"გიორგი მარგველაშვილი კარგი მსახიობი აღმოჩნდა" - გზაპრესი

"გიორგი მარგველაშვილი კარგი მსახიობი აღმოჩნდა"

ალბათ, იშვიათია ადამიანი, ვისაც ინტერნეტსივრცეში გიორგი ქორიძის მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები არ უნახავს. 25 წლის მსახიობი პოპულარულია "ტიკტოკზეც", "იუთუბზეც", მონაწილეობს სერიალშიც... საკუთარ გადაცემაში - "გიორგიი" - პირადად ეხუმრება, უაზრო შეკითხვებს უსვამს და უხეშადაც ეპყრობა ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს. მის რესპონდენტებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილიც, რომლის შესახებაც ხალხის ნაწილმა იფიქრა, რომ გადაცემაში მოტყუებით მიიყვანეს...

- თავდაპირველად ტელეფონში "ტიკტოკის" აპლიკაცია უბრალოდ გადმოვიწერე, ვიდეოებს ვუყურებდი. მერე ისეთი რაღაცები მხვდებოდა, რომ აღარ მეცინებოდა. ვიფიქრე, რაღაც მსგავს ვიდეოებს მეც გამოვაქვეყნებ - მომავალში რამის რეკლამირებაში გამომადგება ან თუ რამე საკუთარი მექნება, გავაპიარებ-მეთქი. თან, გადაღება სირთულეს არ წარმოადგენდა: უბრალოდ, ვიწექი და ვიდეოებს ვიღებდი, მეტი არაფერი.

- ანუ თავიდანვე გათვალეთ, რომ კონტენტი შეგექმნათ და საქმიანი წინადადებები მიგეღოთ?

- კი, პირველი მიზეზი ეგ იყო. თან, მაშინ ეს ჩემს ძმაკაცებს რომ ვუთხარი, მახსოვს, კარგად დამცინეს. ჯერ მხოლოდ 280 გამომწერი მყავდა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ "ტიკტოკზე" აქტიურობა გამომადგა.

- "ტიკტოკზე" თქვენს აქტიურობას ოჯახის წევრები როგორ აფასებდნენ?

- თავდაპირველად, მათაც აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ზაფხულში, დილის 7 საათზე მეღვიძებოდა და საღამოს 10-ის ნახევარზე მეძინებოდა. დილით რომ ვიღვიძებდი და არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, 5 ვიდეოს ვიღებდი. მერე, ხუთივეს 11 საათისკენ ვაქვეყნებდი. ყოველდღე ასე გრძელდებოდა. როცა ოჯახის წევრები ლაპარაკობდნენ, ვეუბნებოდი, - 1 წამით მაცადეთ-მეთქი. - მოგცლიაო და მსგავსი ფრაზებით მპასუხობდნენ... ერთი-ორი რეკლამის გადაღების მერე, სახლში უკვე პროდუქტები რომ მივიტანე, მიხვდნენ და დააფასეს ჩემი აქტიურობა (იღიმის).

- პირველი საქმიანი შემოთავაზება რა ტიპის იყო?

- შემოთავაზება ტექნიკის კომპანიისგან მივიღე. ძალიან გამიხარდა, რომ დადგა ის დრო, რაზეც თავიდან ვფიქრობდი და ამისრულდა. რეკლამაც საკმაოდ მარტივად გადავიღე. კომპანიის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ - ასე გვინდა, ასე უნდა გააკეთოო. საერთოდ, რეკლამას ყოველთვის ჩემს სტილში ვაკეთებ. რასაც დამკვეთები მეუბნებიან თუ არ მომწონს, არ ვაკეთებ.

- ამჟამად, სერიალში მონაწილეობთ, გადაცემის წამყვანიც ხართ. თქვენი ეს საქმიანობა "ტიკტოკს" არ უკავშირდება?

- ამან დიდი როლი ითამაშა: ის ადამიანებიც, ვისთანაც მერე დავახლოვდი, "ტიკტოკზე", "იუთუბზე" აქტიურობდნენ. სერიალიც ასე დაიწყო: თავდაპირველად, ტელეფონით ვიღებდით, ახლა კი ისე განვითარდა, "სეტის" აწყობას 15 წუთი მაინც უნდა, რომ ყველა განათება, კამერა დავაყენოთ... კარგია, რომ ყველაფერი ასე განვითარდა, ხარისხი გაიზარდა.

- სერიალში - "ჩპს" დიეგოს პერსონაჟი თქვენი პირველი ეკრანული როლია?

- კი. რადგან ძირითადად, ტელევიზიის, ფილმების მიმართ ინტერესი არასდროს მქონდა - თეატრი, სპექტაკლები მაინტერესებდა, მაგრამ ესეც საინტერესო და "ჩამთრევი" აღმოჩნდა.

- როგორი ბიჭია დიეგო?

- ჩვენ შორის საერთო ის არის, რომ ორივე პირდაპირი ვართ, რაღაცების მიკიბ-მოკიბვა არ გვიყვარს, თუნდაც სიმართლე მწარე იყოს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ჩემი პერსონაჟი ისეთი "ფეხებზე მკიდია" ტიპია, რომ ამით ჩემგან ნამდვილად განსხვავებულია: შემიძლია ვიტრაბახო, რომ "ფეხებზე მკიდია" ტიპი არ ვარ, რაღაცებს ზერელედ არ ვუყურებ. თითქოს დიეგო საქმეშიც ბოლომდე ჩართულია, მაგრამ თან - არც არის. ჩემს შემთხვევაში პირიქითაა: ცხოვრებაში რამე საქმეს თუ დავიწყებ, ბოლომდე უნდა ჩავეფლო, რომ კარგად გამოვიდეს.

- ერთ-ერთი პოპულარული ეპიზოდია, როცა დიეგო შეყვარებულს თავისი ღალატის შესახებ გაუმხელს, შედეგად კი გინების კორიანტელს იღებს. ამ ეპიზოდზე მუშაობისას გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა და საერთოდ, მობილიზება ხომ არ გიჭირთ?

- გადასაღებ მოედანზე დაძაბულობა აღარ იგრძნობა. თან, მინიმუმ, 4-5 დღით ადრე სცენარი გვაქვს და ვკითხულობთ - ვიცით, რა და როგორ უნდა იყოს. უშუალოდ გადასაღებ მოედანზეც, რა თქმა უნდა, რეპეტიციას გავდივართ. ხანდახან ჩაშლილი დუბლებიც არის, მაგრამ ძირითადად, ყველაფერი კარგად მიდის... გინების ეპიზოდს რაც შეეხება, დიეგოს შეყვარებულის - ნუციკოს პერსონაჟს აბსოლუტურად ვეთანხმებოდი, თავად დიეგოს კი ვამტყუნებდი, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, - ტფუი, ტფუი, თვალი არ მეცეს და ჯვარი მწერია, მაგრამ ისეთი საქციელი, რაც ჩემმა პერსონაჟმა ჩაიდინა, მეც რომ ჩამედინა, თავადაც აუცილებლად მეორე დღესვე ჩემს შეყვარებულს ვეტყოდი.

- გყავთ შეყვარებული?

- კი. ამ ეტაპზე დაკავებული ვარ. მგონია, რომ უკვე საბოლოო ურთიერთობაში გახლავართ, ყველაფერი გარკვეული მაქვს. ჩვენს ურთიერთობას სერიოზულად ვუყურებ. ახლო მომავალში - არ ვიცი, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაოჯახებასაც ვფიქრობ.

- კოლეგები ხართ?

- არა, პირიქით - აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროში ვართ: ის გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს.

- პირველი სიყვარულია?

- პირველი ნამდვილი სიყვარულია.

- როცა უცნობი ადამიანები გხვდებიან, როგორ მოგმართავენ - მათთვის "ტიკტოკის" თქვენ მიერ შექმნილ პერსონაჟთან უფრო ასოცირდებით, დიეგოსთან თუ გიორგის გეძახიან?

- გიორგისაც მეძახიან, კორსიზსაც და დიეგოსაც, პლუს, ზოგჯერ - "ჩპს"-საც (იცინის). ძირითადად, დიეგოს პატარები მეძახიან, ცოტათი მოზრდილები - კორსიზს, უფრო მოზრდილები კი - გიორგის, იმ გადაცემიდან გამომდინარე, რომელიც "იუთუბის" არხ "ჰამაკზე" მაქვს.

- რას გეუბნებიან - გაქებენ, გაკრიტიკებენ?..

- ძირითადად, დადებითად განწყობილი არიან. ფოტოს გადავიღებთ, ერთმანეთს მოვიკითხავთ და ვიშლებით ხოლმე. რამდენიმესთან ისე "დავემთხვიე", რომ სხვადასხვა დროს 3 ფოტოც მაქვს გადაღებული (იღიმის).

- არაორდინაrუlი ფორმატის გადაცემის - "გიორგიი" წამყვანი ხართ. რესპონდენტებს მონაწილეობაზე როგორ ითანხმებთ? მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის სტუმრობის შესახებ გვიამბეთ.

- ჯერჯერობით, ხალხისთვის ამ გადაცემის ფორმატი ისევ გაუგებარია. გადაცემასთან დაკავშირებით ლანძღვა "მიდის" ხოლმე... ჩემს გადაცემას ბავშვები არ უყურებენ - ეგ ვიცი, რადგან არც ერთ ბავშვს არ უთქვამს, ვუყურებო. ვინც ქუჩაში მხვდება და ამ თემაზე დამელაპრაკება, ყოველთვის კარგს მეუბნება. შეიძლება, ცოტათი ვერ იგებენ, მაგრამ მეუბნებიან, - რაღაცებს მივხვდი, "მუღამი დავიჭირეო". სასიამოვნოა, რომ ცოტათი სხვანაირი იუმორი მოსწონთ. თან, ვინც გადაცემას ხშირად უყურებს, ხვდება, რომ იქ საკუთარ თავს არ ვასახიერებ - გამოგონილი პერსონაჟის როლში ვარ, რომელიც ზოგჯერ უხეშია, სხვას ლაპარაკს არ აცდის, რესპონდენტს უაზრო კითხვებს უსვამს, უაზროდ ეხუმრება და ა.შ. გიორგი მარგველაშვილთანაც ასე მოხდა: გადაცემამდე რეპეტიცია გავიარეთ. რა თქმა უნდა, ბატონმა გიორგიმ სცენარულად ყველაფერი იცოდა. გადაღებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ამას არც კი ველოდი. ბატონი გიორგი მომზადებული მოვიდა... საერთოდ, გაგვიკვირდა, რომ მოვიდა, რადგან როცა გადაცემას ვიწყებდით, თავიდან ხუმრობით ვამბობდით, - მესამე სეზონის ბოლოს ბატონი გიორგი მარგველაშვილი მოვიწვიოთ-თქო. მართლა ისე მოხდა, რომ პირველი სეზონის ბოლოს გვესტუმრა. მისმა სტუმრობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. "ფეისბუკზე" იმასაც წერდნენ - ეს კაცი მოტყუებით მიიყვანეს, პირდაპირი ეთერია და ვერ ხვდება, რას ეუბნებიან, ამხელა კაცს ამასხარავებენო... ეს აზრი რომ გაჩნდა, დიდად არ მიკვირს, რადგან სხვადასხვა აზროვნების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რას ვიზამთ? უბრალოდ, თავისი მოსაზრება ყველას არგუმენტირებული არ აქვს, რაც ცუდია. თან, ბატონი გიორგი კარგი მსახიობი აღმოჩნდა.

- თქვენთვის გამორჩეულად შთამბეჭდავი რესპონდენტი ვინ იყო?

- მართლა ვერ გამოვარჩევ. რთულია, როცა ადამიანს არ იცნობ, მოდის და იმ დღესვე გადაცემა ერთად უნდა ჩაწეროთ. ფაქტობრივად, ისე უნდა ითამაშო, როგორც სპექტაკლში: გადაცემაშიც რაღაცები ხომ დადგმულია, არა? ამას გათავისება სჭირდება, რომ უფრო ბუნებრივი იყოს. ყველა სტუმარი ცდილობს, მობილიზებული იყოს და წინასწარ იაზრებს, სად მოდის, შესაბამისი განწყობაც შექმნილი აქვს, რომ გადაცემას წაადგეს.

giorgi-qoridze-1-copy-1670227964.jpg

- ამჟამად, თქვენს ცხოვრებაში თეატრს რა ადგილი უჭირავს?

- თეატრი ჩემთვის პირველია, რადგან ჩემში სხვა ემოციებს იწვევს. ბავშვობიდან თეატრში დავდივარ - ბაბუაჩემი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. პრინციპში, მთელი ჩემი ოჯახი იქ მუშაობდა. მეც ბავშვობიდან სულ იქ ვიყავი, ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი. მაგალითად, "დარისპანის გასაჭირი" შეიძლება 50-ჯერაც მაქვს ნანახი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ მსახიობი ვიქნებოდი, რადგან 11 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი - სხვა არაფერი მინდოდა. მერე, როგორც თითქმის ყველა ყოფილმა ფეხბურთელმა, ტრავმა მივიღე და სპორტის ამ სახეობას თავი დავანებე. არჩევანის წინაშე დავდექი, სწავლა სად გამეგრძელებინა. ჩემთან ყველაზე "ახლოს" ისევ მსახიობობა და თეატრი აღმოჩნდა... სამწუხაროდ, ახლა ვერც ერთ სპექტაკლში ვერ ვთამაშობ, რადგან ამისთვის დრო არ მრჩება. ახლაც სტუდიაში ვარ, სადაც "ჰამაკი" ფუნქციონირებს. ორივე საქმის ერთდროულად კეთება არ გამოდის. ამ ეტაპზე, ვარჩიე, "ჰამაკს" მივხედო - თეატრი არსად გამექცევა და არც "გავაქცევ", რადგან ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- თქვენი ამჟამინდელი არჩევანი რამ განაპირობა - ინტერნეტში აქტიურობა უფრო მეტად შემოსავლიანია თუ სხვა მიზეზია?

- კი, შემოსავლიანიც არის და თან, "იუთუბზე" ეს საქმე ახალი დაწყებული გვაქვს. ახალდაწყებულ არხს უფრო მეტი ჩართულობა და ბრძოლა სჭირდება. მით უმეტეს, ჩვენს არხს უფრო რთული გზა აქვს გასავლელი: ისეთ ვიდეოებს არ ვიღებთ, რაც ვიცით, რომ აუცილებლად "ნახვადი" იქნება ანუ პოპულისტული გათვლები არ გვაქვს; ისეთი ტიპის გადაცემები და იუმორი გვაქვს, რომ თავად გვსიამოვნებს - ძალით არაფერს ვაკეთებთ. ვაფასებ და მიხარია, რომ გარშემო ასეთი გუნდი მყავს და პოეტურად რომ ვთქვათ, ამ რთულ გზას ერთად გავკაფავთ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი