ხატვა, როგორც თვითშეცნობის ფსიქოთერაპია - გზაპრესი

ხატვა, როგორც თვითშეცნობის ფსიქოთერაპია

ის ღირსების ორდენოსანი, ფოლკლორის ეროვნული პრემიისა და ფონდი "ქართული გალობის" ლაურეატია, თელავის საპატიო მოქალაქე, 2001 წლიდან კი თელავის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი. ახალგაზრდებს ძველ, მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა და აყვარებდა, ხელმძღვანელობდა ალავერდის ტაძრის მგალობელთა ანსამბლს. მარიამის პაპა, მიხეილ სიმაშვილიც ლოტბარი გახლდათ. მისი საქმიანობა შვილმა, გიორგი სიმაშვილმა განაგრძო და დღესაც, ძირითადი პროფესიის პარალელურად, ახალგაზრდებს თავის გამოცდილებას აქტიურად უზიარებს.

ხელოვნების განსაკუთრებული სიყვარული ალბათ სწორედ ოჯახიდან დაჰყვა მარიამს - მომავალი პედიატრი ხატვით არის გატაცებული.

მარიამ სიმაშვილი:

- პედიატრიის რეზიდენტი ვარ. იდეა, რომ შემეძლო სხვისი დახმარება, ბავშვობიდან მხიბლავდა. ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ. ეს ის პროფესიაა, რომელიც ძალიან უნდა გიყვარდეს. საერთოდ, მნიშვნელოვანია, რომ რასაც აკეთებ, ის სიყვარულით აკეთო. პედიატრიას ცალკე საგნად გავდიოდით გივი ჟვანიას სახელობის კლინიკაში და როდესაც ვუყურე, როგორ უკეთებდნენ პატარებს ნემსს, ვთქვი, არასდროს გავხდები პედიატრი-მეთქი, მაგრამ თანდათან ეჩვევი და აცნობიერებ, რომ შეგიძლია ყველაზე საოცარ და თბილ ადამიანებს - ბავშვებს დაეხმარო.

312217123-3584898831731936-1160317184344632062-n-1667892009.jpg

რაც შეეხება ხელოვნებისადმი ინტერესს, ეს ალბათ ოჯახიდან მომდევს. ვისაც ფოლკლორი უყვარდა, ყველა იცნობდა და ყველას ახსოვს ანდრო პაპა ართანადან. ასევე მისი ძმაც, მიხეილ სიმაშვილი. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა თავისი სიტყვის თქმა ქართულ ფოლკლორში, რადგან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. იმდენი კარგი მსმენია მიშა პაპას შესახებ, რომ გული ყოველთვის სიამაყით მევსება. მეც მიყვარდა ხალხური სიმღერები, ვცეკვავდი კიდეც, მაგრამ ხატვა ის სამყარო იყო, რომელიც ყოველდღიურობას მავიწყებდა. ხატვის დროს სულ სხვა სამყაროში ხარ, ემოციებისგან იცლები, შინაგან "მესთან" უფრო მეტი კავშირი გაქვს. სამედიცინოზე რომ ჩავაბარე, დრო აღარ მრჩებოდა სახატავად, შემდეგ - რეზიდენტურა. ამასობაში პანდემიაც დაგვატყდა თავს და, როგორც ბევრმა სხვამ, ამ პერიოდში მეც მოვიცალე და დავფიქრდი, რა იყო ჩემი მისწრაფება. ამ პერიოდში გავიცანი ირშად ჰუსეინი, რომელიც დუბაიში ცხოვრობს და საქმიანობს. ისიც დაინტერესებული იყო ხელოვნებით, ჰქონდა გალერეა და ეძებდა სანდო პარტნიორს. 2021 წლის ნოემბერში დუბაიში გვქონდა პირველი გამოფენა, რომელშიც 50 სხვადასხვა ეროვნების მხატვარი მონაწილეობდა, აქედან 7 ქართველი იყო და მათ შორის - მეც. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 100 მხატვრის 100 ნამუშევარი.

2022 წელს ჩატარდა უფრო მასშტაბური ღონისძიება დუბაიში, სხვადასხვა ქვეყნიდან 4000-მდე ნამუშევარი გამოიფინა, მათ შორის 17 ქართველი მხატვრის ნამუშევრები იყო. პავილიონში ჩვენი სივრცის მიმართ დიდი ინტერესი შეიმჩნეოდა.

გარდა ამისა, ივლისში აბრეშუმის გალერეაშიც ჩავატარეთ გამოფენა, რომელზეც ბრიტანეთიდან და დუბაიდან სტუმრები იყვნენ ჩამოსული. ვატარებთ ონლაინკონკურსებსაც ქართველი მხატვრებისთვის, გადავცემთ საერთაშორისო სერტიფიკატებს. უნდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ ყველაფერ ქართულზე.

312268739-1294198944747080-8947876534986582224-n-1667892023.jpg

- როგორც ვიცი, ახალ პროექტზე მუშაობთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

- შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის პროექტზე ვმუშაობთ. იანვრიდან 30 ქვეყანაში გვექნება გამოფენები, თავდაპირველად კი - საქართველოში, შემდეგ - ინდოეთში, მარტში - ისევ დუბაიში, მერე იაპონიაში და ასე, ეტაპობრივად. მონაწილეებიდან ბევრი უკვე ნამყოფია და მოხიბლულია აქაურობით, ზოგიც პირველად ჩამოდის.

- თქვენი პარტნიორის შესახებაც გვითხარით რამე...

- ბიზნესმენია, თუმცა მასაც ძალიან უყვარს ხელოვნება. საქართველოში ადრეც იყო ნამყოფი, რადგან ტურისტული კომპანია აქვს და შესაბამისად, ბევრი რამ იცოდა საქართველოს შესახებ. წარმოშობით ინდოეთიდანაა, მისი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს.

312636983-1104054780315179-5398828277929726061-n-1667891991.jpg

- რა სტილის ნამუშევრები გაქვთ და რა გამოარჩევს თქვენს ნახატებს?

- თვითნასწავლი მხატვარი ვარ, არასდროს მივლია ხატვის წრეზე. ამავე დროს, ვარ სინესთეტი მხატვარი. სინესთეზია ეს არის ერთდროული შეგრძნება, ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძნების პარალელურად, სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც ჩნდება, მაგალითად, ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა... როდესაც სიტყვები, მუსიკა, ბგერა მესმის, პარალელურად ვხედავ ფერს. იმდენად უცნაური და ისეთი ფერი წარმომიდგება, რომ შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე. აქედან გამომდინარე, ხატვის დროს ძალიან მეხმარება მუსიკის მოსმენა. ხატვა - ეს ერთგვარი თვითშემეცნების ფსიქოთერაპიაცაა ჩემთვის.

რაც ყველაზე მთავარია, მაქვს უდიდესი მადლიერების გრძნობა მშობლებისა და დის მიმართ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და უანგარო სიყვარულს მიზიარებენ. ამიტომ მათ წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს. მინდა, მეტს მივაღწიო და უფრო მეტი ადამიანის დახმარება შევძლო როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე ხელოვნების საშუალებით.

ნინო ჯავახიშვილი