"ომგამოვლილი" ანა და მისი ბედნიერების ბევრი მიზეზი - გზაპრესი

"ომგამოვლილი" ანა და მისი ბედნიერების ბევრი მიზეზი

"ეს გმირი იმდენად ექსცენტრიკულია, ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა", - ამბობს მსახიობი ანა ამილახვარი. რა ხდება კადრს მირმა გადასაღებ მოედანზე, ვინ არის მისი ახალი "მასწავლებელი", ერთდროულად რა მოსწონს და რა აღიზიანებს საკუთარ ხასიათში და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ხელოვანი. ჯერ მინდოდა, მოცეკვავე ვყოფილიყავი, შემდეგ – მხატვარი, შემდეგ - მომღერალი, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი თეატრალურმა ხელოვნებამ გააერთიანა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მიზანდასახული, პრინციპული, რომ არ არსებობს, რამეს ხელი მოვკიდო და არ გავაკეთო. დღემდე რაიმე წარმატებისთვის თუ მიმიღწევია, ამ ყველაფრის ხარჯზე მოხდა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...აუ, მეზარება (იცინის)... უფრო მეტს ვიმეცადინებდი, დროს მეტად ნაყოფიერად გამოვიყენებდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...5 წლის ასაკში. ესპანურ ცეკვას ვცეკვავდი, შემდეგ იყო კონკურსები, კონკურსები... ერთი მსახიობის თეატრივით მქონდა. მაშინ მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჩემები ხშირად ამბობენ, სცენისთვის დაიბადეო. მუცელში რომ ვიყავი, მაშინაც სცენაზე ვიყავი, რადგან დედა მოცეკვავეა და ლამის ფეხმძიმობის ბოლო თვემდე სცენაზე იდგა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...პირველ რიგში მშობლებს, ბებიებს, რომლებიც ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდნენ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს კარგი ოჯახი, კარგი შვილი, კარგი სამეგობრო... ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ვთქვა, "ბედნიერი ვარ". ჩემი ცხოვრების შემოქმედი თავად ვარ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი ტემპერამენტი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ახალ კარგ პროექტებზე მუშაობის. ერთი პროექტი არ მყოფნის, მინდა მეორეშიც ვმუშაობდე, მესამეშიც... ახლა სწორედ ეს ეტაპი მაქვს, სამ ნაწილად ვარ გახლეჩილი, მართლა 24 საათის განმავლობაში ვმუშაობ, ვიღლები, მაგრამ კმაყოფილი ვარ.

- სესილის როლში ძალიან მომწონხარ.

- დიდი მადლობა!

- კადრს მიღმა რა ხდება, ალბათ ბევრს იცინით?

- სიცილით ვკვდებით. არ იცი, გოგა ბარბაქაძე რა დღეში გვაგდებს, როგორ გვამხიარულებს?!. ცხოვრებაში ჯერ ასეთი რთული არაფერი გამიკეთებია. რთულია, მაგრამ ამ სირთულეში არის განვითარება და ზრდა, ბევრი ხალისი და დაუვიწყარი მომენტი. ჯგუფის თითოეულ წევრს თავისებური და განსაკუთრებული იუმორი აქვს. პროექტი ებრაულია და ხანდახან ხუმრობა ჩვენთვის უცხო და გაუგებარია, ამიტომ იქვე, გადასაღებ მოედანზე იცვლება. ეს პროცესი ყველაზე მეტად მომწონს. უკვე იცი, როგორ ვარ?.. ტექსტს რომ დავხედავ, ჩემი ტვინი ქსეროასლს "აკეთებს" და მაშინვე თამაშს ვიწყებ. დამახსოვრების დროც აღარ არის. ამაზე იმდენი ვიმუშავე, თავადაც არ ვიცი, როგორ შევძელი.

- თავად ამ პერსონაჟს როგორ აღიქვამ?

- მიყვარს და მომწონს ეს გმირი. სესილი იმდენად ექსცენტრიკულია, ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა. ცალსახად კარგი ან ცუდი პერსონაჟის თამაში არ მიყვარს. არ არის საინტერესო. საერთოდ, ადამიანები ხომ "ფერადები" ვართ. ზოგთან მეტია კარგი, ზოგთან - ცუდი. ყველა პერსონაჟს აქვს სიკეთის მარცვალი და - პირიქით. ჩემი სესო მანკიერებებით აღსავსე ქალია. ჩემ ირგვლივ მყოფ ძალიან ბევრ ადამიანს მახსენებს. ეს პერსონაჟი მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვახდინო ხაზგასმა, თუ რა არ არის სწორი და მისაღები ადამიანში. უამრავი საკითხია ქმართან, შვილებთან, დედამთილთან, მეზობელთან ურთიერთობის. ის ცდილობს, იდეალური იყოს, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკუთარ ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. დღეს ეს არის ადამიანის მთავარი პრობლემა - სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ და საკუთარში დირესაც ვერ ვამჩნევთ. შურის მომენტი, სხვის დასანახავად სიკეთის კეთება და ა.შ. ჩამონათვალი დიდია. ეს პერსონაჟი საკუთარ ნაკლოვანებას ვინმეს თუ დაანახვებს, ე.ი. პერსონაჟი შედგა და ის თავის საქმეს აკეთებს. სესილი არ არის უარყოფითი პერსონაჟი, თავისი ოჯახი უყვარს, იუმორის გრძნობა აქვს და მონდომებულია, რაღაც კარგი აკეთოს, და ეს უკვე კარგია. თუ კარგად დავუკვირდებით, ასეთები ვართ ჩვენ ყველანი. თითოეული პერსონაჟი სწორედ იმისთვის იქმნება, რომ რაღაც დაგვანახვოს და შეცვალოს ჩვენში. ვფიქრობ, ქართულ ტელესივრცეში სესილის პერსონაჟი საჭირო იყო.

- გოგა ბარბაქაძესთან ერთად თეატრში თამაშობ, მაგრამ გადასაღებ მოედანზე თქვენი ტანდემი პირველად შედგა. როგორი პარტნიორია?

- გოგა ჩემი ახალი "მასწავლებელია". კომედიურ ჟანრში არასდროს მიმუშავია, მქონდა კომპლექსები, რომელიც გოგამ და ჩვენმა რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა დამაძლევინეს. ვფიქრობდი, ნეტავ კადრში როგორ გამოვიყურები? ამას ასე რომ ვაკეთებ, სწორია?.. მოკლედ, ამ ყველაფრისგან ისე გავთავისუფლდი, უკვე თავს ყოველგვარი ექსპერიმენტის უფლებას ვაძლევ.

- ეკრანზე საკუთარ თავს უყურებ?

- რამდენჯერმე ვუყურე. ეს შეცდომების აღმოჩენაში, პროფესიულ ზრდაში მეხმარება. გადაღებების პარალელურად თეატრში რობერტ სტურუასთან ახალ სპექტაკლზე ვმუშაობ. საინტერესო როლს ვასრულებ. ბატონ რობერტთან მუშაობა პაწაწინა როლზეც კი ურთულესი და ძალიან საინტერესოა. პერსონაჟის ბევრნაირ ვერსიას გთავაზობს, ყველაფერს ცდის, შენ დაუფიქრებლად იმწამსვე ადაპტაცია უნდა მოახდინო. მსახიობობა ყველაზე რთული პროფესიაა. რობერტ სტურუა ამბობს ხოლმე, მსახიობის მთავარი წესი რა არის? დაკვირვება, დაკვირვება, დაკვირვება. აკვირდები შენს თავს და სამყაროს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...და ამავე დროს, ყველაზე მეტად მძულს, არის თვითკრიტიკა. ვერავინ ვერასდროს ვერ გამაკრიტიკებს ისე, როგორც მე ვაკრიტიკებ საკუთარ თავს. ადამიანი რა პროფესიაშიც უნდა იყოს, კრიტიკას თუ არ მიიღებს, წინ ვერ წავა. ვინც ჯანსაღად გაკრიტიკებს, შენი მეგობარია, შენთვის სიკეთე უნდა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველაფერი. რისკიანი ვარ, თამამიც, ყოჩაღიც, ყველაფერი უნდა გავსინჯო, დავაგემოვნო... შეგნებული მაქვს, ამქვეყნად ვერც ერთი ადამიანი უშეცდომოდ ვერ იცხოვრებს. მთავარია, ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ.

- გქონდა პერიოდი, როცა შეცდომების დაშვების გეშინოდა?

- რა თქმა უნდა. ის, ვინც დღეს ვარ, "ომგამოვლილი" ანაა. იყო პერიოდი, როცა საკუთარ თავს პატარა შეცდომასაც არ ვპატიობდი, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, ვინ რას იფიქრებდა. მერე მივხვდი, ეს მხოლოდ მთრგუნავდა, მაკომპლექსებდა და გავთავისუფლდი. მანამდე კი ღამე მეღვიძებოდა და საკუთარ თავს ვტუქსავდი, ანა, ეს როგორ გააკეთე?!. თურმე ეს დიდი შეცდომა იყო. ადამიანი ვარ და გავაკეთე. შეცდომა თუ არ დაუშვი, თუ არ გაიაზრე, გამოცდილებად არ აქციე, ვერ გაიზრდები. ვიცი, არსებობს ადამიანების კატეგორია, საკუთარ თავს იკონსერვებენ. კარგი გოგოს იმიჯი აქვთ, კარგად "შეფუთულნი" სხედან, მაგრამ მათი ცხოვრება არის ერთფეროვანი. არ მინდა, ასეთი შავ-თეთრი არსება ვიყო.

- პატიება შემიძლია...

- ...ადვილად. სანამ ადამიანს არ ვაპატიებ, მანამდე იმ ნეგატივისგან ვერ გავთავისუფლდები. ვაპატიებ, მაგრამ შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას - მომავალში იმ ადამიანთან ურთიერთობა მინდა თუ არა.

- მეზარება...

- ...სიზარმაცე, რომელიც პერიოდულად შემომიტევს ხოლმე და ამ სიზარმაცეს საკუთარ თავში ყველაზე მეტად ვებრძვი, იმდენად, რომ მერე გადაწვამდე მივდივარ.

310382998-118973354287952-7485572228932821094-n-copy-1666694422.jpg

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემს შვილს. ალექსანდრე 8 წლის არის, საოცარი ბიჭია, გამართული იუმორით, ჩამოყალიბებული კრიტიკით. იმაზე კარგი ტიპია, ვიდრე მსურდა, რომ მყოლოდა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ნებისყოფაა. უფრო დიდი ნებისყოფა რომ მქონოდა, უფრო წინ ვიქნებოდი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...აუ (იცინის)! იმხელა ენერგიით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვივსები, მართლა ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ჰოროსკოპით ლომი ვარ, ჩემში რაიმე კარგს თუ დაინახავ, შემაქე და შენი მონა გავხდები.

- შიში მაქვს...

- ...წარსულში ბევრი შიში მქონდა, რომელსაც მოვერიე. ვისწავლე, რომ შიში არის ილუზია, ყველა შიშს თვალებში უნდა ჩახედო; სანამ ამას არ გააკეთებ, მანამდე არ მოგშორდება. შიში ნელ-ნელა განადგურებს, ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ყველა ადამიანმა მასთან გამკლავება უნდა ისწავლოს.

- რა შიშები დასძლიე?

- ძალიან მეშინოდა ფულის დახარჯვის, თვიდან თვემდე სულ ვიზოგავდი. მოკლედ, ეს კომპლექსად ჩამომიყალიბდა. ამ თემით ფსიქოლოგთან მივედი. ფულის ხარჯვა სიამოვნებას არ მანიჭებდა, ვერც იმაზე მეტს ვშოულობდი, ვიდრე იმ მომენტში ჩემი შემოსავალი იყო. ამაზე დღეს დაუფარავად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ვიცი, ამ დღეში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია და ვინმეს თუ დავეხმარები, მოხარული ვიქნები. ფსიქოლოგი დამეხმარა, ამ შიშს როგორ გავმკლავებოდი. რაც ეს შიში დავძლიე, პრობლემა მომეხსნა, გაცილებით მეტი შემოსავალიც გამიჩნდა. საერთოდ არსაიდან რომ არ ველოდი, ახალი პროექტები წამოვიდა. ფსიქოლოგმა მომცა დავალება, შენ შეიძლება არ გჯერა, რაღაც თანხის მიღმა კიდევ თუ იშოვი, ასე ნუ ფიქრობ, ნურც იმაზე - ეს რანაირად შეიძლება მოხდეს, ამაზე ღმერთი იზრუნებს, მთავარია, რწმენა გაიმყარო, განწყობა შეიქმნაო. შემდეგ მითხრა, დაწერე: მე მაქვს კიდევ სხვა შემოსავალი, ციფრი დააკონკრეტე, რამდენი გინდა, რომ გქონდეს, შეიძლება ის თანხა ამ ეტაპზე წარმოუდგენელიც კი იყოს, მაგრამ მაინც დაწერეო. საოცრება იცი, რა არის?.. ის თანხა მოკლე დროში მართლა გამოვიმუშავე. ეს მიდგომა გამართლებულია. შეიძლება ფსიქოლოგებმა დამსაჯონ, მაგრამ მეორე საიდუმლოსაც "გავყიდი". მითხრა, ნივთში თანხას რომ გადაიხდი, გულში თქვი: კმაყოფილი ვარ, სიკეთით გაუშვი; ფულს როგორც შენ ექცევი და ხელს უჭერ, ისიც ისე გექცევაო. თურმე სულ უნდა გქონდეს განწყობა, რომ ფული მოვა, რასაც გასცემ, მადლიერებით გაუშვა. ამას რომ ვყვები, შეიძლება ვიღაცას გიჟი ვეგონო, მაგრამ დამიჯერეთ, მუშაობს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრ პრობლემას დავალაგებდი. ამ ქვეყანას ძალიან კარგად მივხედავდი, რაჭაში გავაკეთებდი ძალიან დიდ ბავშვთა სახლს. მაგრამ ისეთს კი არა, როგორებიც არსებობს. ამ სახლში გაიზრდებოდა ქვეყნის მომავალი, რომელიც მერე ჩვენ აქეთ მოგვხედავდა. სულ ამიტომ გვიჭირს, რომ ალტერნატივა არ გვაქვს, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. კარგი დონის განათლება შეძლებულების პრეროგატივა არ იქნებოდა. ამ ბავშვებთან ვამუშავებდი სასულიერო პირებს, ფსიქოლოგებს... ბავშვების სულიერ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე ვიზრუნებდი. კარგ პროფესიულ ცოდნას მივცემდი. სულ მგონია, რომ ოდესღაც მსგავსი რამ მოხდება. მთებში სულიერი განვითარების სკოლებს დავაარსებდი. მოკლედ, ძალიან სერიოზული პროექტები მაქვს. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, - ამ მიმართულებით სწავლის პრინციპს მთლიანად ამოვაყირავებდი. თემურ ბაბლუანი ცდილობს, მსგავსი სასწავლებელი დააარსოს კინოს მიმართულებით. პროფესიონალები თეატრსაც სჭირდება. ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც დიდი პრობლემა გვაქვს. საზღვარგარეთის დასები რომ ჩამოდიან, სცენაზე ხან წვიმაა, ხან ელვა, ჭექა-ქუხილი და ხან ცისარტყელაა გადაჭიმული. თანამედროვე მაყურებელი ამ ეფექტებს უკვე ძალიან ითხოვს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...მთელი ცხოვრება ვცდილობ, ჩემს გარეგნობას რაღაც მოვუხერხო. გარდატეხის ასაკში საკუთარ თავს ვერ ვიღებდი, ჩემში არაფერი მომწონდა, ეს მიღების პროცესი დღემდე გრძელდება. ამ სერიალმა დიდი როლი ითამაშა, ამ მხრივ ძალიან დამეხმარა.

278386639-610774674077587-3292922401874531128-n-copy-1666694411.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს სიყვარული და მოფერება მჭირდება. პერიოდულად ვინმემ თავზე ხელი თუ არ გადამისვა, შეიძლება საკუთარი თავი შევჭამო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...რობერტ სტურუა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ყოველდღე რაღაც ისეთს მეუბნება, ჩემი ცხოვრების ხარისხს რომ ცვლის. ცოტა ხნის წინ მითხრა, საკუთარ თავს სერიოზულად ნუ შეხედავ, ზედმეტად სერიოზული ნუ იქნები, იმიტომ, რომ ეს გაგაგიჟებსო... პერიოდულად განვლილი გზის დინამიკის გადახედვა და თვითირონია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ამ ქვეყანაში ჩემი პროფესია არ არის სათანადოდ დაფასებული. მსახიობები რასაც ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ენთუზიაზმით ვაკეთებთ. ძნელია, ზუსტად რაც ჩაიფიქრე, იმის განხორციელება, იმიტომ, რომ ამას ფინანსებთან მივყავართ. მინიმალურ დროში უნდა ჩავეტიოთ და მაქსიმუმი ვაკეთოთ. ამიტომ ნუ იქნებით ძალიან კრიტიკულები. ჩვენ ხომ საბოლოოდ, ყველაფერს თქვენთვის და თქვენთან გაზიარებისთვის ვაკეთებთ.

თამუნა კვინიკაძე