ხატია დიაკონიძის დიდი ტრაგედიადა ხელახლა დაწყებული ცხოვრება - გზაპრესი

ხატია დიაკონიძის დიდი ტრაგედიადა ხელახლა დაწყებული ცხოვრება

29 წლის ფიტნეს ინსტრუქტორი - ხატია დიაკონიძე ბევრს ალბათ, "ტიკტოკიდან" ახსოვს. ახლახან ხატიამ რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა, რამაც მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. იყო ბულინგის შემთხვევაც... გადავწყვიტეთ, ხატია დიაკონიძე მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...

- როცა სოციალურ ქსელში პირველად გამოვჩნდი, ყველას ძალიან შევუყვარდი, თუმცა ზოგი ვერ იგებდა, ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი. ვფიქრობ, ფიტნესმწვრთნელობა მათთვის ახალი ხილი იყო. ხშირად შეურაცხმყოფელ სიტყვებს მწერდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა სასაცილო ვიდეოებს ვაქვეყნებდი, ვხუმრობდი და ადამიანებთან ვსაუბრობდი, მიხვდნენ, ცუდი ადამიანი საერთოდ არ ვარ, ცუდ საქმეს არ ვემსახურები, პირიქით - საზოგადოებას გავაგებინე, რომ არსებობენ ქალი ფიტნეს მწვრთნელები, რომლებიც ლამაზად გამოიყურებიან და უფრო თავდაჯერებულები არიან... ბოლოს, იმ სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოვჩნდი, ხალხის ნაწილისგან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ვიგრძენი, თუმცა ვფიქრობ, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც რეალით შოუში მონაწილეობამდე საერთოდ არ მიცნობდნენ. ვინც მიცნობდა, ჩემს გულშემატკივრად დარჩა, კბილებით მიცავდა... ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც გვერდით დამიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამიმხედრდა, ცუდ კომენტარებს მიწერდნენ. ადამიანი, რომელიც ვფიქრობდი, რომ ყველა ქალისთვის მოტივატორი უნდა ვყოფილიყავი, საშინელი ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ეს ურთულესი გადასატანი იყო, მაგრამ ღვთის წყალობით, მოვახერხე. ახლა ცუდი კომენტარების ავტორები "ჩაქრნენ", შეცოტავდნენ...

ბევრი მწერს - ჩვენთვის მოტივაცია გახდი, რომ უფრო ძლიერები ვიყოთო. დროთა განმავლობაში ყველას ვაჩვენებ, რომ თუკი ჩემ შესახებ თავში რამე ცუდი ფიქრი მოსდით, ეს მცდარია (იღიმის).

- ბულინგის მსხვერპლი სხვა დროსაც გამხდარხარ?

- სამწუხაროდ, კი. ბულინგის მსხვერპლი სკოლის მოსწავლეობის პერიოდშიც ვიყავი: კლასელებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირდა, რადგან მათთვის ყოველდღიური დაცინვის ობიექტი ვიყავი. გარდატეხის ასაკში, სკოლაში ისეთი რთული პერიოდები მაქვს გამოვლილი, რომ ალბათ ეს გახდა საწყისი, ოდესმე ისეთ სფეროში ვყოფილიყავი, რომელშიც ქალების და საერთოდ, ადამიანების მოტივატორი გავმხდარიყავი.

- კლასელები რატომ დაგცინოდნენ?

- სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, როცა გარდატეხის ასაკი მქონდა, ოჯახში ისე ვცხოვრობდით, რომ "თავზე არ გადაგვდიოდა", პირიქით - ჩემი მშობლები მართლა დღესა და ღამეს ასწორებდნენ, რომ ლუკმაპური, ტანსაცმელი გვქონოდა, სკოლაში გვევლო, ანუ ჩემს ოჯახს არ ულხინდა. სახლი, თავშესაფარიც კი არ გვქონდა: ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად, როგორც შეგვეძლო. ჩვენთვის საცხოვრებელი ფართობიც კი პრობლემა იყო. რა დროს საჭმელი და ტანსაცმელი გახლდათ?! შესაბამისად, 3 წლის განმავლობაში, შეიძლებოდა ერთი და იგივე შარვალი და ზედატანი მცმოდა. როცა გარშემო ისეთი ბავშვები არსებობენ, რომლებიც ყოველ სეზონზე ახალ ტანსაცმელს, სასკოლო ნივთებს ყიდულობენ, შენ კი ამ დროს იმაზე ფიქრობ, შინ დაბრუნებულმა საჭმელი როგორ მოიმზადო, მათთვის საინტერესო აღარ ხარ, შენთან მეგობრობა აღარ სურთ... ეს არც მათი ბრალია: ალბათ, ბავშვის ფსიქიკა ასეთია. გარდატეხის ასაკში ემართებათ: ადამიანთან მეგობრობა იმის გამო აღარ უნდათ, რომ მას ლამაზად არ აცვია, კარგად არ გამოიყურება, კარგი სუნამო არ ასხია... გოგონებს ისეთი ასაკი აქვთ, რომ იპრანჭებიან, "გოგოშკობენ"... მათ მსგავსად ვერ გამოვიყურებოდი, ვერსად დავყვებოდი. კლასელებთან ერთად, კაფეში თუ სხვა გასართობ ადგილზე წასვლას რომ ვერ ვახერხებდი, ვამბობდი, - არ მინდა-მეთქი. ამაზე სახლში არც ვსაუბრობდი, რადგან არ მსურდა, ოჯახის წევრებს გული დასწყვეტოდათ. რეალურად, ძალიან მინდოდა, მეც წავსულიყავი...

მაგალითად, "ბოლო ზარის" დღეს, როდესაც ბავშვები თეთრ პერანგებზე რაღაცებს ახატვინებდნენ, სახლში ვთქვი, - ნახატიანი პერანგი არ მინდა-მეთქი. ჩვეულებრივ, სადა პერანგს ჩავიცვამ. მსურს, განსხვავებული ვიყო-მეთქი. რეალურად, განა არ მინდოდა, რომ ნახატიანი სამახსოვრო პერანგი მქონოდა? უბრალოდ, ვიცოდი, ამისთვის საჭირო 15 ლარიც კი ჩემთვის ძალიან რთული მოსაძიებელი იქნებოდა. არ მსურდა, ოჯახის წევრებს ენერვიულათ. "ბოლო ზარზე" "მეორადებში" ნაყიდი 50-თეთრიანი პერანგით წავედი... მოკლედ, როდესაც შენს ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება, ძალას იკრებ, თითქოს ქვეცნობიერად ჩანიშნული გაქვს და დროთა განმავლობაში, შენს პროფესიას, წინსვლას ისეთ საქმეს უკავშირებ, რომ ვიღაცისთვის სამაგალითო, მოტივატორი გახდე. ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა.

img-60f72bc11578e67288712548be5fa49d-v-copy-1667291109.jpg

- როგორ ფიქრობ, ახლახან თქვენ მიმართ ქალების ნაწილი აგრესიას რატომ იჩენდა?

- ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ისინი საერთოდ არ მიცნობენ და ერთი კონკრეტული ფაქტით, ჩემი პიროვნების შესახებ დასკვნა გამოიტანეს. მიმაჩნია, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. მინდა, ბევრმა ქალმა გარკვეულ საკითხებზე სიღრმისეულად იფიქროს და ყველა მხრიდან შეხედოს სიტუაციას. მხოლოდ ერთი ფაქტის ნახვით დასკვნის გაკეთება არ შეიძლება - ეს ყველამ უნდა გავითავისოთ.

- ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას როგორ დაეუფლეთ?

- როდესაც სკოლა დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში მოუმზადებლად ჩავაბარე - ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ცეკვაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, ისე მიყვარს!.. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა: ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელსაც ცოლად გავყევი, ავტოკატასტროფისას გარდაიცვალა. სამყარო თავზე ჩამომენგრა... ამან ისეთ დეპრესიაში ჩამაგდო, რომ ყველაფერს თავი დავანებე, რისთვისაც ამდენ ხანს ვიბრძოდი. ყველაფერი ძალზე რთული აღსაქმელი და გადასატანი იყო... დეპრესიის გამო, აღარც ცეკვა მინდოდა, საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი... წლების შემდეგ, ნელ-ნელა იმ აზრამდე მივედი, რომ საკუთარ თავს ვუთხარი: ასე როდემდე უნდა იყო? გულში რაც გაქვს და რაც გინდა, გააკეთე, ყველაფერი "ნულიდან" დაიწყე. ერთხელ თუ გამოგივიდა, მეორედაც გამოგივა. ბედნიერი უნდა იყო. ამაში ცუდი არაფერია-მეთქი! ამ ფიქრებით მოცულმა ერთ დღესაც, სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი - ის ხატია დიაკონიძე საერთოდ არ მომწონდა, რომელიც სარკიდან მიმზერდა. სამსახურში წავედი (მაშინ ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ვმუშაობდი), განცხადება დავწერე და წამოვედი. შემდეგ გადავწყვიტე, დედასთან წავსულიყავი. დედა ემიგრანტი გახლავთ - 11 წელია, იტალიაში ცხოვრობს. მისი დამსახურებაა, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე. ემიგრაციაში რომ არ წასულიყო, საერთოდ ვერაფერს გავაკეთებდი...

მოკლედ, განტვირთვა, საკუთარი თავის სხვანაირი აღმოჩენა მჭირდებოდა, რადგან ძალიან რთულია, როცა გარეთ გადიხარ და ყველა სიბრალულით გიყურებს, ყველას ეცოდები. ეს საშინელი შეგრძნებაა, რომელიც გთრგუნავს და არაფრის გაკეთების საშუალებას არ გაძლევს. დედასთან წასვლა ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. იქ 3 თვის განმავლობაში ვიყავი. ძალიან გამოვცოცხლდი: ვნახე ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გულთბილად მხვდებოდნენ, მიღიმოდნენ. მათ ჩემ შესახებ არაფერი იცოდნენ და ისე მექცეოდნენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ჩემთვის ისეთი კომფორტული იყო, რომ თითქოს გავიღვიძე - ფაიფურის დამსხვრეულმა თოჯინამ აღდგენა დაიწყო. თავდაჯერება მომემატა. მივხვდი, დიდი ხანი იყო გასული, რაც არ მივარჯიშია. თან, იტალიაში გამგზავრებისას, დეპრესიის ფონზე, ჩემი სხეულისთვის არაადეკვატურად დიდი წონის ვიყავი. იტალიაში ყოფნისას საჭირო ინფორმაცია მოვიძიე და ვარჯიში დავიწყე. ამ ყველაფერს ისე სერიოზულად მივუდექი, რომ ჩემს ფიტნესინსტრუქტორობას საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ცეკვაც დავიწყე და თურქეთშიც ვიყავი, სხვადასხვა შოუში ვმონაწილეობდი. იქაც ვვარჯიშობდი, თან - ვსწავლობდი... ისე გამოვიდა, რომ იტალიამ და თურქეთმა ჩემში დიდი გარდასახვა მოახდინა. ვარჯიშების შესახებ იმდენი ვისწავლე, იმდენი გამოვცადე, რომ საქართველოში დაბრუნებული თავადვე შოკში ვიყავი - საერთოდ სხვა ადამიანი გახლდით. პირადი მწვრთნელიც ვიყავი და ჯგუფურ ვარჯიშებსაც ვატარებდი. მივხვდი, სწორედ ამ სფეროში უნდა მემუშავა, მე კი თურმე, სად ვიყავი, მეძინა (იღიმის)?!. დარბაზებში ვაკანსიები რომ გაჩნდა, მივედი, გაკვეთილი ჩავატარე, მოეწონათ და ამიყვანეს. გოგონებთან (ვისაც ვავარჯიშებდი) ურთიერთობისას მივხვდი, ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ეს ყველაფერი ძალას მმატებდა და მერე სულ გავგიჟდი, გადავირიე... მას შემდეგ კიდურები არ გამიჩერებია - ფიტნესის სფეროში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ და წინ მივიწევ.

- რეალითი შოუში თქვენი მონაწილეობისას მეუღლე არ ეჭვიანობდა?

- გიორგი რომ გავიცანი, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთად ვიქნებოდით, მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, ერთმანეთი ისე სიღრმისეულად გავიცანით, რომ ახლა უერთმანეთოდ გაძლება წამითაც არ შეგვიძლია - ვერ ვიცოცხლებთ. მან იცის, რომ მოცეკვავე და მწვრთნელი ვარ, შოუებში ვცეკვავდი, ჩემი სამუშაო სფერო ისეთია, კოჭებამდე კაბასა და კისრამდე მაისურში გამოწყობილი ვერ ვიქნები, რის გამოც, შეიძლება, გარკვეულწილად, "ქართულ ჩარჩოებს" ვერ შევესაბამებოდე. გიორგის არ ახასიათებს უაზროდ ეჭვიანობის სცენის მოწყობა, პირიქით - ყოველთვის მხარში მიდგას, მენდობა და იცის, რისი გამკეთებელი ვარ. ჩემთვის ეს დიდი კომფორტია. ბევრი ვიწვალე, კარიერულ გზაზე წინ მივიწევ, ვიბრძვი... მეუღლე იმაზეა ორიენტირებული, რომ ხელი შემიწყოს და მის გვერდით თავი კომფორტულად ვიგრძნო, მანებივრებს. ამიტომ, როდესაც რეალითი შოუში მონაწილეობა გადავწყვიტე, ეს საკითხი ერთად განვიხილეთ, ვისაუბრეთ, შევთანხმდით... მოკლედ, ეჭვიანი საერთოდ არაა და არც იქნება, რაც მახარებს.

20220928-143004-copy-1667291094.jpg

- გაცნობისას თქვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი რატომ იყო?

- გიორგის ვარჯიშთან კავშირი არ ჰქონია. ახლა უკვე ვარჯიშობს. წონაში საკმაოდ ბევრი დაიკლო. მონდომებულია, ფორმაში დგება... როცა გავიცანი, გარეგნულადაც სხვანაირი იყო. რატომღაც მეგონა, რომ მასთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, პირიქით - როცა გარკვეულ თემებზე ვისაუბრეთ, რაღაც საკითხები განვიხილეთ, ძალიან დავახლოვდით... მას ჩემს სფეროსთან არანაირი შეხება არ ჰქონდა: არც - თეატრალურ უნივერსიტეტთან, არც - სცენასთან... მერე უკვე მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში საინტერესო ზუსტად ესაა, რომ გიორგი საერთოდ სხვა სფეროს წარმომადგენელია, სხვა დიდი "პლუსები" აქვს, უმაგრესი ადამიანია, მე კი სხვა სფეროში ვარ და სხვა "პლუსები" მაქვს. ერთმანეთს ვავსებთ. მახსოვს, ხელის მოწერა მოულოდნელად გადავწყვიტეთ და ცოტა არ იყოს, სახალისო სიტუაცია შეიქმნა: ჩემი საყვარელი ვარდისფერი კაბა ჩავიცვი. თავადაც გამოიპრანჭა. მეჯვარეობა მეგობარს სთხოვა, მე კი მეჯვარედ ჩემი და წავიყვანე. თან, მანქანაში დიდი სპორტული ჩანთა მედო, რომელშიც ჩემი სპორტული სამოსი ეწყო. იუსტიციის სახლში ხელი რომ მოვაწერეთ, მეჯვარეები სახლში გავუშვით, ჩვენ კი სპორტდარბაზში წავედით, სადაც გაკვეთილი ჩავატარე (იცინის).

- გიორგი შენი მოსწავლე ხომ არ იყო, თავად ხომ არ ავარჯიშებდი?

- თავდაპირველად - არა, მაგრამ მერე გახდა. ახლაც მელოდება: 1 კვირაში სამსახურში გავალ და ვარჯიშს ისიც გააგრძელებს - ახლა უკვე ჩემი მოსწავლეა (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი