"რაც დავბერდი, წესიერი გავხდი" - გზაპრესი

"რაც დავბერდი, წესიერი გავხდი"

ასაკი: 65 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინორეჟისურის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები, ასევე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. არის ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ავტორი და წამყვანი გადაცემისა - "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად", ასევე - თანაწამყვანი გადაცემისა - "ჩვენი ოჯახი".

ცხოვრების დევიზი: "რას დაეძებ!"

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- რიტუალი მაქვს, რომელსაც დილით, როცა ლოგინიდან ვდგები, ვასრულებ: ხელსაბანთან სარკე სპეციალურად არ მაქვს. ხელებს ვიბან, შემდეგ კი საუზმედ ხილს მივირთმევ, ოღონდ ეს საუზმე სეზონური ხილისგან შედგება. მაგალითად, ახლა უზმოზე ფეიხოას ვჭამ, შემდეგ - ვაშლს და ფორთოხალს. საუზმობას გრეიპფრუტით ვასრულებ. მერე ყავას დავლევ, ვიბანავებ... სარკეში ამის შემდეგ ვიხედები. იცი, რატომ? სარკეში მაშინ უნდა ჩაიხედო, როცა ძლიერი, ღონიერი, სუფთა და უკვე გამოფხიზლებული ხარ. ხშირად ადამიანები დილით სარკეში დაჯღანული სახეებით იყურებიან, მერე ზოგს ასეთი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაჰყვება ხოლმე. სარკე საოცარი, მისტიკური საგანია. ამიტომ, სანამ თავიდან ბოლომდე არ ვიბანავებ, სარკეში არ ვიყურები.

- თქვენი ჰობი რა არის?

- ყოველდღე სხვადასხვა ჰობი მაქვს. მაგალითად, ახლა ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავი, სადაც პაწაწინა გაღუნული ლურსმანი დავინახე. ვაიმე, როგორ ჰგავდა ადამიანს?! წამოვიღე. ახლა ხელში მიჭირავს. ძალიან ლამაზ პატარა ჩარჩოში უნდა ჩავსვა. პაწაწინა ჩარჩოში პაწაწინა გაღუნულ ლურსმანს რომ ჩავაწებებ, კედელთან მივამაგრებ და ვერავინ შეამჩნევს, ამ დროს კი მას ჩემთვის უზარმაზარი ღირებულება ექნება - ყოველთვის გამახსენებს, რომ ერთი დრო არავის შერჩება: ლურსმანი როგორი თავმომწონე და სწორი იყო?! ახლა კი გაღუნულია...

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- არაჩვეულებრივს. თითქოს პატარ-პატარა ფილმებს ვხედავ. დილით 7-8 ამბით ვიღვიძებ ხოლმე.

- ფურცელზე გადატანა, განვრცობა, წიგნად ქცევა არ გიცდიათ?

- სიზმრების - არა. საერთოდ, მხოლოდ განწყობების შესახებ ვწერ. სიუჟეტური ამბების წერა არ მიყვარს... მიცდია, მაგრამ "ჩემი" არ არის. "ჩემია" მხოლოდ სულიერი მდგომარეობა.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- ფრენა ძალიან მინდა.

- რომელიმე ქვეყანას გინდათ ესტუმროთ?

- არა. საქართველოში ვიფრენდი. ბევრი შანსი მქონდა, სხვაგან დავრჩენილიყავი, მაგრამ არასდროს არსად დავრჩები - საქართველოზე ვგიჟდები, ისე მიყვარს!..

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- არასოდეს. ჩემი პოპულარობა და საერთოდ, საზოგადოებაში გამოჩენა საჭიროებით დავიწყე: ადრე წარუმატებელი ვიყავი. 19-20 წლისას არაფერში მიმართლებდა. ვიფიქრე, არ გამომდის და რა ვქნა, ყველას ხომ არ გამოუვა-მეთქი? გადავწყვიტე, ბედს შევგუებოდი და წარმატებული, პოპულარული ადამიანების დამხმარე ვყოფილიყავი. ჩემს მეგობრებს ვეხმარებოდი, ყველაფერს ვუკეთებდი, კარგად ვწერდი... ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა დამირეკა და მითხრა: შენნაირ თანამშრომელს ვერ ვიპოვი და მოდი, ჩემთან მუშაობა დაიწყეო. მაშინ სამსახურიც არ მქონდა... შემდეგ მეორე მეგობარმა შემომთავაზა... იცი, რა სასწაული მოხდა? ისე გავაკეთე, რომ საჭირო ადამიანი გავხდი: ყველას ვჭირდებოდი, ყველა მეძახდა, დახმარებას, რჩევას მთხოვდა... პოპულარული ასე გავხდი. თუ სხვებისთვის საჭირო ადამიანი ხარ, სამსახური ყოველთვის გექნება, ყოველთვის წარმატებული იქნები. ხალხს უნდა სჭირდებოდე... იცი, უსარგებლოდ რატომ არ მიგრძნია თავი?.. მაგალითად, მზესუმზირას სპეციალურად ვთესავდი, რომ ჩიტებს საჭმელი ჰქონოდათ. დილით ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, მზესუმზირას ჭამდნენ... საოცარი ხმები ისმოდა!.. ახლა მანქანაში ყუთით ძაღლების საჭმელი მიდევს. ტრასაზე რომ გავდივარ და უპატრონო ძაღლებს ვხედავ, საჭმელს ვუყრი... სულ საჭირო ვარ - ადამიანებისთვის თუ არა, ცხოველებისთვის...

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?

- 6-7. ბუნებრივად ასე ხდება.

- ყველაზე მეტად დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ?

- დილა. ჩემთვის სიცოცხლესთან ასოცირდება. იღვიძებს ბუნება, ფრინველი, ადამიანი...

- ცხოვრებაში ყველაზე მეტად, რა გაშინებთ?

- აღარაფერი. ფრენის არ მეშინია - პარაპლანიდან პარაშუტით გადმოვხტი. არც ავადმყოფობის მეშინია, არც - სიკვდილის...

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- დედა, როგორ მიყვარს ერთგული ადამიანები!..

- ცოტათი დანანებით ამბობთ, არა?

- არა, არა, სიამოვნებით ვამბობ, რადგან აქამდე სულ ერთგული ადამიანებით მოვედი...

- საკვები, რომელიც თქვენს მაცივარში ყოველთვის არის...

- მაცივარში ხილი მაქვს. მე ხომ ხორცს არ ვჭამ?! ამიტომ სულ ბოსტნეულით, მაქსიმალურად ჯანსაღად ვიკვებები, ოღონდ - უცნაური, ეგზოტიკური კერძები მიყვარს, მაგალითად - ხახვს, ვაშლს, კომშს ერთად მოვთუშავ და ქინძს, ბოლოკს ჩავაჭრი. საოცარი გემო აქვს!..

- ოდესმე დიეტა დაგიცავთ?

- არ მიყვარს, როცა ადამიანი "დიეტობს". იმას გეახლებით, რაც ჩემს გულს გაუხარდება. ვიცი, ჯანსაღი კვება როგორია და ჯანსაღად ვიკვებები.

- უსამართლობის განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- უიმე, მართლა არ მახსოვს... ამპარტავნობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ასაკში რომ შევედი, ისე სწორად ვცხოვრობ (თან - კანონმორჩილი ვარ), რომ მაგალითად, თუ ვიღაც უსამართლოდ მომექცევა, ვამბობ ხოლმე: ეტყობა, ეს ჩემი სასჯელია ან ამით უნდა ვისწავლო, ან - ჩემი გამოცდაა-მეთქი და ამ უსამართლობას ვიღებ. იცი, წინათ, უსამართლოდ რამდენჯერ მომქცევიან და ბოდიში თავად მომიხდია, რომ გაჩერებულიყვნენ?!.

gia-j-02-copy-1669623679.jpg

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, ვის ესაუბრებით?

- ჩემს პროდიუსერებსა და დედაჩემს.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

- ინტერნეტი ხვალაც რომ გაქრეს, არ დავეძებ. მასზე მიჯაჭვული, დამოკიდებული არ ვარ.

- უამრავი ადამიანი გიცნობთ, "ტიკტოკ" ვიდეოებითაც რამდენ ადამიანს ამხიარულებთ!..

- არ დავეძებ! ინტერნეტს შევწირავ თავს?! გაითიშა და გაითიშა - შემიძლია გავძლო.

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- სწორედ ახლა მოვდივარ საჩუქრებით სავსე უზარმაზარი პარკით. ლამაზი, სასწაული საჩუქრებია. კიდევ ბევრს მპირდებიან...

- ერთი საჩუქრის შესახებ მაინც გვითხარით...

- ქსოვილი მაჩუქეს, რომლითაც სასწაული კოსტიუმი უნდა შევიკერო. კიდევ, კალოშები მაჩუქეს.

- ორიგინალური კალოშები?

- ჩვეულებრივი!

- რატომ?

- კალოშები სულ მაცვია. ადრე ჩემ შესახებ თქვეს, - თბილისში ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდაო. გამიკვირდა, რატომ თქვეს, რადგან კალოშები არ მქონია. თურმე, "ცალ-ცალს" რატომ ამბობენ, იცი?.. კალოშებს მარჯვენა და მარცხენა არ ჰქონია. ავდექი და კალოშები ვიყიდე. ლამის გავგიჟდი, ისე მომეწონა! მას შემდეგ წინდებზე კალოშები სულ მაცვია.

- ქალაქში კალოშებით დადიხართ?

- პრეზენტაციასა თუ პარლამენტში ოფიციალურ მიღებაზე - არა, მაგრამ ქუჩაში ნებისმიერ დროს შეიძლება, კალოშებში გამოწყობილს შემხვდე.

- როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვთ?

- თუ ახალგაზრდაა, ვითომ ვერ ვხვდები, რადგან არ შეიძლება, - რაც დავბერდი, წესიერი ადამიანი გავხდი; თუ მეც მომწონს, თვალებიდან ნაპერწკლები გადმომდის და ვჟუჟუნებ.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავებათ?

- მას შეურაცხყოფას არ მივაყენებ: თავს ისე ვიჭერ, თითქოს ვერ მივხვდი ან მივანიშნებ, რომ ვითომ ფლირტი არ მიყვარს.

gia-j-03-copy-1669623665.jpg

- ბოლოს შენიშვნა ვისგან მიიღეთ?

- შენიშვნებს მხოლოდ დედაჩემი მაძლევს, თან - ყოველდღე: თბილად ჩაიცვი, ხელები ცივი არ გქონდეს, ჭამე, სახლში ადრე მოდიო და ა.შ.

- კომფორტის ზონას რა გიქმნით?

- მარტოობა. მარტო ბედნიერი ვარ: ხან ვკითხულობ, ხან - ვწერ, ფილმებს ვუყურებ... მოკლედ, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. ასე თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- საერთოდ, პრინციპული ადამიანი არ ვარ. ვფიქრობ, როცა პრინციპული ხარ, შეიძლება, რაღაცები გამოგეპაროს. ცხოვრებაში თუ არ დათმე, ისე არაფერი გამოგივა. ჩემი მთელი ღირებულება ჩემი საქმეა, რომელსაც ვქმნი. ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებიან, წერილებს მწერენ, ეს ურთიერთობებია ჩემთვის ფასეული. მეც ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანები გავაბედნიერო...

ეთო ყორღანაშვილი