"ჩაბნელებული, უწყლო, უშუქო, ცივი საქართველო დავტოვე..." - გზაპრესი

"ჩაბნელებული, უწყლო, უშუქო, ცივი საქართველო დავტოვე..."

სამშობლოსგან 26-წლიანი განშორების შემდეგ, საბერძნეთში მცხოვრები წარმატებული ქართველი მსახიობი - დავით მალტეზე (მაღალდაძე) საქართველოს ეწვია: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - "საჩუქარი" ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა... საბერძნეთში აწყობილი თეატრალური კარიერის, სირთულეების, გულისწყვეტის და სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნებით გამოწვეული ემოციების შესახებ დავით მალტეზე თავად გვესაუბრება...

- წლების განმავლობაში, თეოდორ ტერზოპულოსის, რომელიც მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი გახლავთ, თეატრში ვმუშაობდი. მართალია, თავად ტერზოპულოსის სპექტაკლში არ მითამაშია, თუმცა მას მასწავლებლად მივიჩნევ: მისი თამაშის მეთოდს (რომელსაც სხვადასხვა ქვეყნაში ასწავლიან) დაწვრილებით ვიცნობ, პატივს ვცემ და მის კომენტარებს ყურადღებას ვაქცევ. ბატონმა ტერზოპულოსმა წელს ასეთი საჩუქარი გამიკეთა: ჯერ თავის სპექტაკლში სათამაშოდ მიმიწვია, რაც ჩემთვის დიდი მოვლენაა, შემდეგ კი - 26 წლის მერე, საქართველოში ჩამომიყვანა, სადაც საერთაშორისო ფესტივალზე დაპატიჟეს. სპექტაკლს, რომელშიც ვთამაშობ, "განგაში" ჰქვია. პიესა თავად ტერზოპულოსის დაწერილია და მარია სტიუარტისა და ელიზაბეთ I-ის მიწერ-მოწერას ეყრდნობა...

- როგორ მოხდა, რომ 26 წლის განმავლობაში, სამშობლოში არასოდეს ყოფილხართ?

- პირველი მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე ვერ ჩამოვედი, ის იყო, რომ საბერძნეთში მთელი ოჯახით ვიყავი. ამიტომ უფრო იოლი იყო, წლების განმავლობაში იქ დავრჩენილიყავით. შემდეგ, როცა თეატრში მუშაობა დავიწყე, თავისუფალი დროის გამონახვა ძალიან გამირთულდა. სულ ვმუშაობდი, რაც საბერძნეთში ადვილი არ არის: 2008 წლის შემდეგ კრიზისი რომ დაიწყო, უამრავი მსახიობი უმუშევარი დარჩა. ბევრი თეატრი დაიხურა, ჩემს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა - 2007 წლიდან გაგანია მუშაობის პერიოდი დამეწყო (იღიმის): სულ კარგ სპექტაკლებში მიწვევდნენ კარგი რეჟისორები. ესეც დიდი ბედნიერებაა, რომ ისეთი ადამიანების ხელში მოვხვდი, რომლებისგანაც ბევრი რამე ვისწავლე, ბევრს მივაღწიე და როგორც მსახიობი, განვვითარდი. რა თქმა უნდა, განვითარების პროცესი არასოდეს მთავრდება: მუშაობაში მუდამ მოსწავლესავით ვერთვები. ალბათ, კიდევ ბევრი რამე მაქვს დასახვეწი. შრომა, ნაბიჯების წინ გადადგმა არასოდეს მეზარება.

- წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულს როგორი განცდა დაგეუფლათ?

- ძლიერი შოკი მივიღე, ოღონდ - სასიამოვნო. 90-იან წლებში, საბერძნეთში გამგზავრებისას ჩაბნელებული, უწყლო, უშუქო, ცივი საქართველო დავტოვე. სხვათა შორის, გამგზავრებამდე, 3 წელი ჯარში ვიყავი. 21 წლისამ სამხედრო სამსახური დავასრულე. ქვეყანაში პერსპექტივები არ იყო, მე კი დიდი სურვილი მქონდა, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია. მაშინ გადავწყვიტეთ, სადმე წავსულიყავით, სადაც გადარჩენას შევძლებდით... ახლა, საქართველოში აეროპორტიდან ჩამოსულმა შეცვლილი ქვეყანა დავინახე. ჩემზე ყველაფერმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ვარ და ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარი. მომდევნო დღეებში აქაურობის დათვალიერებას ვაპირებ, რომ დეტალებს დავაკვირდე, თუმცა უკვე ცხადია, რომ უკეთესობისკენ დიდი ცვლილებებია მომხდარი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობა 90-იან წლებს ვერ შეედრება, ვატყობ, რომ მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. მთავრობები (რომელი პარტიაც უნდა იყოს ხელისუფლებაში) ხალხზე ისე მაინც არ ფიქრობენ, როგორც ეს მათ სურთ. საქართველოს უფრო სწრაფი წინსვლა სასურველი იქნებოდა. უფრო გამიხარდებოდა, რომ ხალხი საქართველოში ბრუნდებოდეს და არა პირიქით - სამშობლოდან მიდიოდეს.

- დღეს თქვენი ცხოვრება ისეთია, როგორიც მაშინ წარმოგედგინათ, როცა სამშობლოს ტოვებდით?

- არავითარ შემთხვევაში. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უცხო ქვეყანაში ჩასული ხელოვანი ადამიანი გავხდებოდი. საბერძნეთში კაციშვილს არ ვიცნობდით. არც ბერძნული ენა ვიცოდით. რა თქმა უნდა, ქვეყანაში კანონიერად შევედით, მაგრამ ტურისტულ ვიზას ვადა რომ გაუვიდა, 2 წელი უსაბუთოდ ვიყავი. ქუჩაში გასვლის მეშინოდა, რომ შესაბამის სამსახურს არ დავეკავებინე და ჩემი დეპორტაცია არ მომხდარიყო. საბედნიეროდ, შემდეგ ემიგრანტებისთვის საბუთების გაცემა დაიწყო... ნელ-ნელა ენაც შევისწავლე... ბავშვობიდან ხელოვნებასთან კავშირი მქონდა: ხალხურ სიმღერაზე დავდიოდი, გიტარაზე ვუკრავდი, ერთ-ერთ ჯგუფში საესტრადო სიმღერებს ვასრულებდი. საბერძნეთში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სალონიკში ვცხოვრობდი. როცა უკვე ბერძნული ენა ვისწავლე, გადავწყვიტე, საქსოფონზე დაკვრა შემესწავლა. ინსტრუმენტი ვალად აღებული თანხით ვიყიდე და მასწავლებელი დავიქირავე. რამდენიმე თვეში უკვე დაკვრა შემეძლო. მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად, კაფე-ბარებში ვუკრავდი, კონცერტებს ვატარებდით... თითქოს რაღაც მაკლდა. მომინდა, ხელოვნების სფეროში უფრო ღრმად შევსულიყავი. თეატრის მაგიური სამყარო მიზიდავდა. მოვიფიქრე, რომ ამ მაგიის მაყურებელი კი არა, შემქმნელი ვყოფილიყავი. თეატრალურ სასწავლებელში ჩაბარება გადავწყვიტე. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. შემდეგ ნაცნობებისგან გავიგე, რომ ჯერ კულტურის სამინისტროში გამოცდების ჩაბარება იყო საჭირო, მერე კი - თეატრალურ სასწავლებელში. საცხოვრებლად დედაქალაქში - ათენში გადავედი, რადგან სალონიკში, თეატრალურ სფეროში სწავლა უფრო შეზღუდული იყო - იქ არსებულ სახელმწიფო სასწავლებელში სწავლის უფლებას მხოლოდ 25 წლამდე ასაკის ადამიანებს აძლევდნენ, მე კი უკვე უფროსი ასაკის გახლდით... ათენში, გამოცდები 2003 წელს ჩავაბარე. დაახლოებით, 1500 მსურველიდან სასწავლებელში მხოლოდ 147 კაცი ჩაირიცხა, მათ შორის მეც გახლდით - უცხოელი, ემიგრანტი... მეორე კურსიდან უკვე ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა, რომელიც რეჟისორიც არის და ერთ-ერთ თეატრში მოღვაწეობდა, თავის თეატრში ამიყვანა. მის სპექტაკლში თამაშის მერე, დღემდე გამუდმებით ვმუშაობ - არ გავჩერებულვარ.

- საბერძნეთში პოპულარობა როდის იგრძენით?

- საბერძნეთში ერთი ჟურნალია, რომელიც ხელოვნების, კულტურული ღონისძიებების შესახებ წერს. ამ ჟურნალმა მსახიობებისთვის მაყურებლების პრიზები დააარსა. 2009 წელს "საუკეთესო მამაკაცის როლის" ნომინაციაში წარმადგინეს. ეს ძალიან სწრაფად მოხდა... პრიზი არ ამიღია - სხვა მსახიობმა მოიგო, რომელიც საბერძნეთის თეატრის სცენაზე 40 წელია, თამაშობს, მაგრამ ის ფაქტი რომ ნომინაციაზე წარდგენილი გახლდით, დაუჯერებელი ამბავი იყო (იღიმის)! სიმართლე გითხრათ, შოუბიზნესთან კავშირი არ მაქვს. ეს ჩემი შეგნებული არჩევანია, რადგან არასდროს მაინტერესებდა, ცნობილი გავმხდარიყავი. თუ ეს მოხდება, მხოლოდ მადლობელი ვიქნები და მესიამოვნება. ჩემთვის თეატრი ფსიქოთერაპიასავითაა. სიმართლე გითხრათ, პოპულარობით განებივრებული არ ვარ, მაგრამ ქუჩაში ის ხალხი ხშირად მაჩერებს, ვინც თეატრში დადის და სპექტაკლები ნანახი აქვს. საბედნიეროდ, ისეთ სპექტაკლებში ვმონაწილეობ, რომლებიც სულ ანშლაგით ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ თეატრში უძლიერესი კონკურენციაა - სულ კასტინგები ტარდება, 4 წლის განმავლობაში მთავარ როლებს ვასრულებდი. წელს ეროვნული თეატრიდან წამოვედი, რადგან თავისუფალი (კერძო) თეატრიდან კარგი შემოთავაზება მქონდა. ეპიდავროსის თეატრში თამაში ბევრჯერ მომიხდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესია. ეს გახლავთ ამფითეატრუlი ძველი ბერძნული თეატრი, სადაც სპექტაკლებს თავად სოფოკლე და ევრიპიდე დგამდნენ...

- ფსევდონიმი - მალტეზე როგორ შეარჩიეთ?

- ჩემი გვარი მაღალდაძეა. ბერძნებს უცხოური გვარების გამოთქმა ძალიან უჭირთ. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა უკვე სპექტაკლებში თამაში დავიწყე, ჩემს გვარს მუდამ შეცდომით წერდნენ. მივხვდი, რომ სანამ რამე მეტსახელს თავად შემარქმევდნენ, სიტუაცია უნდა გამომესწორებინა. ჩემს გვარს ბერძნულად თუ დავწერთ და 1-2 ასო ბგერას ამოვიღებთ, "მალტეზე" რჩება. ეს ფსევდონიმი ასე მოვიგონე. ჩემს ყველა ინტერვიუში წერენ, რომ ქართველი ვარ, თუმცა ფსევდონიმის გამო, მაინც ინტერესდებიან, წარმოშობით საიდან ვარ. მეც კიდევ ერთხელ მეძლევა შანსი, ვუთხრა - საქართველოდან, კოლხეთიდან ვარ, მედეას "ბიძაშვილი" გახლავარ (იცინის).

davit-malteze-04-1666694199.jpg

- საბერძნეთში თქვენზე უფრო მაღალი მოთხოვნაა, ვიდრე ბევრ ბერძენ მსახიობზე. როგორ ფიქრობთ, რატომ ინტერესდებიან რეჟისორები თქვენით?

- ალბათ, ეს რეჟისორებს უნდა ვკითხოთ, მაგრამ ალბათ, ჩემში ტალანტს ხედავენ, ჩემი სჯერათ... მუშაობა არასოდეს მეზარება, ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ. რეპეტიციებზე სულ მომზადებული მივდივარ... ალბათ, ამას აფასებენ და პატივს მცემენ. ბერძნების დიდი ნაწილი გულთბილი ხალხია. მათთვის მთავარია ადამიანი და არა - მისი ეროვნება. კარიერის დასაწყისში, ალბათ, ცოტათი აქცენტი მქონდა, რადგან ბერძენი არ ვარ. ბევრი შრომა დამჭირდა, რომ ადგილობრივი ბერძნებისთვის კონკურენციის გაწევა შემძლებოდა. დღესდღეობით, მეც შემიძლია, ახალგაზრდა ბერძენ მსახიობებს ბევრი რამ ვასწავლო, რასაც ათენში დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. მათ მხოლოდ მსახიობობის მასტერკლასს კი არ ვუტარებ, ასევე, ვასწავლი, ბერძნულად როგორ ილაპარაკონ სწორად. სასცენო მეტყველება ყოველდღიური საუბრისგან განსხვავდება, სულ სხვა მეთოდოლოგიაა საჭირო.

- კარიერის გამო, ისეთ რაღაცებზე თუ გითქვამთ უარი, რის გამოც დღეს გული გწყდებათ?

- როცა თეატრში თამაშობ და 2-წლიანი პროგრამა გაქვს "გაწერილი", სხვა შეთავაზებებზე უარის თქმა გიწევს, რაც ძნელია. ჩემი გადაღება ფილმებშიც სურდათ, სერიალებშიც თითქმის ყოველ წელს მიწვევენ, მაგრამ რაკი სპექტაკლებში ვმონაწილეობ, მიწვევაზე უარს ვამბობ - მთელ საბერძნეთში და მის ფარგლებს გარეთაც გასტროლები მაქვს ხოლმე. ისეთ ფილმებშიც დამპატიჟეს, რის გამოც ნამდვილად გული მტკიოდა, რომ ვერ ვმონაწილეობდი, მაგრამ როდესაც ვინმეს სპექტაკლში თამაშს შეhპირდები და უკვე ყველაფერი დაგეგმილია, ძნელია, უკეთესი შემოთავაზების გამო, პროგრამა შეცვალო და ადამიანს უარი უთხრა. ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია - სიტყვის კაცი ვარ (იღიმის).

- ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობთ?

- საბერძნეთში რეჟისორი - ნიკოლოზ ტყავაძე სპექტაკლებს ქართულ ენაზე, ქართველი მაყურებლებისთვის დგამს. ჩვენ თანამშრომლობა ჯერ ვერ მოვახერხეთ, რადგან მოუცლელობის გამო, ნიკოლოზს ვერ ვპირდები, მასთან მუშაობას როდის შევძლებ, თუმცა ვგეგმავთ... საბერძნეთში ქართველი მსახიობი მხოლოდ მე არ ვარ. 3 გოგონა, რომელთაგან ორს საბერძნეთის ეროვნული თეატრალური სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა კონკურენციას გაუძლეს. ყოველ წელს, ეროვნულ თეატრალურ სასწავლებელში ჩარიცხვა ათასობით ახალგაზრდას სურს, რადგან ძალიან რეიტინგული სასწავლებელია. ნელ-ნელა იზრდება საქართველოდან საბერძნეთში ჩასული ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ხელოვნებასთან კავშირი აქვთ. მათ შორისაა თამთაც...

- თამთა გოდუაძესთან აქტიური ურთიერთობა გაქვთ?

- ვმეგობრობთ. ზაფხულში ჩემს სპექტაკლზე დასასწრებადაც იყო მოსული - "მიჯაჭვულ პროmეთეში" ერთ-ერთ მთავარ როლს, ჰეფესტოსს ვთამაშობდი. თამთამ მნახა, დავილაპარაკეთ... სპექტაკლი ძალიან მოეწონა.

davit-malteze-05-1666694166.jpg

- საქართველოში თეატრის მსახიობები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შრომა ფინანსურად სათანადოდ არ ფასდება. ამ მხრივ, საბერძნეთში როგორი სიტუაციაა?

- საბერძნეთში ცოტა მსახიობია, რომელიც თეატრის ხელფასით კმაყოფილია. 90%-ს უჭირს. ქვეყანაში კრიზისი 2008 წლიდან დაიწყო და ყველა სფეროს შეეხო. თეატრმაც დიდი დარტყმა მიიღო. ხელოვნება და დღევანდელი თეატრი დიდ ფინანსებს უკავშირდება: დეკორაციები, კოსტიუმები, მუსიკა, ხელფასები... რთული სიტუაცია იქმნება, როცა სერიოზული სპონსორები არ არიან და სახელმწიფო თეატრზე არ ან ვერ ზრუნავს. თეატრის სპონსორები ("ხორიგოს") ძველ საბერძნეთშიც იყვნენ. ისინი ევრიპიდეს, სოფოკლეს, ესქილეს და სხვა ბერძენი ტრაგიკოსების სპექტაკლებს აფინანსებდნენ. დღეს სპონსორობას უფრო "გამოყენებადი" ხასიათი აქვს, რადგან ხელისუფლებაში მყოფ ბევრ ადამიანს ხელოვნების წარმომადგენლებისგან კრიტიკის, თანამდებობის დაკარგვის ეშინია. თეატრს საზოგადოებაზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ძველ საბერძნეთშიც ასე ხდებოდა: ძველ ბერძნულ ტრაგედიაში არსებობდა გარკვეული როლი - ქოროსი, რომლითაც საზოგადოების აზრი მუდმივად ჟღერდებოდა. მწერალი ამ როლისთვის ტექსტს სპეციალურად წერდა. ეს ის მესიჯი იყო, რომელსაც საზოგადოება იმ ადამიანებს უგზავნიდა, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, რათა არ დავიწყებოდათ, რომ ძალა ხალხშია და არა - ხელისუფლების წარმომადგენლებში. ძველ ბერძნულ ენაში არსებობს გამოთქმა "იდიოტი", რომელსაც ირონიით ისეთ ადამიანს უწოდებდნენ, ვისაც არ აინტერესებდა საზოგადოების ცხოვრება, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე და თავის ვიწრო გარემოზე ფიქრობდა... ადამიანს მთავარ მიზნად უნდა ჰქონდეს, რომ იდიოტი არ იყოს, ანუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ არსებობდეს. ეს დიდი გაკვეთილია ძველი ბერძნებისგან, რაც ჭეშმარიტებად მიმაჩნია.

- ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- იმას, რომ მუდამ მაქვს სურვილი, ჩემი ცხოვრება გავაფერადო ანუ ახალი მიზნები და გეგმები დავისახო. ჩემთვის ეს მიღწევაა, რადგან ოდესღაც ძალიან მონოტონური ცხოვრება მქონდა. შემდეგ მივხვდი, რომ სულ წინსვლის და განვითარების სურვილი უნდა მქონდეს. ძალას და ენერგიას ეს მაძლევს, რომ ცხოვრება უფრო მეტად მიყვარდეს. ბევრს მივაღწიო, დანარჩენი კი - მგონი, ბევრი მუშაობის შედეგია...

ეთო ყორღანაშვილი