ვინ ხელმძღვანელობს სანდრო მრევლიშვილის თეატრს - გზაპრესი

ვინ ხელმძღვანელობს სანდრო მრევლიშვილის თეატრს

შესასვლელ კართან დამონტაჟებული აბრა გვამცნობს: სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი. წარწერის ზემოთ კი ემბლემად სანდრო მრევლიშვილის პორტრეტია, რომელიც წლების წინ რეჟისორის კლასელსა და მეგობარს, მხატვარ თემო გოცაძეს შეუსრულებია. 2021 წლის თებერვალში, რეჟისორის 80 წლის იუბილეზე თეატრს სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა, მაშინვე შეირჩა ემბლემად მხატვრის აღნიშნული ესკიზი. დღესდღეობით თეატრს რეჟისორი მიხეილ მრევლიშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც თეატრის დღევანდელობაზე სასაუბროდ შევხვდი...

რუსთაველის 19-ში მოქმედი სივრცე რიგით მეოთხეა, სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებულ თეატრთა შორის. მეტეხის თეატრი, ძველი სახლი, გლობუსი და ბოლოს თეატრი, ზემოთ მითითებულ მისამართზე. იქ რეჟისორი და პედაგოგი სიცოცხლის ბოლომდე, თეატრალური უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად მოღვაწეობდა. მანამ, სანამ სხვადასხვა წლებში, სანდრო მრევლიშვილის თეატრს ეტაპობრივად შეუერთდებოდნენ ახალგაზრდები, მეტეხის თეატრიდან მოყოლებული დღემდე, მას თან ორი მსახიობი მოჰყვა: აკაკი ხიდაშელი და პავლე ნოზაძე. „მეტეხის თეატრი“ სანდრო მრევლიშვილმა „ჰამლეტით“ გახსნა, სადაც ეს ორივე მსახიობი მონაწილეობდა. დღეს კი აკაკი ხიდაშელი სანდრო მრევლიშვილის თეატრში, რეჟისორის უკანასკნელ დადგმაში „უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)“ მონაწილეობს, ხოლო პავლე ნოზაძე მიხეილ მრევლიშვილის სპექტაკლში „ცილინდრი“ ატილიო სამუელს განასახიერებს.

დარბაზში 50-მდე მაყურებელი ეტევა. პატარა სცენაზე სხვადასხვა წარმოდგენისას დასის 16 მსახიობის ხილვაა შესაძლებელი. ისინი ერთი ხელის გაწვდენაზე, მაყურებლის პირისპირ თამაშობენ ამა თუ იმ პიესას, რაც დამსწრე საზოგადოებაში თანამონაწილეობის განცდას ბადებს.

მიხეილ მრევლიშვილი:

- ერთმანეთთან ახლოს განლაგებული სცენა და პარტერი ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებას. „ცოცხალი ურთიერთობა“, მსახიობისა და მაყურებლის სიახლოვე დამახასიათებელი იყო მისი ყველა თეატრალური შენობისთვის და ათწლეულების განმავლობაში ის ქმნიდა შემოქმედებით ფორმულას „მსახიობის ხელოვნება, მაყურებლის ხელისგულზე“. დღეს ყველაფერი „ციფრულია“, ხელოვნება და თანამედროვე კულტურა მეტწილად, „სოციალურ ქსელებში“ კომფორტულად არის მოკალათებული. ამიტომ მოცემულობა, როდესაც მსახიობი მაყურებლის ხელისგულზე მოქმედებს და ქმნის მხატვრულ სახეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და არაერთი საინტერესო ექსპერიმენტის განხორციელების საშუალებას იძლევა. სანდროს შექმნილი სპექტაკლები ყოველთვის იყო აკადემიური და ამავდროულად, ნოვატორული. მისი წარმოდგენები მოქცეული გახლდათ პროფესიულ ჩარჩოში და ამავე დროს იყო ახალი, თანამედროვე.

5es-poto-aucileblad-sandro-misha-da-misha-copy-1668411113.jpg

- რამდენი სპექტაკლია რეპერტუარში?

- ამჟამად რეპერტუარში 5 სპექტაკლი გვაქვს, რომელსაც წარმოვადგენთ ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას. ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ერთი, მცირე სცენაა. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, პარალელურ რეჟიმში ვიმუშაოთ. რეპერტუარშია გურამ ბერეკაშვილის „სამშობლო“, რომლის პიესის ავტორი თამაზ მეტრეველია. ასევე, სანდრო მრევლიშვილის წარმოდგენები: „კვერცხი“, „უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)“ და „პარტახი“. ასევე ჩემი სპექტაკლი „ცილინდრი“. გარკვეული დროით არის შეჩერებული ჩემი სპექტაკლი „ორი მსახიობისთვის“ და ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი გამყრელიძის წარმოდგენა „ქვრივები“. როგორც კი ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, ორივე მათგანს აღვადგენთ. მუშაობა მიმდინარეობს ბერტოლდ ბრეხტის პიესაზე „დედილო კურაჟი“. იმედი მაქვს, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ამ ახალი სპექტაკლით წარვდგებით მაყურებლის წინაშე. მაქსიმალურად ვცდილობ ახალგაზრდა პროფესიონალი რეჟისორებისათვის გახსნილები ვიყოთ, შევინარჩუნოთ სანდროს სპექტაკლები და ამავდროულად განვვითარდეთ - შევქმნათ ახალი. ჩვენ უპირველესად მეტეხის თეატრის მემკვიდრეები ვართ და ასევე, ყველა იმ თეატრის, რომელიც სანდრო მრევლიშვილმა შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ახალი თეატრალური, გამომსახველობითი ხერხების მუდმივი ძიება.

- დღეს სად ინახება ის ცნობილი ჩაქუჩი, რომელსაც სანდრო მრევლიშვილი ყველა მორიგი თეატრის მშენებლობისას იყენებდა?

- ჩაქუჩი ჩვენი თეატრის მსახიობს, თორნიკე ბელთაძეს აქვს ჩაბარებული, ის ინახავს და როცა საჭიროა, ვიყენებთ ხოლმე.

- მამათქვენის მიერ დაარსებული ერთ-ერთი თეატრი „ძველი სახლი“ ფაქტობრივად, შინ გქონდათ და ალბათ, თქვენც ამ გზას რომ გაჰყვებოდით, გასაკვირი არ იყო. და მაინც, როგორ შეხვდა თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- „ძველი სახლის“ დროს მე უკვე რეჟისორი ვიყავი. რაც შეეხება ბავშვობას: ბაბუა მიხეილ მრევლიშვილი დრამატურგი იყო (მისგან მივიღე პირველი გაკვეთილები), მამა რეჟისორი, ბებია ხელოვნებათმცოდნე, დედა მსახიობი, მამას მამიდა გახლდათ მალიკო მრევლიშვილი (ქართული სასცენო მეტყველების სკოლის ფუძემდებელი). ბავშვობიდან ვიცოდი, რომ რეჟისორი ვიქნებოდი. ეს არასოდეს ყოფილა მშობლებთან განხილვის საგანი და არც მათ მოუციათ რამე მინიშნება. რა პროფესიაც უნდა ამერჩია, ისინი ჩემს ნებისმიერ არჩევანს მიესალმებოდნენ. საერთოდ, სანდროს არასდროს ახასიათებდა რამის პირდაპირ მოთხოვნა ან გადაჭრით თქმა. მან ზუსტად იცოდა, თუ რა წონა აქვს ადამიანის თავისუფლებას.

- საბჭოთა დროს, დამოუკიდებელი თეატრის გახსნა არ იყო მარტივი და ალბათ არაერთ წინააღმდეგობასაც აწყდებოდა. შინ, თქვენთან თუ საუბრობდა ამ თემაზე?

- სანდრო ყოველთვის ახალგაზრდა, გამბედავი და მებრძოლი მახსოვს. ასეთი იყო ჩემს ბავშვობაში და ასეთია მისი პორტრეტი ჩემს გონებაში ახლაც. თუმცა მაშინ, ბავშვობაში, ჩემთან თეატრის საქმეები არასდროს განუხილავს. ჩემს გონებას მხოლოდ მეტეხის თეატრში არსებული არაჩვეულებრივი შემოქმედებითი საიდუმლოებითა და იდუმალებით გაჟღენთილი ატმოსფერო შემორჩა, ასევე ბუნდოვანი ფრაგმენტები რეპეტიციებიდან და სპექტაკლებიდან. და კიდევ, არაჩვეულებრივი მსახიობების მოღიმარი სახეები და თბილი სიტყვები. ეს სახეები ხან ერთი სპექტაკლის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი, ხან მეორე, ხანაც ჩვეულებრივი ადამიანები, ჩემი მეგობრები იყვნენ. დაახლოებით 25 წლამდე, თეატრში სანდროს საქმეებზე თითქმის არ ვსაუბრობდით, მაგრამ შემდეგ, როცა მეც ბევრი წინააღმდებობა გავიარე, იშვიათად, თუმცა გვქონდა საუბრები მის საქმეზე და ამ დიალოგებში ის ყოველთვის იყო ღირსეული, არ მახსოვს ვინმე ცუდად მოეხსენიებინოს. მისთვის ძალიან მტკივნეული იყო თეატრიდან „გლობუსი“ წამოსვლა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი ხელით ააშენა. მაშინ უკვე ცალკე ვცხოვრობდი, შინ ჩემთან ვისხედით, საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდით, როცა სანდროსთვის მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ თეატრ „გლობუსის“ მმართველად დაინიშნა „ერთი კაცი“. სანდრომ გამომხედა, - წამო, თეატრში მივიდეთო, და წავედით. სანდრომ თავის ჩაქუჩს ხელი მოჰკიდა და თქვა, რომ თეატრიდან მიდის. წამოსვლამდე დაღონებულმა მსახიობებმა უთხრეს, სანამ წახვალ, იქნებ მიშა მაინც დანიშნო ჩვეულებრივ რეჟისორადო. სანდრომ შემომხედა, - აბა, რას იტყვიო? უარი ვთქვი, მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თეატრში სტაბილურად ვყოფილიყავი. იმ ვითარებაში თეატრს ვერაფერს ვუშველიდი და ამავდროულად, დიდი სირთულეების წინაშე დავდგებოდი, რადგან ეს იყო „გლობუსის“ გამიზნული, ფიცარ-ფიცარ დაშლის პროცესი, რომელიც იმდროინდელი ხელისუფლის მითითებით, პოლიტიკური მოტივით ხორციელდებოდა.

6tbilisis-zgva-copy-1668411125.jpg

- და როდის დადგა ის მომენტი, როცა თეატრზე სრულად გადაერთეთ?

- მე და სანდროს გვქონდა ერთი ძალიან მაგარი „საქმე“ - მოტორიანი ნავი, თბილისის ზღვა და წყლის თხილამურები. ზაფხული ჩვენი სეზონი იყო და თითქმის ყოველ საღამოს ზღვაზე ვიყავით. ნავს ხან სანდრო მართავდა, ხან მე. ის წყლის თხილამურზე ბოლომდე კარგად იდგა. ერთხელაც, წყალზე ისრიალა. საღამოს, სანამ იქიდან წამოვიდოდით, მაღალ კიბეს აუყვა. მოულოდნელად, მითხრა: ამოსვლა გამიჭირდა და მოდი, ხვალ ექიმთან წავიდეთო. ასეც მოვიქეცით. ექიმთან ვიზიტის შემდეგ დაავადება გამოიკვეთა. მისთვის არაფერი დაგვიმალავს, თავისი დიაგნოზი იცოდა. სანდრო არ იყო ის ადამიანი, ვინც რამეს შეუშინდებოდა. სისუსტე რომ გაუძლიერდა, სრულყოფილად მუშაობას ვერ ახერხებდა და დაახლოებით 4 თვით თეატრი გაჩერდა, სეზონის გახსნა გადაიდო. თუმცა, ის მაინც გადიოდა რეპეტიციებს, მუშაობდა სპექტაკლზე „უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)“. ამ დადგმაზე მუშაობა დიდ ძალას აძლევდა. იცოდა, სპექტაკლი ბოლომდე უნდა მიეყვანა. ერთხელაც რუსთაველზე შენობას რომ ჩავუარე და თეატრის კარი დაკეტილი დავინახე, ეს სურათი არ მომეწონა. სანდროსთან მისულმა ვუთხარი, თეატრი გავხსნათ და შენ რასაც იტყვი, გავაკეთებთ-მეთქი. მაშინ მართლა ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იყო და მამა მალე, ისევ ძველებურად ჩაერთვებოდა საქმეში. ნელ-ნელა თეატრის დასსა და ადმინისტრაციასთან ერთად დავიწყეთ რაღაცების კეთება. სანდრო როგორც იტყოდა, მეც და დასის წევრებიც ისე ვიქცეოდით. ხანდახან თეატრში მოსვლას ისიც ახერხებდა, დროდადრო ჩვენც მასთან სახლში ვიკრიბებოდით. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში იყო შენობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, რომელთა საქმის კურსში ნაწილობრივ ყოველთვის ვიყავი, მაგრამ მაშინ ჩართვამ მეტად მომიწია. დღესაც ბოლომდე ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მხარში გვიდგას თბილისის მუნიციპალიტეტი და შენობის მფლობელი. შეთანხმებას მივაღწიეთ და ახლა აქ ვართ. სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, საკითხი თეატრის სასარგებლოდ გადაწყდება. მალე ჩვენი თეატრი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და როცა თბილისს აქვს ასეთი ბიოგრაფიის მქონე კულტურული მონაგარი, არ შეიძლება მისი დაკარგვა და საქმის ბოლომდე არმიყვანა. იმედი მაქვს, თბილისის მერიის მხარდაჭერით ყველაფერი მოგვარდება.

- თქვენი აზრით, მამათქვენის თვისებებიდან თქვენ მას ყველაზე მეტად, რითი ჰგავხართ?

- არასდროს დავფიქრებულვარ და ვერც დაფიქრების აზრს ვხედავ. ვგავარ იმით, რითაც ვგავარ. საკმარისია ის, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. საამაყოდ ისიც მყოფნის, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მესმის, მამას როგორ დაემსგავსეო. სანდროსთვის თავის მამაზე, მიხეილ მრევლიშვილზე იგივე კითხვა რომ დაგესვათ, წარმოიდგინეთ, როგორი მოქნილი და მხიარული პასუხი ექნებოდა (იღიმის).

- იქნებ უბრალოდ თავს არიდებთ საკუთარ თავზე საუბარს?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი მეგობრები, ძმაკაცები ვიყავით, ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და მე ჩემით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ბევრი საერთო გვქონდა და ყოველთვის ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. ნებისმიერი თემის განხილვა შეგვეძლო და ამ დროს მამა არასოდეს აბიჯებდა თანასწორი ურთიერთობის ზღვარს. ჩვენი ურთიერთობა მოკლებული იყო ყოველგვარ მამაშვილურ სენტიმენტებს. სწორედ ამიტომ იყო მეგობრული და გამორჩეული.

- ბევრს წერდა და ვიცი, თქვენც წერთ. ამ ეტაპზე და რეჟიმში, ამას თუ ახერხებთ?

- ბოლოს სანდრო მუშაობდა ბიოგრაფიულ წიგნზე „ეძიებდე და ჰპოვებდე“, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო. ამ ნამუშევარს აუცილებლად გამოვცემ და ვფიქრობ, ის იქნება ძალიან საინტერესო წიგნი, მის სხვა გამოცემებთან ერთად, რომლის მიხედვითაც თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიან. რაც შეეხება მის პიესებს, ვფიქრობ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ახლა იწყებენ. დროთა განმავლობაში სანდრო მრევლიშვილი, როგორც დრამატურგი, კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდება და იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს ქართული თეატრისათვის. ის წერდა იმისათვის, რომ ეს პიესები თავად დაედგა და ხშირ შემთხვევაში, ასეც ხდებოდა. ბოლოს მან იმუშავა პიესაზე „უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი“) და კიდეც განახორციელა სცენაზე. ამ დადგმით თითქოს ლოგიკურად დასვა წერტილი. სიმბოლურია ისიც, რომ ამ სპექტაკლში მონაწილეობს აკაკი ხიდაშელი, რომელიც 50 წლის წინ, მეტეხის თეატრში ჰამლეტის როლს ასრულებდა და ასევე თამაშობს თორნიკე ბელთაძე, რომელიც სანდროს ბოლო ჯგუფის სტუდენტი იყო.

მე კი, თითქმის ყველა ჩემი ფილმის სცენარი თავად დავწერე. ვიმუშავე ისეთ მწერლებთან ერთად, როგორებიც არიან ტონინო გუერა და გურამ ოდიშარია. პიესის წერაც ვცადე და უკვე მაქვს ერთი, ახლა მეორეზე ვმუშაობ. კიდევ რამდენიმე პიესის და კინოსცენარის დაწერა მაქვს ჩაფიქრებული, თუმცა, ვინ იცის...

- სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე მანანა ჭელიძე 2019 წელს, ერთ დღეს, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით გარდაიცვალნენ. ამ ამბის მერე 2 წელი გავიდა და ახლა თქვენ მართავთ თეატრს. როგორ ფიქრობთ, რას გეტყოდათ? მოეწონებოდა, როგორ მიდის მისი თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება?

- ერთხელ ერთმა ბრძენმა მდინარის პირას მოსეირნე მოხუცს ჰკითხა: როგორ ფიქრობთ, ღმერთი არსებობსო? მოხუცმა უპასუხა: რომ გითხრათ, ღმერთი არსებობს, შეიძლება სულელად ჩამთვალოთ და რომ გითხრათ, ღმერთი არ არის, მაშინ შეიძლება კიდევ უფრო დიდი სულელი გეგონოთო... მე კი ასე გიპასუხებთ: თუ ღმერთი არის, მაშინ სანდროს და მანანას ახარებთ, რომ თეატრში თამამი და ნოვატორული შემოქმედება სრულად ჩქეფს, მუდმივად იზრდება მაყურებლის ნაკადი, სტაბილურად იმართება წარმოდგენები, რომ ჩვენს დასს კვლავ შემოუერთდნენ გამოცდილი მსახიობები, რომლებმაც სანდროსთან ერთად დიდი გზა გაიარეს. სანდროს უხარია, რომ თეატრში კვლავინდებურად შრომობენ და ფუსფუსებენ მისი აღზრდილი ახალგაზრდები, თუმცა ისინი უკვე გამოცდილ და პროფესიონალ მსახიობებად ჩამოყალიბდნენ. უხარია, რომ მის დაარსებულ თეატრში სცენაზე სრულიად ახალბედა მსახიობებიც დგანან, მისი აღზრდილებისგან სწავლობენ და შემდეგ ეს გამოცდილება ამაყად მიაქვთ სხვა თეატრებში. უხარია, რომ ჩვენ მისი დამკვიდრებული ტრადიციისამებრ არ ვუფრთხით რთული შემოქმედებითი ამოცანების ამოხსნას. არ გვათამამებს შემოქმედებითი წარმატება და არ გვეშინია შემოქმედებითი მარცხის. უხარია, როდესაც მისი ჩაქუჩი კვლავინდებურად ჭედავს ფიცარნაგს. უხარია, რომ მის დაარსებულ თეატრს წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. აი, ამაზე კი გაიღიმებდა: წელს გაზაფხულზე ჩვენი დასი, პანდემიის შემდგომ პირველად იყო იტალიაში, ერთ პატარა ქალაქში თეატრალური სეზონი გახსნა და სავარაუდოდ, მთელ „ევროკავშირში“ პირველი სპექტაკლი, „უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)“ ითამაშა. ამისათვის მსახიობები და სანდრო, დააჯილდოეს ტონინო გუერას სახელობის ჯილდოთი, რომელიც ჯერჯერობით სულ სამ ადამიანს მიანიჭეს, მათ შორის კინორეჟისორ ვერნერ ჰერცოგს და პოეტ კარმენ იანეცს (ეს არის საინტერესო პოეტი ქალი, ლუის სეპულვედას მეუღლე და თანამოაზრე). იმედი მაქვს, 2023-2024 წლების 50-ე თეატრალურ საიუბილეო სეზონს, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი ტექნიკურად განახლებულ, გარემონტებულ და მოწესრიგებულ სივრცეში გახსნის. აი, მაშინ სანდროც და 50 წლის განმავლობაში ყველა მისი თანამოაზრე-თანამებრძოლი ბედნიერი და დაფასებული იქნება. ჩვენ კი, როგორც სანდრო იტყოდა ხოლმე, ყოველი სპექტაკლის წინ, გულმოდგინედ ველით ჩვენს შემოქმედებასთან პაემანზე მომავალ მაყურებელს.

ანა კალანდაძე