"გამოძიება დღემდე მიმდინარეობს" - გზაპრესი

"გამოძიება დღემდე მიმდინარეობს"

ახლახან "კომედი შოუმ" ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. ნინი მოხევიშვილი სკეტჩებში აქტიურად მონაწილეობს. მის მიერ შესრულებულ პაროდიას (რეალითი შოუს ერთ-ერთი მონაწილის - ბაგირას როლი განასახიერა) სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- დაახლოებით, 2008 წელი იყო, როცა "ჯეოკლასზე" დავრეგისტრირდი. შემდეგ ეს ქსელი მომბეზრდა და "პროფილი" "ოდნოკლასნიკზე" გავხსენი, რომელიც 4-5 თვის განმავლობაში მქონდა. მერე უკვე "ფეისბუკზე" გადავინაცვლე, რომელზეც ანგარიში 2010 წლიდან მაქვს. ძალიან აქტიურად ვიყენებდი... დღესდღეობით, ჩემთვის საინტერესო პლატფორმა "ინსტაგრამია". ყველაზე საფუძვლიანად ამ ქსელს ვიყენებ, მაგრამ ცუდი რაღაც შემემთხვა: 35 ათასი გამომწერი მყავდა, ოღონდ - ისე, რომ არც პოსტი "დამიბუსტავს", არც გამომწერები მიყიდია. "ფოლოვერები" თავისთავად მოგროვდნენ. უბრალოდ, ყოველდღიურად, "სთორის" და პოსტების სახით ვაქტიურობდი. სამწუხაროდ, 3 თვის წინ "ინსტაგრამი" გამიტეხეს... ჩათვალე, რომ ეს გვერდი ჩემი მეორე სამსახური იყო, რადგან მაღაზიებთან, კომპანიებთან ვთანამშრომლობდი - მათ პროდუქციას ბარტერულ რეკლამას ვუკეთებდი. როგორც გავარკვიე, ის ადამიანი თურქია, ვინც გვერდი გამიტეხა. ძალიან ვინერვიულე... ვერ წარმოიდგენთ, როგორი სტრესი გადავიტანე, მაგრამ გვერდი ვერაფრით დავიბრუნე. "ინსტაგრამზე" ახალი ანგარიში შევქმენი, მაგრამ ისეთი აქტიური აღარ არის, როგორიც ძველი იყო. ახლა "ტიკტოკზე" გადავერთე: 97 ათასი გამომწერი მყავს, მაგრამ ამით არასდროს მისარგებლია, რომ ისე მემუშავა, როგორც "ინსტაგრამზე" ვმუშაობდი. ახლა, როცა კომპანიების წარმომადგენლები ჩემს "ტიკტოკ" გვერდზე ამდენ გამომწერს ხედავენ, თანამშრომლობას მთავაზობენ. მაინც მერჩიvnა, "ინსტაგრამზე" მემუშავა - განსხვავებული აუდიტორიაა...

- პოლიციას მიმართე?

- კი, სოციალურ ქსელში ანგარიშის "გატეხა" პირად სივრცეში შემოჭრაა. თან, დამნაშავე ჩემს ფოტოებს იყენებს. განცხადებაც გავაკეთე,.. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და შესაძლებელია, რაღაც გამოვიდეს, მაგრამ ისეთი რთული თემაა, რომ ძალიან გაჭიანურდა. "ფეისბუკის" უსაფრთხოების სამსახურსაც მივწერე, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა...

- თავდაპირველად, სოციალურ ქსელში რა მიზნით დარეგისტრირდი?

- სკოლაში 1 ბიჭი მომწონდა, მასაც მოვწონდი. ერთმანეთს ვერაფერს ვეუბნებოდით და სოციალურ ქსელში ვმესიჯობდით ხოლმე - "სოციალურქსელური სიყვარული" გვქონდა (იცინის). დღეს კარგი მეგობრები ვართ... თან, მაშინ "ჯეოკლასი" აქტუალური იყო - ყველა ამაზე საუბრობდა. მეც დავინტერესდი. როცა ვიმეცადინებდი და ჩემს საქმეებს მოვრჩებოდი, სოციალური ქსელით სარგებლობისთვის დაახლოებით, 1 საათი მქონდა გამოყოფილი (დედაჩემის მოთხოვნა იყო, რომ ამისთვის ბევრი დრო არ დამეთმო). ის დრო კარგად მახსენდება...

- "ინსტაგრამის" ძველ გვერდზე გამომწერების რაოდენობა მას შემდეგ მოგემატა, რაც ეკრანზე გამოჩნდი?

- რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ, "კომედი შოუს" მსახიობს - თემო ნიქაბაძეს ყველა იცნობს, უამრავი გამომწერი ჰყავს. "სთორის" რომ დადებდა, მომნიშნავდა ხოლმე, რის გამოც ჩემს გვერდზე ავტომატურად ბევრი ხალხი გადმოდიოდა და გვერდს იწერდა. ეკრანზე ჩემი გამოჩენის შემდეგაც ბევრი ინტერესდებოდა. მერე "ტიკტოკზე" დავრეგისტრირდი. 1 თვეში უამრავი გამომწერი დამიგროვდა. წარმოიდგინე, დილით ვიღვიძებდი და 1000 ახალი გამომწერი მყავდა... როცა ყოველდღიურად აქტიურობ, შენი პოსტები სანაცნობო წრეში "ვარდება" და ხალხი შენს გვერდზე გადმოდის...

- გახსოვს, შენი "ინსტაგრამის" გვერდი მეორე სამსახურად როდის იქცა და რა საქმიანი შეთავაზება მიიღე?

- დაახლოებით 2 წლის წინ, როცა ჯერ 11 ათასი გამომწერი მყავდა, ტანსაცმლის ონლაინმაღაზიის წარმომადგენელი დამიკავშირდა. არც ვიცოდი, თანამშრომლობა როგორ ხდებოდა. შემომთავაზა - ჩვენი კოლექციიდან რაც მოგეწონებათ, საჩუქრად გამოგიგზავნით, თქვენ კი "სთორიზე" გამოაქვეყნეთო. დავთანხმდი... ისეთ უხერხულობას ვგრძნობდი, რომ "სთორიც" დავდე, შემდეგ - პოსტიც, მერე "ფეისბუკზეც" გამოვაქვეყნე... ძალიან მოეწონათ. ამას სხვა შეთავაზებები მოჰყვა სხვა კომპანიებისგან. ერთადერთი, მათგან თანხას არასოდეს ვიღებდი - მერჩიvnა, ის პროდუქცია გამოეგზავნათ, რომელსაც რეკლამას ვუკეთებდი. რეალურად, ფული მაინც იმ პროდუქციაში უნდა დამეხარჯა, რასაც "ვარეკლამებდი" (იცინის).

- როგორც ამბობენ, სოციალური ქსელების ხშირი მოხმარება დეპრესიას იწვევს. ამ მხრივ, შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე?

- ჩემზე უარყოფითად "ფეისბუკის" ნეგატიური პოსტები მოქმედებს. იყო პერიოდი, როცა ანგარიში გავაუქმე კიდეც, რადგან დეპრესიული ფონი შემექმნა. ტელევიზორსაც იმიტომ არ ვუყურებ, რომ ცუდი ამბები არ ვნახო; ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერი გულთან მიმაქვს.

- "ფეისბუკზე" პოლემიკაში თუ ჩართულხარ, რაც შემდეგ ჩხუბში გადაზრდილა?

- თავდაპირველად, როცა "კომედი შოუში" მსახიობობა დავიწყე, როგორც კი ახალ სკეტჩს სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ, ვიჯექი და ყველა კომენტარს ვკითხულობდი. იყო კომენტარი, რომელიც ძალიან არ მსიამოვნებდა. ერთხელ ავტორს პასუხი დავუბრუნე, შემდეგ შევყევით, შევყევით და ვიკამათეთ... მას შემდეგ ჭკუა ვისწავლე, კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ...

- ვინმე "დაგიბლოკავს"?

- კი, სხვათა შორის - ბოლო პერიოდში. ცუდ ტექსტებს მწერდა, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიოდა. ჩემ მიმართ აგრესია ისეთ ადამიანს ჰქონდა, რომელიც რეალურად არ მიცნობდა. ვიღაცამ მომწერა - გამეცნობიო? რაკი არ ვუპასუხე, გამლანძღა. შემდეგ კომენტარებს მიწერდა: ხალხო, ამას თავში ავარდნილი აქვსო. "დავბლოკე", რადგან ბოლოს ძალიან გამაღიზიანებელი იყო. როცა ადამიანს რაღაცას უხსნი, მაგრამ ვერ იგებს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში "ვბლოკავ".

- ვირტუალური ურთიერთობა გაგიბამს, რომელიც შემდეგ რეალურში გადაზრდილა?

- არა, ჩემთვის ეს მიუღებელია. ადამიანმა არასოდეს უნდა თქვა არასოდეს - შეიძლება, ჩემი მომავალი იმ ადამიანს დავუკავშირო, რომელსაც სოციალურ ქსელში გავიცნობ, მაგრამ ამ ეტაპზე, რატომღაც, ამის მომხრე არ ვარ. მირჩევნია, სანაცნობო წრეში შევხვდე და ისე გავიცნო. სოციალურ ქსელში ნაცნობობის გაბმას ვგმობ (იცინის).

- გამოსაქვეყნებელ პოსტებს სერიოზულად გეგმავ?

- არა. არადა, ერთხელ ჩავუჯექი და ვნახე: ვისაც ბევრი გამომწერი ჰყავს, ისეთი დალაგებული "ფიდი" და "პროფაილი" აქვს, რომ მეც გადავწყვიტე, მომეწესრიგებინა, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ: შეიძლება, რაღაც ნანგრევებს წავაწყდე, მომეწონოს, ფოტო გადავუღო და გამოვაქვეყნო, ოღონდ - ჩემს გვერდს საერთოდ არ შეესაბამებოდეს; "სთორიზეც" შეიძლება, რაღაც სისულელე დავდო. რას ვჭამ და თმას როგორ ვიკეთებ, ამას არ ვაქვეყნებ, მაგრამ წინასწარ არ მაქვს გააზრებული, ჩემს გვერდს რა მოუხდება - ექსპრომტად ვაქვეყნებ, რაც მომეწონება და არც საღამოს 9 საათს ველოდები, რადგან ამ დროს სოციალურ ქსელში უფრო მეტი ხალხია და მეც მეტი "ლაიქი" მექნება... ჩემი მიდგომა ამართლებს.

- გიფიქრია, დიდი ხნის განმავლობაში არაფერი "დამიპოსტავსო" და ამის გამო, ფოტოები გადაგიღია?

- კი, ხშირად. ფოტოების გადაღება მიყვარს, ოღონდ - ტელეფონით. ფოტოგრაფებს გადაღება ბევრჯერ შემოუთავაზებიათ, მაგრამ ძალიან დამუშავებული, ხელოვნური ფოტოები არ მომწონს. მირჩევნია, სელფი გადავიღო და გამოვაქვეყნო, ვიდრე არაბუნებრივი ფოტო. ამიტომ ფოტოგრაფებს უარს ვეუბნები.

- ფილტრებს, "ფოტოშოპს" არ იყენებ?

- დავიფიცებ, რომ "ფოტოშოპი" არასოდეს გამომიყენებია. ერთადერთი, ფოტოებს ფერებს ვადებ და სახის გამოსახულებას ვწმენდ, როცა ეს სჭირდება. ფილტრებს რაც შეეხება, კი, "ინსტაგრამზე" აქტიურად ვიყენებ - კარგი მოგონებაა, თვითშეფასებას გვიმაღლებს (იცინის). ერთი მხრივ, ბუნებრიობას გვიკარგავს და დამოკიდებულს გვხდის, რომ ფოტოები ფილტრით გადავიღოთ. შეიძლება, ცუდია, მაგრამ "სთორიზე" დღეში 4 ფოტოს თუ ვდებ, მათგან ერთი - ფილტრით გადაღებულია. საკუთარი თავი ასე უფრო მომწონს, რა ვქნა (იღიმის)?

nini-2-1667892958.jpg

- შენი დაკვირვებით, სხვადასხვა სოციალურ ქსელს ერთმანეთისგან განსხვავებული აუდიტორია ჰყავს? მათთან კომუნიკაციისთვის განსხვავებული მიდგომაა საჭირო?

- "ფეისბუკზე" ძირითადად, სანათესავო მყავს, რომლებსაც კარგა ხანია, არ ვუნახavვარ და აქედაn იგებენ, რომ მაგალითად - თურმე რამხელა გოგო გავზრდილვარ (იცინის). "ინსტაგრამი" ჩემთვის ძალიან მისაღებია: მაგალითად, თუ რამე გაწუხებს, "სთორიზე" გამოაქვეყნებ და ვიღაც გამოგეხმაურება, რამეს გირჩევს... იმის შიში არ გაქვს, რომ ვინმე რაღაც ცუდს გეტყვის... "ტიკტოკს" რაც შეეხება, იქ მართლა განსხვავებული აუდიტორიაა და ვცდილობ, მათთან პოლემიკაში არ ჩავება. "ტიკტოკის" მომხმარებლების რეაქციებიც განსხვავებულია: ზოგჯერ ისეთ კომენტარებს წერენ, წაკითხვისაც კი მრცხვენია. ვერც ვიაზრებ, ასეთი რამ ადამიანს როგორ უნდა აკადრონ?! საკუთარი გვარ-სახელით არ რეგისტრირდებიან და ცუდი კომენტარების დაწერას ამიტომ ბედავენ.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?

- ინტერნეტზე ძალიან დამოკიდებული ვარ. ალბათ, მხოლოდ მაშინ არ ვიყენებ, როცა მძინავს. დილით, როცა ვიღვიძებ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ "ინსტაგრამი" "ჩავსქროლო" და ვნახო, ვინ რა მომწერა... ტელეფონის ბატარეა რომ მიჯდება და დამტენი არ მაქვს, ისტერიკა მემართება. ერთხელ, კლინიკაში დიდ რიგში ვიდექი. ტელეფონის ბატარეა დამიჯდა, მობილური გამეთიშა, რამაც ჩემზე ისე ძლიერ იმოქმედა, რომ ანალიზების ცუდი პასუხი მომივიდა (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი