"როცა მიწაზე დგახარ, ზვიგენის რატომ უნდა გეშინოდეს?!" - გზაპრესი

"როცა მიწაზე დგახარ, ზვიგენის რატომ უნდა გეშინოდეს?!"

განათლება: დაამთავრა ბერლინის, ერნესტ ბუშის თეატრალური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი; გაიარა პიარის კურსი, პიარის სკოლაში.

პროფესია: ბალერინა.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი.

ჰობი: ხატვა, ბაიკის მართვა, კარტინგი, ცხენით ჯირითი.

ცხოვრების დევიზი: "დავაგროვოთ ბედნიერი მოგონებები და არა - ნივთები".

- დილით, როცა იღვიძებ, მოტივაციას რა გაძლევს?

- რა თქმა უნდა, ჩემი შვილი, რომელიც ყოველთვის ჩემზე ადრე იღვიძებს და ძირითადად, ის მაღვიძებს, შემდეგ კი - ის გეგმები, რაც მთელი დღის განმავლობაში განსახორციელებელი მაქვს და მინდა ბოლომდე მივიყვანო.

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- გოგოს, რომელმაც ბევრი სირთულე გადაიტანა, ბევრი იმედგაცრუებაც განიცადა, მაგრამ ამ ყველაფრით კი არ დამარცხდა, უფრო გაძლიერდა. თუკი წინათ, სარკეში ჩახედვისას უბრალოდ გოგოს ვხედავდი, ახლა ძლიერ, შემდგარ ქალს ვხედავ.

- სტრესთან, დეპრესიასთან გასამკლავებლად ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია?

- არასოდეს, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტი სასირცხვილოა. სურვილი მქონია, ფსიქოლოგი დამხმარებოდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ესა თუ ის პრობლემა თავად გადავლახე, გადავაგორე...

- მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდები?

- ასტროლოგიური ნიშნების განსაკუთრებულად არ მჯერა, მაგრამ რადგან ზოდიაქოს მიხედვით თევზები ვარ და გარკვეულწილად მგონი ჩემი ხასიათის თვისებები ემთხვევა თევზების დახასიათებას. შესაბამისად, ბევრი ფიქრი მჩვევია. ამ ფიქრებს ყოველთვის კეთილი დასასრული არ აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე ვცდილობ, ისევ რეალობას დავუბრუნდე, სინამდვილეს თვალი გავუსწორო და ოცნებებში ან თუნდაც, დეპრესიულ ფიქრებში არ გადავეშვა.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- ჩემს შვილს, თუ სახლში ვარ. საერთოდ, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ ენაწყლიანი ვარ, მაგრამ ჩემს შვილთან საუბარი მიწევს, რადგან გაუჩერებლად ლაპარაკობს (იცინის).

- საგზაო საცობში მოხვედრილს, დრო როგორ გაგყავს?

- მომდევნო დღეს ვგეგმავ. ხანდახან ოცნებებში "მივდივარ" და ფიქრებით სად აღარ მოვხვდები ხოლმე (იღიმის). რა თქმა უნდა, საცობში ჩემთვის ტელეფონი განუყოფელი ნაწილია, ოღონდ - ვცდილობ, თუ ავტომობილი გაჩერებულია, ტელეფონში მხოლოდ მაშინ ჩავიხედო, რადგან ჯარიმის გადახდა უკვე ბევრჯერ მომიხდა.... პრინციპში, საცობში მოხვედრილს ყველაფერი გამიკეთებია - ჭამით დაწყებული, მაკიაჟის გაკეთებით დამთავრებული. ვცდილობ, ეს პერიოდი ყოველთვის პროდუქტიული იყოს, რადგან დღესდღეობით, ფაქტობრივად, დღის 1/4-ს საცობში ვატარებთ.

- ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევ?

- ეს ძალიან რთული იქნება, რადგან მრავალფეროვნება მიყვარს, მაგრამ ვეცდები, პასტელური ფერი ავირჩიო, რომ არ მომბეზრდეს. ალბათ, სპილოსძვლისფერს ავირჩევდი.

- შენს გარდერობში ძირითადად, რომელი ფერის სამოსი ჭარბობს?

- როგორც აღვნიშნე, მრავალფეროვნება მიყვარს, მაგრამ ალბათ, როგორც ყველა ქართველს, შავი სამოსი უფრო მეტი მაქვს (იცინის).

- ერთ დღეს ესთეტიკური მედიცინის ყველა ცენტრი რომ გაქრეს, შენთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება?

- თავის მოვლა ძალიან მიყვარს - ვფიქრობ, აუცილებელია, ქალმა საკუთარ გარეგნობაზე, სხეულზე იზრუნოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გაქრობით ჩემთვის რაიმე შეიცვლება-მეთქი: გარეგნობაში არანაირი ცვლილება არ მაქვს შეტანილი. შესაბამისად, ყოველწლიურ განახლებას არ ვსაჭიროებ (იცინის). ერთადერთი, სალონში ფუსფუსი, დროის გატარება ძალიან მიყვარს.

- თუმცა თავის მოვლას დამოუკიდებლადაც შეძლებ, არა?

- კი, ფრჩხილის მოწესრიგებით დაწყებული, ყველაფერი გამიკეთებია... სპექტაკლებისთვის მაკიაჟსაც ძირითადად თავად ვიკეთებ. თავად სალონში არსებული სიტუაცია მიყვარს, როცა სპეციალისტთან ერთად ტრიალებ, თავს გევლებიან... ჩემთვის ეს დიდი სიამოვნება და განტვირთვაა.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- მსურს, დროში მოგზაურობა შემეძლოს, ტელეპორტაციის უნარიც მინდა... არჩევა რთულია, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც დროში მოგზაურობას ვინატრებდი: წარსულშიც ვიმოგზაურებდი და მომავალსაც გადავხედავდი, რა გველოდება.

- წარსულიდან შენს განსაკუთრებულ ინტერესს რომელი პერიოდი იწვევს?

- იმდენი ეპოქა მაინტერესებს, ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, კონკრეტულად, რენესანსის პერიოდში ან საფრანგეთში მოხვედრა მინდა-მეთქი. "ნულიდან" დავიწყებდი, დინოზავრების არსებობის პერიოდს ვნახავდი, რეალურად რა და როგორ იყო. ინფორმაცია ჩვენამდე კი მოვიდა, რომელიც ფაქტებით და მეცნიერულად დადასტურებულია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამის შესახებ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ იყო. სიამოვნებით "დავუყვებოდი" პერიოდებს და ნელ-ნელა გავისეირნებდი...

- როგორ ფიქრობ, მომავალში რა დაგხვდება?

- არ ვიცი. მფრინავ მანქანებს ჯერ კიდევ ველოდები. წესით, უკვე უნდა ყოფილიყო. იმედი მაქვს, ასეთი რეალობა უახლოეს მომავალში თუ არა, ჩემი შვილის ზრდასრულობის პერიოდში მაინც იქნება. ყველას ცხოვრებაში საინტერესო ახალი ფაზა დაიწყება.

- ადამიანთან პირადად შეხვედრისას, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- თვალები. თვალები სულის სარკეა. ავტომატურად ვცდილობ, ადამიანს თვალი თვალში გავუყარო, რადგან თვალები "ყიდის"... ეს ცუდი ჩვევასავით მაქვს.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- თუ ეს სოციალურ ქსელებში ხდება, ავტომატურად თავს ვარიდებ. იმიტომ - არა, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. უბრალოდ, როცა არ ვიცი, ეკრანის იქით ვინ არის, მაინც ეჭვები მიჩნდება და უნდობლობის ფაქტორი მოქმედებს. შესაბამისად, ვცდილობ, სოციალურ ქსელებში ფლირტის მცდელობას არასოდეს ვუპასუხო. რეალურ ცხოვრებას რაც შეეხება, ალბათ გააჩნია, ადამიანი რამდენად მაინტერესებს. თუ ჩემში ინტერესს საერთოდ არ იწვევს, არავითარი რეაქცია არ მაქვს, პირიქით - ვცდილობ, მაქსიმალურად თავი ავარიდო, ხოლო თუ გარკვეული ინტერესი მაქვს (არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად უნდა მიზიდავდეს. შეიძლება, მეგობრულად ან მისი პიროვნების გაცნობა მაინტერესებდეს), ამ შემთხვევაში, მეც მსუბუქ ფლირტს მივმართავ, თუმცა ეს ავტომატურად ხდება და არა - გამიზნულად.

- რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ დიეტის დროსაც კი?

- სუში მიყვარს მუდამ და ყველგან (იცინის).

- თავადაც ამზადებ?

- არა. საერთოდ, კერძების მომზადება მეხერხება - ვერ ვიტყვი, რომ "ცუდი ხელი" მაქვს. თითქოს სუში მარტივად მოსამზადებელია, მაგრამ როცა ვცადე, უგემური და ვიზუალურადაც არამიმზიდველი გამომივიდა, ამიტომ თავი დავანებე. სხვებს ვენდობი - მოამზადონ, თავად კი მივირთმევ (იცინის).

- რა არ იცის საზოგადოებამ შენ შესახებ, რაც გინდა, რომ იცოდეს?

- ჩემ შესახებ ბევრჯერ გამიგონია, რომ ხალხს უხეში, უხასიათო და ამპარტავანი ვგონივარ. მინდა ეს მოსაზრება აღვკვეთო, გავაქარწყლო და ყველამ იცოდეს, რომ სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება, პირიქით... უბრალოდ, შეიძლება, ცოტათი "ჩაკეტილიც" კი ვარ და ამიტომ ჰგონიათ, რომ ზედმეტად "თავაწეული" გახლავართ. ჩემი ბრალია, რომ ძირითადად, შებოჭილობის გამო, ასე ვთქვათ, ჩემთვის ვარ.

- საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

- ამერიკას დავასახელებ, რადგან ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა დღესდღეობით, როცა უკვე გავიზარდე, დავჭკვიანდი, მივხვდი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, შეიძლება, იმ ქვეყანაში საკმაოდ კომფორტულად იცხოვრო ადამიანმა.

- ამჟამად, რომელ სერიალს უყურებ?

- ბოლო 4 წელია, სერიალი არ მინახავს (იცინის).

- არც ფილმი?

- ხანდახან ვუყურებ. ზუსტად გუშინ ახლახან გამოსული საშობაო ფილმი - Fალლინგ ფორ ჩჰრისტმას ვნახე. საერთოდ, ახალი წლის და შობის დღესასწაულებზე ვგიჟდები, ისე მიყვარს. ამ თემაზე როგორც კი რამე ახალი ფილმი გამოდის, ყველაფერს ვუყურებ. ყველა საახალწლო ფილმი ნანახი მაქვს.

- რისი ფობია გაქვს?

- ერთადერთი, ზვიგენების მეშინოდა, მაგრამ გადავწყვიტე, უახლოეს მომავალში, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ზვიგენებთან ერთად ცურვის ტური ან რამე მსგავსი "ავიღო", რომ ეს სულელური შიში დავძლიო. როდესაც მიწაზე დგახარ, რატომ უნდა გეშინოდეს ზვიგენის ადამიანს?!.

9ef1f557-2e15-41f1-8c71-b56475819300-1670226199.jpeg

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- დოსტოევსკის "მოთამაშეს" კითხვა ხელახლა დავიწყე, მაგრამ მოუცლელობის გამო, შევწყვიტე... მერე ისევ მივუბრუნდები.

- რას გეძახიან ახლობლები მოფერებით?

- მეტსახელი არ მაქვს. ზოგიერთი თანამშრომელი გვარით მომმართავს - "ჯაშს" მეძახიან. სულ ეს არის.

- შენიშვნებს ყველაზე ხშირად ვისგან იღებ?

- დედისგან (იცინის). ძირითადად, ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედა გახლავთ.

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- რაც შვილი შემეძინა, ცხადია, ყველაფერზე აზრი შემეცვალა. ამიტომ ყველაფერს ჩემი შვილი, მისი კეთილდღეობა და მომავალი განსაზღვრავს...

ეთო ყორღანაშვილი