ხვიჩა მაღლაკელიძის ჩაკეტილი ემოციები, იმპროვიზაცია და დაბრკოლებები, რომლებმაც გააძლიერა - გზაპრესი

ხვიჩა მაღლაკელიძის ჩაკეტილი ემოციები, იმპროვიზაცია და დაბრკოლებები, რომლებმაც გააძლიერა

"ნაკლებად მეოჯახეა, გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას. უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, ცხოვრების აზრიც პროფესია და კარიერული წინსვლაა. უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა. ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით გატაცებული ყმაწვილკაცობაში მეტად ვიყავი, ვიდრე - დღეს, მაშინ ჩემი ნიშნის დახასიათებას რომ ვკითხულობდი, ბევრი რამ ემთხვეოდა ჩემს ხასიათს, მაგრამ სხვა ნიშნების დახასიათებაც ემთხვეოდა. მაინტერესებს, ახლა როგორ იქნება.

- ასტროლოგები თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ ხართ პრინციპული, გასაოცარი ამტანობით გამორჩეული და უზომოდ შრომისმოყვარე. ასეა?

- სამივე ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ამტანობით გამორჩეული და შრომისმოყვარე მეტად ვარ, ვიდრე - პრინციპული. ადვილად შეიძლება ვიღაცის აზრის ზეგავლენის ქვეშ მოვექცე. პრინციპებს რაც შეეხება, არის რიგი საკითხები, სადაც დათმობა არ შეიძლება, წითელი ხაზები არ უნდა გადაიკვეთოს. მაგალითად, სამშობლოს სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პატრიოტიზმს ბევრი გაიძვერაა ამოფარებული.

- დისციპლინით გამოირჩევი?

- არა, მაგრამ მაგის ერთ-ერთი განშტოება პუნქტუალობაა, რაც გადამეტებული დოზით მაქვს. სადმე 5 საათზე თუ ვარ მისასვლელი, აუცილებლად 4-ის 11 წუთზე მივდივარ.

- "ის ღრმა ბავშვობაში ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ისეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ".

- ასეა, ოღონდ ნელ-ნელა მივიწევ. ცხოვრებისეული დიდი ცვლილებების ყოველთვის მეშინია. სამსახურის შეცვლა და მსგავსი რამ მაფორიაქებს. ვფიქრობ, რომ არ გამიმართლოს? ამიტომ ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად მაქვს. მიზანდასახული ვარ, ვიცი, რა მინდა, მოთმინების უნარიც მაქვს და ნელ-ნელა მივდივარ, გზაში სადმე რომ არ წავიფორხილო. ჩემს მეუღლეს უკვირს, როგორ შემიძლია საცობში ჩუმად და აუღელვებლად ვიდგე, როცა არის სიგნალები, გინება, ნერვიულობა... როცა სადმე მივდივარ, ყოველთვის ვითვალისწინებ, საცობში მოხვედრის ალბათობას.

- "საქმის კეთებისას, სიფრთხილით და დაკვირვებულობით გამოირჩევა".

- ზუსტად ასეა, ყველა დეტალს ვაკვირდები, მნიშვნელოვნად ვთვლი. ისიც კი უნდა ვიცოდე, მიკროფონზე "შნური" მარჯვნიდან იქნება თუ მარცხნიდან?

- წლების განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გქონია?

- ძალიან ბევრი, ამან გამაკაჟა და გამაკერკეტა.

- "დაბრკოლებები, რომლებიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, მხოლოდ აძლიერებს, ის ამ დროს განსაკუთრებით ჯიუტია".

- ასეა, ყველაფერში გეთანხმები.

- "ზოგჯერ სიტყვაძუნწია", - ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები, არც ერთი ინტერვიუს დროს, რაც შენთან წლების განმავლობაში ჩამიწერია, ასეთი ადამიანის შთაბეჭდილება არ დაგიტოვებია.

- საქმეს როცა სჭირდება, გატლეკილი ვარ. ვიცი, ახლა ეს შენ გჭირდება, შენს სტატიას სჭირდება, შენ მუშაობ და ეს ინტერვიუ ჩემს პოპულარიზაციასაც სჭირდება. ახლა ჩვენ იმ სიტუაციაში ვართ, რომ ამბობენ, "ხელი ხელს ბანს". ახლა მეც შენსავით ვმუშაობ.

- და სიტყვაძუნწი როდის ხარ?

- ძალიან ხშირად, სამეგობროშიც, ოჯახშიც... მეუბნებიან: ე, ბიჭო, რა ჩუმად ხარ, ხმა ამოიღე, რამე მოჰყევი. ჩემი სამუშაო, ბევრ ხალხთან ურთიერთობა იმდენად მღლის, მგონი ინტროვენტი გავხდი. მარტოობა ზოგჯერ წამალივით კარგია. გუშინ ბათუმში ვიყავი, მატარებლით წავედი, სახლში რომ შევედი, არავისთვის დამირეკავს, ის სიწყნარე, მარტო ყოფნა ისე მესიამოვნა, ერთგვარი რელაქსი იყო.

- "ემოციებს თავშეკავებულად გამოხატავს, მით უმეტეს, სახალხოდ".

- გარდა სიცილისა. დანარჩენი ყველა ემოცია შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილი მაქვს. ვერავინ შემატყობს, რამე თუ მაწუხებს, რაღაცის გამო თუ ვდარდობ. ძალიან ახლობლებსაც არ ველაპარაკები პრობლემაზე, იმიტომ რომ არ მინდა დავამძიმო, გულთან მივატანინო.

- "არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება, საქციელით ყოველთვის მეტს ამბობს".

- ასი პროცენტით ასეა. ჩემი მეუღლისა და შვილებისთვის სიტყვა "მიყვარხარ" ძალიან ცოტაჯერ მითქვამს, ეს სენტიმენტები არ შემიძლია. ბათუმიდან დღეს დავბრუნდი, იქიდანაც მატარებლით ჩამოვედი. სტუდიაში აღარ წავედი. მინდა მეუღლეს მომზადებული კერძის სახით, სიურპრიზი დავახვედრო.

- "პირადი ცხოვრების აწყობას ის მაშინ იწყებს, როცა ფეხქვეშ მატერიალური სახით, მყარ ნიადაგს იგრძნობს".

- მატერიალური კუთხით, ფეხქვეშ მყარი ნიადაგი მალე ვიგრძენი. 16 წლიდან ვმუშაობ, ჯერ იმ ოჯახს ვარჩენდი, სადაც დავიბადე, ახლა - საკუთარ ოჯახს. მამა 25 წლის ასაკში გავხდი.

- "მისთვის უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, ცხოვრების აზრიც პროფესია და კარიერული წინსვლაა".

- ამისთვის ბოლომდე ვიხარჯები და ყველაფერს ვაკეთებ. მეუღლე სულ მეჩხუბება, სამსახურს ნუ გადაჰყევიო. შინ რომ ვბრუნდები, მაშინაც მოსწავლეებზე ვლაპარაკობ. მეუღლე პედაგოგია, ისიც თავის ბავშვებზე ლაპარაკობს და ჩვენი შვილები სვამენ კითხვას, - თქვენს ცხოვრებაში ჩვენ სად ვართ?

- "მისი მთავარი მტერი პერიოდულად გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობაა".

- სად მცალია დეპრესიისთვის. ბათუმში ერთი კარგი კაცი გვყავდა, სულ ჩქარ-ჩქარა დადიოდა. ერთხელ ვიღაცას მანქანა გაუჩერებია და უთქვამს, - დაჯექი, წაგიყვანო. არა, არა, დასაჯდომად სად მცალიაო. აი, ასეთი მიდგომა მაქვს დეპრესიისადმი. თორემ სადეპრესიოს რა დალევს გარშემო. ვცდილობ, იუმორით მივუდგე, სარკაზმიც ხშირად მშველის. შეიძლება იმ მომენტში სულელის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ მე მშველის.

- "ძალიან რთულად ეგუება მარცხს, ოჯახურ კონფლიქტს და პროფესიულ წარუმატებლობას, ამას მისი ხანგრძლივი დროით გატეხაც კი შეუძლია".

- საბედნიეროდ, მსგავსი რამ ცხოვრებაში ჯერ არ მქონია, არ განმიცდია. ალბათ, ძალიან მძიმე იქნება.

- "დრაკონის წელში დაბადებული ადამიანი თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს".

- მართლა მკლავს, იმპულსური ადამიანი ვარ, დაგეგმილად ცხოვრება არ შემიძლია.

60688959-1154744438020136-6794594895987212288-n-1668408364.jpg

- ზოგჯერ ესეც ხომ საჭიროა...

- მაგისთვის ვერძი მეუღლე მყავს და მას გამოსდის შესანიშნავად. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. რაღაც თუ მინდა, იმ წუთში, იმ ნივთში შეიძლება უკანასკნელი თანხა გადავიხადო და საჩხუბარი თუ არის, არ დავფიქრდე, ისე ვიჩხუბო - ეს ჩემი ცუდი მხარეა.

- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- რომ ვფეთქდები და ვგიჟდები, ტაქტი სადღა მახსოვს. მერე ბოდიშს ვიხდი თუნდაც იმიტომ, რომ ამ შეცდომის გამეორების საშუალება ხელმეორედ მქონდეს.

- "ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში, არ ეშინია გამოწვევების".

- გული რომ გადაგიშალო და გითხრა, ასეა, ამბიციური ვარ, ამდენმა შრომამ უნდა მოიტანოს ის შედეგი, რომ ზემოდან - არა, მაგრამ ჩემ გასწვრივ მაინც ვიყურო.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- ბევრი მეგობარი არ მყავს. ჩემზე ბევრი ამბობს ჩემი მეგობარია, ძმაკაციაო, მაგრამ მე ხომ ვიცი, ასე არ არის. ამ მხრივ ცოტათი ჩაკეტილი ვარ. ხანდახან ვგრძნობ, იმ მომენტში უნდა ადამიანს ნაცნობობით თავი მოიწონოს და სხვა დროს რომ დავურეკო, არც კი მიპასუხოს.

- "ნაკლებად მეოჯახეა, გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას".

- მეოჯახე ვარ კულინარიული მიმართულებით, მტვრის გადაწმენდისა და სხვა საქმეებისგან შორს ვარ.

- კერძების მომზადების სიყვარული, გურმანობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?

- კი, დედა ისეთ რაღაცებს მაჭმევდა, რაც არ მომწონდა, არ მიყვარდა, მაგრამ სასარგებლოაო, იძახდა. ამიტომ "შემომესწავლა" იმ კერძების მომზადება, რომლებიც მიყვარდა და მომწონდა.

- "კრეატიულია, ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა".

- ამას მე იმპროვიზაციას ვეძახი და ეს მუსიკაშიც მიყვარს. ცხოვრებაში კი ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს მარტივად ვპოულობ.

19396967-1572604082763912-3787386404187230292-n-1668408351.jpg

- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".

- მე ვიტყოდი, რჩევის მიცემა.

- "აზარტულია, ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას".

- ძალიან აზარტული ვარ, ამის გამო ცხოვრებაში კაზინოში ერთხელაც კი არ ვყოფილვარ, კარტის თამაშიც არ ვიცი.

- რისკზე თამამად მიდიხარ?

- არა. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ სხვა ადამიანებთან ერთად თუ მივიღებ, მარტო მეშინია.

- "მას უყვარს უცნაურობები და ძალიან მოსწონს იდუმალი ადგილები".

- ასეა, ბავშვობაში სიზმარში ვნახე ერთი ადგილი, ისეთი ლამაზი ბუნება იყო, ისეთი ლამაზი, რომ დამამახსოვრდა, საოცარია, მერე დიდობაში ბათუმში ის ადგილი ვნახე. ახლა, როცა იქ ჩავდივართ, მეუღლე მეუბნება, - წამოდი, იქით გავისეირნოთ. - სად იქით? - შენი სიზმრისკენო.

თამუნა კვინიკაძე