"ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი" - გზაპრესი

"ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი"

"თავისუფლება შენი სინდისის ძახილის აყოლაა. როცა სინდისის კარნახით მოქმედებ და როცა არავისი გშურს, ეს ძალიან რთული გასაკეთებელია", - ამბობს მომღერალი ლაშა ღლონტი. რა თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში, რა დროს იბნევა, რა ვერ ისწავლა დღემდე, რისი ეშინია და რა დარიგება მიიღო მეუფისგან, რომელიც არასდროს დაავიწყდება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1970 წლის 8 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი ან ფეხბურთელი. მაშინ ექიმობას არ ვფიქრობდი. ფეხბურთს ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ტრავმა მივიღე, თან რაღაცაზე ბავშვობაში გული მატკინეს და აღარ გავაგრძელე. რაც შეეხება მსახიობობას, მოგვიანებით მედიცინამ მეტად გამიტაცა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ვერ ვიტყვი, რას ამბობენ, ბევრ კარგს ამბობენ და უხერხულია. ცუდს არ ამბობენ, ერთადერთი რაც მესმის ხოლმე, - ფიცხიაო, ეს გურული ხასიათია, წამიერად ავფეთქდები და მეორე წუთში აღარ მახსოვს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მუსიკას თუ გულისხმობთ, იყო დათო არჩვაძის სიმღერა ნანა ცინცაძის ლექსზე "მონატრებიხარ ფიქრებს". ამ ადამიანების მადლიერი ვიქნები სულ, რადგან მათ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. უცხოეთშიც და საქართველოშიც ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და მეუბნება, რომ ოჯახი ამ სიმღერაზე შექმნეს. უკვე მე-14 წელია ეს სიმღერა არსებობს და შესაბამისად, ამ ოჯახებში დაბადებული თაობა გაიზარდა, ეს დიდი ბედნიერებაა. ხანდახან ამბიცია მაქვს, რომ ერის დემოგრაფიული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლაში, ამ სიმღერით პატარა წვლილი მეც მიმიძღვის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს მეუღლე, შვილი, შვილიშვილები, დედა, ძალიან კარგი სიძე, და, დისშვილები... სამწუხაროდ მამა აღარ მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი სიმღერა.

- პროექტი "მიმღერე"...

- ...ძალიან კარგი პროექტია. პირველ სეზონზე უნდა ვყოფილიყავი, მაშინ ვერ დამითანხმეს. ვფიქრობდი, რომ ასეთ პროექტებში ახალგაზრდები უნდა აქტიურობდნენ, მათთვის სტიმული უნდა იყოს. ახლა ჩემი შვილის და სიძის მონაწილეობის გამო დავთანხმდი. თან, წინა სეზონი როცა გადიოდა, მაშინ ძალიან მოუცლელი ვიყავი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმღერო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არავისი მშურს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხანდახან ზედმეტად პირდაპირი ვარ.

- თქვენს პირდაპირობას უსიამოვნება მოსდევს?

- ხანდახან ცოტა მკვახედ ვიცი თქმა, მაგრამ გულით ვეუბნები, ასე ჩემიანებთან მემართება, შეიძლება შვილსაც ვუთხრა, რადგან მინდა, ის რაღაც გაასწოროს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ, მაგრამ ბევრი რამ ვერ ვისწავლე, იმიტომ რომ ეს ხასიათია. მაგალითად, შეცდომაა, ადამიანი როცა მატყუებს, ვეხმარები, რომ კარგად მომატყუოს. ვფიქრობ, ასეთი შეცდომები გვეპატიება.

- პატიება შემიძლია...

- ...ნამდვილად შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩემი კი არა, ღმერთის კომპეტენციაა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვხედავ საქართველოს გაერთიანებას.

- ვიბნევი...

- ...როცა მაქებენ.

- ვნანობ...

- ...სურვილის მიუხედავად, ბევრს ვერ დავეხმარე, ამის საშუალება არ მქონდა.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო ის, ვინც ვარ. არ მინდა შევიცვალო. ახლა ძალიან ბედნიერი გახლავარ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...ძალიან ძნელია. სიფიცხე შეიძლება გამოვიჩინო, მაგრამ ეს წონასწორობიდან გამოსვლას არ ნიშნავს. ალბათ მოთმინების ზედა ზღვარი არსებობს, რომლის იქითაც შეიძლება დავკარგო წონასწორობა. ცხოვრებამ მასწავლა, რომ მოთმინება საჭიროა. როცა შენ ქართულ სიმღერას მღერი და ხალხს უყვარხარ, ისე ვერ მოიქცევი, როგორც შეიძლება სხვა შემთხვევაში მოქცეულიყავი, არსებობს თმენის ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის, ვერ აიხსნება. ის მოდის და მიდის. ქალს და მამაკაცს შორის სიყვარული როგორ შეიძლება ახსნა? ამას რომ ამბობენ, მეცინება.

- მეუღლეს სიყვარული როგორ აუხსენით?

- ..."სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია". სიყვარული საქციელია და შენი დამოკიდებულებაა ადამიანისადმი, საქმისადმი, სამშობლოსადმი... სიყვარულით მთვრალი უნდა იყო.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების უტიფრობა და უმადურობა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა სიმღერამ.

- ვრისკავ...

- ...ნაკლებად. ფრთხილი ვარ. ვრისკავ იმ შემთხვევაში, როცა ზურგს უკან ეს რისკი დაზღვეული მაქვს. ყველაფერს არ დავკარგავ, მაგრამ რაც შეიძლება დავკარგო, ის ასატანი და შესაგუებელი უნდა იყოს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჭამა მიყვარს ძალიან.

- ვამაყობ...

- ...ოჯახით.

- ბოლოს ვიტირე...

- ...მხატვრულ ფილმზე "ლომი", რომელიც ობოლ ბავშვს ეხება.

- შიში მაქვს...

- ...არ შევიცვალო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სახლში მსაყვედურობენ, რომ ჭამა მიყვარს.

meugle-1669623025.jpg

- ვუფრთხილდები...

- ...ყველას, ვინც ჩემ გარშემოა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...სიმართლის დამალვა. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმართლის თქმა არ არის საჭირო; დიპლომატია მაქვს, მაგრამ ბოლომდე გაჩერება მაინც ვერ ვისწავლე. შეიძლება დღეს არ ვთქვა სიმართლე, მაგრამ ხვალ მაინც ვიტყვი ან ვიმოქმედებ ისე, რომ მართალი ადამიანის გვერდით დავდგე.

- თავისუფლება არის...

- ...შენი სინდისის ძახილის აყოლა. როცა სინდისის კარნახით მოქმედებ და როცა არავისი გშურს, ეს ძალიან რთული გასაკეთებელია.

- როცა მარტო ვარ...

- ...მიყვარს ფიქრი.

- თქვენი ფიქრები როგორია?

- ჩემი ფიქრები ჩემს სიმღერებშია.

- მენატრება...

- ...ძველი დრო, წარსული მეგობრები და ის წუთები, რომელიც შეიძლებოდა უფრო კარგად გამეტარებინა, ადამიანებს მეტად მოვფერებოდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს საუკეთესო წამალი სანთლის ანთება, პირჯვრის გადაწერა და ლოცვაა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ....პირველად ნიუ-იორკში როცა ჩავფრინდი, აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა. მაშინ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომელიც ახლა იქ მეუფეა, მითხრა, შენ ახლა ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგახარ, პოპულარული ხარ. როცა იესო იერუსალიმში დიდებით შედიოდა, ჯორზე იჯდა და ჯორს ეგონა, ეს ხალხი ასე მე მხვდებაო. ეს არასდროს დაგავიწყდეს, იმ ჯორს არასდროს დაემსგავსო და ყოველთვის იცოდე, რომ ყველაფერი ზემოდან მოდის და უფლის მადლიერი იყავიო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. მეც ასე ვფიქრობდი და მეუფემ განმიმტკიცა ფიქრი, რომ სწორი ვიყავი. ყველაფრისთვის უფალს უნდა ვუთხრათ მადლობა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველა ადამიანს უფალი ნიჭს აძლევს. იპოვეთ ეს ნიჭი საკუთარი თავში, ამით იპოვეთ საკუთარი თავი, იყავით უბრალოები და უფლის მადლიერები!

- ბატონო ლაშა, ახლახან ირლანდიაში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეთ, როგორი იყო ემოცია, ამის შესახებ მიამბეთ...

- ხშირად ვმოგზაურობ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ამ კონცერტებს ყოველთვის დიდი ემოცია ახლავს, ემიგრაციაში განსაკუთრებით მძაფრია, თუმცა საზოგადოება საქართველოშიც ძალიან მგრძნობიარეა. გამორჩეულად დამამახსოვრდა ირლანდიელების დამოკიდებულება ქართული სიმღერისადმი და ზოგადად ქართველებისადმი. ირლანდიელები და ქართველები ერთმანეთს ძალიან ვგავართ ხასიათით, ბუნებით, გარემოთი... იქ სოფლის მეურნეობა კარგად განვითარებულია, ნატურალური პროდუქტები აქვთ. ჩემს კონცერტებს ძირითადად ემიგრანტები ესწრებიან, ამ კონცერტს კი დაესწრნენ ირლანდიელებიც, რომლებიც მოხიბლულები დარჩნენ ქართული სიმღერით, დამეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კონცერტის ორგანიზატორი ჩემი მეგობარი ლელა შურუპოვა გახლდათ. მას ძმისშვილი, რომელიც შვილივით ჰყავდა, ონკოლოგიური დაავადებით დაეღუპა. ლელამ იმ გოგოსთვის მიცემული პირობა, - გააკეთებდა ღონისძიებას და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებოდა, შეასრულა. ეს კონცერტი სწორედ ამ ეგიდით ჩავატარეთ, რაშიც ძალიან დაგვეხმარა საქართველოს საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოლიდარობის ფონდი და ის თანხა, რომელიც ამ კონცერტიდან მოვაგროვეთ, სრულად სოლიდარობის ფონდში, ონკოლოგიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადაირიცხა.

- როგორი მადლიანი საქმეა...

- ნამდვილად, ორი პატარა კონცერტის პირობაზე 10.000 ევრო პატარა თანხა არ არის. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც დაიდო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, რომ... ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. ლელა შურუპოვა - ირლანდიაში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეა. ზურა ჯავახიშვილი და ჩვენი ელჩი ირლანდიაში დავით ზურაბაშვილი, დაგვეხმარა იმაში, რომ ეს კონცერტი უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო. მადლობა სანდოობით გამორჩეულ "სოლიდარობის ფონდს", მის ხელმძღვანელს - ქალბატონ ეკატერინე ფესტვენიძეს, რომელიც ამ კონცერტზე დასასწრებად ჩამობრძანდა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდს.

- როგორც ვიცი, თქვენი სახელობის სასაჩუქრე ეგზემპლარი კონიაკი ჩამოასხეს, თქვენივე ფოტოთი.

- დიახ, ეს ძალიან სასიამოვნო საჩუქარი იყო. ერთი ბოთლი ქარხანაში ჩამოასხეს, მეორე ბოთლი მეგობრებმა დაამზადებინეს. ორივეს აუცილებლად ჩემი შვილიშვილების ქორწილში გავხსნი. დიდი მადლობა მხატვარ ბაჩი იმერლიშვილს ჩემი პორტრეტის დახატვისთვის, სტანდარტული პორტრეტი არ არის, თიხაში ნამუშევარია. იქ დიდი სითბო ვიგრძენი. მადლობა ლელას, რომ ასეთი კეთილი საქმე გააკეთა. ეს არის გოგო, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყოველთვის მხარში უდგას.

თამუნა კვინიკაძე