ვინ არის "დარეჯან დედოფლის" როლის შემსრულებელი, რომელიც რუსად მონათლეს - გზაპრესი

ვინ არის "დარეჯან დედოფლის" როლის შემსრულებელი, რომელიც რუსად მონათლეს

7 ნოემბერს, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე "ერეკლეობა", იგივე თელავქალაქობა გაიმართა. დღესასწაულზე დასასწრებად კახეთში უამრავი ადამიანი ჩავიდა, ორგანიზატორებმა სტუმრებს არაერთი საინტერესო აქტივობა შესთავაზეს, მათ შორის თეატრალიზებული წარმოდგენები. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები "მეფე ერეკლე" და "დარეჯან დედოფალი" იყვნენ, რომლებმაც დაკისრებულ მისიას თავი კარგად გაართვეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი ფოტოები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, მსახიობები დააბულინგეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მეფისა და დედოფლის როლის შემსრულებლები ვიღაცას თვალში ვერ მოუვიდა, ნამდვილებს არა ჰგვანანო და საბოლოოდ, ადამიანების ფანტაზია ისე "განვითარდა", რომ ვიღაცამ "დარეჯან დედოფალს" რუსობა დასწამა: "როლზე ქართველი მაინც დაენიშნათ, ეს რუსი საიდან მოიყვანეს? აი, როგორ ნელ-ნელა გვაპარებენ რუს ქალებს"... ეს მოსაზრება ვიღაცებს ჭკუაში დაუჯდათ და ახლა ბულინგის ეს ხაზი განავითარეს... სინამდვილეში, დარეჯან დედოფლის როლი წარმატებულმა ქართველმა მომღერალმა, ხელოვანმა მაგდალინა ჭიჭიაშვილმა მოირგო, რომელიც მასზე გავრცელებულ ამ ჭორს და მერე განვითარებულ მოვლენებსაც გულისტკივილით ადევნებდა თვალს... თუმცა, დღეს ამბობს, რომ ეს ამბავი გადაიტანა და ცდილობს, დაივიწყოს, უფრო მეტად გაძლიერდეს და არა მარტო მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს, მობულინგეებსაც დაუმტკიცოს, რომ ღირსეული ქართველია...

- რამდენიმე წელი იცხოვრეთ იტალიაში, სადაც სასწავლებლად გაემგზავრეთ. მონაწილეობდით კონცერტებში და შანსი გქონდათ, კარიერა იქ აგეწყოთ, მაგრამ მაინც, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეთ. რატომ?

- უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აქ არის ჩემი ოჯახი, ჩემი საქართველო, ჩემი მშობლები, და-ძმები, ნათესავები, მეგობრები და ბოლოს და ბოლოს, მიყვარს ადგილი, სადაც გავიზარდე, სადაც ვყალიბდებოდი მუსიკოსად, ხელოვანად და რაც მთავარია, ადამიანად...

ჩემს ჩამოსვლას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ მინდა, აქ დავმკვიდრდე და საზღვარგარეთ მხოლოდ კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრო. ასეთი სურვილი მაქვს და ვნახოთ, რა გამომივა. ბევრის მსგავსად, მეც ვერ გავუძელი ნოსტალგიას. როცა სამშობლოში ხარ, თითქოს ეს სხვანაირად გაძლიერებს. მოკლედ, კარგია შინ ყოფნა (იღიმის).

- როგორც ვიცი, დედა მუსიკოსი გყავთ და ის იყო თქვენი პირველი პედაგოგიც ამ სფეროში.

- დიახ, დედაც მუსიკოსია. დამთავრებული აქვს საფორტეპიანო და ყოველთვის ჰყავდა მოსწავლეები, რომლებიც სახლში მოდიოდნენ, მე კი მათ სულ ვუსმენდი, ხანდახან ჩემთვის ვცეკვავდი კიდეც... მერე, სიმღერის სურვილი თავადაც გამიჩნდა და როცა დედა უკრავდა, ჩემს დასთან ერთად ვმღეროდი ხოლმე. დედის წყალობით მუდმივად ხარისხიან მუსიკას ვუსმენდით და ვფიქრობ, ამან ჩემს გემოვნებაზეც იმოქმედა. ჩემს ბავშვობაში, როცა ეკლესიაში ბევრი ადამიანი არ დადიოდა, დედას პირიქით, სულ ტაძარში მივყავდით, სადაც გალობდა და ეს საქმე ჩვენც შეგვაყვარა...

- თქვენი დაც მუსიკოსია?

- ჩემი და მღეროდა, მაგრამ მერე სულ სხვა პროფესია აირჩია. მის გარდა სხვა დედმამიშვილებიც მყავს, მაგრამ მუსიკალურ გზას მხოლოდ მე გავყევი.

312422126-666449951561013-644752372010984875-n-76650-1668235254-1669014437.jpg

- ბავშვობა კახეთში გაატარეთ, თინეიჯერი კი თბილისში ჩამოხვედით...

- დიახ, 15 წლისამ ჩავალაგე ბარგი და თბილისში გადმოვედი. მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, საფორტეპიანო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში - ვოკალურ ფაკულტეტზე და თოიძეში - დიზაინზე...

21 წლისამ კონსერვატორიაში ჩაბარება გადავწყვიტე, სადაც საუკეთესო, ფერადი წლები გავატარე. ვიყავი სტიპენდიატი, ყველა კონცერტზე ვმღეროდი, რომელიც იმართებოდა და სოლო კონცერტებიც მქონდა. ვმონაწილეობდი სპექტაკლებში, სტუდენტურ გასვლებში... პარალელურად გალობას ვასწავლიდი... პროფესორმა ქეთევან ელიავამ დიდი წვლილი შეიტანა როგორც ჩემს მუსიკოსად, ასევე პიროვნებად ჩამოყალიბებაში და მისი უზომოდ მადლიერი ვარ...

იცით, როგორ ცუდადაც უნდა ვიყო, სცენა მშველის. სიმღერას რომ ვიწყებ, ყოველ ჯერზე ვრწმუნდები - ნამდვილად ეს ის არის, რაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო!

- იტალიაში, ოზიმოს საოპერო ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება რატომ გადაწყვიტეთ?

- 2019 წელს მივხვდი, სულ სხვა რაღაც მჭირდებოდა და ისე, რომ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ, ყველასთვის მოულოდნელად იტალიაში წასვლა გადავწყვიტე. იქ ჩასულს გამიმართლა და აკადემიაში ჩავაბარე, რის შემდეგაც ჩემს ცხოვრებაში ახალი კარგი პერიოდი დაიწყო, რომელმაც დიდი გამოცდილება შემძინა. არაჩვეულებრივ მაესტროებთან ვიმუშავე.

- კონცერტებშიც მონაწილეობდით, არა?

- დიახ, ამის საშუალებას მაძლევდნენ და პანდემიამდე სულ დაკავებული ვიყავი. კორონავირუსის გამო ძალიან გამიჭირდა, რადგან სცენაზე დგომის საშუალება არ მეძლეოდა. თუმცაღა, ონლაინ ვმუშაობდით...

სხვათა შორის, ოზიმოს აკადემიაში ბევრი ქართველი სწავლობდა, ისინი არაჩვეულებრივი მომღერლები არიან და მათ უმეტესობას მსოფლიო იცნობს. მიხარია, რომ ასეთი ქართველები სამშობლოს იმიჯზე საზღვრებს მიღმაც ზრუნავენ.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- მაგისტრატურაში სწავლა დავამთავრე. ახლა ბავშვებს ვასწავლი, თან შემდეგი ეტაპებისთვის - მოსმენებისთვის, კონცერტებისთვის ვემზადები... პარალელურად, ვაგრძელებ საყვარელ საქმეს, გალობას. ეს სულ სხვა სამყაროა. ისედაც, ფოლკლორი, გალობა მუსიკოსისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მრავალხმიანობა ყოველთვის საინტერესოა. ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარში ვგალობ, სამებაშიც - დღესასწაულების დროს. პატრიარქთან გალობა დიდი ბედნიერებაა და მიხარია, რომ რამდენჯერმე მომეცა საშუალება, მის დაბადების დღეზე მეგალობა.

dsc8390-1669014474.jpg

- ალბათ იტალიაში ყოფნისას ესეც გენატრებოდათ...

- არა, რადგან ქალაქ ფლორენციაში მართლმადიდებლური ტაძარია, რომელსაც მამა ანდრია უდგას სათავეში და არაერთხელ მიგალობია იქ. მამა ანდრია ძალიან კარგ საქმეს აკეთებს იტალიაში მყოფი ემიგრანტებისთვის. სხვათა შორის, მანდ გალობდნენ ანსამბლ "ნანილას" წევრები და მათთან ერთად კონცერტებშიც კი მიმიღია მონაწილეობა. ახლაც მელოდებიან, როდის ჩავალ...

- ახლა ვისაუბროთ როლზე - "დარეჯან დედოფალი", რომელიც ცოტა ხნის წინ მოირგეთ და რის გამოც ბულინგის მსხვერპლი გახდით...

- იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ამ ღონისძიებაზე იმუშავეს, ადრეც რამდენჯერმე მითანამშრომლია, მაგრამ მას მერე, რაც იტალიაში წავედი, ცხადია, არსად მივუწვევივართ. თელავქალაქობასთან დაკავშირებით, მეგობარმა მითხრა, ისეთ ქალბატონს ეძებენ, დაახლოებით შენს აღწერილობაში რომ ჯდება. ხომ არ მოხვალო? დავინტერესდი და მივედი. ღონისძიების ორგანიზატორებმა რომ დამინახეს, ძალიან გაუხარდათ და როლს მეც სიამოვნებით დავთანხმდი. სრულიად უწყინარი, საყვარელი და მეგობრული დღე იყო ბევრი აქტივობით, კონცერტით, ფარიკაობით გალამაზებული...

სხვათა შორის, საოცრად კარგი პარტნიორი მყავდა "მეფე ერეკლეს" სახით. ძალიან კარგად შეასრულა დაკისრებული მისია, თავი არ დაუზოგავს. მოკლედ, კახეთიდან ძალიან კმაყოფილები ჩამოვედით, მაგრამ...

შინ მისულს სოციალურ ქსელში ამბავი დამხვდააა... არ ვიცი, ხალხის ნაწილს რა დაემართა, მაგრამ ჩვენი ფოტოები ვირუსულად გავრცელდა და ვიღაცები გვლანძღავდნენ. განსაკუთრებით მე შემომიტიეს, - ეს რუსი საიდან მოიყვანესო? მართლა ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. შეიძლება ერეკლეს და დარეჯანს ერთი ერთში არ ვგავდით, მაგრამ ჩვენ ხომ ფილმში არ ვთამაშობდით? ეს იყო ერთჯერადი პროექტი, ზეიმი და აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მათი ასლები ვყოფილიყავით...

ვერ აიტანეს, კახელი თუ ხარ, რათ არა ხარ შავთვალწარბაო? რათ ჰგავხარ რუსსო? მაკვირვებს, ყველა ქერათმიანი რატომ ასოცირდება რუსთან? კახელები აუცილებლად შავგვრემნები უნდა ვიყოთ? მგონია, რომ გარეგნობის მიხედვით ადამიანების განსჯა, რბილად რომ ვთქვა, უგუნურებაა...

- ალბათ ძალიან განიცადეთ... მობულინგე ხალხის გამო ხომ არ ინანეთ თქვენი გადაწყვეტილება, სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნების შესახებ?

- იცით, არაფრის გამო ადამიანებს რომ აბულინგებ, ეს პირველ რიგში, შენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს. ვერ მოგატყუებთ, ძალიან ემოციური ვარ და თავიდან ვინერვიულე, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ რაც უნდა გავაკეთო, ასეთი არასწორი კრიტიკოსები ყოველთვის გამოჩნდებიან... მათ მოტივაცია მომცეს, უფრო მეტი გავაკეთო, რათა უკეთ გამიცნონ და იმედია მიხვდებიან, რომ ღირსეული ადამიანი ვარ, სულით და გულით ქართველი. ვფიქრობ, ყველაფერი ცუდი საკუთარ გამოცდილებად უნდა აქციო...

თუმცა, ჩემ გარდა, ჩემმა საყვარელმა ადამიანებმაც ძალიან ინერვიულეს ამ ბულინგის გამო. ცუდია, როცა ვიღაცები იმას წერენ, რაც უნდათ და თუნდაც ცილი დაგწამონ, ამას არად დაგიდევენ. ისე წერენ, არ ფიქრობენ შენ ან შენი ოჯახის წევრებს ამის გამო რა დაგემართებათ, რომ შეიძლება ამით ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენონ. არც იმაზე ფიქრობენ, რომ სოციალურ ქსელში შენი კომენტარი შეიძლება, უამრავმა ადამიანმა ნახოს, მათ შორის, ნაცნობებმა და ამ პატარა საქართველოში, კარგად რომ გამოვიკვლიოთ, ყველა გამოვძებნით საერთო ახლობელს, მერე კი მოგვიწევს ბოდიშების მოხდა... არ არის კარგი ამბავი...

- დაბოლოს, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ "ქართველებმა ასე ვიცით ერთმანეთის გატანა"?

- არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. კარგი და ცუდი ყველა ერშია. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ქართველებს გვახასიათებს ერთმანეთზე აუგის თქმა. უბრალოდ, პატარა ერი ვართ და ეს ყველაფერი ისე ჩანს, როგორც ხელისგულზე დადებული დიდი ნივთი.

და კიდევ, ამ ყველაფრის მიზეზი ის მგონია, რომ ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. როცა გაქვს შენი პირადი ცხოვრება, დაკავებული ხარ საყვარელი საქმით ან ჰობით, ცხოველებზე ან სულაც, ყვავილებზე ზრუნვით, მოკლედ, თუ ბედნიერი ხარ, სხვის ცხოვრებაში ცუდად ჩარევის სურვილი არ გაგიჩნდება. იმედია, ბულინგისკენ მიდრეკილი ყველა ადამიანი იპოვის საკუთარ ბედნიერებას და შეიცვლება. ყველას ამას ვუსურვებ და ერთსაც, დავრჩეთ ადამიანებად...

ლიკა ქაჯაია