ბრძოლა წარმატებისთვის და მიზანი, რომელიც ძალის მომცემია - გზაპრესი

ბრძოლა წარმატებისთვის და მიზანი, რომელიც ძალის მომცემია

ყველა ადამიანს თავისი წარმატების ფორმულა აქვს, წინააღმდეგობებისა და სირთულეების დაძლევის გზებიც. ზოგისთვის ეს პრობლემის სრული იგნორირებაა, ზოგისთვის - ნეგატივშიც პოზიტივის დანახვა. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.

giorgi-caavas-poto-copy-1670228365.jpg

მარიამ სანოგო:

- წარმატება იოლად იშვიათად მოდის. ყველაფერს შრომა სჭირდება.

- და გამართლებაც, არა?

- რა თქმა უნდა, სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვედრაც მნიშვნელოვანია.

- როგორ გაუმკლავდი იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც კარიერის საწყის ან შემდგომ პერიოდში გქონდა?

- ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გამოცდაა. რაც უფრო მეტ გამოცდას ჩავაბარებთ, მით მეტი ცოდნა, გამოცდილება დაგვიგროვდება და მეტად ძლიერები ვიქნებით.

- მიზნისკენ მიმავალ გზაზე ადამიანებისგან ხელოვნურად შექმნილი ბარიერები გქონია?

- ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ იმ ადამიანებს ჩანაფიქრი და ხელის შეშლა არასდროს გამოსვლიათ. ის, რაც შენთვის არის, სამყაროსგან ისედაც მიიღება, წინ ვინც უნდა აღუდგეს; რა ბედიც გიწერია, მაინც აგიხდება, თუმცა ასეთი წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა.

- ზოგიერთისთვის არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ დამთრგუნველიც. ასეთ მდგომარეობაშიც ყოფილხარ?

- დათრგუნვის მომენტი ნაკლებად მქონია, მაგრამ გაკვირვებული კი არაერთხელ ვყოფილვარ. რატომ შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, მეორე ადამიანს წარმატებაში ხელი შეუშალოს - აი, ამის გაგება არ შემიძლია, ვერც ვერასდროს გავიგებ. საბედნიეროდ, ჩემ გარშემო ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან. ბარიერები შეიძლება, ნაკლები შემხებლობა რომ გაქვს, ისეთმა ადამიანმაც მოგიწყოს. ერთი შემთხვევა განსაკუთრებით მახსოვს, კონკრეტულ საქმეში ხელის შეშლის მცდელობა ჰქონია ადამიანს, რაც მე გვიან გავიგე. მაშინ ის საქმე უკვე მოგვარებული მქონდა. გაკვირვებული დავრჩი, ეს სურვილი რატომ უნდა გამოძრავებდეს?!.

- ის ადამიანი ძალიან ახლობელი იყო?

- არა, მასთან შეხება მანამდე არ მქონია. 27 წლის ვარ, არასდროს არავისთვის ხელი არ შემიშლია, არც კი გამიფიქრია. სულ ვცდილობ, გარშემო მყოფებს რითიც შემიძლია, დავეხმარო.

- სირთულეების გადალახვაში, იმაში, რომ ყოველი გამოცდა წარმატებით ჩააბარო, რა არის შენთვის სტიმულის მომცემი?

- მიზანი, რომელიც იმ წუთში მაქვს დასახული. ეს ჩემთვის ყოველთვის მთავარი მოტივაციაა. ცხოვრებაში ყველაფერი იოლად არ გამოდის, გარემოებები იცვლება და შენც აყოლა უნდა მოახერხო.

- რას ურჩევ ადამიანებს, რომლებიც ამ გზას ახლა გადიან?

- ეს ცხოვრება სავსეა როგორც დაბრკოლებებით, ასევე - ხელის შემწყობი ფაქტორებით. მთავარია, ჩვენ რას როგორ შევხედავთ, როგორ მივიღებთ. ყველა პრობლემის დაძლევა, სირთულის გადალახვა შეიძლება, თუ ჩვენს თავში მოტივაციას არ ჩავახშობთ. ვინ იცის, შეიძლება ის რაღაც, რაზეც დანებდი და ხელი ჩაიქნიე, ბოლო გამოცდაც კი იყო. ამიტომ არასდროს არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. უნდა მიაგნოთ საკუთარ თავში ნაკლოვანებებს, გამოასწოროთ და ბოლომდე იბრძოლოთ. მერწმუნეთ, მიზანს მიაღწევთ, ეს სიამოვნება კი ამ ბრძოლაში დაღლად ღირს.

- საკუთარ წარსულს რომ გადახედო, იქ სირთულეებს მეტს ხედავ თუ იღბლიან მომენტებს?

- ჩემს წარსულში ორივე თანაბრად იყო: ბევრი გამოცდა, ბევრი ხელშეწყობა ამ გამოცდის ჩაბარებისას, ძალიან ბევრჯერ დახმარება, ჩემ მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილებები... ყველაფერი ერთად იყო. უბრძოლველად არანაირი სიკეთე არ მოდის, გამზადებულად მორთმეული წარმატებაც, უმეტეს შემთხვევაში, დროებითია. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გვქონდეს და ყველაზე მნიშვნელოვანია, სამყაროს მიმართ ნეგატიურად არ განვეწყოთ!

316836454-707257297425296-1141946674823759738-n-copy-1670228354.jpg

ნინო ჩხეიძე:

- წინააღმდეგობები კარიერის დასაწყისშიც მქონდა და დღესაც მაქვს. საერთოდ მგონია, რომ მუშაობის შემადგენელი ნაწილია. ყველა ეტაპზე სხვადასხვა ფორმის სირთულის დაძლევა მიწევს.

- მაგალითად?

- ტარდება კონცერტები, სადაც მინდა გამოვდიოდე და ვერ გამოვდივარ. მთავარია, ამ წინააღმდეგობებმა არ გაგვტეხოს, ემოციებს არ ავყვეთ და ისეთი საქციელი არ ჩავიდინოთ, რომ მერე ვინანოთ.

- საკუთარ თავში იმის ძალას, რომ არ გატყდე, როგორ პოულობ?

- საქმის სიყვარული მაძლიერებს, მაძლებინებს. სცენაზე დგომა იმდენ შრომას მოითხოვს და იმდენი წინააღმდეგობაა ამ საქმიანობაში, ძალიან რომ არ მიყვარდეს და ეს იყოს სტანდარტული სამსახური, ამ სირთულეებს ვერაფრით გავუძლებდი. ეს საქმე ჩემი ცხოვრებაა. ჰოდა, ასე ვცხოვრობ, სულ ბრძოლაში ვარ.

- ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ხშირად აწყდები?

- რა თქმა უნდა. ახლაც ამ ბარიერების წინ ვდგავარ და ეს გაცილებით მტკივნეულია. ძალიან მწყინს, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო.

- ეს ხომ პირადად გეხება, როგორ ახერხებ?

- მასზე ყურადღებას არ ვამახვილებ, ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვცდილობ, სხვა გზა ვნახო. თუ გადაცემაში მბლოკავენ, ვცდილობ, სხვა გადაცემაში ვიყო, კონცერტზე კარს თუ მიხურავენ, სხვა კონცერტზე გამოვდივარ და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია, საკუთარ თავზე მუშაობა არ შევწყვიტო და უფრო და უფრო უკეთესი პროდუქტი შევქმნა.

- ეს იმ ადამიანებისთვის გაცემული საუკეთესო პასუხია?

- როცა ადამიანი ხელოვნურად გიქმნის ბარიერს და ეს შენს ცხოვრებაზე აისახება, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანმა მიზანს მიაღწია. ამიტომ უნდა ეძებო გზები, რომლებიც მეტად წარმატებულს გაგხდის.

- წარსულში წინააღმდეგობა მეტი გქონდა თუ იღბლიანი შემთხვევა?

- 40/60-ზე?.. არა, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი - 50/50-ზე, სამყარო ხომ დაბალანსებულია. გამორიცხულია - მეტი წინააღმდეგობა რომ მქონოდა, ვერ ვიქნებოდი წარმატებული. მეტი გამართლება რომ ყოფილიყო, ალბათ მეტად წარმატებული ვიქნებოდი, იმ ყველაფერს გავაკეთებდი, რისი გაკეთებაც მინდა და აქამდე ვერ მოვახერხე.

- რას ურჩევ ადამიანებს, რომლებიც ახლა კარიერის საწყის ეტაპზე არიან?

- დაბრკოლება ყველა სფეროში, ყველა პროფესიაში, ყველა ადამიანს ხვდება. რაც უფრო გამძლეები ვიქნებით, ბოროტებას ყურადღებას რაც უფრო ნაკლებად მივაქცევთ და საკუთარი თავის განვითარებაზე ვიზრუნებთ, ბარიერები მით უფრო ვერაფერს დაგვაკლებს. მაქსიმალურად ვეცადოთ, ჩვენს საქმეში ვიყოთ თავდაჯერებულები. ეს ნებისმიერ ომს მოგვაგებინებს.

თამუნა კვინიკაძე