ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის გზა სტარტიდან ფინიშამდე - გზაპრესი

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის გზა სტარტიდან ფინიშამდე

ნიჩბოსნობა ერთ-ერთი ყველაზე რთული სპორტის სახეობაა. წყალზე ბალანსის შენარჩუნება დიდ ოსტატობას მოითხოვს, სისწრაფე და ძლიერი მკლავი კი ყოველდღიური ვარჯიშისა და უდიდესი შრომის შედეგად ყალიბდება.

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. სპორტსმენმა უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18-წლამდელთა შორის 500 მეტრზე გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 2021 წელს მოიპოვა და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონიც გახდა. წელს 4 სექტემბერს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც შეინარჩუნა და მეორე ოქროს მედალიც დაიმსახურა.

ოჯახში ბაბუისა და მამის შემდეგ მესამეა, ვინც ნიჩბოსნობას მისდევს. „ამ ტრადიციულ სპორტის სახეობაზე ბაბუამ მიმიყვანა, ხოლო მამამ დაიწყო ჩემი გაწვრთნა“, - ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენი. სამწუხაროდ, ალექსანდრე წივწივაძე მისი სეხნია შვილიშვილის მსოფლიო დონის წარმატებას ვერ მოსწრებია - უმცროსი ალექსანდრე 15 წლის იყო, როცა ბაბუა გარდაეცვალა.

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის პირადი მწვრთნელი მამამისი - გია წივწივაძეა. მამა-შვილმა ალექსანდრეს მორიგი ოქრო უნგრეთიდან საქართველოში ერთად ჩამოიტანეს და იუნიორებში კანოეთი ასპარეზობის ბოლო წელიც ამ მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. 18 წლის დრედებიან სპორტსმენს სპორტული კარიერის დასაწყისზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე.

- თითქმის ყველა ბავშვს აქვს წყლის შიში. თქვენც თუ გქონდათ და როგორ დასძლიეთ? როგორ დაიწყეთ და ახლა როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

- ჩემი სპორტული ცხოვრებისა და განრიგის თვალსაზრისით, დატვირთვა სეზონების მიხედვით სხვადასხვაგვარია. რუსთავში ხელოვნურ ტბაზე ვვარჯიშობ. ზამთარში პირველი ვარჯიში დილის 9 საათზე იწყება და 11-ზე სრულდება, ხოლო მეორე - საღამოს 5 საათზე და ერთსაათიანია. ზაფხულში კი დღის განმავლობაში შეიძლება საათობრივად უფრო ცოტა ვივარჯიშო, მაგრამ გაცილებით დამღლელი რეჟიმია.

რაც შეეხება წყლის შიშს, დიახ, მქონდა. წლები გავატარე წყალთან ახლოს, მაგრამ არც კი ვეხებოდი. ბავშვობაში 2-3 წლის ვიყავი, სიონის ტბაში დახრჩობას რომ გადავურჩი და ამის შემდეგ წყალს აღარ ვეკარებოდი, მაგრამ ნიჩბოსნობაზე 9 წლის შევედი და ცოტა ხანში იმდენად დიდი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა გამიჩნდა სპორტის ამ სახეობისადმი, თან იმდენად დიდი დრო იყო გასული იმ შემთხვევის შემდეგ, რომ შიში დავძლიე. ჩემთვის პირველი წარმატება გახლდათ, როცა 13 წლის ასაკში ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე უფროს სპორტსმენებს შორის გავიმარჯვე. მთელი ცხოვრებაა, ეს გამარჯვება გონებაში მიტრიალებს, მაშინ მუღამი გამიჩნდა, დიდ შეჯიბრებებზე წარმატებით მეასპარეზა. იმ დღემ გამარჯვების სიყვარული შემაყვარა. მას შემდეგ უფრო და უფრო ვავითარებ და ვაუმჯობესებ ჩემს შედეგებს.

- სპორტსმენისთვის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მომზადებაც აუცილებელია. თქვენ ვინ და რა გეხმარებათ ამაში და ვინ არის მოტივატორი?

- ძალიან ხშირად აღვნიშნავ, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ძალა ან მომზადება. მშვიდი უნდა იყო, არ აღელდე და ეს ჩვენს სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, როცა ვთქვათ, 1000-მეტრიანი დისტანციაა დასაფარი და 200 მეტრზე მისულმა იმაზე დაიწყე ფიქრი, ბოლომდე რა ჩავაო, შანსი არ არის, ფინიშამდე წარმატებით მიხვიდე. როგორც წესი, ჩვენს თავს ჩვენვე ვამშვიდებთ. ზამთრის პერიოდში წყალზე ჩვენ გარდა არავინაა და ვცდილობთ, ჩვენსავე თავს ვასწავლოთ, რომ არასდროს არ ავღელდეთ, განწყობასაც ოქროს შუალედი ვუპოვოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვცდილობ, არ ავღელდე და ასეთი მიდგომა სპორტშიც გიწყობს ხელს.

- გამოდის, საკუთარ თავზე მუშაობთ...

- ყველა სპორტსმენი ინდივიდუალურია. პირადად მე, შეჯიბრებების პერიოდში, უფრო სწორად - მანამდე ვცდილობ, ამ მოვლენაზე საერთოდ არ ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ვინც შეჯიბრებაზე თან მახლავს, იქნება ეს მამაჩემი თუ ჩემი მეგობარი, მასთანაც ვცდილობ, სულ სხვა თემებზე ვილაპარაკო და ყურადღება გადავიტანო.

- მგონი, სპორტის ამ სახეობაში დაახლოებით 40 წლამდე არიან და შემდეგ, როგორც მწვრთნელი ან სხვა მიმართულებით აგრძელებენ ცხოვრებას...

- დიახ, დაახლოებით ამ ასაკამდე რჩებიან, რადგან 40-ის შემდეგ ამ სპორტში უკვე ორგანიზმი ვეღარ უძლებს დიდ დატვირთვას. სხვათა შორის, მიფიქრია, რას გავაკეთებ პარალელურად და შემდეგაც. მრავალმხრივი ადამიანი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად, მსახიობის პროფესიაზე ვფიქრობ. თეატრალურზე ჩაბარებას ვგეგმავ, რასაც ალბათ გაისად ვცდი. მინდა, ტელევიზიაში მოვხვდე, შეიძლება წამყვანობაც ვცადო, ჟიურის წევრობა თუ რომელიმე პროექტში მონაწილეობა. მინდა, ეკრანზე სულ ვჩანდე. თან, ვფიქრობ, ჩემი ტიპაჟი ამ სფეროს შეეფერება. ერთხელ თუ მნახეს, ვერ მივიწყებენ. მოკლედ, მინდა ყველგან ვიყო და ბევრგან ვცადო ჩემი შესაძლებლობები. პოპულარობაზე გაჭედილი მაქვს (იღიმის).

- მსახიობობის სურვილი რამ მოიტანა?

- ალბათ, ყველაზე მეტად, სერიალმა „ტიფლისი“. ჯერ ერთი, ქართულია და ეს უკვე „ასწორებს“, მეორეც - ისტორიული ჟანრია, დრამატული სიუჟეტით. მგონია, ასეთი ჟანრის ფილმებში მეც გადამიღებენ. ხანდახან ვცდილობ, წარმოვიდგინო, თითქოს მეც ამ სერიალის პერსონაჟი ვარ და როგორ ვითარდება ჩემ გარშემო მოვლენები. მოკლედ, ამ სერიალმა ჩემში არსებული მსახიობის სურვილი კიდევ უფრო გააღრმავა.

- ე.ი. ისტორიული ჟანრი ყველაზე მეტად გიზიდავთ. გამორჩეულად რომელიმე მსახიობი მოგწონთ?

- საერთოდ, ფილმებს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტულ ჟანრს უფრო მეტად, ეს ხან ისტორიულია და ხანაც - კომედია. რაც შეეხება მსახიობებს, დუეინ ჯონსონი მომწონს.

- ალბათ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გრჩებათ და როცა ასე ხდება, რას საქმიანობთ?

- როგორც აღვნიშნე, წლის განმავლობაში არის სეზონი, როცა მეტი თავისუფალი დრო მაქვს. მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, არასდროს ვჩერდები. სპორტის უამრავი სახეობა მომწონს და სულ მოძრაობაში ვარ. ვთამაშობ: კალათბურთს, ფრენბურთს, ჩოგბურთს, ბილიარდს. დრო არასდროს გამომიჩნდა საამისოდ, მაგრამ მინდა, ერთხელ რუსთავიდან სადმე სათავგადასავლო გასვლა მოვაწყო ისეთ ადგილას, სადაც ნამყოფი არ ვიქნები. წინასწარ არც რუკაზე მექნება მონიშნული, უბრალოდ, უნდა წავიდე და ვნახო, რა მოხდება. თავიდან მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მინდა ვიმოგზაურო. მომავალში სურვილი მაქვს, საზღვრებსაც გავცდე, მაგრამ ჩვენი ქვეყნით მინდა დავიწყო, რადგან სამწუხაროდ, თითქმის არსად ვარ ნამყოფი. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა - მინდა, ყველა კუთხე ვნახო. მარტო მოგზაურობა არ მინდა. ჯობს, მეგობრებთან ერთად ვიარო, რადგან ამას მეტი მუღამი აქვს.

- ოჯახში ვინმე კიდევ მისდევს რომელიმე სპორტის სახეობას?

- არა. სამი დედმამიშვილი ვართ. ჩემი უფროსი და ჟურნალისტია, ხოლო უმცროსი ჯერჯერობით მღერის და მომავალში რა პროფესიას აირჩევს, არ ვიცი.

- წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე 500-მეტრიანი დისტანცია, თუ არ ვცდები, წუთსა და 53 წამში დაფარეთ. მგონია, სხვა დროს, თუნდაც ყოველდღიური ვარჯიშისას, ეს ციფრი შეიძლება ნაკლებიც იყოს ხოლმე...

- კი, საკმაოდ ხშირად დამიფარავს 500-მეტრიანი დისტანცია წუთსა და 48 წამში, მაგრამ შეჯიბრებაზე ვერა და ვერ მოვახერხე, ამ შედეგისთვის მიმეღწია. ვარჯიშების შედეგის გამეორება შეჯიბრებაზეც რომ შევძლო, კარგი იქნება. ცუდია, რომ ყველას ვერ ვანახვებ, რა შემიძლია.

7-copy-1667290587.jpg

- ალბათ ოლიმპიური ჩემპიონობა ყველა სპორტსმენის მიზანია. მორიგი ოლიმპიადა 2024 წელს გაიმართება...

- რა თქმა უნდა, ოლიმპიური სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელს ეს მიზანი აქვს. ოლიმპიადა მაინც სხვა დონე და სიმაღლეა. ჯერჯერობით ვემზადები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის. შემდეგ, თუ ოლიმპიური ლიცენზია ავიღე და დიდი იმედი მაქვს, ასეც მოხდება, მაშინ უკვე შესაძლებლობა მომეცემა, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გავემგზავრო. ოლიმპიური ლიცენზია გადაეცემა იმ პირველ 6 ნავს, რომელიც 1000-მეტრიან დისტანციას ყველაზე სწრაფად გაივლის. დიდი ალბათობით, იმ 6 ნავში მეც მოვხვდები.

- ბავშვებისა და დამწყები სპორტსმენებისთვის დიდი მოტივაციაა ისეთი წარმატება, რასაც თქვენს ასაკში მიაღწიეთ. დასასრულს, მათ რას ეტყვით?

- ისევ გავიმეორებ, რომ ჩვენს სპორტში აუცილებელია, ძალიან მშვიდი ფსიქოლოგიით გამოირჩეოდე. თავიდან ნავზე ჯდომა გაგიჭირდებათ, შეიძლება 300-ჯერაც ამოყირავდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ და სპორტს თავი დაანებოთ. ჩემი ყველაზე დიდი რჩევა ეს იქნება: იყავით გაწონასწორებული, მშვიდი და არასოდეს დანებდეთ!..

ანა კალანდაძე