"ხალხმა მიშველა" - გზაპრესი

"ხალხმა მიშველა"

დავინტერესდით, როგორ გრძელდება საბა უგრეხელიძის ცხოვრება მას შემდეგ, რაც რეალითი შოუ ძალადობაში ბრალდების გამო დაატოვებინეს. აღმოჩნდა, რომ საბას საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გავლილი და თავს არც მოძალადედ მიიჩნევს...

- რეალითი შოუდან ჩემმა სკანდალურად "გამოვარდნამ" აჟიოტაჟი გამოიწვია. პროექტის დატოვებიდან 3-4 დღის შემდეგ, საკუთარი თავი ცოტათი არ მომეწონა. ზედმეტი უსამართლობის მსხვერპლად ვგრძნობ თავს. მსგავსი განცდა ცხოვრებაში არ მქონია... ახლა უკვე ნორმალურად ვარ, ვმუშაობ... ქუჩაში გასეირნება თუნდაც იმიტომ მსიამოვნებს, რომ ხალხისგან საოცარ ყურადღებას ვგრძნობ. ჩემ მიმართ ყველა კეთილგანწყობილია, რაც მახარებს... ძალადობა სერიოზული ბრალდებაა. ამას მთელი რიგი გამოიძიება, ექსპერტიზის დასკვნები მოსდევს ხოლმე. ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქე იტყვის, რომ ჩემ მიმართ ასეთი დასკვნა გადაჭარბებული იყო. "კურიერმა" საბა უგრეხელიძის მიერ "ძალადობას" მთელი 10 წუთი დაუთმო... სხვათა შორის, ბევრმა ადვოკატმა მომწერა, რომ მეჩივლა - უმარტივესი საქმეა. გთხოვ, პროცესი დავიწყოთო. უბრალოდ, ამ ტიპის ადამიანი არ ვარ. თან, მართლა ისეთი სასაცილო სიტუაციაა, რომ ვერც გავბრაზდი, თორემ ბრალმდებლებს "სახეს ავახევდი"...

- პროექტიდან თქვენი გამოგდების გამო, რეალითი შოუდან ერთ-ერთი მონაწილე - ალექს ბანცაძეც წამოვიდა, პროტესტის ნიშნად, თუმცა დააჯარიმეს...

- ალექსი აფექტურ მდგომაროებაში ჩავარდა, როცა ამხელა უსამართლობა დაინახა. ის ჩემს უმცროს ძმად მიმაჩნია - ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. უსამართლობას ვერ გაუძლო და პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა. საბოლოოდ, ჯარიმას გადავრჩით - აღარ დაუწერეს...

- საბა, რას საქმიანობთ?

- ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, დიდი ფეხბურთის თამაში ვერ შევძელი. ამჟამად, მწვრთნელი ვარ. ასევე, ინდივიდუალური მწვრთნელიც გახლავარ: უკვე მესამე წელია, რაც შშმ პირს - ლაშა კუხიანიძეს ვავარჯიშებ: ბიჭი, რომელიც ძლივს დადიოდა, ახლა უკვე დარბის, კალათბურთს, ფეხბურთს თამაშობს. იცი, როგორ მიხარია, რომ მის ფეხზე დაყენებაში მცირე წვლილი მიმიძღვის? ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ლაშას დღეა: სტადიონზე ხან ფეხბურთის, ხან კალათბურთის ბურთით მოდის. ჯერ სპეციალურ ვარჯიშებს ვუტარებ (ინსტრუქცია სპეციალურად შშმ პირებისთვის ესპანეთიდან გამომიგზავნეს), მერე კი უკვე ფეხბურთში, ბურთის კარში დარტყმაში ან კალათბურთში, ბურთის ფარში სროლაში ვვარჯიშობთ. ლაშაც, მისი და ჩემი ოჯახიც ბედნიერია. ცხოვრების ბოლომდე ასე გაგრძელდება - ასე ვიშრომებ, რომ ლაშა გახარებული იყოს.

- თქვენი და ლაშას გზები როგორ გადაიკვეთა?

- ლაშას მამიკო - მალხაზ კუხიანიძე ტიფლოკომენტატორობაში ტრენინგს მიტარებდა. ტიფლოკომენტატორი უსინათლოებისთვის განკუთვნილი სპეციალური კომენტატორი გახლავთ: უსინათლოებს ყურსასმენებს უკეთებენ, რომლის საშუალებითაც მათ ტიფლოკომენტატორის მიერ წაყვანილი მატჩი ესმით... ლაშას მამამ გაიგო, რომ მწვრთნელი ვარ. დავახლოვდით და თავისი შვილის შესახებ მიამბო. შევთავაზე - რაღაცები ვიცი, თან ესპანეთიდან მეგობარს ვარჯიშების სპეციალურ ინსტრუქციას გამოვაგზავნინებ-მეთქი (მეგობრის ერთ-ერთი ძმაკაცი შშმ პირია)... მოკლედ, შრომა ასე დავიწყეთ: თან ტიფლოკომენტატორი გავხდი და თან - შშმ პირის პირადი მწვრთნელი.

- თქვენამდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ საქართველოში ტიფლოკომენტატორებს ემუშავათ?

- არა. ეს პირველად უკრაინასა და პოლონეთში მოხდა, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და ახლა უკვე "დინამოს" სტადიონზე სპეციალური დანადგარი ჩვენც გვაქვს. დაახლოებით 5 წელია, რაც საქართველოს ნაკრების თამაშს უსინათლოებისთვის მარტო ვკომენტირებ.

- რთული საქმეა?

- ძალიან. მატჩის წინადღეს ხმას საერთოდ არ ვიღებ, რადგან ტიფლოკომენტატორობისას არ უნდა გაჩერდე - ჩვეულებრივი კომენტატორობისგან აბსოლუტურად განსხვავებული საქმეა: მხოლოდ ის კი არ უნდა ახსნა, სტადიონზე რა ხდება? ყველა წერტილი უნდა აღწერო - ვინ სად ზის, ბალახი როგორია, ამინდი ხომ არ შეიცვალა, მსაჯი საით შეტრიალდა... პროექტს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს, რისთვისაც მადლობელი ვარ, რადგან უსინათლო ადამიანი, რომელიც ვერაფერს ხედავს, თუნდაც 90 წუთის განმავლობაში ბედნიერია - ალბათ, მის ცხოვრებას ცოტათი მაინც ვაფერადებ...

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- ულამაზესი ოჯახი მყავს: მეუღლე - ირინე კაპანაძე, რომელიც ძალიან მიყვარს და შვილი - ევა უგრეხელიძე, რომელიც ჩვენთვის ყველაფერია! ევა 2 წლის და 6 თვისაა. ძალიან ცელქი და ჯიუტია (იცინის)... მე და ჩემი მეუღლე თანატოლები (36 წლის) ვართ. წინათ ოჯახი არასოდეს გვყოლია, არც - შვილი. ორივემ, ასე ვთქვათ, "ცხოვრება ვნახეთ", უცხოეთშიც ვიცხოვრეთ და თითქოს დასაოჯახებლად ნიადაგი მზად გვქონდა. საერთოდ, ბავშვის ყოლისთვის მზად როგორ უნდა იყო ადამიანი, არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასაკობრივად, გონებრივად მზად ვართ, შვილი ან თუნდაც, შვილები გვყავდეს.

- რეალითი შოუში თქვენს მეუღლეს თქვენი მხრიდან ფლირტის მცდელობაზე როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ვერ გეტყვით, ესიამოვნა-მეთქი, მაგრამ კარგად მიცნობს და მიხვდა, რომ პროექტში ხელოვნური ვიყავი - არ ინერვიულა. შოუში კოცნის ფაქტი არ ყოფილა, ხოლო ცეკვისას თუ გოგოს შევეხე, დიდი ამბავი... ბოლოს ძალიან გვეწყინა, რომ პროექტიდან ასე უსამართლოდ გამომიშვეს... საერთოდ, ბევრს ვფიქრობდი, რეალითი შოუში მონაწილეობა მიმეღო თუ არა. პროექტის წარმომადგენლებმა თავად დამირეკეს და მონაწილეობა შემომთავაზეს. არც ვიცოდი, "პრაიმ ჰაუსი" რა იყო. გაგებული მქონდა, რაღაც შოუში ვიღაც ნაზღაიძემ გაიმარჯვა, თორემ შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ 1 ეპიზოდიც არ მინახავს. პროექტში იმიტომ შევედი, რომ ჩემი მსახიობური უნარები გამომევლინა, "მეკაიფა". თურმე, მაგრად შემეშალა... ბოლოს და ბოლოს, მეც ნერვები მაქვს და ავყვირდი. ყვირილი თუ ფიზიკური ძალადობაა, ნამდვილად არ ვიცი. ჩემს მერე, შემიძლია ვთქვა, რომ პროექტში 5-ჯერ მძაფრი ჩხუბი მოხდა, ვიდრე ჩემი იყო. ცოტათი მეცინება კიდეც...

- ალბათ, თქვენი მეუღლისთვის სტრესი იყო, როცა მის ქმარს ძალადობაში დასდეს ბრალი...

- სიმართლე გითხრათ, სანამ ქუჩაში არ გავედით, სტრესში ვიყავით, მაგრამ უცხო ადამიანებისგან საოცრად დადებითი რეაქციები მივიღეთ. დღემდე მეუბნებიან, - ყველამ ყველაფერი ვიცით, არ ინერვიულოო. ასეთი ფრაზების მოსმენის შემდეგ, თითქოს შვებით ამოვისუნთქე. მანამდე ორივე ვნერვიულობდით. მთელი ჩემი ოჯახი ლამის გაგიჟდა! წარმოიდგინეთ, 8 დედმამიშვილი ერთად გავიზარდეთ გულთბილ, მორწმუნე, სიყვარულით სავსე ოჯახში, უცებ კი ძალადობაში დამადანაშაულეს... ხალხმა მიშველა: ჩემ მიმართ 1% უარყოფითი კომენტარიც არ ყოფილა... საერთოდ, გულთბილი ტიპი ვარ. ძალიან "მიტყდება", რომ რეალითი შოუში "ბანძი" სახელი "მომარტყეს".

- როგორ გარემოში გაიზარდეთ, ამის შესახებ უფრო მეტი გვიამბეთ...

- ოჯახში 13 სული ერთად ვცხოვრობდით: ბებიები, მშობლები და 8 დედმამიშვილი. 90-იანი წლები ისე გამოვიარეთ, პური გვქონდა თუ არა, ღიმილს, ცხოვრების ხალისს ვინარჩუნებდით. უმძიმესი პერიოდი იყო, მაგრამ ბავშვი რომ ხარ, ქუჩაში გადიხარ, წრეშიბურთს, ფეხბურთს თამაშობ, თანატოლებთან ურთიერთობ, მეორე დღეს სკოლაში მშიერი მიდიხარ... სიგიჟე იყო, რა! ახლა რომ ვუფიქრდები, მშობლების წინაშე ორივე ხელს მაღლა ვწევ - არც კი ვიცი, მათ მადლობა როგორ გადავუხადო. სიმრავლემ, პოზიტიურმა ენერგიამ და ერთიანობამ სირთულე გადაგვატანინა. დღეს ცოცხალი და ბედნიერი ვარ.

saba-1-1668411256.jpg

- კიდევ რა გიტაცებთ, რას საქმიანობთ?

- მსახიობობა თითქოს გატაცებაა, მაგრამ ამ სფეროში ძალიან ჩართული ვარ: "ჩემი ცოლის დაქალების" 2 სეზონში თამაშის მერე, რეკლამებში აქტიურად ვმონაწილეობ, სხვადასხვა შემოთავაზებას ვიღებ...

- დიდი ფეხბურთის თამაში რატომ ვერ შეძელით?

- ერთ-ერთი პარფიუმერიული მაღაზიათა ქსელის პრეზიდენტმა, რომელიც ფეხბურთზე გიჟდებოდა და საქართველოში შეხვედრაზე იმყოფებოდა, შემთხვევით ჩემი თამაშის ვიდეო ნახა. მაშინვე დაინტერესდა და ჰოლანდიაში ჩემი წაყვანა გადაწყვიტა. იქ ერთ-ერთ გუნდში ვთამაშობდი. ერთ-ერთ არაფრისმომცემ ამხანაგურ თამაშზე, ფეხი 2 ადგილას გადამემტვრა. ევროპელები ძალიან გულცივი ხალხია: მიმკურნალეს, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი მომიტანეს, ეტლში ჩამსვეს, აეროპორტში მიმიყვანეს და თბილისში გამომიშვეს (იღიმის). ასე დასრულდა ფეხბურთთან დაკავშირებული ჩემი ჰოლანდიური ისტორია, თუმცა იქ გატარებული დრო სასიამოვნოდ მახსენდება... ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთ-ერთი თამაშის მეორე დღეს, როცა თავისუფალი დრო მქონდა, პიტერს (ვინც ევროპაში წამიყვანა) იაპონელებთან საქმიან შეხვედრაზე პარიზში გავყევი. იქ რომ ჩავედით, დღის 12 საათი იყო. პიტერს ვთხოვე, - ცოტათი ფეხით გავისეირნებ-მეთქი... რაღაც ყვირილი, ყიჟინა გავიგონე. დავინტერესდი, რა ხდება-მეთქი? დაახლოებით 30 ადამიანი შენობის მეორე სართულის აივნის ქვეშ იყო შეკრებილი. აივნისკენ თითით მანიშნეს - ტომ კრუზიაო... თითქოს წარმოუდგენელია, როცა პარიზში 5 საათით ხარ ჩასული, უცებ კი ტომ კრუზი "გაგეჩითება". დაიანა როსთან ერთად იყო. ქვემოდან ვუყვიროდით, ტომი და დაიანა როსი კი ხელს გვიქნევდნენ (იცინის). მაშინ უძლიერესი ენერგია მივიღე. ტიპს მთელი ცხოვრება ტელევიზორში ვუყურებდი და უცებ ქუჩაში ვნახე! თან, იმ პერიოდში ტომ კრუზი ძალიან მომწონდა... თვალი თვალში რომ გამიყარა, ეტყობა, მსახიობური უნარებიც "გადმომასხა" (იცინის). იმ მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ყველას "სკაიპით" ვურეკავდი და ვეუბნებოდი, - ტომ კრუზი ვნახე-მეთქი...

- მსახიობობამ მას მერე გაგიტაცათ?

- სკოლაში სწავლის პერიოდში, მასწავლებლების პაროდიებს ვაკეთებდი - სიცილისგან მთელი კლასი იწვა, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. ოჯახმა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება არ მირჩია... სპორტს უაზროდ მივყევი - მიმაჩნია, რომ დრო დავკარგე. ვაღიარებ, მაგარი სპორტული მონაცემები მქონდა, მაგრამ შინაგანად - ვერა, რა... სპორტისთვის ასე ვთქვათ, გვიან დავღვინდი... ტომ კრუზი და დაიანა როსი კი ჩემს მეხსიერებას ტკბილ მოგონებად შემორჩა (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი