ირმა სოხაძის ლიტერატურული გემოვნება - გზაპრესი

ირმა სოხაძის ლიტერატურული გემოვნება

მოსწონს ავტობიოგრაფიული წიგნები. არ გამორიცხავს, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებ, რომელიც უდავოდ საინტერესოა, წიგნი თავადაც დაწეროს. მიაჩნია, რომ ადამიანი მწერლობის ნიჭმა არ უნდა მოასვენოს, უნდა დასვას და ნაწარმოები დააწერინოს. თავად წიგნს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაწერს...

- გამოგიტყდებით, დღესდღეობით ჩემს ცხოვრებაში წიგნს ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი აღარ უჭირავს, როგორიც წინათ, რადგან თითქოს თავისუფალი დროც ნაკლები მაქვს, დღეც დამოკლდა. ამიტომ სამსახურიდან დაბრუნებულს, წიგნის კითხვის თავი იშვიათად მაქვს.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ამას წინათ, ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლეს" მივუბრუნდი... "სამოსელ პირველს" 2-3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად ვკითხულობ, რადგან ეს ჩემი "ბიბლიაა" - ვგიჟდები, ისე მიყვარს. მაქვს სხვა საყვარელი წიგნებიც, რომლებსაც პერიოდულად, როცა კარგ ხასიათზე ვარ, ვკითხულობ. რა თქმა უნდა, ბავშვობაში ჩემი პრიორიტეტები მქონდა: ხომ იცით, ასეთ დროს წიგნების შეყვარებას "სამი გოჭიდან" იწყებ ადამიანი. ვხუმრობ ხოლმე - ადამიანმა "სამი მუშკეტერი" და "სამი მეგობარი" მაინც უნდა წაიკითხოს, რომ რაღაცის აზრზე მოვიდეს-მეთქი (იღიმის)... შემდეგ, როცა ახალგაზრდა, შეყვარებული ხარ, დაკარგული თაობის მწერლების (ჰემინგუეი, რემარკი...) შემოქმედებას აუცილებლად კითხულობ. ეს შეუცვლელი გამოცდილებაა. ამიტომ ის პერიოდი არანორმალურად მიყვარს! პარალელურად, ასევე, 15-16 წლისა კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას დიდი სიყვარულით ვკითხულობდი. მასზე დიდი მწერალი ბევრი არ მეგულებოდა. მაგალითად, "მთვარის მოტაცებას" რომ ვკითხულობდი, "თარაშის დღიურების" კითხვისას ბახის მელოდიებს ვუსმენდი. იცით, როგორი ძლიერი შთაბეჭდილება იყო? "თარაშის დღიურების" რადიოვერსია ცალკე არსებობდა, რომელიც შოპენის მუსიკით იყო გაფორმებული, მაგრამ ჩემთვის შოპენის მუსიკას "თარაშის დღიურებთან" არავითარი კავშირში არ ჰქონდა... ახლაც კი, როდესაც ამ დღიურებს ვიღაც კითხულობს, ბახის პრელუდიები მესმის; თუ ბახის პრელუდიები მესმის, მაშინვე "თარაშის დღიურები" მახსენდება. სმენითი და ვერბალური ასოციაციები ჩემს წარმოსახვაში ძალიან გადაიხლართა.

- მუსიკის ფონზე კითხვა გჩვევიათ?

- არა. მუსიკის თანხლებით არასდროს არაფერს ვკითხულობდი. არ ვიცი, მაშინ რატომ მჭირდებოდა, რომ 2 შთაბეჭდილებას ერთმანეთი გაეძლიერებინა, მაგრამ 15 წლისას ასეთი გამოცდილება ნამდვილად მქონდა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე შეყვარებული ხარ, ყველა სიტყვას მძაფრად აღიქვამ...

- გახსოვთ, პირველად დამოუკიდებლად რომელი წიგნი წაიკითხეთ? კითხვა როგორ შეგიყვარდათ?

- დედა ფილოლოგი მყავდა და წასაკითხ წიგნებს მირჩევდა. ლიტერატურის გაცნობა ქართველი მწერლების შემოქმედებით დავიწყეთ. აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი" ძალიან მიყვარდა. როცა მცირე ასაკის ვიყავი, ბებია მიკითხავდა, შემდეგ თავად წავიკითხე, მაგრამ 10 წლამდე წიგნის კითხვას გულს ვერ ვუდებდი - მერჩია, სხვას წაეკითხა. 10-ის რომ გავხდი, პარალელურ რეჟიმში, "ბიძია თომას ქოხი" და "უფლისწული და მათხოვარი" წავიკითხე. "ბიძია თომას ქოხი" ისეთი სევდიანი იყო, სულ ვტიროდი. ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. მივხვდი, წიგნი პარალელური სამყაროა, სადაც შეგიძლია, აქაურობას, უარყოფით ემოციებს, ნერვიულობას გავექცეთ...

როგორი უცნაურიც უნდა იყოს, "ტომ სოიერი" და "ჰეკლბერი ფინი" ისე ძლიერ არ მიყვარდა, როგორც "უფლისწული და მათხოვარი". მახსოვს, წიგნში აღწერილ სამყაროში, მათხოვრის და უფლისწულის ცხოვრებაში ყოფნა მინდოდა (იღიმის)... დედის რჩევით, "ფორსაიტების საგა" თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ახლა რომ ვფიქრობ, მისი წაკითხვა აუცილებელი სულაც არ იყო, მაგრამ ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. საკუთარი თავი წიგნში აღწერილ გარემოში გავითავისე... შემდეგ ფლობერის ნაწარმოებები მომეწონა. საერთოდ, იმ წიგნების მეორედ, მესამედ წაკითხვა მჩვევია, რომელმაც ძლიერი შთაბეჭდილება დამიტოვა...

14 წლის ვიყავი, როცა "ანა კარენინა" წავიკითხე. ამ ნაწარმოების შესახებ არაფერი ვიცოდი. დედას და ბებიას ეს წიგნი დიდად არ უყვარდათ. რა თქმა უნდა, ჩემი ასაკის ადამიანისთვის "ანა კარენინას" წაკითხვა ადრე იყო, მაგრამ ისე მომეწონა, ლამის გავგიჟდი! ანა ძალიან შემეცოდა, მის მიმართ ისეთი დიდი სიმპათიით და სიყვარულით განვიმსჭვალე, რომ ჩუმად ვტიროდი. მახსოვს, ბებია მეჩხუბა: ხომ გითხარი, არ უნდა წაგეკითხა, რა დროს შენი "ანა კარენინააო"?!. მნიშვნელოვანია ბავშვს წასაკითხად რას შეურჩევ, მაგრამ ზოგჯერ ჯობია, ცოტა ადრეც წაიკითხოს, რაც თავად აინტერესებს, ვიდრე დაუშალო და მერე შეიძლება, წიგნს ხელი აღარც მოკიდოს...

საუბრის დასაწყისში, ჰემინგუეი და რემარკი ვახსენე, თუმცა მანამდე, ჩემს ცხოვრებაში დიდი პერიოდი იყო, როცა ბალზაკის შემოქმედებამ გამიტაცა. მაშინ ძირითადად, რუსულ თარგმანებს ვკითხულობდით. ბალზაკის "ადამიანური კომედიის" სერიიდან თითქმის ყველა ნაწარმოები წავიკითხე. დიდ პროზაიკოსად მიმაჩნია...

რუსი კლასიკოსების შემოქმედება ჩემი დიდი გატაცება იყო, ტოლსტოი და დოსტოევსკი ჩემთვის 2 დიდი მწვერვალი გახლდათ. ალბათ, რუსი აპოლოგეტები ჩამქოლავენ - ტოლსტოის და დოსტოევსკის ერთად როგორ აყენებთო?!. ჩემთვის ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" და "ანა კარენინა" მართლა ცხოვრების ქვაკუთხედი, სამყარო იყო, რომელშიც თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი - წიგნის კითხვისას მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს მიმყვებოდა... მერე, როცა დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" პირველად წავიკითხე, მივხვდი, ჩემი ტვინი ნაწარმოების მთლიანად აღსაქმელად ჯერ მზად არ იყო... სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს წაკითხული. ბოლოს მივხვდი, რომ შეიძლება, 8-ჯერ წაიკითხო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაიგო. საოცარი სიღრმის ნაწარმოებში უამრავი რამეა ჩამალული...

საბჭოთა კავშირის დროს ჟურნალი "საზღვარგარეთის ლიტერატურა" გამოდიოდა. მასში ბევრი საინტერესო ავტორის ნაწარმოები წავიკითხე. იმ პერიოდში ეგზისტენციალისტების (კამიუ, სარტრი...) შემოქმედება ძალიან მოდური იყო... პირველად ლათინურ-ამერიკელი მწერლების შედევრებიც იმ ჟურნალში წავიკითხე, მაგალითად - მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი". შოკი ეს იყო, თუ იყო!.. თუ არ უნდათ, ლიტერატორები ნუ დამეთანხმებიან, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავია, რომ "მარტოობის ასი წელიწადი" საერთოდ დაიწერა, შეიქმნა და საშუალება გვაქვს, ეს გენიალური, მონუმენტური და სრულიად წარმოუდგენელი ნოვაციებით დატვირთული შედევრი წავიკითხოთ. არ დაგიმალავთ: როცა წავიკითხე, ცოტა ხანს გავგიჟდი. ყველა პერსონაჟი მიყვარდა - დადებითიც და უარყოფითიც. ეს წიგნიც 5-6-ჯერ მაქვს წაკითხული...

ასევე, დღემდე ჩემი საკულტო წიგნია "ოსტატი და მარგარიტა". უზადო ოსტატობით დაწერილი ეს წიგნი ცხოვრების აკადემიაა, როგორი შეიძლება, იყვნენ ადამიანები. თითქმის ზეპირად ვიცი. რამდენჯერმე ნაძლევიც კი მოვიგე, რადგან ნაწარმოების ბევრი ფრაგმენტი სიტყვასიტყვით ვიცი.

irma-03-1667291395.jpg

- ქართველ მწერლებზე რას გვეტყვით?

- ჩემს უსაყვარლეს წიგნებს შორის "სამოსელი პირველი" ვახსენე. იცით, ეს როდინდელი შთაბეჭდილებაა? ბატონ გურამს პირადად ვიცნობდი. მართლა ბედნიერებაა, როცა ასეთ გენიოსს იცნობ. მგონია, "სამოსელი პირველი" "ბიბლიის" დონის წიგნია. ცხოვრების სარკეა სიკეთით, გენიალურობით, სიმარტივით... 1 ფრაზით უკვე მკითხველის ფსიქიკასა და ცნობიერებაში დიდ ძვრას იწვევს. მინდა, გურამ დოჩანაშვილს მადლობა ვუთხრა იმ შთაბეჭდილებებისთვის, რასაც გვაძლევს. პირველი წიგნი რომ გამოიცა, ბატონმა გურამმა მე და რეზოს თავად გვაჩუქა წარწერით. წიგნს ერთმანეთს ხელიდან ვტაცებდით, სანამ რეზო სამსახურიდან დაბრუნდებოდა, მე ვკითხულობდი... გაგიჟებულები "ვცხოვრობდით" ხან კანუდოსში, ხან - კამორაში. იმ პერიოდში, პეკინზე, საფუნთუშეში ბატონი გურამი შეგვხვდა. ვუთხარი, - ბატონო გურამ, იცით, რომ ნაწარმოების გარდა, სხვა ვერაფერზე ვფიქრობთ-მეთქი? რეზომაც უთხრა, რომ მსგავსი სიძლიერის წიგნი არ წაუკითხავს. ბატონ გურამს შექება ისე გაუხარდა, როგორც ბავშვს. თვალზე ცრემლი მოადგა. თითქოს თავად არ იცოდა, როგორი საოცარი ნაწარმოები დაწერა. საერთოდ გენიოსებს თავმდაბლობა სჩვევიათ და ხშირად ბავშვური ბუნება ახასიათებთ...

- თქვენი შვილების ლიტერატურულ გემოვნებაზე ზეგავლენა მოახდინეთ?

- მათი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში გაცილებით ნაკლები მონაწილეობა მივიღე. უბრალოდ, სახლში ბევრი წიგნი იყო. ამასობაში, ინტერნეტის ეპოქა შემოგვეპარა, რაც საშუალებას გვაძლევს, სასურველი წიგნის ელექტრონული ვერსია მოვიძიოთ. სალომე კვირაში 1-2 სერიოზულ, სქელტანიან წიგნს კითხულობს. მას ვერ დავეწევი, გამორიცხულია (იღიმის). ვცდილობ, იმ ავტორის ნაწარმოების წაკითხვა მაინც მოვასწრო, რომლის შესახებაც მას უკვე პოდკასტი აქვს მომზადებული, რომ ჩემი შვილის ინტერესებს არ ჩამოვრჩე. ნატას რაც შეეხება, აქვე, ყურის ძირში მყავს, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ხშირად ვუზიარებთ. ჩვენ უფრო მეტი საერთო ინტერესი გვაქვს. სალომე წინ ისე გაიჭრა, ვერ გავეჯიბრებით და ამ აზრს შევეგუეთ (იღიმის). სალომეს რჩევით წავიკითხე ალეკო შუღლაძის "გადამალვა". შემდეგ მის უფრო ადრეულ ნაწარმოებებსაც გავეცანი. ძალიან პოპულარული და თვითმყოფადი მწერალი აღმოჩნდა, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, "გადამალვამდე" მისი არაფერი მქონდა წაკითხული. დიდი სიხარულია, როცა შენთვის ახალ მწერალს აღმოაჩენ, მით უმეტეს - ქართველს, რომელიც სხარტი ნათქვამის ოსტატია, თან - საოცარი იუმორი აქვს: უცებ გაგაცინებს და იქვე აგატირებს ალალად, გულწრფელად... მინდა, ნოდარ დუმბაძის შესახებ აუცილებლად აღვნიშნო: მიმაჩნია, რომ საქართველოში სათანადოდ კიდევ არაა დაფასებული. ის აბსოლუტური გენიოსი იყო, რომელიც ზოგადსაკაცობრიო, გენიალურ ნაწარმოებებს წერდა სიკეთეზე, სიყვარულზე, თანადგომაზე, თავგანწირვაზე, მეგობრისთვის თავდადებაზე და ყველა იმ ზეაღმატებულ გრძნობაზე, რისკენაც ყველა მწერალი მოწოდებული უნდა იყოს.

ეთო ყორღანაშვილი