"ძალიან გაჭირვებული და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა ვიპოვე" - გზაპრესი

"ძალიან გაჭირვებული და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა ვიპოვე"

"ქართული კულტურის შესწავლა და გააზრება ჩემი ცხოვრების უდიდესი გატაცებაა. რადგან იტალიაში ქართველ ხალხს თითქმის არავინ იცნობდა, ქვეყანა ასოცირდება „ამერიკულ საქართველოსთან“ ან რუსეთთან, გადავწყვიტე დამეწერა წიგნები", - გვითხრა ფრანჩესკო ტრეჩიმ, რომელიც მალე საქართველოს შესახებ მესამე წიგნს გამოსცემს... ფრანჩესკო იტალიიდან გვესაუბრა თავისი მეორე სამშობლოს დიდ სიყვარულზე...

- გატაცებული ვარ უძველესი ენებითა და კულტურებით. ისტორიით ჩემი გატაცება სკოლის პედაგოგის დამსახურებაა.

- საქართველოზე პირველად იტალიური ჟურნალიდან შეიტყვეთ, არა?..

- დიახ, საქართველო 22 წლის წინ აღმოვაჩინე, იტალიური ჟურნალის წყალობით. რეპორტიორი წერდა, რომ საქართველო იყო ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა უძველესი ენა და ანბანი. ის ასევე წერდა, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ერია. მას შემდეგ შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზე.

- ქართული ურთულესი ენაა. როგორ მოახერხეთ ასე სრულყოფილად გესწავლათ? როგორც ვიცი, სადიპლომო ნაშრომი საქართველოზე დაიცავით...

- დიახ, ქართული ძალიან რთულია. ჯერ ანბანი უნდა ისწავლო და შემდეგ გრამატიკა, მაგრამ ქართული ენა და კულტურა ისე მიყვარს, რომ ამ სიძნელეს ვერ ვგრძნობ! ქართული ენის შესწავლა უფრო ადრე რომ დამეწყო, ეს საქართველოსა და ქართველი ერის უკეთ გაცნობაში ძალიან დამეხმარებოდა.

- საქართველოს შესახებ წიგნების წერის დროს ქართველები დაგეხმარნენ?

- წლების განმავლობაში, ბევრი ქართველი დამეხმარა, მათ შორის პირველი და უდიდესი მეგობარი ზურაბ ზურაშვილია. შემდეგ ამ 22 წლის განმავლობაში ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც გამაცნეს ქართული ისტორია და კულტურა. მათ შორის გამოვყოფ და დიდი პატივისცემით აღვნიშნავ პროფესორ გაგა შურღაიას წვლილს, რომელიც შემდგომ ჩემი მასწავლებელიც გახდა.

- პირველად საქართველოში როდის ჩამოხვედით?

- 2003 წლის ივლისში. ძალიან გაჭირვებული, მაგრამ უზარმაზარი კულტურის მქონე ქვეყანა ვიპოვე... მას შემდეგ საქართველო ძალიან შეიცვალა.

- სხვადასხვა რეგიონს ეწვიეთ?

- საქართველოში სულ ექვსჯერ ვიყავი და ისევ დავბრუნდები... თითქმის ყველა რეგიონში ვარ ნამყოფი. ესენია: ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამცხე, აჭარა, გურია, სამეგრელო, ყაზბეგი... 3 საყვარელი ადგილი მაქვს: რუსთაველის გამზირი თბილისში, ალავერდი კახეთში და ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში.

- როგორც ვიცი, საქართველოს ისტორიიდან თქვენთვის გამორჩეულია დავით აღმაშენებელი...

- დიახ, დავით აღმაშენებელი იყო საქართველოს უდიდესი მმართველი, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა არაბებისგან და გააერთიანა საქართველო!

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ. გოგონას საქართველოს სიყვარულით ჯორჯია დაარქვით, არა?

- ჩემი მეუღლე იტალიელია, ვალენტინა ჰქვია. გვყავს ორი ქალიშვილი. უფროსი, კლოე 7 წლისაა, ხოლო ჯორჯია - 4-ის. ჩემს მეორე ქალიშვილს, ჯორჯიას ეს სახელი ნამდვილად, საქართველოს სიყვარულის გამო შევარქვი.

- პენსიონერობა მართლა საქართველოში გსურთ გაატაროთ?

- დიახ, ეს ჩემი დიდი სურვილია! მინდა თბილისში სახლი ვიყიდო და პენსიაზე როდესაც გავალ, აქ მსურს საცხოვრებლად გადმოსვლა.

306732594-1523155438105318-3318374318448208498-n-1669012369.jpg

- ქართული სამზარეულოს შესახებ რას იტყვით?

- ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. მიყვარს აჭარული ხაჭაპური, ხინკალი და ხორცისგან მომზადებული კერძები! თავადაც ვცადე აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა, ცუდი არ გამოვიდა.

ქართული კულტურის შესწავლა და გააზრება ჩემი ცხოვრების უდიდესი გატაცებაა. რადგან იტალიაში თითქმის არავინ იცნობდა ქართველ ხალხს, ქვეყანა ასოცირდება „ამერიკულ საქართველოსთან“ ან რუსეთთან, 2016 წელს გადავწყვიტე დამეწერა „საქართველოს ისტორია“ და 2017 წელს - „საქართველო - ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის სურდა“... მინდოდა საქართველო ჩემს სხვა თანამემამულეებსაც გაეცნოთ და მათთვის მეჩვენებინა, თუ რამდენად ღრმა და უძველესია ქართული ისტორია და კულტურა.

ნინა მამუკაძე, იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი:

- მე და ფრანჩესკო რესპონდენტის და ჟურნალისტის ამპლუაში პირველად 2016 წელს შევხვდით. სამშობლოს მონატრებული ემიგრანტისთვის, საოცრად ამაღელვებელი იყო იტალიელის მოსმენა, რომელიც ასე აღტაცებით საუბრობდა საქართველოზე.

ყველა ფიქრობდა, რომ ფრანჩესკოს ეს გატაცება დროებითი იყო, მაგრამ წლები გავიდა და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა, მეტიც, - გაღრმავდა, ახლა ქართულ ენასაც ეუფლება, რაც ქართული ხასიათის, ისტორიის, კულტურისა და მისი სიღრმეების უკეთ გაცნობაში დაეხმარება.

უკვე 10 წელია, ემიგრაციაში ვარ და ჩვენ, ემიგრანტებს ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ემიგრანტი ზრუნავს როგორც საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებზე, ასევე მიმღებ ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის სახელსა და იმიჯზე. იყო შენი ქვეყნის ელჩი საზღვრებს გარეთ, იყო მაგალითი შენი ცხოვრების წესით და პოპულარიზაციას უწევდე ქვეყნის კულტურას, ისტორიას, მის უნიკალურობას, საოცარი გრძნობაა და შეიძლება ითქვას, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაც, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს უცხოელი, უცხო ქვეყნის შვილი აკეთებს, ორმაგად ემოციური და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი სამშობლო საქართველოა, რომელიც რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის გამო, ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი, გამჭვირვალე რჩებოდა დანარჩენი მსოფლიოსთვის. ვფიქრობ, საქართველოს პოპულარიზაციის მისია, ნებსით თუ უნებლიეთ, ახლა სწორედ ემიგრანტებს და საქართველოზე შეყვარებულ უცხოელებს აქვთ საკუთარ თავზე აღებული.

მანანა გაბრიჭიძე