კრისტი ყიფშიძის საყვარელი საქმე და წარმატების საიდუმლო
მომხიბვლელი, ჰაეროვანი მოდელი კრისტი ყიფშიძე უკვე წლებია, ქართულ პოდიუმს ამშვენებს. ამჯერად მისი წარმატების ფორმულით დავინტერესდით.
- გოგონების უმრავლესობა ბავშვობიდან ოცნებობს პოდიუმზე, თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- ალბათ, ბავშვობაში ყველა გოგოს უფიქრია მსახიობობაზე ან მოდელობაზე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად გახლდათ: მოდელობაზე არ ვოცნებობდი, მაგრამ სცენაზე გამოსვლის ქვეცნობიერი სურვილი მქონდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი წლები საქართველოსთვის ურთულეს დროს - 1990-იან წლებს დაემთხვა: ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი, როცა შუქიც კი სანატრელი გვქონდა და ტელევიზორს მხოლოდ 2-3 საათით ვუყურებდით. სწორედ იმ დროს, კერძოდ, 1994 წელს აღმოვჩნდი პოდიუმზე.
- კრისტი, როგორია თქვენი "წარმატების ფორმულა"?
- სულ ვამბობ, რომ ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ ფორტუნაც არ დაეხმარება. უნდა გაგიმართლოს და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე, ანუ იღბლიანი უნდა იყო. თუ იღბალს ნიჭი და შრომისმოყვარეობაც თან ახლავს, წარმატება გარანტირებულია. ჩემი აზრით, ეს სამი კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, არის კიდევ ერთი სერიოზული პირობაც - მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე. ბუნებით მეც ასეთი ვარ: შეიძლება ქართული მოდის ისტორიაში ჩემი წვლილი შევიტანე, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდები - საკუთარი თავისგან სულ უფრო მეტს მოვითხოვ.
- 90-იან წლებში პატარა გოგო პოდიუმზე უცხო მოვლენა იყო. გამოდის, მაშინდელ საზოგადოებრივ აზრსაც დაუპირისპირდით?
- რაც მთავარია, ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა და დღემდე გვერდით მიდგას. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, როცა მისთვის მიუღებლად ჩაცმული ლამაზი ქალი პოდიუმზე დგას, მაგრამ მთავარი ხომ ჩვენი სულიერი მდგომარეობაა? შეიძლება ვიღაცას დახურული კაბა ეცვას, მაგრამ ძალიან ცუდად იქცეოდეს ან - პირიქით, გამჭვირვალე კაბა ეცვას და ისე ღირსეულად ცხოვრობდეს, როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება. მადლობელი ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც მეთანხმებიან და ჩემსავით ფიქრობენ.
- ალბათ რთულია, რაღაც გტკიოდეს, გაწუხებდეს და პოდიუმზე მაინც ღიმილით გამოხვიდე...
- დიახ, ასეა. ყველა პროფესიას თავისი სირთულე ახლავს და მოდელობაც არ არის მარტივი. წეღან "წარმატების ფორმულაზე" ვსაუბრობდით და ამ სფეროში წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი თვისება უნდა გქონდეს: სხვა მოდელებს კონკურენტებად არ უნდა აღიქვამდე. მეც, პოდიუმზე თავი რომ დავიმკვიდრე, დავფიქრდი და მივხვდი, კონკურენტები არ მყავდა: ყველა, ვინც ჩემ გვერდით პოდიუმზე გამოდიოდა, კოლეგებად მიმაჩნდა. თუ ფიქრობ, რომ შენ გვერდით კოლეგები დგანან და მათ საქმიანობას პატივს სცემ, მათგანაც პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებ. სულ ვცდილობდი, ყველას დავხმარებოდი, ვინც ამას იმსახურებდა. ახლობლები ხშირად მსაყვედურობდნენ - ცოტა თავი უნდა დაიფასო, ზედმეტი უანგარობაც არ ვარგაო, მაგრამ მე ასე არასდროს მიფიქრია: ხომ შეიძლება, ადამიანს არა აქვს საშუალება, გადაგიხადოს, მაგრამ ჩვენებაში შენი მონაწილეობა მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანია. ამ მიზეზით, პოდიუმზე არაერთხელ გამოვსულვარ უფასოდ. ჩვენს სფეროშიც, ისევე, როგორც ყველგან, მთავარი მოგება და ანგარება კი არა, საქმის სიყვარულია. თუ ეს სიყვარული გაქვს, ყველაფერი გამოგივა. უკვე 28 წელია, სამოდელო ბიზნესში ვარ და ჩემი საქმე ისე მიყვარს, როგორც დასაწყისში - მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.
- თქვენი შვილიც ხომ არ აპირებს მოდელობას?
- ნატაშკას არჩევანში ზედმეტად არ ჩავრეულვარ. მართალია, ის ბავშვობიდანვე ყურადღების ცენტრში იყო და მოდელობა კი არა, მსახიობობა სურდა, მაგრამ სკოლა რომ დაამთავრა, აზრი შეიცვალა და სულ სხვა მიმართულება - თეატრალურის ნაცვლად, ციფრული მედიაკომუნიკაციის სფერო აირჩია. ბოლო კურსზეა და წელს უკვე დაამთავრებს. არ გამოვრიცხავ, რომ დროთა განმავლობაში სცენისკენაც გაიწიოს, თუმცა ფაქტია, 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია აირჩია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოდელობა მისი ჰობი გახდეს.
- თქვენთვის თუ იყო ეს საქმე ჰობი?
- თავიდან შეიძლება იყო, მაგრამ დღეს ეს ჩემი საყვარელი საქმეა, უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. არასდროს მითქვამს, პოდიუმიდან წავედი-მეთქი. ხომ აწყობენ გაცილებებს ბალეტიდან ან სპორტიდან, მოდელის კარიერაც ხანმოკლეა, მაგრამ გააჩნია, რომელი კატეგორიის მოდელი ხარ. არიან მოდელები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოდიან პოდიუმზე და მათზე მოთხოვნა არ მცირდება. მიხარია, რომ წლებმა ჩემს საქმიანობაში არაფერი შეცვალა და პოდიუმზე დღესაც მოთხოვნადი ვარ. ამის გამო, ჩემი საქმე კიდევ უფრო შემიყვარდა.
- კრისტი, ოჯახის დანგრევას ძალიან ბევრი ქალი ტრაგედიად აღიქვამს, ბევრს ამის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებაც უჭირს. თქვენ როგორ მოერიეთ სტრესს - პროფესიის წყალობით?
- დავიწყებ იმით, რომ ეს სიტყვა არ მომწონს - რას ნიშნავს "დანგრევა"?! თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ უგებს, მათი ურთიერთობა ამოიწურა და მომავალი აღარა აქვს, ხომ ჯობია ნორმალურად, ცივილიზებულად დაშორდნენ? თუ რაღაც არ მოგწონს და სადმე თავს ცუდად გრძნობ, ამ სიტუაციიდან გარიდება სულაც არ ნიშნავს "დანგრევას". 26 წლის ვიყავი, როცა მეუღლეს დავშორდი და ეს სასიამოვნო ფაქტი სულაც არ იყო. ფილმს რომ უყურებ და იქ შორდებიან ერთმანეთს, ამაზეც ნერვიულობ და როცა ეს შენს ცხოვრებაში ხდება, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბრკოლოს. თუ ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ და იფიქრებ, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ ყველაფერი იმიტომ ხდება, რათა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, ყველაფერს მშვიდად შეხვდები. შეიძლება ვერც იპოვო ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრების მეგზური გახდება, მაგრამ არც ესაა ტრაგედია. მთავარია, ადამიანს თავისი თავი უყვარდეს, საკუთარ თავთან იყოს ჰარმონიაში. როგორც კი ამას მოახერხებ, ეს დადებითი ენერგეტიკა ირგვლივ მყოფებზეც გავრცელდება. შენ ამ ენერგეტიკას ასხივებ და ხალხი უფრო მეტ პატივს გცემს. თავდაჯერებული და თავის ძალებში დარწმუნებული ქალი ყოველთვის მიაღწევს წარმატებას, რაც უნდა რთული ცხოვრება გამოიაროს.
- ბოლო წლებში ტელევიზიაშიც მუშაობთ. რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?
- მოდელობის წყალობით, სხვა პროფესიებიც შევიძინე: ჯერ ერთ-ერთ რადიოში წამყვანი ვიყავი, მერე - პროდიუსერად ვმუშაობდი, ბოლო სამი წელია, დილის გადაცემაში ჩემი რუბრიკა მაქვს, სადაც მაყურებელს სასარგებლო რჩევებით ვამარაგებთ. პროფესიონალი ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ ამ სფეროში ჩემი პატარა ნიშა ვიპოვე: ზოგჯერ სტუმრები სტუდიაშიც მოგვყავს ან სიუჟეტებს ვაკეთებთ. თუ საზღვარგარეთ მივდივარ, ოპერატორის ფუნქციასაც ვითავსებ და ახალი, საინტერესო სიუჟეტები ჩამომაქვს. ეს საქმეც ძალიან მომწონს: ჩემს რუბრიკაში ყველაფერს ვეხები, გარდა პოლიტიკისა. ხშირად ვაშუქებ კულტურისა და ხელოვნების საკითხებს. ჩემი სტუმრები ძირითადად, მხატვრები და ხელოვანები არიან, რადგან ხელოვნება მეც ძალიან მიყვარს.
- დაბოლოს, ყველაზე მთავარი შეკითხვა - როგორ ინარჩუნებთ ფორმას, რის გამოც, პოდიუმზე ისეთივე მოთხოვნადი ხართ, როგორიც 20 ან 25 წლის წინ იყავით?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი ყოველდღიური რეჟიმი მაქვს, რომელსაც არ ვღალატობ: ცხოვრების წესად მექცა, რომ დილით უნდა გავიღვიძო და წყალი დავლიო. მერე კი, ისეთი საუზმე მივირთვა, რომელიც ხილისგან შედგება და დავლიო უშაქრო ყავა, რომელიც გაფილტრულია. თუმცა, მარტო ამის გამო ფორმაში ვერ იქნები. ყველაზე მნიშვნელოვანი გენეტიკაა: ფორმის შენარჩუნება შედარებით ადვილია, როცა თხელი აღნაგობა გაქვს და ზედმეტი წონისკენ მიდრეკილი არ ხარ, მაგრამ გენეტიკასაც ხელშეწყობა სჭირდება. ამიტომ ვცდილობ, ყოველდღე ვივარჯიშო და რადგან სპორტულ დარბაზში ყოფნა არ მიყვარს, სახლში ვვარჯიშობ ხოლმე. ამავე დროს, ძალიან დიდ მანძილს გავდივარ ფეხით, რაც ჩემი დაკვირვებით, საუკეთესო საშუალებაა. ყველაზე მთავარი კი მაინც განწყობაა. დღეს, როცა ყველაფერი ასე დაჩქარებულია, როცა ასეთ დაძაბულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სულიერ სიმშვიდეს თუ ვერ შეინარჩუნებ, ვერაფერს მიაღწევ. როცა კარგ ხასიათზე ხარ და თვალები გიბრწყინავს, იმ დღეს ყველაფერი გამოგდის, ყველაფერს ასწრებ... ადამიანს სულ პატარა სიხარულიც კი უღვიძებს პოზიტიურ განწყობას. მე მაგალითად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. დადებითი განწყობის შესაქმნელად უცხოეთში წასვლა აუცილებელი სულაც არაა: აქვე, კახეთში ან სხვა მხარეში რომ წახვიდეთ, ახალი შთაბეჭდილებები მომავლის იმედს და კარგ განწყობას მოგიტანთ. საკუთარ თავს ხშირად უნდა ვუთხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... დილით რომ გავიღვიძებ, ფანჯარას გავაღებ და ჩიტების ჟღურტული მესმის, ეს უკვე ბედნიერებაა. ჩემი აზრით, ადამიანებმა ყოველდღიური, პატარა-პატარა სიხარულის დაფასება უნდა ვისწავლოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე