"ჩვენი დაშორება ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა" - გზაპრესი

"ჩვენი დაშორება ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა"

მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე ტელემაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ელენეს როლით გაიცნო, ახლახან კი სერიალში - "სიყვარულს მიღმა" თაკოს როლში გამოჩნდა. ნინას პერსონაჟი ისევ სასიყვარულო სამკუთხედთანაა დაკავშირებული...

- სერიალის კასტინგზე ეკას როლისთვის დამიბარეს, მაგრამ ვერ გამოვდექი. შემდეგ დამირეკეს - საერთოდ სხვა პერსონაჟი ჩნდება და იმ როლზე ხარ დამტკიცებულიო. კასტინგზე ხელახლა მისვლაც არ დამჭირდა. რა თქმა უნდა, თაკოს როლი საინტერესოა. ერთადერთი, გული იმაზე მწყდება, რომ ყველა როლი, რაც კინოსა და თეატრში მითამაშია, ერთნაირია. ჩემთვის სხვა ტიპის პერსონაჟის განსახიერება უფრო საინტერესო იქნება. თავად ვცდილობ, ჩემი გმირი ცოტათი სხვანაირი გავხადო. ვნახოთ, რა გამოვა...

- შენი პერსონაჟი ამ სერიალშიც სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდა, მაგრამ მაინც განსხვავებულია, არა?

- კი, განსხვავებულია... პერსონაჟის ხასიათის შეცვლა მინდა, რომ იმავენაირი არ იყოს, როგორიც - "ჩემი ცოლის დაქალებში" ელენე გახლდათ.

- შენს რეალურ ცხოვრებაში სასიყვარულო სამკუთხედის თემა აქტუალური ყოფილა?

- ჩემს პირად ცხოვრებაში - არა, არც - სამეგობროში, მაგრამ მსგავსი ფაქტები უცხოებისგან გამიგონია.

- როგორ შეიძლება, ქალი მოიქცეს, როცა ხვდება, რომ საყვარელი მამაკაცი მასთან გულწრფელი არ ყოფილა და პარალელური ურთიერთობა ჰქონია?

- ალბათ, მეც ჩემი პერსონაჟის მსგავსად მოვიქცეოდი. ვფიქრობ, ყველა ასე უნდა მოიქცეს, რადგან არც ერთი ქალი არ არის ღირსი, მეორე ნახევარი ასე ექცეოდეს... თან, მგონია, რომ თაკოს კერესა გულწრფელად უყვარს. თითქოს კერესამ ის გამოიყენა, ასეთ რამეს კი არავინ იმსახურებს.

- კერესას როლის შემსრულებელზე - გიორგი ჯიქიაზე, როგორც პარტნიორზე, რას გვეტყვი?

- მასთან პარტნიორობა ძალიან საინტერესოა. ასაკით ჩემზე უფროსია, ბევრად მეტი გამოცდილებაც აქვს. გადაღების დაწყებამდე, როცა რეპეტიციას გავდივართ, რაღაცებს ვეკითხები, ბევრ რჩევას მაძლევს. თან, მგონი, ერთმანეთთან კარგად "შევთამაშდით". მასთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა.

- სერიალის მაყურებელი იყავი?

- ყველა სერია ნანახი არ მქონდა - შიგადაშიგ ვუყურებდი. მერე, როცა კასტინგზე დამიბარეს, რა თქმა უნდა, ჩავრთე და ვუყურე, რადგან უხერხული იქნებოდა, სერიალის სრულად ნახვის გარეშე მივსულიყავი. თან, უნდა მცოდნოდა, სერიალში რა ხდებოდა... ახლა უკვე პირველი სეზონის ყველა სერია ნანახი მაქვს და მეორე სეზონსაც ინტერესით ვუყურებ.

- როგორ ფიქრობ, თაკოს პერსონაჟისთვის რატომ შეგარჩიეს და არა - ეკასი?

- სიმართლე გითხრა, როცა კასტინგზე დამიბარეს და მითხრეს, - სცენა გიორგი ჯიქიასთან უნდა გაიაროო, გამიკვირდა. როგორც აღვნიშნე, ჩემზე ბევრად უფროსია. მე 25 წლის კი ვარ, მაგრამ შედარებით უმცროსს ვგავარ. ვიცოდი, ეკა და კერესა კლასელები იყვნენ. ვიფიქრე და გადავწყვიტე - როლზე ჩემი დამტკიცება ალბათ, ასაკის გამო გადაიფიქრეს-მეთქი. მერე უცებ, კერესას შეყვარებულის როლზე რომ დამამტკიცეს, უფრო გამიკვირდა. მიზეზს დღემდე ვერ ვხვდები. მგონია, რომ ეკრანზე ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა ძალიან თვალში საცემია, მაგრამ მაყურებლების კომენტარებს რომ ვკითხულობ, ასაკზე ყურადღება არავის გაუმახვილებია, ცუდი არაფერი დაუწერიათ. მიხარია, რომ სცენარში "ხაზი გაესვა" - კერესას ურთიერთობა პატარა გოგოსთან აქვს, რადგან ვნერვიულობდი, მაკიაჟით "ასაკის მომატება" არ დამჭირვებოდა - არ მიყვარს, როცა სახეზე ბევრი გრიმი "მადევს".

- შენი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებსაც უყურებ?

- ვერა. არ მსიამოვნებს, როცა ჩემს თავს ეკრანზე ვუყურებ, რადგან არასდროს არაფერი მომწონს, ცუდ ხასიათზე ვდგები, რაც ჩემს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ ვცდილობ, ჩემს ეპიზოდებს არ ვუყურო. გარკვეულწილად, ეს ცუდია, რადგან ვერ ვაფასებ, ჩემი თამაშისას გამოსასწორებელი რა არის.

- მაყურებლები და კოლეგები როგორ გაფასებენ?

- რატომღაც მეგონა, რომ მაყურებელს ანას და კერესას წყვილი ძალიან უყვარდა და მათ ურთიერთობაში მესამე პირის - ჩემი პერსონაჟის გამოჩენას ცუდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, მაგრამ ასე არაა, პირიქით - კარგ რაღაცებს მწერენ, ჩემი გმირის საქციელით კმაყოფილები არიან, რაც მიხარია, რა თქმა უნდა... კოლეგებს რაც შეეხებათ, პატარ-პატარა დეტალების შესახებ მეუბნებიან, რისი გაკეთება როგორ სჯობს. მათგან პატარა შენიშვნებსაც ვიღებ და კარგ შეფასებებსაც.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის შემდეგ, ამ დრომდე შენს კარიერულ ცხოვრებაში რა ხდებოდა?

- 2 ფილმში ვმონაწილეობდი, რომლებიც ჯერ არ გამოსულა. ამიტომ, სამწუხაროდ, მათ შესახებ საუბრის უფლება არ მაქვს... უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე. სპექტაკლში ვითამაშე. ახლა თუმანიშვილის თეატრში რეპეტიციები მეწყება... მოკლედ, უფრო თეატრისკენ ვარ გადახრილი. ეს ჩემზე არცაა დამოკიდებული: უბრალოდ, თეატრში უფრო ხშირად მეძახიან, ვიდრე კინოში.

- შენთვის რომელი უფრო საინტერესოა?

- ორივე, მაგრამ ვისურვებდი, კინოსთან მეტი შეხება მქონდეს, რადგან ამ სფეროში დიდი გამოცდილება არ მაქვს და ძალიან მაინტერესებს. მინდა, ბევრი რამ ვისწავლო. თეატრში უფრო დიდი გამოცდილება მაქვს... რომელი მირჩევნია, ამას ვერასდროს ვიტყვი, რადგან თეატრსა და კინოში თამაში რადიკალურად განსხვავებულია.

- ახალმა პერსონაჟმა - თაკომ პოპულარობით ელენე უკვე გადაფარა? როცა უცნობი ადამიანები გხვდებიან, როგორი რეაქცია აქვთ?

- "ჩემი ცოლის დაქალები" ძალიან მასშტაბური სერიალი იყო - თითქმის ყველა უყურებდა. მეგონა, მაყურებლები მარტივად გამიხსენებდნენ, როცა ეკრანზე, ახალ სერიალში მნახავდნენ. ბევრმა ვერ გაიხსენა, ვინ ვიყავი. წერდნენ, - ეს გოგო საიდან მეცნობა? ვერ ვიხსენებო. მხოლოდ რამდენიმემ დაწერა: "ჩემი ცოლის დაქალებში" სანის შეყვარებულის როლს ასრულებდაო, თორემ უმრავლესობას არ ახსოვს... ძირითადად, როცა დავილაპარაკებ, ხმით მცნობენ, გარეგნობით - ვერა, თუ რა ხდება, არ ვიცი (იცინის).

- ამ ფაქტის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან მიხარია, რადგან არ მომწონს, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ, ჩემი ხმა კი მიყვარს.

- სამომავლოდ რას გეგმავ?

- დიდი გეგმები მაქვს. საქართველოდან წასვლაზე ვფიქრობ, მაგრამ ვნახოთ, სიტუაცია როგორ დალაგდება. სამწუხაროდ, აქ არაფერი ხდება, რისი გაკეთებაც მსახიობს შეუძლია, ბოლომდე რომ დაიხარჯოს, დატვირთული იყოს და თავისი საქმით ისიამოვნოს, რაზეც გული ძალიან მწყდება.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის შემდეგ, 2 ფილმში გადაგიღეს, თეატრში აქტიურობ, ახლა სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ხარ დაკავებული... ეს საკმარისი არ არის?

- რატომღაც, მგონია, რომ სხვა ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი, ჩემს ასაკში, კიდევ უფრო მეტი შანსი და გამოცდილება მექნებოდა. თან, ისე ხდება ხოლმე, რომ შეიძლება, აქტიური პერიოდი იყოს - სერიალშიც ვმონაწილეობდე, კინოგადაღებაზეც დამიძახონ, თეატრშიც დატვირთული ვიყო, მაგრამ უცებ, ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდეს და შეიძლება პაუზა დიდხანს გაგრძელდეს, მსახიობის პროფესიასთან შეხება არ მქონდეს, რაც ურთულესია, როცა საკუთარი საქმე ძალიან გიყვარს.

nina-3-1667892722.jpg

- ასეთ დროს ძალას რა გაძლევს, რომ არ მოეშვა და ფორმაში იყო?

- ალბათ - ისევ საქმისადმი სიყვარული. ბევრჯერ მიფიქრია: მგონი, ჯობია, გავჩერდე. მსახიობობა არ მინდა, ძალიან დავიღალე, არაფერი ხდება-მეთქი. მაინც, კიდევ ამ სფეროში ვარ და ამ გზას მივყვები, რადგან ჩემი საქმე ისე მიყვარს, რომ მგონი, ვერასოდეს შეველევი.

- უცხოეთში გამგზავრებისას, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას აპირებ?

- კი. ეს რთულად მესახება, რადგან საქართველოში ჩემი კარიერული ამბავი ისე დალაგდა, ყველა მიცნობს - კასტინგ-მენეჯერებმა იციან, ვინ ვარ, ჩემი ტელეფონის ნომერი, ფოტო ყველას აქვს და მარტივად მიკავშირდებიან. მოკლედ, ყველამ იცის, რა შემიძლია. ახლა უცებ საქართველოდან რომ წავიდე, სხვა ქვეყანაში გზის გაკაფვა "ნულიდან" უნდა დავიწყო... მთავარი მაინც სურვილი და საქმის მიმართ სიყვარულია.

- ნინა, "ჩემი ცოლის დაქალებში" სანის როლის შემსრულებელთან - გიორგი ტაბიძესთან რეალურ ურთიერთობაშიც რომანი გქონდა. ისევ ერთად ხართ?

- არა, სამწუხაროდ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. თუმცა, ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი დაშორება ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. ახლა ორივე ბედნიერად ვგრძნობთ თავს...

ეთო ყორღანაშვილი