"გოგა ბარბაქაძე ლამაზად მიხსნის, რომ თავი ცუდად არ ვიგრძნო" - გზაპრესი

"გოგა ბარბაქაძე ლამაზად მიხსნის, რომ თავი ცუდად არ ვიგრძნო"

მოცეკვავე ანი ლოლაძე ახლახან სერიალში "ო-ჯახი" გამოჩნდა, რომელშიც მისთვის საყვარელი მსახიობის - გოგა ბარბაქაძის პერსონაჟის შვილის როლს ასრულებს. ანი სერიალსა და რეალურ ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრა...

- შარშან რეჟისორ ლაშა ცერიაშვილთან სხვა სერიალში ჩემს მონაწილეობაზე შეთანხმებული ვიყავი. ისე მოხდა, რომ საფრანგეთში 1 თვით გავემგზავრე. როცა საქართველოდან წავედი, ზუსტად მაშინ დამირეკეს, - გადაღებას ვიწყებთო. რეალურად, საფრანგეთში 2-3 თვით დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ 1 თვეში დავბრუნდი, მაგრამ იმ სერიალში მონაწილეობაც ვეღარ მივიღე... შემდეგ გამოჩნდა "ო-ჯახი". ლაშამ ისევ დამირეკა, - აქ მაინც მოდიო. დავთანხმდი და დღეს საოცარ მსახიობებთან ერთად ვთამაშობ.

- მსახიობობის გამოცდილება გქონდა?

- არა. თავდაპირველად ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი, რადგან ვიცოდი, თამაში ვისთან ერთადაც მიწევდა. ვფიქრობდი: ვაიმე, რა გავაკეთო-მეთქი?!. წინათ, უცხოურ სერიალში მითამაშია - მეორეხარისხოვან როლს ვასრულებდი, მაგრამ ტექსტიც კი არ მქონია. უბრალოდ, კადრში ხშირად ვჩანდი, რადგან მთავარი პერსონაჟის დაქალის როლს ვთამაშობდი. ხმას არ ვიღებდი და ვფიქრობ, ჩემთვის ეს სამსახიობო გამოცდილება არ ყოფილა (იცინის)... "ო-ჯახი" პირველი დიდი პროექტია, რომელშიც მსახიობის პროფესიას ცხვირით შევეჯახე. ისეთი კარგი მსახიობები და საერთოდ, სტაფია, რომ რაც ეკრანზე ჩანს, იმ ადამიანების დიდი დამსახურებაცაა, ვინც კამერის უკან დგას. თამაშისას კომპლექსი და დაძაბულობა აღარ მიგრძნია. გარემოსაც მარტივად შევეჩვიე. მუშაობა აღარ გამჭირვებია...

- როგორი გოგოა შენი პერსონაჟი - მიკა?

- მე და მიკა ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით: ის 16 წლის გოგონა გახლავთ, რომელიც მხოლოდ ბიჭებზე ფიქრობს. არც სწავლა ადარდებს, არც - ოჯახი. ახალ თაობას აყოლილია. მართლა მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, ვინ ჰყავდეს შეყვარებული, მაგრამ აზრი არ აქვს - მაინც ყველას შორდება, რადგან ცოტათი წუნიაა. ბიჭებზე "მორგებულია": შეიძლება, ერთ დღეს როკერად "გაიჩითოს", მეორე დღეს - "წიგნის ჭიად"... მოკლედ, როგორი ბიჭიც მოეწონება, თავადაც ისეთი ხდება. ბიჭები მასზე ზეგავლენას მარტივად ახდენენ. ჩამოუყალიბებელია. რას მიედ-მოედოს, ვეღარ გაუგია (იცინის). მასთან საერთოს მართლა ვერ ვპოულობ, რადგან ჩემთვის დადებითი პერსონაჟი არაა: ცოტათი ამპარტავანია, წესიერად მშობლებსაც არ ელაპარაკება. ძალიან ვცდილობ, გადაღებისას მიკას დავემსგავსო და ისე ვიფიქრო, როგორც მიკა იფიქრებდა.

- მოზარდობისას თავად როგორი იყავი?

- მიკასთვის დამახასიათებელი ფიქრები და ქმედებები მეც მქონდა. ეს ლოგიკურია - ამ ეტაპს ყველა ბავშვი გადის, მაგრამ რატომ აქვს მას ეს მიზანი, რომ სულ შეყვარებული ჰყავდეს, არ ვიცი. მესმის, როცა პატარა ხარ, ერთი ბიჭი მოგეწონება, შემდეგ "გაუშვებ", მეორე მოგეწონება, მაგრამ მიკას ყველა მათგანი მშობლებთან მიჰყავს და აცნობს. ისე, არც მთელი ოჯახია დალაგებული (იცინის). ვფიქრობ, მიკას მსგავსი ბავშვი არ ვყოფილვარ. მშობლებს ყველაფერს არ ვუყვებოდი. დღეს უკვე მშობლებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჩემ შესახებ რაც საჭიროა მშობელმა იცოდეს, ყველაფერი იციან. რაც უფრო ვიზრდები, უკვე ვაანალიზებ, რომ მშობლებთან ახლო ურთიერთობა საჭირო და კარგია. მათ ყველაზე მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ. ყველას ვურჩევ, მშობლებთან ბევრი დრო გაატარონ, დიდი პატივისცემის გრძნობა ჰქონდეთ მათ მიმართ და საკუთარი ამბები გაუზიარონ, რადგან ყველაზე მეტად, მშობლებს შვილების ბედნიერება ახარებთ. დიდი ხანია, რაც ამას მივხვდი. მათ ჩემ შესახებ ყველაფერს ვუყვები, რჩევებს ვიღებ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიტუაცია ყოფილა, როცა ვერ მივმხვდარვარ, რა გამეკეთებინა, საით წავსულიყავი. ამაზე მშობლებთან ღიად მისაუბრია. ყველაზე სწორად და გულით ისინი გვირჩევენ...

- აღნიშნე, მშობლებმა შვილის შესახებ ის უნდა იცოდნენ, რაც საჭიროაო. რა არ უნდა იცოდნენ მათ?

- მაგალითად - ძალიან "შიდა სამზარეულო", რაც პირადია. საკუთარი პირადი ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის - ჩემს მშობლებსაც... მშობელმა უნდა იცოდეს, საკუთარი შვილი თავის ცხოვრებაზე რას ფიქრობს, ვისთან მეგობრობს, მისი შეყვარებული ვინ არის, სხვადასხვა საკითხის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს... ეს ყველაფერი ჩემმა მშობლებმა იციან. თან, ისეთი ასაკი მაქვს (20 წლის ვარ), რომ რაც უფრო ვიზრდები, მეტად უნდა ვიფიქრო, მომავალში რისი გაკეთება მინდა, როგორი პიროვნება უნდა ვიყო...

- საკუთარ თავს მომავალში როგორ ხედავ?

- დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედნიერი ქალი ვიქნები. მინდა, ჯანმრთელი მეგობრები, ოჯახის წევრები მყავდეს და მეც ჯანმრთელი ვიყო, რადგან ეს უპირველესია: როცა ცუდად ხარ, სხვა არ გადარდებს. მინდა, ჩემ გარშემო სულ სიკეთე იყოს. რა თქმა უნდა, ეს არარეალურია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, კეთილი და გულწრფელი ვიყო. კიდევ ბევრი დეტალია, რაც მინდა, ჩემში და ჩემ გარშემო იყოს, მაგრამ მთავარი მაინც ჯანმრთელობა, სიკეთე და ჯანსაღი გარემოა. იმავდროულად, ადამიანი გამჭრიახიც უნდა იყო, რადგან ბევრ რამეში ჭკუა ძალიან გჭირდება: ცხოვრება ვარდისფერი არაა - ხშირად შავ-თეთრ რეალობაში ყოფნა გვიწევს. ამიტომ რაღაცების დანახვა და ჭკვიანურად მოქმედება უნდა შევძლოთ...

ani-6-1667291252.jpg

- გულის სწორი თუ გყავს?

- მყავს. ერთმანეთზე ძალიან შეყვარებულები და ბედნიერები ვართ (იცინის).

- ანი, "ო-ჯახის" გადასაღებ მოედანზე მსახიობები გეხმარებიან?

- კი, ნამდვილად. ყველას დიდი გამოცდილება აქვს. საოცარი მსახიობები არიან. იმიტომ ვარ კომფორტულად, რომ ყველა რჩევას მაძლევს, ზემოდან არ მიყურებენ, ამპარტავნები არ არიან, პირიქით - ცდილობენ მასწავლონ, რომ საქმე კარგად გავაკეთო.

- კადრს მიღმა რა ხდება?

- ძალიან ბევრს ვიცინით. კადრები ბევრჯერ ჩაგვიშლია. გოგა ბარბაქაძეს დღემდე ვერ მოუნელებია ის ფაქტი, რომ როცა მამა-შვილის ეპიზოდს იღებდნენ, იმ დროს დივანზე დაღლილს მეძინა - კადრში საერთოდ არ ვჩანდი, მაგრამ მოულოდნელად, სიზმარში გადატრიალება მომინდა, ხელი მოვიქნიე და კადრი ჩავუშალე. - თავიდანო! - დაიძახეს და მეც წამოვხტი - ვაიმე, ვაიმე-მეთქი (იცინის)... ეს ამბავი გოგას არ ავიწყდება... ყველას კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს არა მხოლოდ გადაღებებზე, არამედ - ისედაც ვიკრიბებით ხოლმე. ჩვენს "ო-ჯახში" დიდი სიყვარული ტრიალებს.

- საზოგადოებამ მოცეკვავის ამპლუაში გაგიცნო. ცეკვის სფეროში ისევ მუშაობ?

- კი, ისევ ვცეკვავ, რადგან ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. ვფიქრობ, ყველაზე კომფორტულად ცეკვის სფეროში ვარ. თავს ისე კარგად ვგრძნობ, რომ არა მგონია, ოდესმე ცეკვას თავი დავანებო (იღიმის).

- მსახიობობაზე გიფიქრია? როგორც ვიცი, ჟურნალისტის პროფესიას ეუფლები.

- მამაჩემს ყოველთვის უნდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. როცა ტელეეკრანზე მხედავს, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. ჩემით ძალიან ამაყობს.

- როცა სერიალს უყურებ, როგორი შთაბეჭდილება გექმნება?

- ცალ თვალს ვხუჭავ და ისე ვუყურებ, რადგან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ - თამაშის საკმარისი გამოცდილება არ მაქვს, მსახიობი არ ვარ... მეც ხომ ახლა ვსწავლობ, არა? მეშინია, როცა ეკრანზე საკუთარ თავს ვხედავ. ამიტომ ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებს არც ვუყურებ.

- შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელი ვინ არის?

- შეყვარებული და მშობლები, პროფესიული თვალსაზრისით კი - გოგა ბარბაქაძე, რა თქმა უნდა. გოგა რჩევებს მაძლევს, რა როგორ ვითამაშო. მაგალითად, მეუბნება, - ეს რეპლიკა სხვაგვარად მითხარი, სხვაგვარი გამომეტყველება მიიღეო... თავი ცუდად რომ არ ვიგრძნო, ასე ლამაზად მიხსნის. გოგა ჩემი ბავშვობა იყო! სერიალის - "შუა ქალაქში" ნახვის შემდეგ ვიძინებდი ხოლმე... თან, დათო, რომლის როლსაც გოგა ასრულებდა, ჩემი საყვარელი პერსონაჟი გახლდათ. ახლა, როცა ამ ადამიანთან ერთად ვთამაშობ, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ძალიან გამიხარდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა...

ეთო ყორღანაშვილი