"მე ვარ ხულოელი და მაშასადამე ვარ ფერადი" - გზაპრესი

"მე ვარ ხულოელი და მაშასადამე ვარ ფერადი"

"ჩემს შვილებს არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს... იმ დღეს გავიხედე და, კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით, რაღაც საშინელი, ბეშუმური ცისარტყელასავით კაბა? კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი-მეთქი..." - ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, მსახიობ თამარ მაყაშვილის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ნათქვამის გამო თავად მსახიობმა ბოდიში მოიხადა, თუმცა პატიება ბევრმა ვერ შეძლო.

ლევან აბულაძე, ხულოს დრამატული თეატრის მსახიობი:

- თამარ მაყაშვილის ეს სიტყვები მოვისმინე და რა თქმა უნდა, მეწყინა. ადამიანებზე, მით უმეტეს, ბავშვებზე ასე საუბარი ლამაზი არ არის.

- თქვენ მის ნათქვამში რა დაინახეთ?

- სნობური დამოკიდებულება და გემოვნებაზე ბულინგი, აშკარა იყო. არ არის მოსაწონი საქციელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოდიში მოიხადა, ასეთი დიდი აჟიოტაჟის ატეხა საჭირო აღარ იყო. ადამიანმა ახსნა, პატიება ითხოვა, თქვა, რომ აჭარლები უყვარს, მაგრამ ახლა საზოგადოება აღარ ჩერდება და ესეც მეორე უკიდურესობაა, რაც არასწორად მიმაჩნია. თამარ მაყაშვილმა უხარისხოდ იხუმრა.

- თქვენ კოლეგები ბრძანდებით, ქალბატონ თამარს იცნობთ?

- კოლეგები ვართ, მაგრამ მას არ ვიცნობ, ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ.

- თქვენ გარშემო, ხულოელები ამ ფაქტზე რას ამბობდნენ?

- ძალიან გაბრაზებულნი არიან და მათი ბრაზი ობიექტურია.

- ჭრელი კაბები, ფერადოვნება როგორ იქცა ხულოს სიმბოლოდ?

- აჭარელი ხალხი მრავალფეროვნები ვართ, მხიარული ფერები გვიყვარს. ისტორიულად რომ განვიხილოთ, ცოტათი ისლამის გავლენაც იგრძნობა.

- ზემო აჭარაში სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობა ცხოვრობს, გარკვეულწილად გავლენას ესეც ახდენს, არა?

- რა თქმა უნდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ადგილი?

- ხულოში დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. აქაურობა ძალიან მიყვარს, ძვირფასია ჩემთვის. აქ კარგი ხალხი ცხოვრობს.

- თქვენთან ცისარტყელაც მართლა განსხვავებულია?

- ცისარტყელა ყველგან ერთნაირია, მაგრამ ხულოში მაინც განსხვავებული (იღიმის).

- თქვენი თეატრის შესახებ რას გვეტყვით?

- ჩვენი თეატრი 86 წლის არის. ევროპის მასშტაბით, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე თეატრია. შემოქმედებითი ცხოვრება სამწუხაროდ, დატვირთული და აქტიური ვერ არის, მაგრამ უახლოეს მომავალში გავაქტიურდებით. ძალიან კარგი მაყურებელი გვყავს, ხულოში ინტელექტუალური ხალხი ცხოვრობს და ათეული წლების წინ, თეატრის საჭიროებაც ამან გამოიწვია.

shainize-1667892396.jpg

"ჩემი ჭრელი კაბები"...

"ნენი, გახსოვს ბეშუმში რომ დავდიოდით?/იქვე ოდებს რომ ვუნთებდით ბუხრებს,/ ცისარტყელებს რომ დავდევდით ბაღნები და/ დღეში ასჯერ ვიტყავებდით მუხლებს.../ ისიც გახსოვს - კაბები რომ დამიკემსე,/ ათასფერად ჭრელაჭრულა ნაჭრებით,/ ის ჭალები, სილაღე და ბავშვობა,/ თან დამყვება, როგორც სულის ნაჭდევი.../ გახსოვს, ნენი, სტუმარი რომ მოვისტუმრეთ,/ვერ გუობდა ბორანოს და კაიმაღს./ მივიღეთ და ოდის კარიც მოვიხურეთ,/ ვერადა ვერ შეგვიგუა - ვაი, მას!../ დედაქალაქს გამოექცა ხვითოს გულზე, მოიჩრდილა ბეშუმური ნაძვნარი,/ ვხედავ - ხელებს ირონიით იცემს გულზე,/ მეწყინა და სიტყვა ვეღარ დავძარი.../ ნენი, შენ ხომ მასწავლიდი ასე/ სხვას პატივით მოვეპყროთო უნდა,/ სულგრძელობა ვიქონიოთ მაშინაც,/ გული ძლიერ რომ გვატკინონ, თუნდაც!/ ჰოდა, ნენი, იმ სიჭრელეს ვფიცავ,/ შენს დაკემსილ ჭრელაჭრულა კაბებს,/ რომ ხულოში არ ავყვებით არვინ,/ უვიცობით ნახარხალებ ამბებს!.." - ამ ლექსის ავტორი პოეტი ნანა, ნანო შაინიძე გახლავთ. ეს საკუთარი კუთხის სიყვარულით გაჯერებული, გარითმული პროტესტია:

- იმ დღეს ტაო-კლარჯეთში, ისტორიული საქართველოს მოსანახულებლად ვიმყოფებოდი. იქიდან რომ დავბრუნდი, გვიანი იყო, მეგობრებმა ჩათში ლინკი ჩააგდეს. მოვისმინე თამარ მაყაშვილის სიტყვები და ბუნებრივია, არ მესიამოვნა, გული მეტკინა. მინდა ვთქვა, რომ ეს გულის ტკივილი აჭარლებს მთელი ცხოვრება სახადივით გვდევს.

- რას გულისხმობთ?

- თურქეთის 300-წლიანმა ბატონობამ თითქოს (სხვისი გადმოსახედიდან) დაღი დაგვასვა. ამ შემთხვევაში, ჩემს ოჯახზეც ვლაპარაკობ, დედაჩემმა 8 შვილი გაუზარდა საქართველოს და ჩვენ ჩვენს საკეთებელს ვაკეთებთ. ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ვცხოვრობ. ამ ქუჩაზე თამარი და მისი შვილები არაერთხელ შემხვედრიან. აჭარლებს თბილი მისალმება, წარმატების სურვილი, დაუმადლებელი გამარჯობა გვჩვევია. ჩვენი გენეტიკური კოდია, რაღაცით ვასიამოვნოთ, მოვეფეროთ ადამიანს.

- ქალბატონი თამარისგან ეს ქცევა გაგიკვირდათ?

- ჩემი პასუხი, რაც უნდა ცუდად ჟღერდეს, ვიტყვი, რომ არ გამკვირვებია. შინაგანად ისინი თავს მაინც მაღლა მდგომად თვლიან. ერთი პერიოდი ქართველობას მოწყურებულები რომ ვიყავით, ძუძუდან აგლეჯილი ჩვილის მდგომარეობაში, ძალიან რომ გვჭირდებოდა მოფერება, მიღება, ზოგიერთი მაგ დროს გვწიხლავდა.

- ქალბატონმა თამარმა ბოდიში მოიხადა...

- მე იმ ბოდიშში სინანული ვერ დავინახე. ჩვენ ჩვენი იდენტობა კარგად ვიცით. ხულოში რომ არ დავბადებულიყავი, ვერ მექნებოდა ის სიამაყე, ის ბედნიერება, რომელიც ახლა მაქვს. ხულოელობა ჩემთვის განსაკუთრებული ნიშაა. ჩემი დედა თუ არ მიყვარს, თქვენს დედას პატივს ვერ ვცემ.

- ჭრელი კაბების ტრადიცია როგორ დამკვიდრდა?

- ისტორიულ წყაროს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ისტორიულად ბევრი სიშავე და სიბნელე გადავიტანეთ. ამ ჩაცმულობით ჩვენი შინაგანი ბუნება გვინდოდა გამოგვემზეურებინა. დღეს, როცა სამყაროში ამდენი სისასტიკეა და ასეთი გაუტანლობაა, როცა ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ერთმანეთს სიტყვებზე ნუღარ გამოვეკიდებით. ჩემებს მოვუწოდებ, მივუტევოთ!

- ბავშვობაში ბეშუმში რომ ადიოდით და ოდებში ბუხრებს ანთებდით, იმ დღეებიდან გამორჩეულად რა გახსოვთ?

- ჩვენ ხომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. როგორც გოდერძი ჩოხელი ამბობს, დიდ მდინარეებს რომ ვერთვებით, მერე ვიმღვრევით. დაუვიწყარია ჩემთვის ბავშვობის წლები, ის მთები, სადაც ფეხშიშველი დავრბოდი და ფეხზე ნაიარევი დღესაც მაქვს. ბეშუმში დილით მემთეური ქალები რძის პროდუქტებს რომ მოუვლიდნენ და მიალაგებდნენ, მერე ეს თავსაბურიანი (ეს ქრისტიანულია, ზოგიერთს მუსლიმანური ჰგონია) ქალები თავს ერთად იყრიდნენ და ხელსაქმით კავდებოდნენ. ზოგი ქარგავდა, ზოგი ქსოვდა, ზოგი მატყლს ართავდა... ჩვენ, წამოჩიტული გოგონები ვუყურებდით მათ და ვცდილობდით, დედებისგან არა მხოლოდ საქმე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, მოკრძალება, პატივისცემა გვესწავლა. აჭარაში კარგი ბავშვები იზრდებიან, ჭრელაჭრულა სამოსით იმიტომ დადიან, რომ სული და გული აქვთ გაფერადებული. მე ვარ ხულოელი და მაშასადამე, მე ვარ ფერადი.

- თქვენ შემდეგ ქალბატონ თამარს უნდა დაველაპარაკო, მისთვის რამე გაქვთ სათქმელი?

- მე ჩემი წილი მიპატიებია. რუსკას გადაცემებს ვუყურებდი, "ცოცხალი" გოგონები მიყვარს. აჭარლებს პატიება შეგვიძლია. მისი სამეგობრო რომ კომენტარებს წერს, უთხრას, გაჩერდნენ. მხოლოდ სიყვარული და სითბო გადაარჩენს კაცობრიობას.

tamar-mayashvili-w-h-1667892472.jpg

თამარ მაყაშვილთან დღის განმავლობაში დაკავშირება არაერთხელ ვცადე. ყოველ ჯერზე მისი ტელეფონი დაკავებული იყო. დღის მიწურულს, როგორც იქნა, დაკავშირება შევძელი. თავდაპირველად კომენტარის გაკეთებაზე უარი მითხრა. ამიხსნა, რომ მთელი დღე ამ თემაზე ლაპარაკობს და უკვე ძალიან ცუდად არის:

- ვერაფრით წარმოვიდგენდი, ერთ წინადადებას ასეთი ამბავი თუ მოჰყვებოდა, მით უმეტეს, ბოდიში უკვე არაერთხელ მოვიხადე. ფაქტობრივად, ჩემს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ახლა ძალიან დაბნეული ვარ. არ მინდა ინტერვიუ, რაღა ვთქვა, კიდევ თავი ვიმართლო?

- არა, ბოდიში უკვე მოიხადეთ, ახალი რა უნდა თქვათ. შეგიძლიათ თქვენი აჭარული ამბავი, ის, რაც გამორჩეულად გახსოვთ, მიამბობთ?

- ძალიან კარგად მახსოვს ის დღეები, რომელიც პირველ მაისში გავატარე; ის დღეები, როცა ქედაში ბავშვებთან ერთად ვცხოვრობდი; მახსოვს გეგენიძეებში, ხალვაშებთან გატარებული საღამოები. მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, ზემო აჭარისადმი საოცარი ლტოლვა მაქვს, იქ სხვაგვარი ჰაერია, სხვაგვარი ადამიანები ცხოვრობენ.

- სხვაგვარი - როგორი? რით არიან გამორჩეულები?

- ზემო აჭარაში ისეთ ადგილებში ვარ ნამყოფი, ჩადრიანი ქალები რომ ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ისე ვემეგობრობდით, ქალბატონები ჩადრსაც კი იხსნიდნენ. 30-35 წლის წინანდელ ამბავს ვიხსენებ, სულ აჭარისწყალზე დავდიოდი, ჩემი შვილებიც იქ იზრდებოდნენ... აჭარა აუგად არ მომიხსენებია, მსგავსი რამ გულში წამითაც არ გამივლია. ეს ადამიანები ჩემთვის მაშინაც და დღესაც საინტერესოები იყვნენ და არიან. სხვებს თუ ჰგონიათ, ბავშვობაში მე არ ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, ცდებიან. სადაც უნდა ჩავსულიყავი, მესმოდა: უჰ, ეს თბილისელები ჩამოხვედითო? მაგრამ ამას სულ ხუმრობაში ვატარებდით. აჭარა უსაყვარლესი კუთხეა. გული მწყდება, იმის საშუალება რომ არ მაქვს, შვილიშვილებს ხელი მოვკიდო და მთის ფერდობებზე შეფენილ სოფლებში ვამოგზაურო. ისეთ სახლებშიც კი ვცხოვრობდი, ერთ ჯოხს რომ ეჭირა, მაგრამ იქ იყო სინამდვილე, გულწრფელობა, სითბო, პატივისცემა... დღეს ეს ყველაფერი სად წავიდა, სად დაიკარგა? ადამიანები რამ გაგვაბოროტა? უნებურად, ეს რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი?

- რესპონდენტმა მითხრა, რომ თქვენს ბოდიშში სინანული ვერ იგრძნო...

- რა უნდა გამეკეთებინა, ცრემლი გადმომეღვარა? სხვა რაღაც ხდება, მალე საზოგადოება უფრო რეზონანსულ ამბავს შეიტყობს...

- რისი მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება გავიგოთ?

- ახლა მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, ჯოხი ჩემზე გადატყდა. მედალს ორი მხარე აქვს და მინდა თეთრი მხრიდან შევხედავ, მინდა - შავი მხრიდან. ერთადერთი, ის მახარებს, რომ დღეს თანადგომა ბევრი აჭარლისგან ვიგრძენი. ვინც ცუდი კომენტარი დაწერა, ბევრმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა. ბოდიში, სხვას ვეღარაფერს გეტყვი, მართლა ძალიან ცუდად ვარ. რატომ წინა დღის ეთერს არ ახვევენ და არ მისმენენ, რას ვყვები, ახალგაზრდებზე რას და როგორ ვამბობ? - რატომღაც, ეს არავის აინტერესებს, სამწუხაროდ...

თამუნა კვინიკაძე