ოთო ნემსაძის სავიზიტო ბარათი, მამის დარიგება და 3 მილიონი სიყვარული - გზაპრესი

ოთო ნემსაძის სავიზიტო ბარათი, მამის დარიგება და 3 მილიონი სიყვარული

რა მოსწონს და რა - არა საკუთარ ხასიათში, რა ვერ ისწავლა დღემდე, რისი ეშინია, რა ეზარება, ვინ არის მისი ბედნიერება, რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე და რას ფიქრობს პროექტზე "მიმღერე" - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...18.06.1989

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...პროკურორი.

- ამ სიტყვის, პროფესიის მნიშვნელობა ბავშვობაში იცოდი?

- არაფერიც არ ვიცოდი, უბრალოდ ეს სიტყვა ძალიან მომწონდა. კიდევ კარგი არ გამოვედი, ძალიან საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა. ხასიათიდან გამომდინარე, ვიცი, ჩემგან კარგი პროკურორი ვერ გამოვიდოდა.

- რატომ, ხელს რა შეგიშლიდა?

- ადამიანები მარტივად მეცოდებიან.

- ჩემზე ამბობენ...

- ...დიდი თავი აქვსო.

- ხასიათის რა თვისებაზე ახდენენ ხაზგასმას?

- ფეთქებადობაზე. მართლაც ფეთქებადი ვარ, მაგრამ ეს უმიზეზოდ არასდროს ხდება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...საერთოდ არაფერს შევცვლიდი. ბედნიერი კაცი ვარ, იmaვე გზას გავივლიდი, იmaვე შეცდომებით, გამოცდილებით.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ..."ჯეოსტარში" გამოსვლა. ამ კონკურსზე ორჯერ გავედი, პირველად მიწევდა რაღაცის დამტკიცება, მეორედ კი იმის დამტკიცება, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყავი და ეს განსაკუთრებით რთული იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს. თუ რამე მუსიკალური გამაჩნია, ეს პირველ რიგში დედის დამსახურებაა. პიროვნულ განვითარებაზე დედა და მამა თანაბრად ზრუნავდნენ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს სოფო (მეუღლე სოფო მეძმარიაშვილი).

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...სიმართლე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...არ გადავუხვიო გზიდან და ვაკეთო ის, რაც მომწონს და მიყვარს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ბოლომდე შემიძლია ჩემი პრინციპები დავიცვა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრი იქნება (პაუზის შემდეგ), მარტივად ვბრაზდები, ყველაფერი ჩემი სანერვიულოა, ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერი გულთან მიმაქვს და არ მინდა, ყოველთვის ასე იყოს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ადამიანები არ იცვლებიან.

- პატიება შემიძლია თუ...

- ..."თუ"-ს გარეშე, ყოველთვის შემიძლია, წყენა რამდენიმე საათის შემდეგ აღარ მახსოვს.…

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საკუთარი თავს მსოფლიო დონის როკ სტარს ვხედავ.

- ვიბნევი...

- ...არასდროს, არც ერთ სიტუაციაში.

- ვნანობ...…

- ...იმას, რომ "ევროვიზიაზე" წავედი, უფრო სწორად, როგორც წავედი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...…

- ...ადამიანი, რომელიც გამოიგონებს კლონებს.

- ეს უცნაური სურვილი რატომ გაქვს?

- მინდა რამდენიმე ადგილზე ერთად ვიყო. ბევრი შეთავაზების გამო, ხშირად მიწევს გამოსვლებზე უარის თქმა, ეს თვისება რომ მქონდეს, ოთოს ყველგან გავუშვებდი.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...ყველას, მარტივად. მე რომ "პრაიმ ჰაუსში" ვიყო, ალბათ ერთ საათში ციხეში წავიდოდი. ეს ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ცოტა ხნით მაინც გავძლო.

- მეზარება...

- ...დილით ადრე გაღვიძება.

- სიყვარული ეს...

- ...არის ვნება, პატივისცემა და მეგობრობა.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ჭყინტი ვიყავი (იცინის). ბაღში რომ დავდიოდი, გოგო მომწონდა და მოტაცება მინდოდა, იმ პერიოდში გოგონების მოტაცება მოდაში იყო, ეს საშინელება ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების უპრინციპობა, სადამდე შეუძლია პიროვნებას დაეცეს. საბედნიეროდ, ადამიანებისგან სასიამოვნოდ გაკვირვებულიც ხშირად ვრჩები.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემი ქვეყნის ნებისმიერმა წარმატებამ სპორტში და არა - მხოლოდ სპორტში. ქართული წარმატების ამბები ჩემზე ძალიან მოქმედებს, უზომოდ მაბედნიერებს.

- ვრისკავ...

- ...თითქმის ყოველდღე, ამ დროს თამამი ვარ. რისკის გარეშე ცხოვრება უაზრობა იქნებოდა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ოჯახია.

- ვამაყობ...

- ...ჩემი გორით, ეს ქალაქიც ამაყობს ჩემით, ჩვენ განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს.

- შიში მაქვს...

- ...მხოლოდ სიმაღლის. ტყეში მამალი მგელი რომ შემხვდეს, არ მეშინია. ჩემთვის მეორე სართულიც კი მაღალია, სარეცხსაც ვერ გავფენ. ფრენის არ მეშინია, თავისუფალი ვარდნის შიში მაქვს. ჩემთვის სიმაღლე დიდი დისკომფორტია. აი, სიმაღლით არასდროს ვრისკავ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...არაფერს. დედამ და მამამ ასეთი გამაჩინეს; უფალმა ინება, ასეთი ვყოფილიყავი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო.

- ვიტყუები, როცა...

- ...მჭირდება ან მაშინ, როცა არ მინდა, ჩემი სიმართლით ვინმე დავაზიანო.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...სხვის მაგივრად. ჩემი თავის და ქცევის გამო არასდროს შემრცხვენია.

- თავისუფლება არის...

- ...ფრენა, ოღონდ საკუთარ თავში ფრენა, მაშინ როცა ყველასგან დამოუკიდებელი ხარ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩემს ქალაქში არავის გაუჭირდებოდა. უფრო მეტი თუ მექნებოდა, ჩემს ქვეყანაშიც არავის გაუჭირდებოდა. სამუშაო ადგილებს შევქმნიდი, ადამიანებს რომ ემუშავათ და ღირსეული შემოსავალი ჰქონოდათ.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ ვიმღერებ კრემლში.…

- მენატრება...

- ...ჩემი ბავშვობა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ვიყო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მე და მამა მეგობრები ვართ. ერთადერთხელ გვქონდა მამაშვილური, დამრიგებლური საუბარი. მაშინ მითხრა, შენ რომ წინ დაგხვდება და თავს დაგახრევინებს, არც მე და არც ბაბუაშენს ისეთი რამ არასდროს გაგვიკეთებია და ასეთ რამეს ნურც შენ გააკეთებო. ეს სიტყვები სულ მახსოვს, ჩემი ცხოვრების დევიზია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...3 მილიონი ადამიანის სიყვარული მარტივია, მე თქვენ ყველა ძალიან მიყვარხართ!

- ოთო, "მიმღერე" ეს არის პროექტი, რომელიც მსმენელმა, მაყურებელმა პირველივე სეზონზე შეიყვარა. რამდენად გქონდა მოლოდინი, რომ შემდეგ სეზონზე მიგიწვევდნენ?

- რა თქმა უნდა, მქონდა. ვთვლი, რომ აქტიური მუსიკოსი ვარ. პერიოდულად სხვადასხვა პროექტიდან მაქვს ხოლმე შემოთავაზებები, ხან ვთანხმდები, ხან უარს ვამბობ. "მიმღერე" ის პროექტია, რომელში ჩართვაც ძალიან მინდოდა, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის წევრები კარგად მღერიან.

308010399-5913455488687113-8516565572735832360-n-copy-1667893584.jpg

- მათი დათანხმება არ გაგიჭირდა?

- ჩემი ძმა შემდგარი მუსიკოსია, სოფო - მუსიკისა და დრამის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მათი დათანხმება არ გამჭირვებია. დედა თავს იკავებდა. ამბობდა, დიდ სცენაზე არასდროს ვმდგარვარო. არადა, მშვენივრად გამოუვიდა.

- ფავორიტი ოჯახი გყავს?

- ვერ ვიტყვი, ყველა ტურში ყველა ოჯახი თავისებურად საინტერესოა. ყველა მათგანს წარმატებას გულწრფელად ვუსურვებ!

უმეტესობა ახლო მეგობრები ვართ. ამდენი წელია სცენაზე ერთად ვდგავართ, ერთმანეთის წარმატება გვახარებს, ამ პროექტმა კი მეტად დაგვაახლოვა. ეს პერიოდი ყოველთვის კარგად გამახსენდება.

თამუნა კვინიკაძე