რის გამო მოსდის კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან ნინი კვირიკაშვილს
"პედანტია, ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს. ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის სიყვარული და შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობიცაა. ის დახვეწილი მაცდუნებელია. მისი გონებამახვილობა და რაციონალიზმი ბევრს ხიბლავს, მაგრამ ქალწულის ვნების ასანთებად მისი სიყვარულის ობიექტი ჭეშმარიტად უნაკლო უნდა იყოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მსახიობ ნინი კვირიკაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია ზომიერად მაინტერესებს. ჩემი ნიშნის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ვეცნობი, მაგრამ მასში ღრმად ჩახედული არ ვარ. პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია.
- ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები პედანტები არიან, შენს შემთხვევაშიც ასეა?
- დიახ, გადამეტებული დოზით, სამწუხაროდ.
- სამწუხაროდ, რატომ?
- ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, დალაგებული განრიგი არ მაქვს. სახლიდან ისე თუ მიწევს გასვლა, ყველაფრის დალაგება ჩემებურად ვერ მოვასწარი, მერე ეს მაფორიაქებს.
- "უზადო პასუხისმგებლობით და წვრილმანების მიმართ გასაოცარი ყურადღებით გამოირჩევა".
- საქმეში ზუსტად ასეა, მაგრამ ცხოვრების ყველა მომენტში, ყველა დეტალის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს.
- ეს თვისება პროფესიაში გეხმარება?
- ძალიან მეხმარება, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დეტალების მიმართ ყურადღება უმნიშვნელოვანესია.
- "ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს".
- ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა, მოცემულობას გააჩნია. ზოგჯერ დრო მეც გამიფლანგავს. როცა მცალია, პერიოდულად თავს ვაძლევ უფლებას, განვიტვირთო, არაფერი დავგეგმო და დინებას მშვიდად მივყვე.
- ხალხმრავლობაში თავს კომფორტულად გრძნობ?
- მიუხედავად ჩემი პროფესიისა, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს. ამის არანაირი პრობლემა არ მაქვს მაშინ, როცა სცენაზე ვარ ან გადასაღებ მოედანზე, მაგრამ სხვა დროს დიდად არ მხიბლავს.
- "მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, მას იშვიათად ახასიათებს საკუთარი ჩვევების, პრიორიტეტების მკვეთრი ცვლა".
- ვერ ვიტყვი, რომ სიახლეების მეშინია. როცა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე "მეჯახება", სულ ვფიქრობ, მივიღო თუ არა? მიღებას თუ გადავწყვეტ, მერე არანაირი პრობლემა აღარ მაქვს.
- "მას არა მხოლოდ პირადი ნივთები, პირადი ცხოვრებაც დაგეგმილი და გადანაწილებული აქვს".
- არა მგონია, პირად ურთიერთობებზე გეგმის დალაგებას აზრი ჰქონდეს. როცა ურთიერთობაში მეორე ადამიანი შემოდის და მხოლოდ ჩემი პიროვნება არ არის, მას ვერ გავაკონტროლებ, ვერ მოვთხოვ, ჩემი წესებით იცხოვროს. ურთიერთობაში თავისუფლება და ინტრიგა მომწონს, ყველაფრის ცოდნა არ მინდა.
- "მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან 2 კვირის შემდეგ, გაურკვევლობა ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს".
- 2 კვირა ძალიან შორია, მაგრამ სასურველია, უახლოესი დღეების გრაფიკი ყოველთვის ვიცოდე. როცა არ ვიცი, რას ვაკეთებ და გეგმა არეული მაქვს, ეს ხასიათზე მოქმედებს. ცხოვრებაში ქაოსი ძირითადად, სულ პროფესიის გამო მაქვს, ჩემი სურვილები ხშირად უკან მრჩება.
- ამას განიცდი?
- ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, ამაზე გული არ მწყდება.
- "ის უმნიშვნელო დეტალსაც კი აკვირდება როგორც საკუთარ, ასევე სხვის გარეგნობაში. მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება".
- მართალია, ეს მეც ვიცი და სხვებსაც უთქვამთ. უმეტეს შემთხვევაში, "წიკები" სისუფთავესა და წესრიგზე მაქვს. ამას სულ ვაკვირდები, როგორც საკუთარ თავში, ასევე - სხვა ადამიანებში.
- "ჩვევას, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს, მის მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს".
- არა, ეს თვისება ასეთი გადამეტებული დოზით არ მაქვს. სადაც საჭირო არ არის, იქ ჩემს აზრს არასდროს გამოვთქვამ. არც ხალხისგან ვიღებ ზედმეტ ნეგატივს.
- ლიდერი ხარ?
- იმ საქმეში, სადაც კომპეტენტური შეიძლება ვიყო, ვცდილობ. ყველა სიტუაციაში ლიდერობა რომ სურთ, ასეთი არ ვარ.
- "კულისებს მიღმა სამუშაო ურჩევნია პროჟექტორების შუქსა და მქუხარე აპლოდისმენტებს". ბუნებრივია, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.
- ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვა, რომ ნაწილობრივ ასეა. ლიდერობას მაშინ ვიჩენ, როცა საქმეში კომპეტენტური ვარ.
- წესრიგის გამძაფრებული სიყვარული პირადი ურთიერთობის აწყობაში ხშირად ხომ არ გიშლის ხელს?
- აწყობაში - არა, მაგრამ ამის გამო ზოგჯერ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მომდის. მერე ვიაზრებ და ჩემს თავში ვცდილობ საკითხის მოგვარებას, კონფლიქტი რომ აღარ გამოვიწვიო.
- "ის დახვეწილი მაცდუნებელია. მისი გონებამახვილობა და რაციონალიზმი ბევრ ადამიანს ხიბლავს, მაგრამ ქალწულის ვნების ასანთებად, მისი სიყვარულის ობიექტი ჭეშმარიტად უნაკლო უნდა იყოს".
- (იცინის) ბოლო წინადადებაზე რა მოგახსენო?.. არ ვიცი, უნაკლო ადამიანები არსებობენ? მე ნამდვილად არ ვარ. დანარჩენს ვეთანხმები.
- სიტყვაზე "მაცდუნებელი" შენი პერსონაჟი გამახსენდა, ლიზა სერიალიდან "სიყვარულს მიღმა".
- ლიზასნაირი ნამდვილად არ ვარ. ჩემს პერსონაჟს ძირითად საკითხებში ვერც ვემთხვევი და ვერც ვამართლებ. ლიზას მსგავსად არასდროს მოვიქცევი. ვფიქრობ, მისგან განსხვავებული, ჩემებური მომხიბვლელობა მაქვს. რადიკალური და შემტევი ხასიათით არ გამოვირჩევი.
- მასთან საერთოს რას პოულობ, რამით ჰგავხარ?
- პროფესიის მიმართ სიყვარულით. ოღონდ ლიზა ქვეშქვეშობს, არასწორ ნაბიჯებს დგამს, თავისი საქმის სიყვარული არასწორად ამოძრავებს. მაგრამ თავისთავად მცდელობა, რომ უნდა რაღაცას მიაღწიოს, მნიშვნელოვანია.
- ეს როლი, როგორც მსახიობისთვის, საინტერესო გარდასახვაა?
- უკეთესი გარდასახვებიც მქონია, საინტერესოა იმით, რომ ნეგატიური პერსონაჟის შესრულება პირველად მომიხდა. მაყურებლის კომენტარებს რომ ვაკვირდები, ლიზა ბევრს აღიზიანებს, ამ გაღიზიანებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ მოცემულ როლს თავს კარგად ვართმევ.
- გადაღებების პარალელურად თეატრში თამაშობ. მუშაობა სად უფრო საინტერესოა?
- სცენასაც და გადასაღებ მოედანსაც თავისებური ხიბლი აქვს. თეატრში უფრო სხვა პროცესები მიდის, ეს ძალიან ძვირფასია. გადაღებასაც დიდი ხიბლი აქვს. ჩემში მაინც თეატრის სიყვარული უფრო დიდია.
- ქუჩაში გცნობენ, გელაპარაკებიან?
- გუშინ ერთი ადამიანი გამომელაპარაკა. მკითხა, სერიალი გრძელდებაო?
- იღბლიანი ხარ?
- კი, ბედი ხშირად მიღიმის.
- პირად ცხოვრებაში უფრო თუ პროფესიაში?
- ორივე შემთხვევაში. მე და ჩემი მეუღლე (მსახიობი გუგა ქაცარავა) ერთმანეთს იდეალურად ვეწყობით. ისიც მსახიობია, ამ სერიალში თამაშობს. ერთი წლის წინ დავოჯახდით, ჯგუფელები ვართ, მეოთხე კურსზე ვსწავლობთ.
- "თანდაყოლილი სიფრთხილე, ფინანსური ალღო და კომფორტის დიდი სიყვარული ახასიათებს".
- ვცდილობ, გადაწყვეტილებები ყოველთვის ცივი გონებით მივიღო, დავინახო მოსალოდნელი კარგი თუ ცუდი. თავზე ხელაღებულად რისკზე არ მივდივარ, თუმცა ასეც მოვქცეულვარ.
- რთული პერიოდიდან გამოსავალს იოლად პოულობ? ასტროლოგები ამბობენ, რომ ასეთ დროს შენ ყოველთვის "თათებზე უმტკივნეულოდ ეცემი".
- რაღაც პერიოდის შემდეგ ალბათ ვპოულობ, მაგრამ მიჭირს, ემოციური ვარ. დრო რომ გადის, იმ კონკრეტული ამბიდან რაც მჭირდება, იმას გამოცდილებად ვიტოვებ, რაც - არა, ვივიწყებ.
- "სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს, მშვიდი და ლაღი ცხოვრება ურჩევნია".
- ნეტავ ეგრე იყოს. სიღრმეებმა დამტანჯა, ძალიან ბევრს ვფიქრობ, არის თუ არა საჭირო, მაინც ვფიქრობ და ეს კარგი არ არის.
- "მას უყვარს ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა".
- არანაირი ჭორების ეპიცენტრში ყოფნა არ მიყვარს.
- "ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიცაა".
- სამწუხაროდ, რაღაც დოზით სნობიზმში საკუთარი თავი დამიჭერია. ეს სნობიზმი ზოგჯერ კარგ ამბებში წამდგომია და მომხდარა პირიქითაც. ვთვლი, რომ ჩემში ამ თვისებას არ უნდა ვეჭიდაო, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ.
- "იშვიათად კარგავს წონასწორობას. მას არ ახასიათებს აფექტური ქმედებები".
- მოთმენის უნარი მაქვს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აფექტურ მდგომარეობაშიც შეიძლება ჩავვარდე.
- სკანდალის, ხმაურიანი გარჩევების მიმართ შენი დამოკიდებულება როგორია?
- მეზიზღება.
- ისეთი პროფესია გაქვს არჩეული, სადაც ეს უცხო არ არის.
- თავად ბევრჯერ შევსწრებივარ ასეთ გარჩევებს, ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას ვიჭერ. მე ვინმესთვის რამე თუ მაქვს სათქმელი, ვცდილობ, ცალკე მშვიდად, წყნარად დაველაპარაკო.
- "ყოველთვის იცის, რა უნდა, როგორ მოიპოვოს მისთვის სასურველი თანამდებობა თუ ადამიანი".
- როცა მივდივარ გადაწყვეტილებამდე, რა მინდა, მაგ დროს გონებაში ისიც დალაგებული მაქვს, სასურველი ჩემი როგორ უნდა გახდეს. მაგალითად, როლზე თუ არის საუბარი, ვფიქრობ, როგორ მოვემზადო დილით, როგორ ვიმუშაო ჩემს თავზე, როგორ წარვადგინო საკუთარი თავი...
- კასტინგებზე აქტიურად დადიხარ?
- პირველ კურსზე უფრო ხშირად დავდიოდი, ახლა საჩემო რამე თუ გამოჩნდება, თავად მიბარებენ.
- სერიალში "სიყვარულს მიღმა" როგორ აღმოჩნდი?
- კასტინგების ჯგუფში პოსტი შემხვდა, დავპლიუსდი, რამდენიმე ხნის შემდეგ დამიბარეს, გავიარე კასტინგი და ერთ კვირაში პასუხი მომწერეს. ჩემი მეუღლე გაცილებით ადრე იყო კასტინგზე, როცა სერიალის "იდეალური დედა" მსახიობებს არჩევდნენ. გუგა ბაზაში ჰყავდათ.
- გიგა დათიაშვილი (ნიკა, "სიყვარულს მიღმა") როგორი პარტნიორია?
- ძალიან კარგი პარტნიორია. ვინც ამ სერიალზე მუშაობს, ყველანი კარგები არიან, მეგობრული გარემოა. მისვლა მიხარია, მათთან თანამშრომლობა სასიამოვნო და კომფორტულია.
თამუნა კვინიკაძე