"არ ვფიქრობ, რომ ქალური ვარ - ბავშვური და "გოგოშკური" შტრიხები ჯერ კიდევ მაქვს" - გზაპრესი

"არ ვფიქრობ, რომ ქალური ვარ - ბავშვური და "გოგოშკური" შტრიხები ჯერ კიდევ მაქვს"

"კომედი შოუს" მსახიობი - თაკა კაკულია გარშემო მყოფებისგან ჩაცმის სტილთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს ხშირად იღებს. როგორც გვითხრა, მისი სტილი სხვებისთვის ინსპირაციის წყარო ხშირად გამხდარა...

- თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- კი, ნამდვილად. გასულ წლებში გემოვნება რადიკალურად მეცვლებოდა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა.

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ძლიერი ზეგავლენა რამ ან ვინ მოახდინა?

- უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ჩემს ყოფილ და ახლანდელ სტილს ერთმანეთს ვადარებდი, ინტერნეტსივრცეში მოდის ტენდენციებს თვალყურს ვადევნებ...

- შენს გარდერობში როგორი ფერის სამოსი ჭარბობს?

- თითქმის ყველა ფერის სამოსი მაქვს, რომლებსაც განწყობის მიხედვით ვიცვამ. თუმცა ალბათ, ყველაზე მეტი ჩემს გარდერობში შავი ტანსაცმელია. ჩემთვის ყველაზე კომფორტული ეს ფერია, რადგან აბსოლუტურად ყველა ხასიათს უხდება.

- სოციალურ ქსელში შენი ჩაცმულობა "ლუქის" აწყობისას ვინმესთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა?

- კი, გამხდარა, თუმცა კონკრეტულ ადამიანს ვერ დავასახელებ. მხოლოდ კონკრეტული ჩაცმულობიდან კი არა, ინსპირაცია მთელი ჩემი სტილიდან "აუღიათ".

- შეგიძლია ისეთი ადამიანი დაგვისახელო, ვისი გემოვნებაც შენს ყურადღებას იქცევს?

- კონკრეტული "აიქონი" არ მყავს. როცა მაღაზიაში რამის საყიდლად შევდივარ, წარმოვიდგენ ხოლმე, იმ სამოსს თუ აქსესუარს ჩემი გარდერობიდან რას შევუხამებ და "ლუქს" იქვე ვაწყობ. სახლში უამრავი არასტანდარტული აქსესუარი თუ სამოსი მაქვს, რომლებსაც თავი და ბოლო ვერ მოვუნახე. გარკვეული დროის მერე შეძენილ ნივთებს თავს ვუყრი და ვფიქრობ, რას რა მოუხდება. საბოლოოდ, იდეალური "ლუქი" გამოდის, როცა განსაკუთრებული დღეა და მინდა, კარგად გამოვიყურებოდე.

- ყოველდღიურად როგორ იმოსები?

- რაც შეიძლება კომფორტულად. ჩემთვის კომფორტული სპორტული სტილის სამოსია. აუცილებელი არ არის, ყოველდღიურად განსაკუთრებულად გამოიყურებოდე, მით უმეტეს - მუშაობისას. უბრალოდ, მოწესრიგებული უნდა იყო და თავს კომფორტულად გრძნობდე.

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- მაგალითად, როცა მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა (თუნდაც - დაბადების დღე), მეკითხებიან, თუ როგორი სტილის სამოსი ჩაიცვან, როგორი მაკიაჟი გაიკეთონ... მათი გარეგნობის, სხეულის ფორმების საფუძველზე, რჩევებს ვაძლევ.

- ეკრანზე გამოჩენის დღიდან წაბლისფერი თმა გაქვს. ოდესმე სხვა ფერის თმა გქონია?

- სანამ თმა არ გამიჭაღარავდება, არ შევიღებავ, რადგან ჩემი ბუნებრივი ფერი ძალიან მომწონს, თუმცა რამდენჯერმე თავს უფლება მივეცი, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: ე.წ. ტონიკით (საღებავით, რომელიც ფერს მხოლოდ თმის დაბანამდე ინარჩუნებს) შავად შევიღებე. სხვათა შორის, მომეწონა. ასე ახლაც ვერთობი ხოლმე...

- თმის ფერის შეცვლა ბევრ ქალს უყვარს...

- ალბათ იმიტომ, რომ ბუნებრივი ფერის თმაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ - რაღაც აკლიათ, რომ გამოჩნდნენ, გამოიკვეთონ... ვფიქრობ, პირადად მე, თმის შეღებვა არ მჭირდება, რომ განსაკუთრებული გამოვჩნდე.

- ვარცხნილობაზე რას გვეტყვი?

- ბავშვობაში ძირითადად, "კარეს" ვატარებდი, მაგრამ ეს ჩემი კი არა, დედაჩემის გადაწყვეტილება უფრო იყო: არ მეკითხებოდა, თმას ისე მჭირდა... მას შემდეგ გრძელ თმას ვატარებ (იღიმის)..

- თმას როგორ უვლი?

- რამე განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ ყველაფერს მინიმალურ დონეზე უნდა მოუარო - ისე, რომ უბრალოდ, მოწესრიგებული იყოს. ჩემი თმა ყოველთვის დამყოლი, რბილი და კარგი გახლდათ. ალბათ იმის დამსახურებაცაა, რომ არ ვიღებავ. მგონია, განსაკუთრებული მოვლით უბრალოდ, თმას შევაწუხებ.

- ტატუები, პირსინგები გაქვს?

- ჭიპზე პირსინგი მაქვს. დიდი ხანია, ტატუს გაკეთებას ვგეგმავ. მინდა, რამე ისეთი ავარჩიო, რომ არ მომბეზრდეს. ჩემთვის ეს ძალიან რთულია. ალბათ, ტატუს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და ისეთ ადგილას იყოს, რომ თვალში ხშირად არ მომხვდეს.

- ტატუს გაკეთება მისი მოდურობის გამო გადაწყვიტე?

- არა. საერთოდ, მოდურობის გამო ტანსაცმელსაც არ ვარჩევ. ვიცი, რომ როცა რაღაც უცებ ტრენდული ხდება, მოდიდანაც მალევე გადადის, მაგალითად - "ბალენსიაგას" ფეხსაცმელები. უბრალოდ, მომწონს, როცა ტატუ სხვა ადამიანებს აქვთ. ვფიქრობ, მეც მომიხდება.

- შენი ბინა, ოთახი შენი გემოვნებითაა მოწყობილი თუ დიზაინერი დაგეხმარა?

- ოთახი ჩემი გემოვნებითაა მოწყობილი: ძალიან კლასიკური და უბრალოა - განსაკუთრებული არაფერია. მიყვარს, როცა საძინებელი გადატვირთული არაა - მყუდრო და კომფორტულია. მისაღები ოთახი ნაწილობრივ ჩემი გაფორმებულია, ნაწილობრივ - მეუღლის. ბევრი ნახატი და ბევრი მცენარე მაქვს. კედელზე ჩემი რამდენიმე ნახატიც კიდია. ხატვა მიყვარს, ოღონდ - ბაბუის და ბიძისგან განსხვავებით, მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვხატავ. ჩემს სახლში ნათელი და ხალისიანი ფერებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მყუდრო გარემოა.

- ავტომობილის მართვისას როგორ მუსიკას უსმენ?

- გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. როცა სევდიან განწყობაზე ვარ, სევდიან, მშვიდ მუსიკას ვუსმენ, რომ განვიტვირთო, მხიარულ განწყობაზე მყოფი კი - მხიარულს. კონკრეტული ჟანრი ამოჩემებული არ მაქვს, თუმცა ბოლო დროს ტექნოს ვუსმენ. საერთოდ, ჩემთვის წარმოუდგენელია, დღემ ისე ჩაიაროს, მუსიკას არ მოვუსმინო. ყველა შესაძლებლობისთანავე ვუსმენ: სამსახურში, შესვენების დროს, აუცილებლად ყურსასმენები მიკეთია; სახლში, თუ მარტო ვარ, დინამიკში მუსიკა მაქვს ჩართული... საერთოდ, მუსიკა ჩემი ინსპირაციის წყარო ხშირად ხდება.

- ვიდრე იუმორისტული გადაცემის მსახიობი გახდებოდი, რომელ იუმორისტულ შოუებს უყურებდი, თუნდაც - ბავშვობაში?

- იმას, რასაც ტელევიზია მთავაზობდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მეც მათი გუნდის წევრი გავხდებოდი.

taka-1-1668410934.jpg

- მოგწონდა?

- კი, რა თქმა უნდა. მაშინ უკეთესი ხარისხის გადაცემებიც იყო. გარკვეულწილად, იუმორისტულმა გადაცემებმა საკუთარი თავი ამოწურა - ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს, რომ სტანდარტებს აhყვეს. სადაც ვმუშაობ, ის გუნდი ასე იქცევა: ახალ საფეხურზე ავიდა; აცნობიერებს, რომ ახალი წამოწყებების დროა...

- შენთვის სამაგალითო რომელი ქალი იუმორისტია?

- ვერ ვიტყვი, რომ სამაგალითოა, მაგრამ ყოველთვის ელენ დეჯენერესის ფანი ვიყავი, თუმცა იუმორისტი არაა - ტელეწამყვანია.

- სიტყვა "ქალური" როგორ გესმის? როგორ ქალთან ასოცირდება?

- ქალურობა ასაკობრივ ცვლილებას "მოაქვს". არ ვფიქრობ, რომ ქალური ვარ - ბავშვური და "გოგოშკური" შტრიხები ჯერ კიდევ მაქვს. ჩემი აზრით, გარკვეული პერიოდის მერე, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი აღწევს იმას, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბდეს. ალბათ, ეს დედობრივ ინსტინქტს უკავშირდება და ბავშვის გაჩენის შემდეგ ხდება... ქალურობა ჩაცმის სტილში, ხასიათში და საერთოდ, ყველაფერში უნდა იკვეთებოდეს.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრების ხშირი სტუმარი ხარ?

- ხშირი - არა, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე თავს უფლებას ვაძლევ, ჩემი კანი ვიტამინებით გამოვკვებო. მსოფლიო სტანდარტების მიხედვით, დღეს საჭიროა, რომ თავს ადრეული ასაკიდანვე მივხედოთ, რათა გვიან დავბერდეთ. თუკი სახეს და სხეულს ვიტამინებით გავიმდიდრებთ, კარგი იქნება.

- ოდესმე გარეგნობის რამე დეტალის შეცვლის სურვილი გაგჩენია?

- რა თქმა უნდა! ახლაც მინდა, ცოტათი უფრო დიდი ზომის მკერდი და რამდენიმე სანტიმეტრით გრძელი ფეხები მქონდეს.

- ამის გამო კომპლექსი გქონია?

- სხვათა შორის, აქამდე ჩემი პატარა მკერდი არ მაწუხებდა, პირიქით - უფრო კომფორტული იყო, მაგრამ ახლა 23 წლის ვარ და უკვე ვფიქრობ, მკერდი მჭირდება, რომ სხეულის გამოკვეთილი ფორმები მქონდეს. იმედია, ოდესმე გავიკეთებ...

- პლასტიკური ქირურგიით მკერდის გადიდებაზე ფიქრობ?

- იდეის დონეზე, ვფიქრობ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი ფიქრით იწყება, არა (იცინის)?..

- ყველაზე მეტად კომპლიმენტის მიღება ვისგან გსიამოვნებს?

- ალბათ - ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც არ ვიცნობ, არასდროს მინახავს... მაგალითად, ქუჩაში რომ გავივლი და მეტყვიან, - ვაიმე, რა ლამაზი ხარო, ჩემს განწყობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. მერე შეიძლება, ეს ფაქტი დამავიწყდეს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში კარგ, მხიარულ განწყობას ვინარჩუნებ. კომპლიმენტების მიღება უცხო ადამიანებისგან უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ახლობლებისგან.

taka-3-1668410921.jpg

- დღემ ისე რომ ჩაიაროს, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლიმენტი არავინ გითხრას, შენს სილამაზეში ეჭვი შეგეპარება?

- არა, არა, სარკეში ჩავიხედავ და საკუთარ თავს თავად ვეტყვი, - ვაიმე, რა კარგი ხარ-მეთქი (იცინის)!.. რა თქმა უნდა, დღეებს ისე ჩაუვლია, რომ ჩემთვის კომპლიმენტი არავის უთქვამს - ეს ჩვეულებრივი ამბავია. ადამიანები ყოველდღე ისე არც გამოვიყურებით, რომ ვიღაცამ კომპლიმენტი გვითხრას. გამოპრანჭვის გარეშე ყოფნა ზოგჯერ მეც მსიამოვნებს...

- როგორი კერძები მოგწონს? თავად როგორი მზარეული ხარ?

- ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ კარგი, მეგრული ხელი მაქვს. ჩემი აზრით, უბრალოდ, მახსოვს, სამეგრელოში როგორი გემრიელი კერძები მაქვს მირთმეული და ვცდილობ, ჩემ მიერ მომზადებული კერძები იმ გემოს მივამსგავსო... ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო სამზარეულო არ მომწონს - იტალიური, ჩინური და საერთოდ, აზიური კერძები მიყვარს, თუმცა მეგრული ყველას მირჩევნია (იღიმის).

- შენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- ვინც სხვას ეუბნება, - გოიმი ხარო. საერთოდ, გოიმად ისეთი ადამიანი მიმაჩნია, ვინც არ ვითარდება, ყოველთვის ერთ საფეხურზე დგას, თუმცა არ მიყვარს, როცა ერთი ადამიანი მეორეს ამ სიტყვით მიმართავს, რადგან სასწაული თვისებებით არავინ დავბადებულვართ. გემოვნების ჩამოყალიბება ჩვეულებრივ, განათლების მიღებაა...

ეთო ყორღანაშვილი