ბევრი პაატა ნაცვლიშვილი - გზაპრესი

ბევრი პაატა ნაცვლიშვილი

მისი შემხედვარე, ეს ციფრი სულ ცოტა, ღიმილს იწვევს - იმდენად ახალგაზრდა, ისე თავბრუდამხვევად ენერგიულ, იდეებითა და ერთდროულად მრავალი საქმის კეთების ვნებით დამუხტულ კაცს ეხება: ჟურნალისტს, პოეტს, პუბლიცისტს, ფოტოგრაფს, მხატვარ-დიზაინერს, მოგზაურს, უთვალავი წიგნის ავტორს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფოსტო მარკების შემქმნელს, პირველი კომპიუტერული და პირველი ფერადი ქართული გაზეთების შემოქმედს, მეცნიერს, პედაგოგს...

ამ იუბილესთან დაკავშირებით გიორგი ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმში მოეწყო ბატონი პაატას მრავალფეროვანი შემოქმედების ამსახველი გამოფენა, გამოიცა უნიკალური კრებული მისი კოლეგების, კულტურის სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ წარმომადგენელთა წერილებით. სწორედ ამ კრებულს დავესესხეთ სათაურს, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემს გამორჩეული მოღვაწის ცხოვრება-ნამოქმედარის არსს. ჩვენი მხრივ ამ თარიღის აღნიშვნის ფორმაზე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ისევ თავად "ბევრი პაატა ნაცვლიშვილის" მონოლოგის ფრაგმენტები შემოგვეთავაზებინა, რომლებიც მისი ცხოვრების სულ რამდენიმე საეტაპო ამბავს ასახავს და "მსხვილი პლანით" დაგანახვებთ მისი ნაღვაწის მრავალფეროვნებასაც და მნიშვნელობასაც.

"...ხანდახან ალპინისტებში ვარ და, ისინი მეზღვაურად მთვლიან. პოეტებში ვარ და, ჟურნალისტად აღმიქვამენ; მეცნიერთა შორის ვარ და პოეტად ვასაღებ თავს... ეს ხელსაყრელია. მაინცდამაინც არავის წინაშე რომ არ იყო ვალდებული, მაგალითად, მეცნიერებს ეტყვი, რა დროს მეცნიერებაა, მე ხომ მოგზაური ვარ. თითქოს ადვილია, დაგანებებენ თავს, შენ წახვალ და, თუნდაც, საგამომცემლო პროექტს ჩაუჯდები, ანუ როგორც გინდა, ისე მოიქცევი. მაგრამ, მთლად ასეც არ არის, მე ვიტყოდი, როდის როგორ... ცხოვრების ერთ ეტაპზე გაზეთში ჩემს საქმიანობას რეჟისორობა ვუწოდე, ეტყობა, არშემდგარი მსახიობი ვარ და არ მინდა, დამოკიდებული ვიყო რომელიმე რეჟისორზე, მე თავად ვანიჭებ როლებს ჩემს თავს, თან, თუ მომეწონება, ვითამაშებ, თუ არ მომეწონება, არ ვითამაშებ..."

"...ოლიმპიურ ისტორიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების ჟურნალმა გამოაქვეყნა ჩემი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ 1900 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიადაზე ნიჩბოსანთა შეჯიბრებაში გამარჯვებულ ჰოლანდიელთა წყვილთან ერთად "უცნობ ფრანგ ბიჭუნად“ მოხსენიებული მათი მესაჭე ქართველი გიორგი ნიკოლაძეა. 10 წლის გიორგი ნიკოლაძე იმ დროს პარიზში იყო სამოგზაუროდ მამასთან, ნიკო ნიკოლაძესთან და მთელ თავის ოჯახთან ერთად... ნიკო ნიკოლაძის შვილთან, პროფესორ რუსუდან ნიკოლაძესთან შეხვედრისას მოვკარი ყური ამბავს იმის შესახებ, რომ გიორგის პარიზში ნავებით შეჯიბრებაში გაუმარჯვია. მოგვიანებით, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებითა და შესაბამისი მასალის შეპირისპირების საფუძველზე, დავამტკიცე, რომ ნავების ის შეჯიბრება სწორედაც ოლიმპიური თამაშები იყო.

მეორე პროექტი, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას მოჰყვება, ეს არის მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანის ნაკვალევზე. იდეა ამ მოგზაურობის შესახებ წლების განმავლობაში წარმართავდა ჩემს დროსაც და უდროობასაც, განაპირობებდა ჩემს განწყობასაც. ჯერ კიდევ 280 წელი იყო გასული ამ მოგზაურობიდან, როცა მარშრუტის განმეორება მოვინდომე. მაშინ საქართველოსთვის მეტად მძიმე, 1992 წელი იდგა და ეს არ გამოვიდა. იმ პერიოდში ჯერ მხოლოდ ზედაპირულად ვლაპარაკობდით საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე... საქართველოს ამისთვის არ ეცალა. ევროპა მართალია ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ მოიცალა, ისევე როგორც სულხან-საბასთვის ვერ მოიცალა ევროპამ თავის დროზე. 20 წლის შემდეგ ეს იდეა შევთავაზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს და, ფაქტობრივად, ხელშეწყობა ვთხოვე იმაში, რაც სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე ვერ მოხერხდა 20 წლით ადრე. ბატონმა მამუკამ ყველაფერი საკუთარ თავზე იტვირთა და 2014-2016 წლებში მოვიარე ყველა ის ადგილი, რომლებიც ჩვენმა დიდმა წინაპარმა მოიარა 300 წლის წინათ, გარდა მალტისა და სიცილიისა... მოგზაურობის ერთგვარი გვირგვინი იყო შეხვედრა რომის პაპთან თბილისში, ვატიკანის საელჩოში. ეს არ იყო ვიზიტის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ ვატიკანის საელჩომ სწორად შეაფასა პროექტის მნიშვნელობა და შეხვედრა გაიმართა ეტიკეტის სრული დაცვითა და დიდი პატივით..."

"...ამავე თემას ეხება და მინდა აქვე სხვა შემთხვევაც გავიხსენო: 1992 წლის მარტში ლოზანაში გაიმართა მოლაპარაკება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ყოფილი საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკების ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა ხელმძღვანელებს შორის. მოლაპარაკების თემა ახალი ქვეყნების საერთაშორისო ოლიმპიური აღიარება და მათი სპორტსმენების ბარსელონის ოლიმპიადაზე გამოსვლის პირობები იყო. საქართველოს დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

მოლაპარაკების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, როცა ყველანი წამოვიშალეთ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ასოციაციის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ, რომელიც მოგვიანებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა, მკითხა, საქართველო ევროპაა თუ აზიაო. ევროპა-მეთქი, დაუფიქრებლად ვუპასუხე.

სანამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს ჟაკ როგეს ჩააბარებდა და საბოლოოდ მოაქცევდა ევროპული ქოლგის ქვეშ, ბუნებრივია, რჩევისათვის ავტორიტეტულ სამეცნიერო ცენტრებსაც მიმართეს, მათ შორის - დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებას. რამდენიმე წლის შემდეგ ამას მოჰყვა ევროპის საბჭოს აღიარება - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!“ ამასობაში საქართველოს ტერიტორიაზე პირველ ევროპელთა ნაშთიც აღმოჩნდა ზეზვასა და მზიას სახით და ჟაკ როგეს კითხვა თითქოს აღარავის უნდა გასჩენოდა, მაგრამ დღემდე მრავლად გამოდის საცნობარო ლიტერატურა, ატლასები, ენციკლოპედიები, სადაც საქართველო აზიურ ქვეყნადაა მიჩნეული...

ჩემთვის ოლიმპიური მოძრაობა სპორტული სულისკვეთების უმაღლესი და ყველაზე სრულყოფილი გამოვლინებაა.... სპორტის ისტორიის შესწავლასთან ერთად 40 წელიწადს ფეხდაფეხ ვდიე სპორტულ მოვლენებს და 2014 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი მხარდაჭერით გამოვიდა ჩემი ხუთტომეული: "ხუთი რგოლი საქართველოსთვის - ჩემი ოლიმპიური ქორონიკონი“. ეს არის უხვად ილუსტრირებული, ფერადი, პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე გამოცემული სქელტანიანი წიგნები, რომლებშიც შესულია ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი საუკეთესო, რაც მე, როგორც სპორტულ ჟურნალისტს, ოლიმპიურ თემატიკაზე დამიწერია..."

"...იმისათვის, რომ მონაწილეობა მიმეღო ტიმ სევერინის ხელმძღვანელობით არგონავტთა ნაკვალევზე მოწყობილ "იაზონის მოგზაურობაში“, ნიჩბოსნობაც შევისწავლე და ექსპედიციის სრულუფლებიანი წევრი გავხდი. ექსპედიცია 1984 წელს მოეწყო, წლინახევრით ადრე გადავეყარე ინფორმაციას გაზეთში, რომ სახელგანთქმული მოგზაური და მეცნიერი ტიმ სევერინი აპირებდა არგონავტების გზის გავლას. მივედი ტელერადიოკომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარესთან, ნუგზარ ფოფხაძესთან და ვუთხარი - "არგოზე“ მოხვედრა მინდა-მეთქი. კი, მაგრამ რანაირად, მონაწილეებს ალბათ სპორტული მონაცემებით არჩევენ, ცნობილ ჩემპიონებს, გიჟ ნიჩბოსნებსო. მე ვუთხარი, - ჩემნაირი გიჟებიც დასჭირდებათ, მანდ ნიჩბოსნობა მთავარი არ არის-მეთქი. თუმცა ნიჩბოსნობაც ვისწავლე, სამი თვე პალიასტომის ტბაზე ვეებერთელა ნავებში ვუსვამდი ნიჩბებს, სად როგორი ტალღაა და სად როგორი ქარი უბერავს, ზეპირად ვიცი. აღმოჩნდა, რომ "არგოზე“ ყოფნა მართლაც კარგი გამოცდილება იყო, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, საქართველოს ტელევიზიისთვისაც, რომელსაც საშუალება მიეცა, თავისი კორესპონდენტი ჰყოლოდა ექსპედიციის მონაწილეებს შორის. ერთია, ჟურნალისტებთან ერთად კატერით მიჰყოლოდი "არგოს“ და სულ სხვაა, ამ ექსპედიციის სულის ჩამდგმელთან, ტიმ სევერინთან, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიჭებთან და ირლანდიელ ნიჩბოსნებთან ერთად ნავში ყოფნა. მერე წიგნიც დავწერე ამაზე. როდესაც მოგზაურობის 30 წლის თავზე ტიმ სევერინი ისევ ესტუმრა საქართველოს, მან თავისი ახალი წიგნი მაჩუქა, მე ჩემი მივართვი და მითხრა, რომ ერთადერთი ხარ ჩემ გარდა, ვინც ამ მოგზაურობაზე წიგნი დაწერაო..."

"...საქართველოს მშვიდობის ფონდის მაშინდელი თავმჯდომარის, ალექსანდრე ალექსიძის თაოსნობით, 1988 წლის ზაფხულში ვმონაწილეობდი საბჭოთა კავშირ-ამერიკის სამშვიდობო სვლაში, რომელიც ვაშინგტონში დაიწყო და ორი თვის შემდეგ სან-ფრანცისკოში დამთავრდა. სან-ფრანცისკოში ის სვლა კი დამთავრდა, მაგრამ დაიწყო ჩემი სერიოზული დაინტერესება ქართული ემიგრაციით, რასაც გაზეთ "სამშობლოს“ რედაქტორობა და ქართულ ემიგრაციასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მოჰყვა. სამშვიდობო სვლის დასრულებასთან დაკავშირებულ გალა-კონცერტზე გავიცანი ძია საშა, ალექსანდრე სულხანიშვილი. მან ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ამწონ-დამწონა და მითხრა: ქაქუცას ხმალ-ხანჯალი უნდა წაიღო თბილისშიო! მერე ამიხსნა: ამ იარაღის მცველად ვდგავარ ამ აჯაფსანდალ ქვეყანაში და იმის შიშით, ვინმე უცხოს ხელში არ ჩაუვარდეს ეს ნივთები, ვეღარც ვკვდებიო. მერე რა, რომ "ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად მუშაობ, ქართველი ხომ ხარო. "პერესტროიკა“ კი იდგა, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი ჯერ ისევ საშიში იყო საქართველოში, არათუ მისი იარაღის ჩამოტანა ამერიკიდან მოსკოვის გამოვლით! მანამდე, ვიდრე ხალხმრავალ მიტინგებზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშებთან ერთად ალექსანდრე ბატონიშვილის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტები აფრიალდებოდა, თითქმის მთელი წელი უნდა გავიდეს... თუ რა გზა გამოიარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხმალ-ხანჯალმა ჩემამდე, როგორ ჩამოვიტანე 1924 წლის აჯანყების ლეგენდარული ბელადის იარაღი საქართველოში და როგორ დავაბინავე იგი ჩემი უფროსი მეგობრის, რეზო თაბუკაშვილის დახმარებით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მოთხრობილი მაქვს ჩემს წიგნში "საქართველოს მიწა“. ამიტომ ძია საშას იმ თავგადასავალს და ფათერაკებით აღსავსე მგზავრობასაც არ აღვწერ, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო სან-ფრანცისკოს აეროპორტში ინვალიდის ეტლით და 19 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში დამხვდურთა მხრებზე ტრიუმფულად დასრულდა, იმას კი ვიტყვი, რომ 66-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა თითქმის 95 წლის ალექსანდრე სულხანიშვილმა მხოლოდ თვრამეტი დღე იცოცხლა და 11 ნოემბერს, მისი ანდერძის თანახმად, მისსავე მშობლიურ სოფელ აწყურში მივაბარეთ ქართულ მიწას. მისი ანდერძისავე თანახმად, რომლის აღსრულებაც მე დამევალა, საქართველოს ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტს 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ მის პირველსავე სხდომაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის დროშა გადავეცი, რომელიც 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ამბების შემდეგ დაიკარგა და დღემდე ვეძებ. ამ ისტორიასთან დაკავშირებით ერთი პატარა დეტალიც მინდა მოვიგონო. საქართველოში დაბრუნებულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით: "საქართველოს მიწა“, რომლის ფაქსიმილეც მასზე მომზადებული წიგნის გარეკანს ამშვენებს. საქართველოს მიწა, რომელიც 66 წლის განმავლობაში განუშორებლად თან ატარა მოხუცმა ემიგრანტმა, ანდერძის თანახმად, გულზე დავაყარე, როცა მშობლიური სოფლის ეკლესიის გალავანში დავკრძალეთ. ორიოდე მწიკვი კი ამ მრავალქვეყანაგამოვლილი მიწისა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, თენგიზ ურუშაძეს გადავეცი - მაინტერესებდა, რას გვეტყოდა ნაემიგრანტალი ქართული მიწა. ვინმესთვის ეს შეიძლება გაუგებარი და აზრს მოკლებული საქციელი იყოს, მაგრამ ჩემთვის ასეთი დეტალები ახალი თავგადასავლებია..."

paata-nacvlishvili-1670227808.jpg

"...საერთოდ, ხშირად ჰგონიათ, რომ ბევრი რამ მოვასწარი და უკვირთ - როგორ, მე კი ის მცემს თავზარს, რაც ვერ მოვასწარი და გასაკეთებელი მრჩება. თავზარს მცემს ის ათი წელიწადი, პური და ნავთი რომ ჭირდა საქართველოში, ბევრი დრო რომ გავფლანგე და თითქოს ვეღარც ვეწევი მაშინ გასაკეთებელ საქმეებს.

...1985 წლის თებერვალში გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად დამნიშნეს. ვაჟა ლორთქიფანიძემ დამნიშნა და ედუარდ შევარდნაძემ დამამტკიცა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ჩერნენკო. არა, მას არ დავუმტკიცებივარ, - "ახკომის“ რედაქტორი არ იყო პოლიტბიუროს ნომენკლატურა. საკავშირო კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტშიც მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლნენ, მაგრამ ის კი დამამადლეს - საბჭოთა კავშირში ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორი ხარო. 32 წლის ვიყავი. ერთი ცხოვრება - მეზღვაურისა - უკვე მოლეული მქონდა. საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორადაც ვიყავი ნამუშევარი..."

"...სტუდენტებთან ერთად გადავწყვიტე ჟურნალის გამოცემა. თავიდან ვერ გაიგეს, რა არის ჟურნალი, რადგან უმეტესობას ხელში არასოდეს აუღია, გაზეთისა არ იყოს. საქართველოსათვის უმძიმეს ხანაში, თვითგამორკვევისა და თვითდამკვიდრების პროცესში გაზრდილ თაობაზე მოგახსენებთ. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ჟურნალი, რომელიც ფორმით იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც არის მათთვის საყვარელი ლეპტოპი. ასე შეიქმნა რობაქიძის უნივერსიტეტში ჟურნალი "ობოობა".

შეიძლება ითქვას, რომ გუტენბერგის ეპოქა მთავრდება. ჩვენ თვალწინ მთავრდება, ჩვენივე მონაწილეობით. თუმცა მავანთა ნაჩქარევი პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ბეჭდური მედია კიდევ დიდხანს იარსებებს, თუმცაღა, დღეს იგი უკვე აღარ არის ცოდნისა და ინფორმაციის ერთადერთი, უალტერნატივო წყარო.

მედიის ორი ნაკადის ურთიერთმიმართების თავისებურებები თანამედროვე ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, კომუნიკატივისტიკის, ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხთა რიგს განეკუთვნება. ტრადიციული და ახალი მედიის ურთიერთობა წერა-კითხვის მცოდნე ყველა ადამიანს ეხება, მით უმეტეს, ეხება იგი ჟურნალისტებს - ძველსაც, ახალსაც, მომავალსაც.

სწორედ ამიტომ, როცა ჟურნალისტური სახელოსნოს სტუდენტებთან ერთად ჩვენი სასწავლო ჟურნალის ხასიათსა და შინაარსზე ვმსჯელობდით, იგი ორი მედიის - ბეჭდური მედიისა და ინტერნეტის - მიჯნაზე წარმოვიდგინეთ, რომლის ფორმა უფრო გუტენბერგისეული უნდა ყოფილიყო, შინაარსი - უფრო გეიტსისეული.

...რატომ "ობოობა"? თანაც მაინცდამაინც ორი "ო“-თი? "ობოობა" იმიტომ, რომ ინტერნეტს მოფერებებით ჭჭჭ მსოფლიო ქსელი, საყოველთაო აბლაბუდა ჰქვია; ხოლო ორი "ო“-თი იმიტომ, რომ აქ იგულისხმება არა ობობა, როგორც ცოცხალი არსება, რომელიც რეალურ აბლაბუდებს ქსოვს, არამედ, თანამედროვე ადამიანის აქტივობა პარალელურ სამყაროში, მისი ჩართულობა თუ ჩაბმულობა / გაბმულობა ვირტუალურ აბლაბუდაში. თანაც ეს ორი "ო“ ძალზე პოპულარულია ინტერნეტში: Yahoo, Google, Facebook, Oops, Ooak, ooVoo და Obooba, obooba!.."