5 წლის ელენე ხერგიანსსასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - გზაპრესი

5 წლის ელენე ხერგიანსსასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

5 წლის ელენე ცისფერთვალება, ულამაზესი გოგონაა სვანეთიდან. ხერგიანთა დიდი გვარის წარმომადგენელი, უმცროსი მიხეილ ხერგიანის შთამომავალია. ბოლო ერთი თვეა, მისი ოჯახი დახმარებას ითხოვს, რადგან ელენესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის დიდი თანხაა საჭირო, ყველა ერთად კი ამას შევძლებთ. ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი დედა, მონიკა აბრალავა გვესაუბრა.

- მესტიაში ვცხოვრობთ, სოციალურად დაუცველის სტატუსი გვაქვს. მე ვერ ვმუშაობ, რადგან 3 შვილი გვყავს: ელენე უფროსია, მართა 3 წლისაა, პატარა კი - ერთის. ჩემს მეუღლესაც არ აქვს სტაბილური სამუშაო, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, კვლევებსა და ანალიზებში იმდენი ფული გვჭირდება, ხელფასი ვერ გასწვდება ხარჯებს. რაც ელენე გაჩნდა, მას შემდეგ სულ ექიმებთან დაგვყავს. ხან რას გვეუბნებოდნენ, ხან - რას, დიაგნოზს ვერ ადგენდნენ. თურმე, მშობიარობის დროს თავი დაუზიანდა, ეს არ ვიცოდი. ერთი წლის რომ გახდა, მერე დაეწყო პრობლემები. მეუბნებოდნენ, ყიფლიბანდი დახურულია და ეს არაფერ შუაშიაო. ბოლოს თურქი ექიმები მიხვდნენ, რაც სჭირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისში იყვნენ ჩამოსულები, ჩავეწერეთ და ბავშვი ვაჩვენეთ. ელენეს დიაგნოზი გახლავთ ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვლიანება, რაც თავის ტვინს განვითარებაში უშლის ხელს და მის დაზიანებას იწვევს. ამან გამოიწვია ჯანმრთელობის დარღვევა, დაუქვეითდა მხედველობა, ყურთასმენა და ყოველივე ეს აისახა მეტყველებაზეც. ელენე ჭკვიანი და ხალისიანი გოგოა, უყვარს თანატოლებთან თამაში, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მალე იღლება. ალბათ, თვითონაც გრძნობს, რომ სხვა ბავშვების მსგავსად არ ცხოვრობს და სიმყუდროვეს არჩევს ხოლმე. ბაღში სიარულიც აღარ უნდა, არადა, ადრე ძალიან უხაროდა. გაუსაძლისი თავის ტკივილი აქვს, მთელი დღე პირღებინება სტანჯავს, შეეცვალა თავის ფორმაც. ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მსგავსი ოპერაციები საქართველოში არ კეთდება, ქირურგიული მკურნალობა თურქეთში უნდა ჩაუტარდეს.

- რას ამბობენ თურქი ექიმები, რამდენად შედეგიანი იქნება ეს ოპერაცია?

- ასპროცენტიან გარანტიას გვაძლევენ, რომ ოპერაცია იქნება შედეგიანი და საფრთხე აღარ შეექმნება არც ჩემი შვილის სიცოცხლეს და არც მის განვითარებას. მთავარია, დროულად გადაყვანა.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ან ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა არ დაგაფინანსათ გარკვეული თანხით?

- ჯანდაცვამ - 5.000 დოლარით, ადგილობრივმა - 1.500 ლარით, ეს ოპერაცია კი 40.000 დოლარი ღირს. ამიტომაც ვითხოვთ თანადგომას და მადლობელი ვართ იმ ადამიანების, ვინც განსაცდელში ელენეს და ჩვენ მხარში ამოგვიდგება.

P.S. ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი GE90BG0000000538242199

ლიბერთი ბანკი GE83LB0711177643480000

მიმღები: მონიკა აბრალავა

(მიუთითეთ ქველმოქმედებისთვის).

ნინო ჯავახიშვილი