მარიტა ჯანაშიას სინანული, შიში და გულჩვილობა დიდი დოზით - გზაპრესი

მარიტა ჯანაშიას სინანული, შიში და გულჩვილობა დიდი დოზით

"სულ მახსოვს, ბოლო საუბარი მარინასთან. მან დამირეკა და მითხრა რაღაც, რაც თემოსთვის უნდა გადამეცა, მასთან ამის გამო დარეკვა მერიდებაო. მის დანაბარებს ახლა ვერ ვიტყვი. იმედია, თემოს ამ სიტყვების ხმამაღლა თქმა ოდესმე მოუნდება", - ასე იხსენებს მარიტა ჯანაშია ბებიასთან ბოლო საუბარს. რას აფრთხილებდა ქალბატონი მარინა, როცა მარიტა პროფესიას ირჩევდა, ვინ აყენებს მას ყოველთვის კარგ ხასიათზე და ვინ არის ის ერთადერთი, ვისაც მისი წონასწორობიდან გამოყვანა მარტივად შეუძლია? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1992 წლის 1-ლი იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...სულ სხვადასხვაგვარი ინტერესი მქონდა. ვნახავდი ფილმს, სადაც პოლიციელი კარგად იყო წარმოჩენილი, იმ დღეებში მიჩნდებოდა სურვილი, პოლიციელი გამოვსულიყავი, მერე ექიმობაზე ვოცნებობდი. მოკლედ, იმ პროფესიას ვირჩევდი, რომლის წარმომადგენლებიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. საბოლოოდ, არჩევანი სამსახიობოზე შევაჩერე. ეს ალბათ ოჯახის გავლენა იყო, თუმცა ბებიაჩემი (მსახიობი მარინა ჯანაშია) პროფესიულ სირთულეებზე, იმ დაუფასებლობაზე, უსამართლობებზე მელაპარაკებოდა, რაც ამ სფეროშია. არ შევშინდი. ვფიქრობდი, ახლა დრო შეიცვალა, მარინა სხვა დროს სწავლობდა-მეთქი. ჩემი აზრით, როცა მარინა ამ პროფესიას ეუფლებოდა, მაშინ მეტად ფასდებოდა თეატრი, ვიდრე - დღეს. მაშინ მსახიობის შრომაც უფრო კარგად ფასობდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან გულჩვილიაო და მართლა ასეთი ვარ, გულჩვილობა ზედმეტი დოზით მაქვს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მგონია, საკუთარ თავს წარმატებული რომ ვუწოდო, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ჩემს ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით. სამოდელო საქმიანობა რომ დავიწყე, ეს თავიდან ბოლომდე დედაჩემის დამსახურებაა, მამა უფრო ჩემს პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს კრუა (იცინის). მე და თემო ვერ ვიხსენებთ, ჩვენს თავს ამ ადამიანის გარეშე, ვერ ვხვდებით, მანამდე რას ვაკეთებდით, როგორ ვიყავით.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მსოფლიოში მშვიდობა იყოს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...წყენის გულში დიდხანს ჩადება არ ვიცი. ჩემი ქმარი მეუბნება: ეს რა სულელური თვისება გაქვს, მალე გავიწყდებაო. წყენა, იმედგაცრუება, ცუდი ქცევა კი არ მავიწყდება, სულ მახსოვს, მაგრამ მაქვს უნარი, იმ ადამიანს ვაპატიო, ეს დავიწყებას სულაც არ ნიშნავს. ეს პატიება, პირველ რიგში, ჩემთვის არის საჭირო. არ მინდა, დამძიმებული ვიყო, ნეგატივისგან ვთავისუფლდები. პატიებით შენს თავს გაცილებით მეტს უკეთებ, ვიდრე იმ ადამიანს. თუ ცუდ ემოციას დიდხანს ატარებ, ეს აუცილებლად დაგეტყობა. რომ ამბობენ, "მაგის სახელი არ მიხსენო", მსგავსი დამოკიდებულება არასდროს არავის მიმართ არ მქონია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია. დილით ადრე ადგომა არაფრით შემიძლია, საღამოს 9 საათზეც რომ დავიძინო, დილით მაინც ვერ ვდგები. კრუაც ჩემს რეჟიმზე მყავს. შემიძლია 10-ზე გავიღვიძო, მაგრამ 11 საათამდე ძილის დრო თუ მაქვს, უკეთესია. პარადოქსია, ჩემი ამ თვისებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დილის ეთერის წამყვანი ვიყავი. დილის 7-ზე და უფრო ადრე უნდა გამეღვიძა. როცა ვიღვიძებ, 5 წუთი, სანამ გამოვფხიზლდები, ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში. ვერ ვხვდები, სად ვარ, გარშემო ვინ არიან და ა.შ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ადამიანს არ უნდა ენდო.

- ასეთი მწარე გამოცდილება გაქვს?

- მგონია, ეს გამოცდილება ყველას აქვს, ზოგს მწარე, ზოგს - ნაკლებად მწარე. ხომ გვაქვს შემთხვევა, გული გვეუბნება, იმ ადამიანს რომ არ უნდა ვენდოთ, მაგრამ საკუთარ თავს თითქოს არ ვუსმენთ და მერე ეს ჩვენი შინაგანი განწყობა მართლდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...თან იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თან შიში - იქნება? დღეს ძალიან დაძაბული გარემოში ვცხოვროთ და ამ შიშსაც აქვს საფუძველი. მინდა მშვიდობა იყოს და ყველა პატარამ ბედნიერად იცხოვროს.

- ვიბნევი...

- ...როცა ვიცი სიმართლე და ის არ უნდა შევიმჩნიო. ძალიან ცუდი მატყუარა ვარ.

- ვნანობ...

- ...ძალიან ბევრი რამის გამო. არის რაღაც, რისი ხმამაღლა თქმაც არ მინდა. არის რაღაც, რაც სულ მაწუხებს. ტელევიზიაში მუშაობა რომ დავიწყე, მე და მარინას ერთად მიგვყავდა გადაცემა. ძალიან ვნანობ, მასთან იმ პერიოდში უფრო მეტი დრო რომ არ გავატარე. ასევე - მეორე ბებია-ბაბუასთან, რომლებიც სამწუხაროდ, აღარ მყავს. მგონია, ამ ადამიანებთან არასაკმარისი დროს მაქვს გატარებული და ამას ვნანობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...საფრანგეთში, მამაჩემთან. მას კრუა ჯერ არ უნახავს. ზაფხულში ვაპირებდით წასვლას და ვეღარ მოვახერხეთ. ეს ბედნიერება წინ გვაქვს. ახალი წლისთვის ვგეგმავთ და იმედია, გამოგვივა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...ძალიან რთული საქმეა. ჭკუიდან უნდა გადამიყვანო, ეს რომ დამემართოს. ემოციების კონტროლი არ მიჭირს, მაგრამ წონასწორობიდან ჩემს ქმარს მარტივად გამოვყავარ. დილით ვუთანხმებ, საღამოს სადღაც უნდა ვიყოთ. შემდეგ დღის განმავლობაში სამჯერ მეუბნება: საღამოს არ მცალია. - რატომ, ხომ გითხარი, იქ უნდა წავიდეთ-მეთქი? - ა! ჰო, კარგი, გადავდებო. არ ვიცი, ვერ იმახსოვრებს, ავიწყდება, სპეციალურად მიკეთებს? მერე იცინის ხოლმე და მაგიჟებს.

- სიყვარული ეს...

- ...არის გრძნობა, რომელიც შეიძლება ადამიანს ბევრჯერ ეწვიოს, მაგრამ ნამდვილი მხოლოდ ერთია. ვთვლი, რომ ერთადერთხელ მყვარებია და ეს არის ჩემი ქმარი. ეს გრძნობა არაფერს ჰგავს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...6 წლის ვიყავი, ერთი ბიჭი რომ მომწონდა. ძალიან მაღალი ვიყავი და დამცინოდნენ, ჟირაფს მეძახდნენ. ამის გამო დაკომპლექსებული გახლდით. მეგონა, სიმაღლე ცუდი რაღაც იყო და ხმას არ ვიღებდი. იმ ბიჭისთვის, რომელიც მომწონდა, გამარჯობაც კი არ მითქვამს. ახლა მისი სახელი და გვარიც აღარ მახსოვს.

- მაკვირვებს...

- ...და მწყინს, ადამიანები რეალობას როგორ არ ხედავენ; მიწაში თავის ჩარგვა რომ იციან, ეს ძალიან მაღიზიანებს, მძაბავს და მაფიქრებს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...თემოს და ჩემს შვილს. თემო არის ადამიანი, ვისაც აქვს უნარი, ცუდ ხასიათზე მყოფიც კი გამაცინოს და ეს მნიშვნელოვანია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...რა არის, ამას ვერ გაგიმხელ, მაგრამ გავთქვამ, რა არის ჩემი ქმრის ყველაზე დიდი სისუსტე: მას უზომოდ უყვარს შაქარი. ყავაში 5 კოვზს ყრის, ქურთუკის ჯიბეებში სულ აქვს ერთჯერადი შაქარი. სადმე კაფეში რომ შევიდეს და დააკლდეს, ჯიბიდან ამოიღებს და ჩაიყრის.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, მაგრამ თან მიხარია. ჩემთვის შექება არის ყველაზე დიდი სტიმული.

- შიში მაქვს...

- ...ლოკოკინების. შეიძლება ახლოს რომ დავინახო, ვიტირო. საფრანგეთში მამაჩემმა რესტორანში წამიყვანა, სადაც დელიკატესები მოგვართვეს. ლოკოკინები კარაქით და ნივრით რომ მოიტანეს, უნდა გენახა, რა დამემართა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ყავის ჭიქა სად წაიღეო? - თემო მსაყვედურობს. ჩვევად მაქვს, ყავას რომ დავისხამ, მერე ჩემს ჭიქასთან ერთად "ვმოგზაურობ" და სად ვტოვებ, აღარ მახსოვს. მერე სახლში ჭიქების ძიება იწყება.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს, არა იმიტომ, რომ ყველაფერი მომწონს. ფეხმძიმობის დროს 34 კილოგრამი მოვიმატე, სამშობიაროში რომ შევედი, 92 კილო ვიყავი. ასეთი დიდი მატება სტრიებს იწვევს. ეს საკითხი გვარდება, თუ გინდა გამოასწორე და თუ - არა, მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თავად ვითრგუნავთ თავს.

- ზედმეტი კილოგრამები როგორ დაიკელი?

- ეს პროცესიც თავისით მოხდა, ბავშვთან დიდ ენერგიას ვხარჯავდი და ამან გარკვეული როლი ითამაშა, ბუნებრივად "ჩამოვიფერთხე".

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...მანქანის კარგად მართვა, მიუხედავად იმისა, რომ მოწმობა მაქვს და ტარება ვიცი. არაპროგნოზირებად მოძრაობაში მირჩევნია, უფრო გამოცდილ მძღოლთან ვიყო. ახლა მანქანებიც ისე "გაბრაზებულები" არიან, როგორც ადამიანები.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, სხვისი გავლენის ქვეშ არმოქცევა, გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთარი აზრით მოქმედება.

img-2102-1667290871.jpg

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მიუსაფარი ცხოველების პრობლემას მოვაგვარებდი და ყველანაირად ვეცდებოდი, არც ერთ ბავშვს არ სციოდეს, არ სწყუროდეს ამ ქვეყანაში. ამ ყველაფერს თუ შევძლებდი, ამით ბედნიერი ვიქნებოდი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...12-14 წლის ვიქნებოდი, როგორც ჩანს, რაღაცაზე ვნერვიულობდი და მამამ მითხრა ცნობილი წარწერა სოლომონის ბეჭდიდან: "ესეც გაივლის". დღეს ეს სიტყვები ხშირად მახსენდება და მშველის (პაუზის შემდეგ). სულ მახსოვს ბოლო საუბარი მარინასთან. მან დამირეკა და მითხრა რაღაც, რაც თემოსთვის უნდა გადამეცა, მე მასთან ამის გამო დარეკვა მერიდებაო. მის დანაბარებს ახლა ვერ ვიტყვი. იმედია, თემოს ამ სიტყვების ხმამაღლა თქმა ოდესმე მოუნდება. მაშინ ძალიან ვინერვიულე, უკვე 9 თვის ორსული ვიყავი, მალე ბავშვი უნდა გამეჩინა. თურმე, გარშემო ჩემ გარდა, ყველა ხვდებოდა, რომ ცუდი დღე ახლოვდებოდა. ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდი მადლობა, დრო რომ დამითმეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ყველას სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას გისურვებთ! ნუ გავჩერდებით ტოქსიკურ გარემოში, ტოქსიკურ ადამიანებთან, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებს, ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა - ერთმანეთს!

P.S. გამოყენებულია გიორგი კიკუაშვილის ფოტოები.

თამუნა კვინიკაძე