ არჩევ?

- ტელევიზიაში მხატვარი გვყავს, რომელთან ერთადაც ვარჩევ, მაგრამ ძირითადად თავად ვწყვეტ, რა ჩავიცვა - სახლში საეთეროდ სამოსს წინადღეს გადავდებ ხოლმე. წინათ, ტელევიზიის გარდერობში ჩავდიოდი, რაზეც დილით ბევრ დროს ვხარჯავდი. შინ მომზადება ამიტომ გადავწყვიტე - ტელევიზიაში საეთეროდ ჩაცმული მივდივარ ხოლმე (იღიმის).

- პირად გარდერობში ეთერისთვის ცალკე სამოსი გაქვს თუ გადაცემისთვის ისეთ ტანსაცმელსაც იყენებ, რასაც ყოველდღიურადაც იცვამ?

- სხვათა შორის, არის რაღაცები, რასაც მხოლოდ ეთერში ვიყენებ. ეკრანისთვის ცოტათი სხვაგვარი სტილი მაქვს. ამიტომ რასაც ეთერისთვის ვიცვამ, ძირითადად, ყოველდღიურად არ ვიყენებ, განსაკუთრებით - ბოლო დროს, რადგან უპირატესობას თავისუფალი სტილის სამოსს ვანიჭებ. ეკრანზე შედარებით უფრო გაპრანჭული ვარ.

- "საშოპინგოდ" როცა მიდიხარ, საზღვრავ, რა შეიძინო ეთერისთვის და რა - ყოველდღიური ცხოვრებისთვის?

- ვერასდროს, თუ სპეციალურად ისეთი რამის შესაძენად არ წავედი, რაც უეჭველად მჭირდება. ხშირად მემართება, რომ, მაგალითად, ფეხსაცმლის საყიდლად წასული, ყველაფერს ვყიდულობ, ფეხსაცმლის გარდა, მაგრამ შინ მაინც კმაყოფილი ვბრუნდები. ამ მხრივ ცოტათი არაპროგნოზირებადი ვარ (იცინის).

tako-4-1666691811.jpg

- შენს გარდერობში როგორი ფერის სამოსი და აქსესუარები ჭარბობს?

- საერთოდ, რომელიმე აქსესუარის აკვიატება მჩვევია. მაგალითად, ერთ ჩანთას ამოვიჩემებ და სულ მას ვიყენებ. დანარჩენი, ახალი ჩანთები ისევ თავის შეფუთვაში მიწყვია - მგონი, უკვე მოდიდან გადავიდა კიდეც (იცინის). ფერს რაც შეეხება, თეთრი, სპილოსძვლისფერი სამოსი ისე მიყვარს, რომ თუკი რომელიმე ტანსაცმელი მომეწონება, რამდენიმე ერთნაირ მოდელს ვყიდულობ: თუ ერთი დაზიანდება, მეორეს ჩავიცვამ, გული რომ არ დამწყდეს...

- თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- ეგ ისეთი ინდივიდუალური საკითხია, რომ ვერ გიპასუხებ. შეიძლება ვინმესთვის უგემოვნო ვიყო, მაგრამ თავად რასაც ვიცვამ, მე ხომ მომწონს, არა? შესაბამისად, ჩემთვის გემოვნებიანია. იმას ვიცვამ, რასაც მივიჩნევ, რომ მიხდება და თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ცუდად გამოვიყურებოდე. ამიტომ რთულია განსაზღვრო, ადამიანი გემოვნებიანია თუ არა.

- ვისგან გსიამოვნებს ყველაზე მეტად კომპლიმენტის მიღება?

- ჩემი ქმრისგან, რადგან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ეთერისთვის შერჩეული ორი "ლუქიდან" ერთ-ერთი, მისი შეფასების გათვალისწინებით ჩამიცვამს. რომ მეტყვის, - ეს რა მაგარიაო! - მაშინვე მისი ნათქვამის ზეგავლენის ქვეშ ვექცევი და სარკეში მის მიერ შერჩეული სამოსი მეც მომწონს - უი, ეს მართლა კარგია-მეთქი (იღიმის).

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ვინ ან რამ მოახდინა ზეგავლენა?

- კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ. სხვათა შორის, წინათ, "პრინცესული" ფერები - ვარდისფერი, იისფერი - ძალიან მიყვარდა, რაც ყველას უკვირდა. ახლა ასეთ ფერებში გადაწყვეტილ სამოსში გამოწყობას ხშირად ვერ ვბედავ. ერთი-ორჯერ ეთერში "შევაპარე" და ვფიქრობდი, ვინმეს თვალში ისე არ მოხვდეს, რომ თქვას, - ეს თოჯინა ვინ არისო?!. ცოტათი ვკომპლექსდები, რომ ზედმეტად თოჯინასავით არ გამოვიყურებოდე, მაგრამ "პრინცესულ" ფერებზე ვგიჟდები, ისე მიყვარს!.. ამ მხრივ, ჩემზე გავლენა არავის მოუხდენია - სამეგობროშიც არავინ ყოფილა, ვისაც ეს ფერები განსაკუთრებულად მოსწონდა. მაგალითად, ვარდისფრის დანახვისას მეგობრებს ყოველთვის მე ვახსენდებოდი (იცინის)... ბავშვობაში დედა ვარდისფერ სამოსს ხშირად მაცმევდა - ძალიან უყვარდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე ზეგავლენა დედამ მოახდინა.

- მოდის ტენდენციებს თვალყურს ადევნებ?

- გამიზნულად - არასოდეს. უბრალოდ, რადგან ტელევიზიაში ვმუშაობ, ასე თუ ისე, ვეცნობი. ზოგჯერ რაღაც აუკვიატებიათ - მოდაშიაო, მე კი არ მომწონებია ან ჩამიცვამს და ვერ მომიხდენია. ასე რომ, მოდას ფეხს არ ვუწყობ. ჩემთვის მოდაში ისაა, რაც მიხდება. მთავარია, სამოსში თავს კომფორტულად ვგრძნობდე და სარკეში ჩახედვისას მომწონდეს.

- ოდესმე რადიკალურად განსხვავებული იმიჯი თუ გქონია ან იმიჯის შეცვლის სურვილი ახლა თუ გიჩნდება ხოლმე?

- არა, განსხვავებული იმიჯი არასოდეს მქონია - ისევ ის ხუჭუჭა გოგო ვარ, პატარა (იცინის). ბავშვობიდან ხუჭუჭა თმა მქონდა.მხოლოდ თმის ფერი მაქვს შეცვლილი, ოღონდ - ბოლოებში, ე.წ. სხივები გავიკეთე. ვცდილობ, თმა მთლიანად არ შევიღებო. "სხივებს" დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ ვიკეთებ, რომელსაც მელირების მსგავსი ეფექტი აქვს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თმა ძალიან მოკლედ შევიჭერი. შემდეგ ერთი სული მქონდა, როდის გაიზრდებოდა. თან, იმ პერიოდში, 1-წლიანი სატელევიზიო პაუზა მქონდა...

tako-5-1666691831.jpg

- როცა ადამიანს პირადად ხვდები, შენს ყურადღებას მისი გარეგნობის რა დეტალი იპყრობს?

- საერთოდ, ძალიან გონებაგაფანტული ადამიანი ვარ. თუ მობილიზებული არ ვარ, რომ კონკრეტულად რამეს დავაკვირდე, ვერაფერს შევნიშნავ. შეიძლება ადამიანს შევხვდე, ვესაუბრო და საერთოდ ვერ შევამჩნიო, რა აცვია, როგორი ტუჩსაცხი უსვია, როგორი ვარცხნილობა აქვს... სახეზე რაღაც სასწაული უნდა სჭირდეს - მაგალითად, ამობრუნებული ტუჩი ან კვინკეს შეშუპება, რომ შევამჩნიო.

- ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად ვის მიიჩნევ?

- ჩემთვის მაკა ასათიანი ძალიან მაგარი ქალია. აბსოლუტურად ყველაფერში მისაბაძია, პირველ რიგში - გარეგნობაში.

- სოციალური ქსელებიდან შენი ჩაცმულობის ინსპირაციის წყარო ვინმეს სტილი გამხდარა?

- კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება. შეიძლება "სქროლვისას" ვიღაც თვალში მომხვდეს - უი, რა მაგარი ზედატანი აცვია-მეთქი. ანალოგიური მოდელის შესაკერად არასოდეს წავსულვარ, მაგრამ ბევრის "ლუქი" მომწონებია, "დამისქრინავს" კიდეც - იქნებ ასეთს სადმე გადავაწყდე-მეთქი, თუმცა ეს "სქრინი" ფოტოებს შორის იკარგება და მავიწყდება.

- სამაგალითო ტელეჟურნალისტად ვის მიიჩნევ?

- ქართველებიდან რომელიმეს დასახელება ჩემი მხრიდან სწორი საქციელი არ იქნება, რადგან ბევრთან ვმეგობრობ. გულწრფელი, კარგი ჟურნალისტები ყოველთვის დასაფასებელი არიან... მაგალითად, "ელენის შოუზე" ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა. მსგავს შოუს სიამოვნებით გავაკეთებდი.

- ამ ტიპის შოუს წამყვანი იქნებოდი?

- ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ელენი მაგრად მომწონს - კარგი ტიპია. ჩემს გემოვნებას შეესაბამება და მისი გადაცემაც მომწონდა... ასეთი შოუს წამყვანი სიამოვნებით ვიქნებოდი, რატომაც არა?

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რა საკითხში ენდობიან შენს გემოვნებას, რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- საერთოდ, ადამიანის მოსმენა შემიძლია. ამას ჩემი მეგობრებიც აღნიშნავენ. შეიძლება, ჩემი პრობლემა მქონდეს, მაგრამ თუ მეგობარს სჭირდება, დავჯდები და მოვუსმენ. თუ გამოცდილება მაქვს, გავუზიარებ, ვურჩევ ან ერთად ვიმსჯელებთ... სხვათა შორის, სახლის დეკორატიული ნივთები, სურნელოვანი ჩხირები და მსგავსი რაღაცები ძალიან მიყვარს და მეგობრებიც ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად მირეკავენ.

- შენს კულინარიულ გემოვნებაზე რას გვეტყვი?

- უცხოური სამზარეულოდანაც ბევრი კერძი გამისინჯავს, მაგრამ ქართული სამზარეულო ისეთი მდიდარი და მრავალფეროვანია, რომ უცხოელებსაც ჩვენი კერძები ურჩევნიათ. განსაკუთრებულად მეგრული სამზარეულო მიყვარს... ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, რომ კერძებს ხშირად ვამზადებ, მაგრამ შეძლებისდაგვარად, რაღაცებს მეც ვაკეთებ. ყველაზე მეტად ჩემი მეუღლის მიერ მომზადებული კერძები მომწონს. ნამდვილად კარგი ხელი აქვს.

- შენი აზრით, გოიმი როგორი ადამიანია?

- ეს სიტყვა ბოლო დროს აქტუალურია. ქართულ რეალითი შოუს ვუყურებ, რადგან მართლა მაინტერესებს, რამდენნაირი ადამიანი არსებობს. მონაწილეების შემხედვარე, ხანდახან ისე ვითრგუნები, რომ ვფიქრობ, როგორ ცხოვრობენ, საიდან მოვიდნენ, სად გაიზარდნენ-მეთქი?.. იმიტომ არ ვუყურებ, რომ სიამოვნებას ვიღებ - მართლა მაინტერესებს, სადამდე მისდით გონება. სხვათა შორის, ერთ-ორ მათგანს ვიცნობ - ცუდი ადამიანები არ არიან, მაგრამ დანარჩენების არ მესმის. თუნდაც ერთ-ერთი გოგო სიტყვა "გოიმს" რომ "ატრიალებდა", ეს ბულინგი არაა?!. როცა ადამიანს "გოიმს" უწოდებ, უკვე აბულინგებ. გოიმი რატომ არის - ჩაცმულობის გამო? რადგან მისი ჩაცმულობა შენს გემოვნებას არ შეესაბამება, რატომ აფასებ და აკნინებ?! ადამიანის დაცინვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამის უფლება არავის აქვს. ვერავის ვეტყვი, - გოიმი ხარ-მეთქი, ამას ვერ განვსაზღვრავ, რადგან ჩემთვის თუ მიუღებელია, შეიძლება სხვისთვის მისაღებია. ამიტომ ვცდილობ, ეგ სიტყვა - "გოიმი" არ გამოვიყენო ხოლმე.

ეთო ყორღანაშვილი