"პროტესტი გამოვაცხადე და საცხოვრებლად სხვაგან გადავედი" - გზაპრესი

"პროტესტი გამოვაცხადე და საცხოვრებლად სხვაგან გადავედი"

19 წლის გიორგი ბრეგვაძემ, იგივე ბრეჩკიმ, ახლახან რეალითი-შოუ დატოვა. როგორც გვითხრა, ერთდროულად ბევრ ემოციას განიცდის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ გულწრფელი და საინტერესო ინტერვიუ გამოგვსვლოდა...

- "პრაიმ ჰაუსში" შესვლისას ბევრი მიზანი მქონდა. პირველ რიგში, ეს ერთგვარი პროტესტი იყო: მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი, გარშემო მყოფების მოლოდინები გამემართლებინა და ყოველთვის ვამართლებდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი: რა თქმა უნდა, მათი აზრი უნდა გავითვალისწინო, მაგრამ ადამიანი ერთხელ ვცხოვრობ და ის უნდა ვაკეთო, რაც მაბედნიერებს, რაც ბავშვობიდან მინდა. პატარაობისას, როცა ნორმად მიჩნეულ წონაზე 20 კგ-ით მეტს ვიწონიდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეკრანზე გამოვჩნდებოდი. წიგნებს ვკითხულობდი, აკადემიურად ძალიან წარმატებული ვიყავი და ვარ კიდეც. მინდოდა, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ურთიერთგამომრიცხავი არ არის, აკადემიურად წარმატებული იყო და ამავე დროს, ძალიან მაგარი დრო ატარო, მძაფრი ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო. ერთმანეთს იარლიყები არ უნდა მივაკრათ...

- წონის დასაკლებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდა?

- როდესაც დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი, მშობლებმა ცურვაზე შემიყვანეს. აქტიურად ვვარჯიშობდი, თუმცა ცურვაზე, წონასთან დაკავშირებული ბულინგის მსხვერპლი ხშირად ვიყავი, რადგან ყველაზე პუტკუნა გახლდით. ჩემ მიმართ ასეთი კომენტარები იყო ხოლმე: "პონჩიკი", "პერაშკი" და ა.შ. ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა: თავდაჯერება დავკარგე და ვცდილობდი, სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ყველაფერი გამეკეთებინა. მახსოვს, ბავშვობაში, მთელი დღე მხოლოდ უშაქრო გამაგრილებელი სასმელი დავლიე. წონაში დაკლებას ასეთი არასწორი მეთოდებით ვცდილობდი... გავიზარდე, ვარჯიში დავიწყე. სპორტდარბაზში აქტიურად დავდივარ, მყავს ფიტნეს ინსტრუქტორი, თუმცა დარბაზში სიარული აუცილებელი არაა იმისთვის, რომ ივარჯიშო და თავს მიხედო. ასევე, სწორად, დაბალანსებულად ვიკვებები. საკვებს ისე ვუყურებ, როგორც საწვავს, რომელიც იმისთვის მჭირდება, რომ მაცოცხლოს და არა - მაცხოვროს (იღიმის).

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პრობლემამ, რომელიც წონასთან დაკავშირებულ ბულინგს უკავშირდებოდა, შენს აკადემიურ მოსწრებაზე, ურთიერთობებზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედა?

- ზაფხულში, როცა დაბადების დღეების წვეულებებზე დავდიოდი, მაისურს ვერ ვიხდიდი. მაგალითად, 12 წლის რომ ვიყავი, ერთ-ერთ აკვაპარკში, წყლის ატრაქციონზე მაისურში გამოწყობილი ვსრიალებდი, რადგან პატარა "ღიპუცა" მქონდა, რის გამოც "საზამთროს" მეძახდნენ. ჩემსა და სხვა ადამიანებს შორის გარკვეული ბარიერი აღვმართე, რომლის ჩამოშლასაც ბევრი დრო დასჭირდა... ჩემს აკადემიურ მოსწრებას რაც შეეხება, პირიქით - პრობლემამ დადებითად იმოქმედა: სახლში შევიკეტე, წიგნებს ვკითხულობდი, დავალებებზე კონცენტრირებული ვიყავი (იღიმის)... დღეს ყველაფრის დაბალანსება შევძელი, საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე: ჩემი სხეული მიყვარს და მიმაჩნია, რომ თავისი სხეული ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს. თუ დროს იმაში დავხარჯავთ, რომ რაღაც ფუჭ სტანდარტებს "გავეკიდოთ", შორს ვერ წავალთ.

- ფაქტია, სტანდარტებზე მორგება თავადაც სცადე: ვარჯიში, სწორი კვება დაიწყე, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, რა თქმა უნდა...

- ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის გავაკეთე და არა ვიღაცის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და კომპლიმენტების მისაღებად. შეიძლება, ახლა მუცელზე 6 "კუბიკი" არ მადევს, მაგრამ ჩემთვის ვარჯიში "კუბიკები" არ არის: ეს სტრესის მართვა და ამავდროულად, საკუთარ თავთან შეჯიბრებაა, როცა ადამიანი იმაზე მეტად ძლიერი ხარ, ვიდრე გუშინ იყავი; დისციპლინაა, რომელიც არა მხოლოდ სასურველი გარეგნობის ქონაში მეხმარება, არამედ - ცხოვრების სხვა, ბევრ ასპექტში. დასახული მიზნის მიღწევას მასწავლის.

- როგორც ვიცი, ინგლისური ენის მასწავლებელი ხარ. გვიამბე, ეს საქმიანობა როგორ დაიწყე?

- 16 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკის საელჩოსგან დაფინანსება მივიღე - "ფლექსის" პროგრამის კონკურსში გავიმარჯვე და აშშ-ში გავემგზავრე, სადაც 1 აკადემიური წელი გავატარე: ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი, ამერიკულ მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდი. საქართველოში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, მიღებული გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. "ტიკტოკ" პლატფორმაზე ვიდეოების ჩაწერა ჯერ სამოყვარულო დონეზე დავიწყე: ვასწავლიდი, როგორ დაგვეძლია ინგლისურ ენაზე საუბრის კომპლექსი, ვუზიარებდი აქცენტზე მუშაობის ხრიკებს. ასევე, ჩემი თავგადასავლების შესახებ შეულამაზებლად, გულწრფელად ვყვებოდი - როგორ ვეცემოდი, ვდგებოდი... როდესაც ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიფიქრე, "ტუტორობა" მეცადა, ბავშვები ინდივიდუალურად მემეცადინებინა. მოთხოვნა დიდი იყო... დღეს 20-მდე მოსწავლე მყავს. თითოეულთან სწავლების ინდივიდუალური მიდგომა მაქვს. ახლა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე სწორედ იმ პროგრამის გამარჯვებულია, რომელშიც მე გავიმარჯვე და ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

- ოფიციალურად რამდენი ხანია, რაც მოსწავლეებს ამეცადინებ?

- ზუსტად წელიწად-ნახევარია.

suratebi-gza-1667893339.jpg

- ეს შენი შემოსავლის უმთავრესი წყაროა?

- კი, თუმცა დამატებითი შემოსავალიც მაქვს, რომელსაც სოციალურ მედიაში სხვადასხვა რეკლამით, ბარტერით ვიღებ, როცა კომპანიები მიკავშირდებიან და თანამშრომლობას მთავაზობენ. ეს გვერდითი შემოსავალია. ძირითადად, მოსწავლეებთან მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული, რადგან პარალელურად, თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ.

- ამერიკაში ცხოვრებისას მიღებული გამოცდილების შესახებ გვიამბე.

- ამერიკაში ყოფნამ დამანახვა, რომ ძალიან ძლიერი ვარ: მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი გახლავართ, თავადაც შემიძლია, ჩვენს ქვეყანაში საჭირო ცვლილება მოვახდინო. ამერიკაში ყოფნისას პროტესტის განცდა ბევრი რამის მიმართ მქონდა. რეალურად, ამერიკის შესახებ შექმნილი წარმოდგენა დამემსხვრა. ინდიანის შტატში გახლდით, რომელიც ფაქტობრივად, ჩვეულებრივი პროვინციაა, გარშემო სულ სიმინდისა და ლობიოს ყანებით, ერთ ყალიბზე გამოჭრილი ხალხით... მახსოვს, ჩემი საყვარელი მომღერლის, რეპერი ჩარდი B-ს კონცერტზე მასპინძელმა ოჯახმა მხოლოდ იმიტომ არ გამიშვა, რომ ეს მომღერალი მათ გემოვნებას არ შეესაბამებოდა - უხამს სიტყვებს იყენებდა, რაც მათთვის მიუღებელი იყო. პროტესტის საშინელი გრძნობა გამიჩნდა. სახლიდან გავედი და კონცერტზე მაინც მივდიოდი. თბილისიდან გორში ფეხით რომ წახვიდე, დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ვიყავი. შუა გზაში მომაკითხეს, მანქანაში ჩამსვეს და შინ წამიყვანეს. იმ ოჯახთან დაკავშირებით პროტესტი გამოვაცხადე, წამოვედი და საცხოვრებლად სხვა ოჯახში გადავედი. შეიძლება კონცერტი არ შემრჩა, მაგრამ ჩემი თავისუფლებისთვის მაინც ვიბრძოლე. ვერავინ გადამიწყვეტს, ვის კონცერტზე წავიდე და ვისზე - არა.

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან? მათთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მშობლები და და-ძმა მყავს. უფროსი და ყველაზე მეამბოხე შვილი ვარ. ოჯახთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებით და ვკამათობთ, მაგრამ მაინც ახერხებენ, ჩემთან საერთო იპოვონ და ისეთი მიმიღონ, როგორიც ვარ. როცა მშობლებმა გაიგეს, რომ შოუში მონაწილეობას ვაპირებდი, ეს მათთვის მეხის გავარდნასავით იყო. მეუბნებოდნენ, - იქ შენი ადგილი არაა, არ გაგიშვებთო. როცა ავუხსენი, ჩემი მიზანი რა იყო და გაიგეს, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას ვიღებდი, ანუ თუ კისერს მოვიტეხდი, შემდეგ თავადვე გავიმრთელებდი, დამთანხმდნენ, რადგან მენდობიან და იციან, რომ პასუხისმგებლიანი ტიპი ვარ. პროექტში ყოფნისას, ღამით დედას ყოველ 5 წუთში მაღვიძარა ჰქონდა დაყენებული და ხმას მაძლევდა (ხმის მიცემა 5 წუთში ერთხელაა შესაძლებელი). ოჯახის წევრები "სტრიმზე" სულ მიყურებდნენ, ღამეებს ათენებდნენ... დედისგან უამრავი გამამხნევებელი მესიჯი მხვდებოდა. რეალითი შოუში ჩემი მონაწილეობა ყველაზე კარგად ჩემმა 14 წლის ძმამ მიიღო - მაინც ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ. მხარს მიჭერდა, "ლაივებზე" მოდიოდა... ჩემი 3 წლის და ძალიან გახარებულია, რადგან სახლში დავბრუნდი. მითხრა, - ტვინი ამეხადა, "პრაიმ ჰაუსში" რომ იყავი, მომენატრეო (იცინის)...

- რეალურ ცხოვრებაში, კონფლიქტურ სიტუაციებში ხვდები ხოლმე?

- ისეთში - არა, როგორშიც იქ ყოფნისას, მაგრამ ისე, როგორ არა?! ყოველ ზაფხულს ახალციხეს ვსტუმრობ - ბებო იქ მყავს. მძაფრი ინდივიდუალიზმი მახასიათებს, რაც შეიძლება, იქ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აღიზიანებდეს, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, როგორიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი": მე რომ გწყევლი, ძუძუები გლოცავენო (იცინის). ცუდს მეუბნებიან, მაგრამ რეალურად, ყველას ძალიან ვუყვარვარ. ბებო ბავშვობიდან მეუბნებოდა, - ძალიან გრძელი ენა გაქვს, მეზობლებს ნუ გადამკიდებო... უბრალოდ, სიმართლეს ყოველთვის ვამბობ. საკუთარი აზრის გამოთქმის არასდროს მრცხვენია - შეიძლება, ჩემს აზრს არავინ იზიარებდეს, მაგრამ მაინც დავაფიქსირებ, რადგან ყველას და ყველაფერს ვერ ვერგები. ჩემი ეს თვისება კონფლიქტის წყარო ხშირად ყოფილა, უფრო სწორად - პატარ-პატარა უსიამოვნებების, რომლებიც სწორი კომუნიკაციით მომიგვარებია.

poto3-1667893327.jpg

- ფსევდონიმი "ბრეჩკი" როგორ შეარჩიე?

- პროექტიდან გამოსულს ბევრი მეუბნება, - მგონია, ბრეჩკი იმიტომ გქვია, რომ ბრეკეტები გიკეთიაო. რეალურად, ბრეჩკი ამერიკაში შემარქვეს: რადგან მეგობრები, კლასელები ჩემი გვარ-სახელის წარმოთქმისას ძალიან წვალობდნენ, "ჯორჯით" მომმართავდნენ. ვუთხარი, - ჩემთვის ეს ზედმეტად გავრცელებული სახელია, რამე უნიკალური მომიფიქრეთ-მეთქი. ჩემი გვარიდან გამომდინარე, "ბრეჩკი" მოიფიქრეს. ასევე, ბრეჩკი ჩემი ალტერ ეგოა: რასაც გიორგი ვერ ამბობდა და რისი ძალაც არ ჰქონდა, ბრეჩკი ამბობს. რეალურად, ბრეჩკი იმიტომ შეიქმნა, რომ გიორგი მოღონიერებულიყო, გაძლიერებულიყო, ავთენტურობა შეენარჩუნებინა.

- სამომავლოდ რას აპირებ?

- ეკრანზე გამოჩენა ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, რაც უკვე ავისრულე. მსურს, გადაცემის წამყვანი ვიყო, რომელშიც იმ სტერეოტიპების შესახებ ვისაუბრებ, რომელთა გარემოცვაშიც ვცხოვრობთ და რომლებიც ჩემი თაობის ადამიანებისთვის მტკივნეულია - შესაძლებლობას არ გვაძლევს, ბოლომდე ვიცხოვროთ... ვაპირებ, სოციალურ მედიაში ჩემი გვერდები ფორმაში უფრო მეტად მოვიყვანო და უფრო მეტ კომპანიასთან ვითანამშრომლო - "ინფლუენსერობის" ნავში კარგად მოვკალათდე. ასევე, მოსწავლეებს დავიმატებ, ჯგუფებს შევქმნი, ჩემს საქმიანობას სისტემაში მოვიყვან და უნივერსიტეტში სწავლას გავაგრძელებ. ბევრ პლატფორმაზე, ბევრ გადაცემაში სხვადასხვა რაკურსით მიხილავთ.

ეთო ყორღანაშვილი