ზოდიაქოების მიხედვით დამზადებული აქსესუარები ბათუმიდან - გზაპრესი

ზოდიაქოების მიხედვით დამზადებული აქსესუარები ბათუმიდან

მზიკო ლომიძე სამართალმცოდნეა. სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც თავის პირველადი პროფესიით, ისე მარკეტინგისა და პიარისა სპეციალისტს და ასევე გრაფიკულ დიზაინერს. აქსესუარების დამზადება 5 წლის წინ დაიწყო. ბათუმსა და არა მხოლოდ ზღვისპირა ქალაქში, მისი შექმნილი ნივთები დიდი პოპულარობით სარგებლობს. "მომავალში, თუ საშუალება მომეცემა, ისეთი მაღაზია მინდა მქონდეს, სადაც დიდი არჩევანი იქნება, როგორც ტანისამოსის თვალსაზრისით, ისე ჩანთებისა და სამკაულის კუთხითაც", - ამბობს ის.

- სამართლის სფეროს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ პროფესიას გავყვებოდი. სტუდენტობის წლები, ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც ისე გავატარე, მაქსიმალურად აქტიური ვიყავი ყველა პროგრამაში. პარალელურად ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება დავიწყე. ნელ-ნელა უფრო მეტად დამაინტერესა და ამ ეტაპზე მთლიანად ამ საქმეზე ვარ გადართული. თავდაპირველად აქსესუარებს ნატურალური ქვებით ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებდი. ზოდიაქოს მიხედვით დამზადებული ნივთები დღესაც აქტუალურია, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ. ბათუმში, მე-5 გიმნაზიაში სწავლისას დიზაინერის კურსებს გავდიოდი, ყოველთვის მომწონდა და ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელსაქმე. მოდის ჩვენებებიც გვქონდა, რომელშიც ვმონაწილეობდი. ჭრა-კერვა მიყვარდა. მამაჩემმა ბავშვობაში საკერავი მანქანა მაჩუქა და რაღაცებს ვკერავდი. როცა სამაჯურების დამზადება დავიწყე და ხალხი დაინტერესდა, გადავწყვიტე, ონლაინმაღაზია გამეხსნა. თავიდან მხოლოდ ზოდიაქოს სამაჯურებს ვაკეთებდი. მომხმარებელს კონსულტაციით, ინდივიდუალურად ვურჩევდი მათი ზოდიაქოს მიხედვით აწყობილ აქსესუარებს. ნელ-ნელა მოთხოვნილება გაჩნდა ყელსაბამებზე, საყურეებსა და ბეჭდებზე... არის როგორც საბავშვო ხაზი, ისე ქალისა და მამაკაცის. ახლახან სურნელოვანი სანთლებიც დავამატე, რომელიც მცირე დროში გახდა პოპულარული. სანთლებს მეგობართან ერთად ვაწარმოებ. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და არომატის სანთლებს უმეტესწილად დეკორატიული თვალსაზრისით იყენებენ, რადგან ყველას ენანება მისი ანთება (იღიმის). სხვა შემთხვევაში, აქსესუარებზე მხოლოდ მე ვმუშაობ. როცა მრავლობით რიცხვში ვსაუბრობ, მე და ჩემს ბრენდს ვგულისხმობ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ (იღიმის).

- დღესდღეობით ბევრი ადამიანი ამზადებს აქსესუარებსა და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს. გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება? როგორ ახერხებთ ყურადღების ეპიცენტრში დარჩენას?

- ვინაიდან აქსესუარების დამზადება დიდი ხნის წინ დავიწყე, მაშინ ამდენი ხელნაკეთი ნივთი არ იყო და არც მომხმარებელი ფლობდა დიდ ინფორმაციას, თუ რომელი ქვა უნდა ატაროს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მატარებელმა. როცა კითხვებს სვამდნენ, დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით. არავის ვატყუებდით, თავი ასე დავიმკვიდრეთ და ნდობაც მარტივად მოვიპოვეთ. კოლექციას ყოველკვირა რამდენჯერმე ვაახლებთ და სულ ვცდილობ, ახალ-ახალი ნივთი შევქმნა.

- თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და შესაბამისი ქვა რომელია?

- ჩემი ზოდიაქოა კურო და ამ ნიშნის შესაბამისი ქვებიდან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ვარდისფერი კვარცია. ის სიყვარულის, სინაზის, ქალურობის, ბედნიერებისა და ჰარმონიის თვისებებს ატარებს, ვიზუალურადაც ძალიან მომწონს. ზოგადად, თითოეულ ზოდიაქოს მინიმუმ 8 ქვა მაინც "აქვს", შესაბამისად, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.

ანა კალანდაძე