მარიკა მაჩიტიძის ანონიმურად მირთმეული თაიგულები და დაუვიწყარი ემოცია - გზაპრესი

მარიკა მაჩიტიძის ანონიმურად მირთმეული თაიგულები და დაუვიწყარი ემოცია

ადამიანი როცა საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრობს, მისი ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები იკვეთება და ინტერესის სფეროც კარგად ჩანს. მარიკა მაჩიტიძეს თბილისის ოპერისა და თეატრის გარდა, ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე სიმღერა. სოპრანოს დატვირთული განრიგი, მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება, არაერთი წარმატებული ნაბიჯი აქვს გადადგმული და წინ კიდეც ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.

- ნათელი, მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო იმით, რომ ქუთაისში, ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ხშირად ტარდებოდა საინტერესო ღონისძიებები. სკოლისა და სტუდენტობის წლების ნაწილი ქუთაისში მაქვს გატარებული და ამ ქალაქს ჩემი ბევრი პოზიტიური მოგონება უკავშირდება.

- როგორც ვიცი, დედა ალტისტია, მამა ექიმი გყავდათ და ბავშვობიდან ეზიარეთ მუსიკას...

- დიახ, მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ჩვენს ოჯახში ყველა მღერის. მყავს ძმა, რომელიც ჩემზე ზუსტად 3 წლითა და 3 დღითაა უფროსი. ის პროფესიით დიპლომატია.

მამა ექიმი იყო, მაგრამ ისიც მღეროდა, მუსიკასა და ლექსებს წერდა, არაჩვეულებრივად ხატავდა. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, გამორჩეული პიროვნება გახლდათ. მამაჩემს დიდი სურვილი ჰქონდა, მის გზას გავყოლოდი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვყოფილიყავი, მაგრამ მუსიკამ მძლია.

- თუმცა, თავდაპირველად სამედიცინოზე ჩააბარეთ, ხომ?

- დიახ, სკოლის დამთავრების შემდეგ 1 წელი სამედიცინოზე ვსწავლობდი, მაგრამ ისე ვიყავი მუსიკით მონუსხული, პროფესია შევიცვალე. ჯერ ქუთაისის კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაგისტრატურა კი თბილისის კონსერვატორიაში დავამთავრე.

- დადებითთან ერთად, ცხოვრებაში არის მძიმე მოგონებებიც. ამ თვალსაზრისით რას გამოყოფთ?

- ყოველთვის ვცდილობ ნეგატიური და არასასიამოვნო მოგონებები არ შევინახო, მაგრამ ალბათ ყველას გვახსოვს გასული საუკუნის რთული 90-იანები, უშუქობის, უგაზობის, უძრაობის, ომიანობის წლები და ამ დროსთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ალბათ ყველასთვის და მათ შორის ჩემთვის, ნამდვილად ცუდი გასახსენებელია.

- წლების განმავლობაში ვხვდებით ადამიანებს, ვისაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დაასახელეთ 3 ასეთი პიროვნება...

- ჩემს ოჯახში, ბავშვობიდან მახსოვს ხშირი სტუმრიანობა, სუფრები, ქეიფები, სადაც ყოველთვის საინტერესო ადამიანები იყრიდნენ თავს. მინდა გამოვყო გამორჩეულად ნიჭიერი, ფენომენალური მუსიკოსი და დირიჟორი თენგიზ ჭუმბურიძე, რომელიც თბილისიდან ქუთაისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მან ჩემს მუსიკალურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მასთან გადავდგი პირველი ნაბიჯები და როცა ორკესტრთან პირველად ვიმღერე, მან იდირიჟორა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მამისა და ჩემი ურთიერთობა. ის ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რომელიც სამწუხაროდ, 2014 წელს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით აღარ არის და ძალიან მაკლია, მის თანადგომას და სულიერ სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობ. ჩემთვის ძვირფასი და უმნიშვნელოვანესი ადამიანია დედა, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. მას ყოველთვის ვუზიარებ ჩემს ყოველდღიურობას - როგორც დადებით, ისე უარყოფით ემოციებს.

- როცა პირველად გაემგზავრეთ საზღვარგარეთ, როგორი იყო დამოუკიდებლად ცხოვრების პირველი შთაბეჭდილებები?

- პირველად 2003 წელს ლოს-ანჯელესში მომიწია წასვლამ. ჩემი ოჯახიდან ასე შორს მანამდე არასდროს ვყოფილვარ. დედასგან მახსოვს: როცა გაგაცილე და ტრაპზე ახვედი, მაშინ დავფიქრდი, ეს რა ვქენი, ასე შორს მარტო როგორ ვუშვებო (იღიმის)? ჩემთვისაც რთული იყო, რადგან ოჯახზე ძალიან ვიყავი დამოკიდებული. თან, მე ძალიან ტრადიციულ, შეკრულ და მოსიყვარულე ოჯახში ვარ გაზრდილი. შტატებში დარჩენის, სწავლის გაგრძელების შანსი მქონდა, მაგრამ იმ დროს დამოუკიდებელი ნაბიჯებისა და ცხოვრებისთვის მზად არ ვიყავი, ისევ ჩემს სამშობლოში წამოვედი, ფესვებს დავუბრუნდი.

- დღეს ამ ნაბიჯს ხომ არ ნანობთ?

- ვერ გეტყვით... თან ვნანობ და თან არა, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, არ ვინანო (იცინის).

- თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი სცენაზე გასვლა გაიხსენეთ...

- ეს იყო მაშინ, როცა პირველად (როგორც საოპერო მომღერალი) დავდექი ქუთაისის თეატრის სცენაზე და „წითელქუდას“ როლი შევასრულე. სასიამოვნო ემოციები მქონდა, ზღაპართან გაიგივებული და მახსოვს, როგორ გულმოდგინედ ვცდილობდი „წითელქუდას“ როლში შესვლას (იღიმის). იმ დროს სცენაზე ერთ-ერთი როლს ჩემი პედაგოგიც ასრულებდა და ასევე გვერდით მყავდნენ ის ადამიანები, ვინც ახლა უკვე ჩემი მეგობრები არიან. იმ დღის გახსენება ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს.

- ვინ არის თქვენთვის მომღერალი, ვისმა შთამბეჭდავმა მუსიკალურმა შესრულებამაც ძალიან მოგხიბლათ?

- ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი, როცა ლოს-ანჯელესში მოვისმინე ანა ნეტრებკო. იმ დროს მას კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. „ლუჩია დი ლამერმურში“, ანა ლუჩიას პარტიას მღეროდა და იყო ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც იქამდე მქონდა მოსმენილი. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ემოცია, კულტურული შოკი მივიღე!

- თქვენს პროფესიულ, მუსიკალურ შთაბეჭდილებებთან ერთად, არსებობს ის ემოციებიც, რასაც წიგნებით, ფილმებით, სპექტაკლებით ვიღებთ. როგორია თქვენი გემოვნება ამ მიმართულებით?

- ჩემთვის ბევრი შთამბეჭდავი ავტორი არსებობს, კლასიკოსებიდან გამოვარჩევ კონსტანტინე გამსახურდიასა და მის „მთვარის მოტაცებას“. ძალიან მიყვარს მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებიც. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს რუსული ლიტერატურაც. რაც შეეხება ფილმებს, ძალიან მიყვარს კლასიკა. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იტალიური კინო, რომლის რეჟისორებიდან გამოვყოფდი ბერნანდო ბერტოლუჩის. დევიდ ლინჩის ფილმები ყოველთვის ემოციურად საყურებელია და ისიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორთაგანია. რაც შეეხება სპექტაკლებს, ბავშვობის მოგონებებიდან მახსოვს „კავკასიური ცარცის წრე“. ამ წარმოდგენას პირველად ქუთაისში გასტროლის დროს დავესწარი და ვინაიდან დიდი სურვილი მქონდა მეორედაც მენახა, შემდეგ უკვე თბილისში, რუსთაველის თეატრში ვნახე.

- შთამბეჭდავ ქვეყნებს შორის, კინოს მსგავსად, აქაც იტალიას ხომ არ დაასახელებთ?

- შთამბეჭდავ ადგილებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის ემოციას გაგიზიარებთ. ახლახან დუბაიში ჩვენი თეატრის გასტროლი იყო. „ტრავიატა“ წარვადგინეთ, სადაც ვიოლეტას პარტიას ვმღერი. დუბაიში სხვა ქალაქებისგან განსხვავებული ატმოსფერო დამხვდა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისე კი, თუ ევროპასა და აზიას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს, „ჩემი“ დაუფიქრებლად არის ევროპა.

- თქვენ პროფესიას თან ახლავს ყვავილები, თაიგულები...

- დიახ, არ დავმალავ, ეს ძალიან სასიამოვნოა. ყვავილები სიურპრიზებად მოდის ხოლმე, ანონიმურად, უცნობი თაყვანისmცემლებისგან, ზოგჯერ ფურცელზე წარწერით, ზოგჯერ მის გარეშე (იღიმის). მიყვარს როგორც საჩუქრად მორთმეული ყვავილები, ისე შინ, ქოთნის მცენარეების მოვლაც. თბილისში მაქვს: აზალიები, კოლანhოე, ფიკუსი, მარანტა, რამდენიმე კაქტუსიც. მცენარეების მოვლა და მათთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს.

- ყოველდღიურად ან პერიოდულად, თქვენს შთაბეჭდილებებს ხომ არ იწერთ?

- სკოლის პერიოდში ვიწერდი, სადღაც შენახულიც კი მაქვს ამერიკაში მოგზაურობის მოგონებები, მაგრამ მას შემდეგ დღიურები არ მქონია. ვფიქრობ, საჭიროა და შეიძლება ახლა სასიამოვნო მოგონებები ფურცლებზე გადავიტანო.

3-2-1668410577.jpg

- ვის ჩანაწერებს გაეცნობოდით ინტერესით?

- ჩემთვის საინტერესოა მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების მოგონებები. ბევრი ასეთი ავტობიოგრაფიული წიგნი არსებობს კიდეც, მაგრამ ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო მარია კალასის ცხოვრებაა, თავისი ემოციებითა და ტრაგიზმით.

- დაბოლოს, თქვენს უახლოეს გეგმებზეც მიამბეთ...

- ახლო მომავალში საქართველო-ამერიკის დიპლომატიურ ურთიერთობების 30 წელთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ პრესტიჟულ დარბაზში ვმართავ კონცერტს, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან: დიპლომატები, ელჩები და ა.შ. ასევე მექნება გასტროლი იტალიაში. რაც შეეხება საქართველოს, ნოემბრის ბოლოს მონაწილეობას მივიღებ თბილისის კონსერვტორიის საოპერო სტუდიის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, ხოლო დეკემბერში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის ოპერის - „ბოჰემა“ პრემიერა გაიმართება და ამ სიახლით წარვდგებით მსმენელისა და მაყურებლის წინაშე.

ანა კალანდაძე