"იმედგაცრუება ბევრჯერ განმიცდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს" - გზაპრესი

"იმედგაცრუება ბევრჯერ განმიცდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს"

მარიტა მესხორაძე სერიალში - "სიყვარულს მიღმა" მიზანდასახული, ბეჯითი აბიტურიენტის - თეკლას როლს ასრულებს, რომელსაც მშობლები განათლების მიღებაში ხელს არ უწყობენ... მარიტა 21 წლის გახლავთ და უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობია.

- კომპანია "ზიპოტელას" მიერ მსახიობებისთვის გამოცხადებულ კასტინგებზე ხშირად დავდიოდი. შესაბამისად, გუნდის წევრები უკვე მიცნობდნენ. როცა სერიალში - სიყვარულს მიღმა" მონაწილეობისთვის დამირეკეს, ჩემი პერსონაჟი გამაცნეს და მითხრეს, - შენ გვჭირდებიო, სიამოვნებით დავთანხმდი.

- შენთვის ეს პირველი როლია?

- "სიყვარულს მიღმა" მეორე სერიალია, რომელშიც ვმონაწილეობ. "ჩემი ცოლის დაქალებში" ეპიზოდური როლი ვითამაშე. კამერასთან მუშაობის გამოცდილება მანამდეც მქონდა, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებში.

- თეკლას პერსონაჟი შენთვის საინტერესოა?

- ძალიან! თავიდანვე საინტერესო იყო, რადგან პრობლემა, რასაც თეკლა წარმოადგენს და შემოქმედებით გუნდს მისი პერსონაჟით რისი თქმაც სურს, როგორც უნდა გაგვიკვირდეს, ძალზე აქტუალურია: თითქოს ბევრი ახალგაზრდის შესახებ ვიცით, რომლებიც უცხოეთში სასწავლებლად მიდიან, სამშობლოში წარმატებულები ბრუნდებიან, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების სურვილისამებრ წარმართვისას გარკვეული წინააღმდეგობები ხვდებათ. ამიტომ ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ძალიან კარგია, ამ თემას რომ გამოვეხმაურე და ასეთი როლი შევასრულე.

- რეალურ ცხოვრებაში მსგავს პრობლემას თუ წასწყდომიხარ?

- ასეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ მსგავსი ამბები ნამდვილად გამიგონია.

- პროფესიით მსახიობი ხარ?

- კი. ჯერ ისევ ვსწავლობ: თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ.

- შენი აბიტურიენტობის პერიოდი როგორი იყო? სწავლა-განათლებასთან დაკავშირებული მომავალი როგორ დაგეგმე?

- თავიდანვე მსახიობობა მინდოდა. ჩემთვის ეს არავის დაუშლია, პირიქით - საბედნიეროდ, ყველა ხელს მიწყობდა. როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტობა ჩემთვისაც რთული იყო. ზოგჯერ სახლიდანაც ვერ გავდიოდი, მეგობრები, ახლობლები რომ მენახა. შინ გამოკეტილი დროს მეცადინეობაში ვატარებდი. მიზანდასახულობით თეკლას ნამდვილად ვგავარ. უბრალოდ, ოჯახური სიტუაციით განვსხვავდებით: მშობლებთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ნამდვილად ვიცი, რომ შემიძლია, ოჯახის წევრებთან მივიდე და ნებისმიერ საკითხზე ისე ველაპარაკო, როგორც ახლო მეგობრებს. ერთმანეთს აბსოლუტურად ვენდობით. ეს ძალიან მახარებს და მეხმარება - მორალურადაც, კარიერაშიც...

- სწავლის გასაგრძელებლად, საჭირო ფინანსების მოძიება შენს პერსონაჟს დამოუკიდებლად უწევს. შენს შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

- ისეთი დატვირთული ვიყავი, რომ სწავლის პარალელურად, მუშაობას თავად ვერ ვახერხებდი - მშობლები მეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, არსებობენ მოსწავლეები, რომლებიც თავად იღვწიან საკუთარი სწავლის დასაფინანსებლად. მათ შრომას ვაფასებ. ჩემს პერსონაჟს რაც შეეხება, რთული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გარკვეულწილად - გასაგებიც: რადგან არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ სწავლის გადასახადი დაფაროს, ამიტომ ყველაზე უკიდურეს ფორმას მიმართა...

- შენს ეკრანულ ოჯახს სერიალში მძიმე ეპიზოდები აქვს. საინტერესოა, გადასაღებ მოედანზე, კადრს მიღმა როგორი სიტუაციაა?

- რეალურად, ის მსახიობები, ვინც ჩემი ოჯახის წევრებს განასახიერებენ, ძალიან გულთბილები, უსაყვარლესები არიან. სხვათა შორის, ეს კარგია, რადგან სანამ გადაღებას დავიწყებთ, მანამდე კარგად "ვრეპეტიციობთ". რეჟისორი და ოპერატორიც გვეხმარებიან, რომ ყველაფერი "გავიაროთ", მოვემზადოთ... როდესაც უკვე პერსონაჟების მიზანსცენა და ამოცანა გასაგებია, გადაღებაც სასიამოვნო და მარტივია. შემოქმედებითი ჯგუფიც მობილიზებულია, დროის მენეჯმენტიც კარგად იციან - ვერაფერს დაუწუნებ. იშვიათად ხდება, რომ რამეში ხელი შეგვეშალოს და რამის ხელახლა გადაღება დაგვჭირდეს.

- სტუდენტობაზე რას გვეტყვი - ისეთია, როგორი მოლოდინიც გქონდა?

- რა თქმა უნდა, რადგან იმ სფეროში, იმ ხალხის გარემოცვაში ვარ, ვისთან ერთადაც სწავლა მინდოდა. სასიამოვნოა იმის კეთება, რაც გიყვარს. მინდა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს - ჩემი საქმე სტუდენტობის მერეც გავაგრძელო...

- ახალგაზრდა მსახიობი სამსახიობო სფეროს როგორ ხედავ, განვითარების რა ეტაპზეა და თქვენი პროფესიის წარმომადგენლებს რა პერსპექტივები გაქვთ, მომავალი როგორ გესახება?

- ვფიქრობ, ახლა საქართველოში ისეთი პერიოდია, როდესაც მსახიობი თავად უნდა ეცადოს, რაღაც გამოუვიდეს. არავინ გთხოვს: - მოდი, ჩემთან ითამაშეო. შენი შრომით, ჯაფით და თავდადებით უნდა მიაღწიო იმას, რომ შეგამჩნიონ, დაგინახონ, მოეწონო... რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გამოცდილება, შრომა, მეცადინეობა სჭირდება. მარტივი ნამდვილად არ არის, რაღაცას რომ მიაღწიო. როდესაც კარგი შედეგის "დადება" გინდა, ამას შესაბამისი შრომა სჭირდება.

- ალბათ, იმედგაცრუებაც განგიცდია...

- კი, რა თქმა უნდა. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და სხვადასხვა კასტინგზე გვიბარებდნენ, თავდაპირველად, სულ უარს ვიღებდი, იმედგაცრუება ბევრჯერ განმიცდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს: ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ და იმედია, კიდევ ბევრი შესაძლებლობა მექნება. ამიტომ უარმა მსახიობები არ უნდა შეგვაშინოს, პირიქით - მეტი სტიმული უნდა მოგვცეს. ყველას ვურჩევ, არც ერთ კასტინგზე წასვლა არ დაიზარონ, არაფერი გამოტოვონ. დაუღალავად რაღაცის მცდელობა შედეგს გამოიღებს.

- როგორ ფიქრობ, შენი, როგორც მსახიობის მთავარი შარმი რა არის, რის გამოც შეგნიშნეს და სხვადასხვა პროექტში გიწვევენ?

- როდესაც კასტინგებზე მივდივარ, იმ პერსონაჟში აბსოლუტურად "გადავეშვები" ხოლმე, ვისაც განვასახიერებ: ვცდილობ გავიგო, როგორი ტიპის ადამიანი შეიძლება იყოს. მსახიობს საინტერესოს ის ხდის, რომ პერსონაჟში ადამიანს "იჭერ". ჩვენი პროფესია ეს არის, რომ სხვადასხვა ადამიანს დავაკვირდეთ - როგორი არიან, როგორ იქცევიან, ნებისმიერ დეტალს ყურადღება მივაქციოთ... როდესაც ამაში უკვე გამოცდილი ხარ, როლის განსახიერებისას ხვდები, შენი პერსონაჟი როგორი შეიძლება იყოს. ცდილობ, შენი გმირი ისე წარმოაჩინო, როგორც რეჟისორს აქვს ჩაფიქრებული. ეს მოსწონთ (იღიმის)...

- მარიტა, მსახიობობა რატომ გადაწყვიტე?

- ბავშვობიდანვე მინდოდა. სხვა პროფესიის მიმართ ინტერესი არასოდეს გამჩენია. ალბათ, მიზეზი ის იყო, რომ ბავშვობიდანვე თეატრალურ სფეროში ვიყავი: ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლა მაქვს დამთავრებული. რა თქმა უნდა, სცენური პლასტიკის დამუშავებაში ბალეტი ძალიან დამეხმარა... მოკლედ, მთელი ცხოვრება სცენაზე ვარ. ეს ძალიან მახარებს, რადგან ჩემს თავს სწორედ სცენაზე და კამერასთან ვხედავ.

- მიზანდასახული, ბეჯითი აბიტურიენტის გარდა, კიდევ როგორი როლები მოგირგია?

- სხვათა შორის - ზრდასრული ქალის, შემდეგ - მოხუცებულის როლიც მითამაშია. საკურსო სპექტაკლში, როცა პრისტლის პიესა - "ქონვეის ოჯახი" დავდგით, მისის ქონვეის როლი შევასრულე, რომელიც ოჯახის მთავარი წევრია. რთული პერსონაჟია ჯერ მარტო იმიტომ იყო რთული, რომ ჩემი ასაკის ადამიანს შუახნის ქალის როლი უნდა მეთამაშა. ძალზე კარგი გამოცდილება იყო, სტუდენტობისას ასეთი პერსონაჟის განსახიერების საშუალება რომ მომეცა.

- შენთვის პირველი როლი იყო?

- კი, პირველი სპექტაკლი იყო, რომელშიც ვთამაშობდი. რეჟისორისგან ეს ნდობად მივიღე. ალბათ, ჩემში ხედავდა უნარს, რომ ამ როლის განსახიერებას შევძლებდი. საინტერესო სწორედ რთული როლებია.

- სწავლის და სერიალში მონაწილეობის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?

- წელს რუსთაველის თეატრში დავიწყე მუშაობა. მაისში მსახიობების შესარჩევი კასტინგი გამოცხადდა. ამ შანსით გახარებული, რა თქმა უნდა, კასტინგზე გავვედი... საბოლოოდ, ამიყვანეს და ახლა, სტუდენტობასთან ერთად, რუსთაველის თეატრში მუშაობასაც ვითავსებ: უკვე სპექტაკლებში განაწილებული ვარ.

- 21 წლის ასაკში რუსთაველის თეატრის მსახიობობა როგორი განცდაა?

- ჩემს მომავალზე რომ ვფიქრობდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა, რუსთაველის თეატრში მოვხვედრილიყავი, ისეთი შორეული ოცნება იყო, მაგრამ ასე მოხდა (იღიმის).

img-4637-original-1669623465.jpg

- კასტინგზე ძლიერი კონკურენცია იყო?

- დაახლოებით 80 ადამიანი იყო, მაგრამ გოგონებიდან მხოლოდ მე ამიყვანეს.

- დასს როგორ შეეწყვე?

- როგორც დასი, ასევე იქ მომუშავე ადამიანები გულთბილად შემხვდნენ. რა თქმა უნდა, ეს ბევრს ნიშნავს. ეს ურთიერთობა, გულთბილი დამოკიდებულება დასაფასებელი და გასაფრთხილებელია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი განწყობა და ურთიერთობა შევინარჩუნო.

- რუსთაველის თეატრის სცენაზე დებიუტი უკვე გქონდა?

- კი, რობერტ სტურუას სპექტაკლში - "მარია კალასი, გაკვეთილი" ვითამაშე. 9 წელია, რაც ამ სპექტაკლს თამაშობენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი მსახიობი რუსთაველის თეატრში აღარ არის და სპექტაკლში მის ნაცვლად მე შევედი. საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში ვიმუშავე - ყველაფერი სწრაფად უნდა ამეთვისებინა, მაგრამ ესეც ხომ ერთგვარი გამოცდა იყო, როგორც რეჟისორისგან, ასევე საკუთარ თავთანაც, თუ როგორ დავძლევდი სირთულეს. მიხარია, რომ ჩემი დებიუტი შედგა... ახლა საახალწლოდ "პატარა უფლისწულს" ვდგამთ, რომლის რეჟისორიც ნიკოლოზ საბაშვილი გახლავთ. მაყურებლებს, ვისაც სერიალი - "სიყვარულს მიღმა" მოსწონთ, თუ სურვილი აქვთ, რომ სცენაზეც მნახონ, "პატარა უფლისწულის" სანახავად სიამოვნებით მოვიწვევ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი