95 წლის ქალბატონი, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს და მოცალეობის ჟამს, თავს წიგნებით ირთობს - გზაპრესი

95 წლის ქალბატონი, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს და მოცალეობის ჟამს, თავს წიგნებით ირთობს

ოცნებობს, რომ 100 წელს მიაღწიოს და შთამომავლობას საკუთარი ცხოვრებისეული ისტორია საარაკო ამბად შემოუნახოს. თინა ბებოს ამბავი მართლაც საარაკოა. ყოველდღე, დილის ოთხ საათზე დგება და სამსახურში მიდის - რუსთავის ქუჩებს ასუფთავებს. თინა გრიგალაშვილი წლების განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. ლექსებსაც წერს და კრებულიც გამოსცა, სახელწოდებით "გულის კარნახით", გიორგი კეკელიძის ფონდის - "გურული დღიურების" უხუცესი სტიპენდიატია. გვარწმუნებს, რომ დასუფთავების სამსახურში გასამრჯელოს გამო არ მუშაობს. შვილი ეხმარება და ხშირად საყვედურობს კიდეც: "მეტყვის ხოლმე, ამ ხნის ქალი რომ მუშაობ, ჩემი სირცხვილიაო, მაგრამ რა ვქნა?! რომ არ ვიმუშაო, თავს უსარგებლოდ ვიგრძნობ. საქმეს მთელი გულით ვაკეთებ. სკოლაშიც ასე ვიყავი, მეხვეწებოდა დირექტორი, არ წახვიდეო, მაგრამ ვიგრძენი, წასვლის დრო იყო. ახლაც ვიგრძნობ, როდის უნდა გავჩერდე. ჯერ შემიძლია. დავაწკრიალებ ჩემი საყვარელი ქალაქის ქუჩებს, მივალ შინ, სადაც ჩემი წიგნები მელოდებიან, მოვიკითხავ შვილს, შვილიშვილს, ერთადერთ დას, ჩემს პატარა ბაღს მივხედავ და კმაყოფილი მშვიდად ვიძინებ", - ამბობს თინა ბებო, რომელიც იმაზე საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

თინა გრიგალაშვილი:

- მადლობა, რომ ჩემი ამბით დაინტერესდით და მომიკითხეთ. ახლა ისეთ ასაკში ვარ, მოკითხვისა და თბილი სიტყვის გარდა, ბედნიერებისთვის არაფერი მჭირდება. მიხარია, როცა ვგრძნობ, რომ ადამიანებს ისევ ვახსოვარ, ვჭირდები. იცით, ჩემი ეზოს ბავშვებს როგორ ვუყვარვარ?! დამინახავენ თუ არა, გამოექანებიან თინა ბებოს ძახილით. მეც მათთვის ხან რა მიმაქვს და ხან რა. აი, ცოტა ხანში ახალი წელი მოვა და ეზოს ხეებზე ახალ სათამაშოებს ჩამოვკიდებ, პატარა მაგიდაზე კანფეტებს დავყრი. ბავშვები მაშინვე მიხვდებიან, რომ ეს თინა ბებოს საჩუქარია. რომ წარმომიდგენია, ერთ თვეში ჩემს ეზოში ბავშვები როგორ ჟივილ-ხივილს ატეხენ, გული სიხარულით იწყებს ხმაურს.

- თქვენი ბავშვობისას როგორი იყო ახალი წელი, ნაძვის ხე ან სათამაშოები?

- ოჰ, ზღაპრული ახალი წელი იყო ჩემს ბავშვობაში. ტყიდან ნაძვს მოვიტანდით, ჩურჩხელებითა და ტკბილეულით მოვრთავდით, დედა ხელებს დაიკაპიწებდა და კერძების მომზადებას შეუდგებოდა. საღამოს ბუხარში დიდ კუნძს შევაგდებდით, სუფრას გავშლიდით, ერთმანეთს მოვეფერებოდით, დავლოცავდით. მერე დედა რომელიმე ჩვენგანს ხონჩას გაუმზადებდა და მეზობლებში მეკვლედ გაგვგზავნიდა. უფ, რა მოგონებებში გადავეშვი, ამაღამ ძალიან ტკბილად დამეძინება.

- კიდევ რა შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ბავშვობიდან?

- მე, შვილო, 1927 წელს დავიბადე, აპრილის თვეში; მაშინ, როდესაც ბუნება იღვიძებდა და იფურჩქნებოდა. ძვირფასი მშობლები მყავდა, მორწმუნეები, ღვთისმოშიშები. 9 დედმამიშვილიდან ორნიღა დავრჩით. დედა 39 წლისა დაქვრივდა. სკოლიდან რომ დავბრუნდებოდი, დედა სამარილეს მოხსნიდა თავს, მომცემდა და მეტყოდა: შვილო, გაიქეცი ბაღში, პრასია, ნიახურია, ოხრახუშია, მარილში ამოაწე და ჭამეო. თვალნათლივ მახსოვს, მამა როგორ გავაცილეთ ფრონტზე... აღარ დაგვიბრუნდა. მამას ძალიან უნდოდა, რომ ყველას გვესწავლა. ასეც მოხდა, ერთი დის გარდა, ენაცვალოს მის სულს ჩემი თავი, ყველამ ისწავლა. ეჰ, ომიდან და ჟამიანობიდან დაწყებული, რას აღარ მოვესწარი. პატარა ვიყავი, ჩემს სოფელში ქოლერა რომ გავრცელდა. ხარაგაულის ულამაზეს სოფელში, გრიგოლეთში ვცხოვრობდით. მაშინ ექიმებს იმდენი ცოდნა არ ჰქონდათ, ხალხს რომ დახმარებოდნენ. ვისაც ქოლერა შეეყრებოდა, მიტოვებულ სახლში მიჰყავდათ, სიცხისგან იწვოდა და მშველელი არავინ ჰყავდა. ხალხი ერიდებოდა გარეთ გასვლას, სასაფლაოზეც კი არ მიდიოდნენ, მიწა არ მოგვხვდესო. მაშინაც გადავრჩი და ახლაც, "კორონა" ახლოსაც არ მომეკარა.

- თქვით, რომ მორწმუნე მშობლები გყავდათ, ამის გამო კომუნისტები არ დევნიდნენ?

- მარტო ჩემი მშობლები კი არა, მთელი სოფელი ჩუმად ლოცულობდა. ერთხელ მშობლებმა გერის წმინდა გიორგის ეკლესიაში წამიყვანეს, ურმით წავედით, ცხინვალიც გადავლახეთ. მისი მადლი ფარავდეს საქართველოს! დედამ მისი სიყვარულით ჩემს ძმას გერასიმე დაარქვა.

- პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრეთ.

- 20 წლის ასაკში უკვე დიპლომიანი მასწავლებელი ვიყავი. მე და ჩემი ამხანაგი ახალქალაქში სომხებს ვასწავლიდით ქართულს. მერე ბორჯომში ვიმუშავე და საბოლოოდ, ჩემს მეუღლესთან, რუსთავში გადმოვედი. სკოლაში 50 წელი ვიმუშავე.

- მეუღლეს როგორ შეხვდით?

- ბორჯომში შევხვდი, ჩემი მოწაფე იყო. ჯარიდან ახალი ჩამოსული გახლდათ. დაგვიანებით, მაგრამ სწავლა სწყუროდა. გორის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მაშინვე საძნელო ადგილას გავწიე მასწავლებლად. გვითხრეს, მთაში, ბოგდანოვკაში არც ქართული იციან და არც ქართულის მასწავლებლები ჰყავთ, რომელი წახვალთო? მე თავი გამოვიდე: წავალ, არ მეშინია-მეთქი. ამ დროს სულ 20 წლის ვიყავი. საბოლოოდ, დუხაბორების სოფელში მოვხვდი, სადაც მართლაც, ქართული სიტყვაც არ იცოდნენ. ბევრი ვიწვალე, ხალხისთვის რომ ქართული მესწავლებინა, ზოგჯერ ღამითაც არ მეძინა. სკოლას სომეხი დირექტორი ჰყავდა, მხითარიანი. შევეცოდებოდი ხოლმე და მეტყოდა: შვილო, აქ რამ მოგიყვანა, ჯანმრთელობა და კვება გჭირდება, აქ კი გარშემო ხე არ დგას, ხილი რომ მოწყვიტოო. ჰოდა, თუ ხელფასი დაიგვიანებდა, ფულს თავისი ჯიბიდან მაძლევდა: წადი, ხილი იყიდე და ჭამეო. იმას ვენაცვალე! დღესაც არ ვიცი, რა სარწმუნოების იყო, მაგრამ ეკლესიაში სანთელს ყოველთვის ვანთებ მისი სულისთვის. მერე ეს დირექტორი სხვაგან გადაიყვანეს და მეც აღარ დამტოვა: აქ სხვას გამოგზავნიან მასწავლებლად, შენ კი წადი აქედან, რადგან მარტო თავს ვერ მიხედავო. მეც დავუჯერე და ბორჯომში გადავედი. ალბათ, ესეც ბედი იყო. იქვე გავთხოვდი. ჩემი ქმარი გვარად ფერაძე იყო. ხელმოკლედ ვცხოვრობდით. ბიძამისი არიგებდა ხოლმე: არანაირი შრომა არ ითაკილო და აუცილებლად ამოხვალ გაჭირვებიდანო. იმას რომ ეუბნებოდა, მეც ხომ მესმოდა, ჰოდა, დღედაღამ მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. მერე გადმოვედით რუსთავში. ჩემი მასწავლებლობით, მგონი, აქაც გამოვიჩინე თავი. არ ვასწავლიდი ცუდად. ერთხელ, მახსოვს, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი დამესწრო გაკვეთილზე და მერე მითხრა, შენისთანა მასწავლებლის გაკვეთილს 100 მოსწავლე მაინც უნდა უსმენდესო. მასწავლებელზე, ისე, როგორც ოჯახზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბავშვს პედაგოგი ბაგა-ბაღიდან ზრდის და თუ გინდა, ქვეყნისა და შრომის სიყვარული იცოდეს, სწორედ ბაგა-ბაღიდან უნდა "ჩაუჭედო" პატარას ტვინში, შენი ქვეყანა რა არის, რატომ უნდა გიყვარდეს, თორემ მერე არაფერი გამოვა. დიდობაში რაც უნდა უთხრა, შენგან აისხლეტს, ამხანაგებს დაუჯერებს. მეც "ვუჭედავდი" ჩემს მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სიყვარულს. სანთელს რომ ვანთებ, იმას ვლოცულობ, ჩემმა შვილიშვილმა ქვეყნისა და ადამიანების ისეთი სიყვარული იცოდეს, როგორსაც მე ვუნერგავდი-მეთქი.

96a2bf82a6101d26152f4e9072f6316230f017bebdb058f092bf338308b725b4-1670228180.jpg

- სკოლიდან რატომ წამოხვედით ან რუსთავის დასუფთავების სამსახურში როგორ მოხვდით?

- სახეზე ნაოჭები რომ მომიმრავლდა, აღარ მომწონდა ჩემი თავი. ვფიქრობდი, ასეთი დანაოჭებული ჩემი თავი მე არ მომწონს და მოწაფეებს როგორ მოვეწონები-მეთქი?! შევედი დირექტორთან და ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. იუარა, მაგრამ დავიჩემე და წამოვედი. 52 წელი ვემსახურე ამ ძალიან საპატიო საქმეს, დრო იყო სხვისთვის დამეთმო ასპარეზი. მერე 90-იანი რომ დადგა, ცხოვრება გაჭირდა. სხვებთან ერთად მეც გამიჭირდა და ერთ დღეს მეზობელმა ყვავილების მაღაზიაში მუშაობა შემომთავაზა. მაღაზიის გარშემო ნამდვილი ბაღნარი მოვაწყვე. თურმე დასუფთავების სამსახურის უფროსს თვალში მოხვედრია ჩემი ფუსფუსი. ერთხელაც მოვიდა და მითხრა, თინა ბებო, ქალაქის დასუფთავებაში ხომ არ მიიღებთ მონაწილეობასო? რატომაც არა-მეთქი. მას მერე მთელი რუსთავის ქუჩები მოვიარე მუშაობით. ცოტა ხaნი ქალაქის მთავარ ქუჩას ვასუფთავებდი, ახლა ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე გადამიყვანეს. ძალიან კარგი ადგილია, ირგვლივ სულ სახელმწიფო დაწესებულებებია, მაგრამ ეჭვი მაწუხებს, იქნებ ჩემი გამოჩენა აღარ უნდოდათ ცენტრალურ ქუჩაზე?! ამ დღეებში უნდა მივიდე ოფისში და გავარკვიო.

- როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?

- დილით ალიონზე ვდგები, იცით, ამ დროს ცა რა ლამაზია?! სულ ნარინჯისფრად კაშკაშებს. გრიგოლ ორბელიანის ლექსი მაგონდება ხოლმე: "ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეჰღება, ცას სიხარული მოჰფინა და ქვეყანასა მშვენება! აენთნენ ცეცხლის ალებრივ შორს გაბნეულნი ღრუბელნი"; მტკვარზე გადასასვლელ ხიდზე შევდგები და ბარათაშვილი მომაგონდება: "წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად"... ამან როგორ უნდა მომკლას?! სამუშაოს რომ დავამთავრებ, ცოტა ხნით ჩამოვჯდები და გავხედავ ქუჩას. მიხარია, გაწკრიალებულს რომ ვხედავ. აქ ხშირად მხვდებიან ჩემი ჭაღარა ნამოწაფრები. რომ მომიკითხავენ, სიხარულით სულ ცასა ვწვდები! ძალიან კარგი თაობა მოდის, თვალს უხარია ლამაზ-ლამაზი გოგო-ბიჭების დანახვა. ამ თაობის ის მომწონს, რომ შრომა არც ეზარებათ, არც ეთაკილებათ. ჩემს უფროსს ვეხუმრები ხოლმე, რომელიმე ახალგაზრდაში არ გამცვალო, სამსახურიდან არ გამიშვა-მეთქი. ახალგაზრდებსა და ბავშვებთან ვმეგობრობ, ხშირად ლიტერატურული საღამოებიც კი ჩამიტარებია მათთვის. მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატარებსაც ამას ვასწავლი: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, მისი ისტორია, ოჯახი და ადამიანები-მეთქი. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ამდენი ქართველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. მათ მინდა მივმართო: დაბრუნდით, შვილებო, ილოცეთ, იბრძოლეთ და იმუშავეთ მამულის საკეთილდღეოდ. ეს არის თქვენი მისია! და კიდევ, ერთი რამის მეშინია, ფეხი მტკივა. ეს კი არაფერია, მაგრამ ვდარდობ, ტკივილი არ გამიძლიერდეს და ფეხი არ მომაჭრან. არ მინდა, ცალფეხა წავიდე ამ ქვეყნიდან. ძალიან მიყვარს სიკოხტავე. მთელი ცხოვრება ჩემს თავსაც ვიკოხტავებდი და გარემოს გალამაზებაზეც ვზრუნავდი. იმედია, ახლა სამყარო დამიფასებს ამას და იმ ქვეყნად ლამაზად და კოხტად გამისტუმრებს.

- ჩვენ დღეგრძელობას გისურვებთ!

ხათუნა ბახტურიძე