"საკუთარ თავზე დაკვირვება ადრეული ბავშვობიდანვე დავიწყე" - გზაპრესი

"საკუთარ თავზე დაკვირვება ადრეული ბავშვობიდანვე დავიწყე"

დღესდღეობით, მანიფესტაცია - ადამიანის ფიქრისა და რწმენის ძალით მოზიდული და ახდენილი სურვილი - მთელ მსოფლიოში აქტუალურია. 22 წლის თაკო ციმინტია საკუთარ თავს "მანიფესტაციის "ქოუჩს" უწოდებს და ადამიანებს მანიფესტირებაში ეხმარება. მიიჩნევს, რომ სურვილების მატერიალიზების უნარში ზებუნებრივი არაფერია - ეს ყველას შეუძლია.

- სოციალურ ქსელში ჩემი მთლიანი კონტენტი მანიფესტაციას ეძღვნება. პირველი ვიდეოც ამ თემაზე გამოვაქვეყნე. საერთოდ, ჩემი მიზანი მანიფესტაციის საკითხის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება იყო, რადგან ეს თემა მთელ მსოფლიოში პოპულარულია, თუმცა წინათ, ქართულ სივრცეში, ამას სწორად ვერ იგებდნენ. მანიფესტაციის მიზანია, ადამიანმა საკუთარი გონების გავარჯიშებით სასურველი რეალობა მიიღოს: თუ ადამიანი საკუთარ გონებას ფლობს და იცის, როგორ მართოს, ნებისმიერი რეალობის მიღება შეუძლია მას. მინდა, ადამიანებს ვასწავლო, როგორ მართონ საკუთარი თავი და შესაბამისად - საკუთარი რეალობა... პირველსავე ვიდეოს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ამას არ ველოდი. შემდეგ მუშაობა გავაგრძელე...

- საკუთარი ფიქრებისა და სურვილების მართვა, მატერიალიზება თავად როგორ შეძელით?

- ეს უნარი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა გავარჯიშება ნამდვილად სჭირდება. საერთოდ, როგორც ფიზიკური უნარებისთვის, ასევე მენტალურისთვისაც გავარჯიშებაა საჭირო... საკუთარ თავზე დაკვირვება ადრეული ბავშვობიდანვე დავიწყე, როცა აღმოვაჩინე, რომ შეგრძნებების ვიზუალიზაცია, რეალიზება შემიძლია. ჩემი სურვილი ზოგჯერ ხდებოდა, ზოგჯერ - არა. დავინტერესდი, ამას რა იწვევდა. 19 წლიდან ინფორმაციის მოძიება დავიწყე: სხვადასხვა "ქოუჩის" ვიდეოს ვუყურებდი, წიგნებს ვკითხულობდი... ბევრი რამ ვნახე და წავიკითხე. საბოლოოდ, მანიფესტირება ვისწავლე. 2 წელია, რაც ვიცი, ეს ყველაფერი როგორ "მუშაობს". საკუთარ თავზეც ვიმუშავე და სხვა ადამიანებთანაც. ახლა უკვე შემიძლია, მანიფესტაცია ფართო მასებს ვასწავლო.

- შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ხართ?

- კი. ამ სფეროში სპეციალური კურსები არ გამივლია. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ამჟამად, მაგისტრატურაში ვსწავლობ. უშუალოდ მანიფესტაციის შესწავლაში ფსიქოლოგია ძალიან დამეხმარა.

- შეგიძლიათ, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდის შესახებ გვიამბოთ, როცა საკუთარი სურვილების მატერიალიზება შეძელით?

- იმ მანიფესტაციებზე საუბარი არ მიყვარს, რასაც თავად ვაკეთებ, თუმცა მარტივად გიპასუხებთ: მივაღწიე ფინანსურ სტაბილურობას. ისეთი ურთიერთობები შევქმენი, როგორიც მინდოდა მქონოდა. ჩემი მანიფესტაციები ნებისმიერ სფეროს ეხებოდა: კარიერას, პირად ცხოვრებას, სოციალურ ურთიერთობებს და საკუთარ თავთან ურთიერთობას, რაც ყველა ადამიანისთვის ღირებულია: საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა უნდა გქონდეს.

- საკუთარ თავთან ურთიერთობისას ქაოსური პერიოდებიც გქონიათ?

- ქაოსურ პერიოდებს ნებისმიერი გადის, მათ შორის - მეც. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში ვართ, თითქოს საკუთარ თავს არ ვეკუთვნით ან - იმ ადგილს, სადაც ვართ... შემდეგ სწორედ ეს ქაოსური პერიოდები ქმნის იმ ჰარმონიას და წესრიგს, რომელშიც ვცხოვრობთ. საერთოდ, ჰარმონია ქაოსიდან იბადება.

- მანიფესტაციის პოპულარობასთან ერთად, ხალხი ხომ არ გაზარმაცდა - მხოლოდ სურვილების იმედად ხომ არ დარჩა, რას ფიქრობთ?

- მანიფესტაციის დროს სურვილების იდენტიფიცირება ხდება - ის, რაც ნამდვილად გინდა და ნამდვილად გხდის იმად, ვინც რეალურად ხარ. შემდეგ ეს სურვილები მიზნებად უნდა იქცეს. ნებისმიერი მიზანი ადამიანის ცხოვრებაში შესაბამისი სტრატეგიით მოდის. ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულია როგორც ფიქრები, ასევე - ემოციები, რწმენა ანუ ქვეცნობიერი დამოკიდებულებები და ქმედებები, რომლებსაც ადამიანები ახორციელებენ. თუკი მანიფესტაციის მიმართულებით, ამ 4 კომპონენტის ცვლილება არ მოხდება, რა თქმა უნდა, ადამიანი საკუთარი მანიფესტაციის რეალიზებას ვერ შეძლებს.

- როგორ ფიქრობთ, მანიფესტაციის "ქოუჩებს" შორის ხალხის ნდობა თქვენ რატომ მოიპოვეთ?

- არ მინდა, ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მანიფესტაციის სხვა ქართველ "ქოუჩებს" არ ვიცნობ. უბრალოდ, ვიცი, რომ ადამიანები მსგავსი ტიპის კონტენტს ქმნიან. ალბათ, ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ ამ საკითხს მეცნიერულად ვუდგები: ჩემთვის ეს რაღაც ზებუნებრივი არ არის - ჩვეულებრივი, ადამიანური უნარია, რომელიც მეცნიერულად იხსნება. ამას ბევრი კვლევა ადასტურებს. კონკრეტულ კვლევებზე თავადაც ვმუშაობ, რითიც მანიფესტაციის რეალურობას დავადასტურებ. მანიფესტაციას მენტალურ უნარად აღვიქვამ და არა - მაგიის ნაწილად. არ ვამბობ, რომ სხვების აზრს პატივს არ ვცემ - ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ისე ახსნას, როგორც მისთვისაა მისაღები.

- თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით უარყოფით კომენტარებს იღებთ?

- კომენტარებს უმეტესად არ ვკითხულობ, თუ შეკითხვებს არ შეიცავს, თუმცა, რაც თვალში მხვდება, მხოლოდ სასიამოვნო შეფასებებია. სიმართლე გითხრათ, უარყოფითი არაფერი მახსენდება.

- ფსიქოლოგის პროფესიის გარეშე, მანიფესტაციის მიმართულებით მუშაობა შესაძლებელია?

- სხვა ადამიანის პერსპექტივით ვერ ვისაუბრებ. პირადად მე, ამ საკითხს ისე ვუყურებ, როგორც ფსიქოლოგი - ჩემთვის ასეა მისაღები და გასაგები.

- მანიფესტაციის "ქოუჩობა" თქვენთვის შემოსავლის წყაროდ პირველი ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე იქცა?

- ამ მიმართულებით მანამდეც ვმუშაობდი, ძირითადად - უცხოელებთან პირად კონსულტაციებზე, თუმცა, როცა უკვე ვიდეოები გავრცელდა, დაახლოებით 1 თვეში კლიენტები საქართველოდანაც მყავდა.

- კიდევ რას გვეტყვით თქვენ შესახებ?

- ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მშობლები და და-ძმა მყავს. მათ ჩემი საქმისგან განსხვავებული პროფესიები აქვთ. ჩემი საქმიანობა აინტერესებთ, მოსწონთ და მხარს მიჭერენ.

- რითი ერთობით?

- ბოლო პერიოდში, არ ვიცი, რითი ვერთობი, რადგან უმეტესად საქმით ვარ დაკავებული. საინტერესო კითხვაა, რომელმაც რაღაცნაირად, გამომაფხიზლა, რათა დასვენებას მეტი დრო დავუთმო (იცინის). დასვენების პერიოდი ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს. მუდმივად საქმეში ჩართული არ უნდა იყოს, რადგან ეს მასზე უარყოფითად მოქმედებს. ამ ეტაპზე, ვერ ვიტყვი - საქმე ჩემზე ცუდად მოქმედებს-მეთქი: მე და ჩემმა გუნდმა მანიფესტაციის პირველი სივრცე შევქმენით, რომელიც მეცნიერული მიმართულების იქნება. პროექტების განხორციელება დავგეგმეთ, რომლებსაც საზოგადოებას მალე გავუზიარებთ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია - ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამითაა მოცული... საერთოდ, ინტროვერტი ვარ. საკუთარ თავთან ყოფნა, მუსიკის მოსმენა მიყვარს. ამჟამად, ჩემთვის დასვენების ერთადერთი საშუალება სწორედ მუსიკაა, ოღონდ - მხოლოდ ტეილორ სვიფტის სიმღერებს ვუსმენ, ეს რელაქსაციაში მეხმარება.

- მრავალფეროვანი სამეგობრო გყავთ?

- ჩემი მეგობრები ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვისაც დიდი ხანია, ვიცნობ, რადგან იოლად ვერ ვპოულობ ისეთებს, ვისთანაც შეიძლება, ღრმა ურთიერთობები მქონდეს. როცა ვინმეს გავიცნობ, უკვე ვხვდები, ერთმანეთთან რამდენად ახლო ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს. ამჟამად ჩემი ახლო მეგობრები არიან: თანაკლასელები, სტუდენტობისას და კიდევ რამდენიმე უცნაურ სიტუაციაში შეძენილი მეგობარი.

- როგორც ვიცი, ბავშვობაში, ექიმების დაუდევრობის გამო, თვალებთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნათ...

- დაბადებისას მცირე პრობლემა იყო, რომელიც სწრაფად, ავტომატურად უნდა გამოსწორებულიყო, მაგრამ სწორი რეაგირება არ მოხდა, რის გამოც რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა. ამას ჩემს მხედველობაზე გავლენა არ მოუხდენია, პრობლემა მხოლოდ ვიზუალური კუთხით იყო...

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ექიმებისთვის არ გიჩივლიათ. რატომ?

- მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მშობლები კი იმაზე იყვნენ ორიენტირებულები, რომ ჩემი მდგომარეობა გამოესწორებინათ. ამისთვის მართლა განსაკუთრებულად იბრძოლეს და საუკეთესო შედეგი მიიღეს, რაც შეეძლოთ, მიეღოთ. ამიტომ, მშობლების მადლიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ახლა ექიმებზე შურისძიება საჭირო არაა, რადგან ეს მეც არაფერს მომიტანს და არც იმ ადამიანებისთვის მინდა ცუდი... სამწუხაროა, რაც იყო, მაგრამ მაინც შევძელი, ვყოფილიყავი ის, ვინც მინდოდა, ვყოფილიყავი. რაკი ახლა ის ვარ, ვინც მინდა ვიყო, სხვა ადამიანების ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედება საჭირო არ არის. ჩემი მიზანი ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა.

img-0022-1667807746.jpeg

- თუმცა ხომ შეიძლება, იმ ადამიანებმა სხვების ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედონ? შესაძლოა, ყველა თქვენსავით ძლიერი ვერ აღმოჩნდეს ან ექიმებმა დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა...

- არა. იმ ექიმებს ისეთი გავლენა აღარ აქვთ, როგორიც მაშინ ჰქონდათ. პასუხისმგებელი ვარ, რომ იმავე შეცდომას ვეღარ დაუშვებენ.

- ჩვენს მკითხველებს მარტივი რჩევა მიეცით, როგორ აქციონ მიზნები რეალობად?

- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობაა. ეს იოლი და სრულყოფილი არასდროსაა, რადგან საერთოდ, საკუთარი თავის სრულყოფილად შეცნობა შეუძლებელია, მაგრამ სიღრმისეულად იმის გააზრება, თუ ვინ ხარ, რა შეგიძლია და რა გინდა, მიხვდები - რა სტრატეგიით მიაღწიო მიზანს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსავალი თვითშეცნობაა.

- ცხოვრების ამ ეტაპზე თავად ვინ ხართ?

- ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.

ეთო ყორღანაშვილი