გურო დავითლიძე: "მიყვარს, ზოგისთვის გიჟი რომ ვარ, ზოგისთვის კიდე გულიანად ჩასახუტებელი" - გზაპრესი

გურო დავითლიძე: "მიყვარს, ზოგისთვის გიჟი რომ ვარ, ზოგისთვის კიდე გულიანად ჩასახუტებელი"

"...უბრალოდ, მე რომ მარტო არ მეხეტიალა, მე რომ მეგობრებს დავლოდებოდი, მე რომ ვიღაცის იმედი მქონოდა, ახლა არაფერი მექნებოდა ნანახი; აბსოლუტურად არაფერი!" - ამბობს პროფესიით ფილოლოგი გურო დავითლიძე, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა, მყინვარწვერიც დალაშქრა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა...

- რამდენიმე დღის წინ დავდე პოსტი საქართველოში მარტო მოგზაურობასთან დაკავშირებით... ბევრმა დაწერა, რომ მარტო მოგზაურობა არ არის უსაფრთხო და რისკებს შეიცავს. რა თქმა უნდა, ვეთანხმები. თუმცა, როცა დამწყები მოგზაური ხარ, არ არის აუცილებელი პირველად იქ გახვიდე, სადაც რისკი მაღალია. მაგალითად: უძირო ტბა, ტობა, რომელიმე მყინვარი და ა.შ. აირჩიეთ რომელიმე მარტივი ადგილი და წადით. გრძნობა ერთია მაინც - მარტო ხეტიალის ბედნიერება.

საქართველო იმიტომ არის კომფორტული ქვეყანა, რომ 3-4 საათში, თითქმის ყველა კუთხეში მიაღწევ. თუ ავტოსტოპი არ გხიბლავს, უამრავი საშუალებაა, რომ მაგალითად, თუშეთში ახვიდე, დარჩე სასტუმროში, ისეირნო სხვადასხვა სოფელში და ეს ყველაფერი გააკეთო სრულიად მარტომ. თან, არაა ეგეთი საშიშიც, როგორიც ბევრს ჰგონია, მენდეთ.

ათზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და უმეტესობაში - მარტო. სამშობლოში დაგროვილი გამოცდილება ყველგან ძალიან გამომადგა; არა მარტო მოგზაურობაში, ცხოვრებაშიც! არაჩვეულებრივია, როცა საკუთარი თავის იმედი გაქვს. უამრავ რამეს სწავლობ, უფრო მობილიზებული ხარ და მეტად ფიქრობ.

მოკლედ, თუ არავინ არსად მოგყვებათ და სულ იმას განიცდით, რასაც მე, რადგან არავის უყვარს მოგზაურობა ისე, როგორც თქვენ, მარტოც შეგიძლიათ ბედნიერი დღეები აჩუქოთ საკუთარ თავს და ამავდროულად, გაიცნოთ უამრავი ადამიანი... იყავით ფრთხილად, არ იჩქაროთ, იმოქმედეთ დაკვირვებით და ყველგან, მართლა ყველგან მიხვალთ, სადაც მოგინდებათ.

მე რომ მთაში სიარული არ დამეწყო, მოვკვდებოდი. მთამ ცხოვრებისკენ შემომატრიალა, ხალისი დამიბრუნა და გამომაცოცხლა. რაღაცნაირი ამბავია, დაუწერელი, ბოლომდე ვერასდროს ჩავტევ ამ ყველაფერს ნაწერებში.

- განსაცდელიც ხომ ყოფილა?

- ერთხელ უღელტეხილზე ძმაკაცი დაბლა დაეცა. "მუხლებს ვეღარ ვგრძნობ", - ამოიგმინა წაშლილი სახით. წლებია, ასე თან დამყვება და არ ვიცი, რა დაემართა, ასე მოულოდნელად დაემართა ეს ამბავი. მივედი და ვუთხარი: გთხოვ, წამოდექი-მეთქი, ხელი გავუწოდე და წამოდგა, უღელტეხილი გადავიარეთ.

მაღალ აღმართს რომ შეუდგები და წყალი აღარ გყოფნის, ეგ არის ცხოვრება; მუხლები კანკალს რომ დაგიწყებს, ეგ არის ცხოვრება; სუნთქვა რომ გიჭირს, ეგ არის ცხოვრება, მაგრამ ბოლოს იცი, რა ხდება?! მწვერვალზე ხარ, ხელებგაშლილი დგახარ და გაცხელებულ სახეზე ცივ ნიავს გრძნობ. არ გაქვს გაჩერების უფლება; არასდროს არ უნდა გაჩერდე. ცხოვრება რთული ლაშქრობაა, ადამიანი მაღალი მწვერვალის დასაპყრობად ხარ გაჩენილი, მუდმივი მოძრაობისთვის და ეს უნდა გაითავისო; არ უნდა გაჩერდე იმის გამო, რომ მოგწყურდა, მუხლები აგიკანკალდა და დაღლილობისაგან ჩაიკეცე.

აი, მთაში სიარული რომ არ დამეწყო, ამას ვერ მივხვდებოდი, ვერ გავიაზრებდი. ამას მაშინ მივხვდი, მწვერვალზე რომ ვიდექი და განვლილ გზას გავყურებდი, წვრილ ზოლად დატოვებულ ბილიკებს. ცხოვრება ერთხელ მაინც დაგანარცხებს და ისე აგატირებს, როგორც პატარა ბავშვს. სწორედ იმ დანარცხების შემდეგ დაიბადება შენში ადამიანი - წარმატებული, ბედნიერი. ხანდახან საშინელ მდგომარეობაში უნდა ჩავარდე, ფიქრი რომ დაიწყო... და თუ ახლა დაცემული ხარ და თუ ახლა ისე ხარ, როგორც არ გინდა, რომ იყო, წამოდექი, გთხოვ!

- ყველაზე სევდიანი რა იყო გზად?

- დაცლილი სოფლები სევდიანია. არდოტში რომ მივედით, ერთი სახლის ეზოში პატარა ბავშვი დარბოდა. იქ მხოლოდ ის იყო. რომ ვკითხე, დედ-მამა სად არიან-მეთქი? მიპასუხა: მამა არ მყავს, დედა კი აი, იქაა, ტელეფონზე უნდა დარეკოსო და გაგვახედა მაღალი მთისკენ, სადაც წერტილად ჩანდა დედამისი. ჩავეხუტეთ, ტკბილეული მივეცით და წამოვედით. გზაზე კიდევ გვხვდებოდა ნასახლარები...

- თქვენს სხვა გატაცებებზეც გვიამბეთ...

- ფოტოების გადაღება მიყვარს. შეუძლებელია ამდენი ადგილის ნახვის შესაძლებლობა გქონდეს და სურათი არ გადაიღო უბრალოდ, სამოყვარულო დონეზე... არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ დღე მუსიკის გარეშე მართლა ვერ წამომიდგენია. უბრალოდ, გამორჩეული ჟანრი არ მაქვს. შეიძლება ერთ დღეს კლასიკას ვუსმენდე მთელი დღე, ხვალ კი - როკს. ამასთან, ძალიან ხშირად ვუსმენ ქართულ სიმღერებს. მოკლედ, ხასიათს გააჩნია და იმასაც, სად ვარ.

ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, შემდეგ ტრავმის გამო მომიწია გზიდან გადახვევამ. ეს გზა კი ლიტერატურისკენ მიდის. მთავარია, საკუთარი თავი ბოლომდე არ დავკარგე და აუხდენელ ოცნებაზე ფიქრის ნაცვლად, ყველაზე მნიშვნელოვანი, მომავლის რწმენა შევინარჩუნე.

ერთხელ ჩემს პირად გვერდზე ასეთი რამ დავწერე და თქვენც გაგიზიარებთ: "ბიჭო, იცი, რა მიყვარს?! აი, დღეს რო ჭავჭავაძეს ავუყვები, ჯინსებითა და კედებით, ჯიბეებში ხელები რომ მაქვს ჩაწყობილი და საყვარელ მუსიკას რომ ვუსმენ, სულ რომ არ მადარდებს, ეგზისტენციალური ტვინის ბურღვები და ამდენი შიზოფრენიკი. ხვალ კიდე, დიდი ბათინკებით და ჩემზე ორჯერ დიდი ზურგჩანთით რომ ვდგავარ თბილისის გასასვლელში და მაღალი კორპუსებისგან რომ ვცდილობ გაქცევას.

ეს გაპარტახებული, გაუბედურებული ქალაქიც რომ მიყვარს და გაბალახებული, კაცს მოწყურებული ბილიკებიც. კიდევ ის მიყვარს, ზოგისთვის გიჟი რომ ვარ, ზოგისთვის კიდე გულიანად ჩასახუტებელი", - აი, ასე აღვწერდი ჩემს ცხოვრებას... ოდესმე რამეს მაინც დავწერ. სიმართლე გითხრათ, ახლაც მუშაობის პროცესში ვარ. უბრალოდ, არ მინდა გამხელა. რაღაც იქნება და იმედი მაქვს, ეს რაღაც ბევრი ადამიანის გულში დარჩება.

მთავარი მიზეზი ალბათ, მაინც ისაა, რომ საკუთარი თავის პოვნა მინდოდა. ამის ყველაზე კარგი საშუალება კი სადმე ან სადღაც წასვლაა. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა მოიკიდებ ზურგჩანთას და მიდიხარ. ხანდახან მართლა არ ვიცოდი, სად მივდიოდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ წასვლა მინდოდა. ჰოდა, ასეთი წასვლებით მოვიარე საქართველო და ახლა ნელ-ნელა საზღვრებსაც გავცდი.

ბილიკების გაბალახებაზე, ჩემამდე ბევრმა დაწერა და თქვა, თუმცა ამას მხოლოდ ვკითხულობდი, ეს იყო და ეს, მაგრამ ერთ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ მზიან დღეს მოვხვდი მთიულეთში და გოდერძისეული სევდა მომაწვა. ასე იყო ხევსურეთში, ფშავში... ყველა კუთხეში ინგრევა სახლები უცხოვრებლობისაგან. არათუ აღარ ცხოვრობენ, არამედ აღარც არავინ ჩადის საკუთარ სახლში. როცა მოგზაურობ და ასეთ სახლებს უყურებ, არის მომენტები რომ შეშდები; წარმოიდგენ, როგორ დარბოდნენ აქ ბავშვები, როგორ დადიოდნენ ნელი ნაბიჯებით ბებოები, პაპები და გული გწყდება. რაღაცნაირი ემოცია მოდის შენამდე. გიხარია, რომ არსებობს ადგილი, სადაც შენიანები, ქართველები ცხოვრობდნენ და მერე გული გწყდება, რომ ეს ყველაფერი ცარიელია.

საინტერესო შეხვედრა მართლაც ბევრი მქონია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი მოგზაურობის 90 პროცენტი ავტოსტოპისგან შედგება. ადამიანების ისტორიების, ამბების მოსმენა კი ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელია. მე მყავს უფროსი მეგობარი, პროფესორი ბატონი ექვთიმე, რომელთან ერთადაც ბევრჯერ ვყოფილვარ ლაშქრობაში. მას ჰყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებთან ერთადაც მრავალი ათწლეულია მთაში დადის. ყველაზე საინტერესო და ლამაზი დღეები სწორედ ჩემს უფროს მეგობრებთან ერთად მაქვს გატარებული, რომლებიც ჰყვებიან შესანიშნავ ამბებს საქართველოს მთებში მოგზაურობაზე.

312203959-1263645184471957-3173672158336441047-n-copy-1667891350.jpg

ყველაზე მეტად მაინც ის მაწუხებს, რომ მთლიანები არ ვართ, ნაღდები და ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არც ვცდილობთ რამის შეცვლას ან თუ ვიცვლებით, საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ.

თუ ვინმე მკითხავს, რატომ ხარ ბედნიერიო? ერთ-ერთ მიზეზად სწორედ იმას ვიტყვი, რომ შესაძლებლობა მაქვს იმდენი ამბავი გავიგო, რამდენიც მინდა. მწერლებთან ერთად მოგზაურობა კიდევ სხვა ამბავია. სიმართლე გითხრათ რეალობა ცოტა მოსაწყენი და დამღლელია, ამ რეალობიდან გაღწევას კი ლიტერატურით ვახერხებ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანებისა და ცხოვრების შეცნობა საკუთარი მოძრაობითა და თვალებითაა შესაძლებელი. იმ ამბებითა და მოვლენებით, რომელიც გადაგხდება. მე მართლა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გავერთიანდებით, როგორც ტერიტორიულად, ისე სულიერად. ამის მჯერა!

ვისარგებლებ შემთხვევით და მკითხველს მივმართავ: იხეტიალე, მეგობარო, იხეტიალე!

დატოვე ცოტა ხნით კომფორტი, გამოწკეპილი სხეული და იჯლაგუნე ოდნავ დიდი ზომის ბათინკებით ტყე-ღრე. მიეგდე ცეცხლის პირas სადმე გადაკარგულში, შეუშვირე სახე კვამლს და ნისლს, წვიმას და სეტყვას, იბორიალე მთა-ბარში შენზე ორჯერ დიდი ზურგჩანთით და მიაშტერდი ამომავალ მზეს გამთენიისას. გამობობღდი კარვიდან შემცივნული და გაიშალე მხრებში, ჩამოიფერთხე ღამის სიზმრები და დალიე ახლად მოდუღებული ყავა სადღაც, ღრუბლებთან ახლოს.

არაფერია მიჩვეულ კომფორტზე საშინელი და საზარელი. არაფერია გზის გარეშე გატარებული დღეები და წლები. სუნთქვა რომ გიჭირს და მაგრად ამოისუნთქავ, ეგაა გზა. არ აქვს აზრი, შორს წახვალ თუ ახლოს, სამი ათასიდან დაიყვირებ რომ სიცოცხლე მაგარია თუ ორი ათასიდან... უბრალოდ წადი და იარე! ეგაა არსი ამ ყველაფრის, ვფიცავ!

მანანა გაბრიჭიძე