"უფსკრულამდეც მივსულვარ" - გზაპრესი

"უფსკრულამდეც მივსულვარ"

"ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია. სხვების მართვა, ჭკუის სწავლება უყვარს. ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა. საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი მსახიობ გაგა მახათაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ბოლო რამდენიმე წელია დავინტერესდი. პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს. გარდა იმისა, რომ პროფესიონალ ასტროლოგთან მქონდა კონსულტაცია, ჩემი კოლეგა და მეგობარი გიორგი გასვიანი ძალიან კარგად აკეთებს პირად რუკას, თან იმდენად კარგად გიხსნის, ადვილად გასაგები ხდება. მოკლედ, ასტროლოგთა რჩევებს მაქსიმალურად ვითვალისწინებ.

- იცი, რომ ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ხელოვნება, თეატრი მნიშვნელოვანია?

- 3 წლიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ერთ დღეს საბავშვო ბაღიდან სატელევიზიო დადგმაზე წაგვიყვანეს და ამ პროფესიით მაშინ მოვიხიბლე.

- "ლომებს შორის ვერ ნახავთ საკუთარ თავზე ჩაფიქრებულ ნატურას".

- ჩემს შემთხვევაში პირიქითაა, ფიქრი ძალიან მიყვარს. ჩემს ჰოროსკოპში დიდია კირჩხიბის გავლენა. ასტროლოგმა მითხრა, პერიოდულად ლომის თვისებები უნდა ჩაკეტო, რადგან ბევრ რამეში ხელს შეგიშლისო. საკუთარ თავში ჩაღრმავება ადვილი არ არის.

- რთულია, მაგრამ საინტერესო, არა?

- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა.

1-copy-1670227622.jpg

- ახალ აღმოჩენებს აკეთებ?

- ხშირად და პერიოდულად ვცდილობ, ჩემში ლომის ეგოცენტრიზმი ჩავკეტო, ამის საჭიროებას თავად ვგრძნობ.

- მარტოობა შენთვის დამთრგუნველია?

- დამთრგუნველი - არა, მაგრამ რთულია.

- ამ დროს რას აკეთებ?

- ეს საკუთარ ქცევებზე, მოქმედებებზე, ფიქრებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო პერიოდია. ბევრი მარტოობას გაურბის, რადგან ადვილი არ არის. ყველაზე კარგად ვიცი, რა დროს რა გავაკეთე, რა გავაფუჭე, მომავალში ჩემში რა უნდა გამოვასწორო.

- "ის ამაყია საკუთარი თავით. დამცირებას თუ შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი ღრიალა ლომი აღიმართება".

- ჩემი დაკვირვებით, ლომები ვართ ადამიანები, რომლებიც მიღებულ ემოციებს უკან ორმაგი დოზით ვაბრუნებთ: სიკეთეს - სიკეთით, ბოროტებას - ბოროტებით (სამწუხაროდ). ბოროტების უკან დაბრუნება ძალიან ცუდია. წარსულში საკუთარი თავი ამ სურვილში ხშირად გამომიჭერია. ანგელოზი ვარ-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ახლა სხვაგვარად ვფიქრობ, დამოკიდებულება შემეცვალა, ამ ამბავს უფალს მივანდობ.

- "სხვების მართვა, ჭკუის სწავლება უყვარს. ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს".

- კი, ასეა. ლომი ამით იკვებება. ჭკუის სწავლებისგან შორს ვარ, თუმცა მეგობრები მეუბნებიან, იდეალურ რჩევებს იძლევიო. თავად ჭკუის დარიგებას კი პატარა ბავშვივით ვიღებ.

- მბრძანებელი ხარ?

- არის ჩემში ეს თვისება, რომელსაც მაქსიმალურად ვთოკავ. ლომებს ამის გაკეთება ყველასთან არ გამოსდით, მაგრამ სადაც გამოსდით, ფრთებს ბოლომდე შლიან. "ზემოდან დახედვაში" ამპარტავნობა არ იგულისხმება. ლომი ხომ მეფეა, სხვებზე მაღლა დგას და ამ ნიშნით დაბადებულებსაც მოგვდგამს ეს თვისება. ადამიანი რომ ხარ, ეს უნდა აკონტროლო და მაქსიმალურად მოთოკო. ამას ლომი ისე ბუნებრივად აკეთებს, ვერც ხვდება, რომ მბრძანებლობს.

- "ის გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე".

- ასეა, მაგრამ ყურადღების ცენტრში რომ ვექცევი, სადაც საქებარ სიტყვებსაც ვისმენ, მეუხერხულება, ვწითლდები, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში ძალიან, ძალიან მსიამოვნებს.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის მზესავით ანათებს ან დარდისგან კვდება".

- ზუსტად ასეა.

- ახლა ამ მიმართულებით შენს ცხოვრებაში რა ხდება?

- არც მზესავით ვანათებ და არც დარდისგან ვკვდები. ამჟამად სიმშვიდეა, შეყვარებული არ ვარ.

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს".

- მირჩევნია, მე ვეხმარებოდე (და ეს მართლა მსიამოვნებს), ვიდრე სხვა მეხმარებოდეს.

- "ხშირად გაკოტრების ზღვარზე იმყოფება. მას უყვარს ყველაფერი პირველი ხარისხის, გართობასა და სიამოვნებაზე შეუძლია მთელი ქონება გაფლანგოს".

- ერთხელ ებრაელების გამოთქმა წავიკითხე: ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფი ნივთი ვიყიდოო. თანხა ბოლომდე უნდა დავხარჯო, გროშებსაც ვერ ვინახავ.

- ხვდები, რომ ეს ცუდი ჩვევაა?

- სხვაგვარად არ შემიძლია, ასეთი ვარ.

- "წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- მთლად ასეთი ძლიერიც ვერ ვარ, ფარ-ხმალიც დამიყრია და უკანაც დამიხევია. ცოტათი გულჩვილი ლომი ვარ. რაღაც პერიოდის შემდეგ, მაინც ყველაფერი მიმიღია, რაც მინდოდა გამომსვლოდა.

gaga-copy-1670227639.jpg

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- ბოლომდე შემიძლია, მეგობარს თან გადავყვე, შეუძლებელი შევძლო და გავუკეთო ის, რაც მას სჭირდება, მაგრამ მისი მხრიდან უპატივცემულობა არ უნდა დავინახო.

- "ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია".

- მუდმივად ასეა.

- შენი თავგადასავლები როგორია?

- უფსკრულამდეც მივსულვარ, მერე ისეთი ძლიერი დარტყმა მიმიღია, ათი ნაბიჯით წინ გადავუსვრივარ. ჩემს ცხოვრებაში ხიფათიც ხშირად ყოფილა, სულ რაღაც ძალა მფარველობს და ეს ძალა ალბათ ღმერთია.

- "მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ".

- საკმარისია, ადამიანმა ერთხელ მითხრას, რა მშვენივრად გამოიყურებიო, შემიძლია ის ხელისგულზე ვატარო.

- დიპლომატი ხარ?

- ნაკლებად და ეს ცუდია, პირდაპირობით უფრო გამოვირჩევი.

- "ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- ლომსაც იგივე თვისება აქვს და გამოდის, რომ ეს ორმაგი დოზით მაქვს. მომწონს ის, რომ წყენა მალე მავიწყდება.

- არაკეთილსინდისიერად გითამაშია?

- არა, ეს ჩემი თვისება არ არის. საკმარისია, მსგავსი უმნიშვნელო საქციელი ჩავიდინო და მერე ამას თვეების მანძილზე ვინანებ.

- ეგოისტი ხარ?

- მეგობრები ამბობენ, მსგავსი ეგოისტი არ შეგვხვედრიაო. შესაძლოა, ეს დედისერთობამაც განაპირობა.

- "მას ხშირად უყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა".

- არა, ცხვირს ხშირად ჩემს ცხოვრებაშიც ვერ ვყოფ და სხვის ცხოვრებაში როგორ მოვახერხებ?!

- რჩევას ხშირად ითვალისწინებ?

- რჩევების მოსმენა მიყვარს, პატარა ბავშვისგანაც კი შეიძლება, ძალიან საგულისხმო რაღაც მოისმინო. ვცდილობ, ყველას გავუგო, ყველას აზრი გავითვალისწინო.

- სხვის ჭკუაზე გავლის გამო სინანული გქონია?

- კი და ძალიან დავთრგუნვილვარ, ეს უსიამოვნო მდგომარეობაა.

- ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ კარგი მეუღლე იქნები.

- ჩემი მეგობრებიც ამას ამბობენ, ბუნებით მზრუნველი ვარ.

- საყვარელი ადამიანების გამო დათმობებზე წამსვლელი ხარ?

- კი, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ეგოიზმს საინტერესო საქმე და ურთიერთობები არ გადავაყოლო.

- საქმის სანახევროდ გაკეთება და მიტოვება გჩვევია?

- არა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, ამაში ყველა დამეთანხმება, ვისთანაც ოდესმე საქმიანი ურთიერთობა მქონია. თუ ვგრძნობ, იმ საქმის გამკეთებელი არ ვარ, თავიდანვე უარს ვაცხადებ.

- გვერდით გყავდეს საყვარელი ადამიანები, შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

- დიახ, მაგრამ ამ ბოლო დროს ვხვდები, კარგ ამბავში გვერდით მყოფი იმდენი აღარ მყავს, რამდენიც ადრე მყავდა.

- ამას რით ახსნი?

- არ ვიცი, ეს რამ განაპირობა. შეიძლება პანდემიამ, გარემოებებმა, ურთიერთობებმა...

- არაპროგნოზირებადი ხარ?

- არა, სიურპრიზები მიყვარს, მაგრამ არა - საქმესთან დაკავშირებული. ყოველთვის ვცდილობ, საქმე წინასწარ დავგეგმო.

- ოჯახზე რამდენად ხარ მიჯაჭვული?

- დედა სულ მეუბნებოდა, რომ ბავშვობიდანვე ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. წლები რაც მემატება, უფრო და უფრო ვცდილობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშობლებს შევუთანხმო, საქმის კურსში ჩავაყენო.

- აგრესიული რა დროს ხდები?

- როცა მშია (იცინის).

- დაბოლოს, კარგი ინტუიცია გაქვს?

- ძალიან. რაღაცას რომ წარმოვიდგენ (წარმოუდგენელსაც კი, თან გულში რომ გაიფიქრებ, - რას ბოდავ?), ძალიან მალე ზუსტად ის ამბავი ხდება. ჩემი ინტუიციით მეგობრები არაერთხელ გაკვირვებულან. იმ წუთში ნათქვამზე გასცინებიათ, მეც გამცინებია, მაგრამ სწორედ ის წარმოუდგენელი რაღაც მომხდარა... არაერთხელ უთქვამთ, ეს რამ გაფიქრებინა, კუდიანი ხარო?!.

- ინტუიციის წყალობით, საკუთარი თავისთვის ხიფათი აგირიდებია?

- არა, რადგან ჩემს ინტუიციას არ ვუჯერებ და მერე ძალიან ვნანობ. მომავალში ეს უნარი უნდა გამოვიმუშაო, რომ წინათგრძნობებს მეტი ყურადღება მივაქციო.

თამუნა კვინიკაძე