როგორ "დაუმეგობრდა" ბექა ქავთარაძე თეთრ ყვავს - გზაპრესი

როგორ "დაუმეგობრდა" ბექა ქავთარაძე თეთრ ყვავს

ახლახან პერსონალური გამოფენა ჰქონდა. პირველად მოუყარა თავი ნამუშევრებს, რომელთა პერსონაჟების უმეტესობაში ბევრი მის ავტორს ხედავს. ხშირად ხატავს ფრინველებს, უფრო კონკრეტულად - თეთრ ყვავს, რომელიც მისი ნახატების ერთ-ერთი მთავარი, ცნობილი გმირია და, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ავტოპორტრეტიც...

თბილისის შუაგულში, იმ ადგილას, სადაც ვხვდებით, ბარის გახსნაა დაგეგმილი. ოღონდ მანამდე კედლებია მოსახატი და ეს მისია მას აკისრია. შეხვედრისას ვაზუსტებ, სანამ მორიგ რეპეტიციაზე წავა, რამდენი დრო გვაქვს სასაუბროდ. ის ხატავს, დღის განრიგს მაცნობს და ბოლოს ამატებს: "რეჟისურა, მსახიობობა, მხატვრობა - ამ სამი რამით ვცხოვრობ. ერთი პერიოდი თეატრში გრიმიორობამაც მომიწია, ეს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი..."

რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი ბექა ქავთარაძე ბავშვობიდან თეატრში იზრდებოდა, თუმცა იმ დროს არა თეატრალურ სამყაროზე, არამედ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ფიქრობდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა რეჟისორი მამის - გოგი ქავთარაძის ორი სპექტაკლის მთავარ პერსონაჟებს ისეთი შთამბეჭდავი გრიმი გაუკეთა, რომელიც მსახიობებს "როლის გათავისებაში" დაეხმარა და გრიმიორის ნამუშევარი არც მაყურებელს დარჩენია ყურადღების გარეშე.

მერე სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად მომზადებაც დაიწყო, მაგრამ გული ვერ დაუდო იმ წესებსა და ჩარჩოებს, რომლებიც მომავალი მხატვრების აბიტურიენტობის პერიოდს თან სდევდა, და გადაიფიქრა. სწორედ იმ დროს დაიწყო წერა, რამდენიმე ტექსტმა სცენარის სახეც მიიღო. მაშინ კიდევ ერთხელ წაიკითხა ანტონ ჩეხოვის "თოლია" და პიესამ მასზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ საბოლოო ბიძგი აღმოჩნდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად. ტელესარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფი ნუგზარ ლორთქიფანიძემ აიყვანა. ამ პედაგოგის დღემდე მადლიერია. მოგვიანებით დრამის ფაკულტეტის კურსიც გაიარა. რამდენიმე სპექტაკლის რეჟისორი, დღეს სოხუმისა და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრების მსახიობია, თუმცა ხატვა, როგორც მანამდე, ისე სტუდენტობის პერიოდშიც არ შეუწყვეტია.

- ყოველთვის ვხატავდი და ვხატავ, თუმცა, ბოლო წლებში - მეტი ინტენსივობით. მანამდე უფრო ზაფხულის პერიოდში ვმუშაობდი, როცა დროც მეტი მქონდა და მასალაც - მომარაგებული. პანდემიის დროსაც ბევრი ვხატე, ნახატებიც დაგროვდა და ხარისხითაც ისეთია, რომ გამოფენა გადავწყვიტე.

- ოჯახი, მამათქვენი როგორ შეხვდა თქვენს პროფესიულ არჩევანს და რომელი თეატრი იყო პირველი, სადაც მუშაობა დაიწყეთ?

- მამა ჩემზე სულ ამბობდა, ამას რეჟისორის აზროვნება აქვსო. იცოდა ჩემი ხასიათი და შეიძლება, პირდაპირ არ მეუბნებოდა თავის სურვილს, მაგრამ მგონია, ყოველთვის უნდოდა, რეჟისორი ვყოფილიყავი. სპექტაკლებზე მუშაობის დროსაც, აზრს ყოველთვის მეკითხებოდა. რამეს რომ ვეტყოდი, ამბობდა, სწორ მინიშნებებს მაძლევო... ჩემი პირველი სამუშაო ადგილი სოხუმის თეატრი იყო, სადაც მეორე კურსზე სწავლისას გიორგი გამსახურდიას "მუნჯის სიზმრები" დავდგი. მამამ მითხრა, მოდი, მოსინჯე და იქნებ მერე ეს პიესა ფილმადაც გადაიღოო. მგონი, ასე შემიტყუა თეატრში (იღიმის). ამ სპექტაკლმა წარმატება მომიტანა; ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, თავადაც არ ველოდი. საერთოდ, როცა ვმუშაობ, სხვებისგან განსხვავებით, სულ იმას ვფიქრობ, რომ რაღაც ისე ვერ გამოდის, როგორც საჭიროა და რამეს ხომ არ ვაფუჭებ?.. ასე ვარ დღემდე.

- ეს მუშაობის პროცესში ხელს არ გიშლით?

- მგონი, პირიქით და ეს კარგია. ჩვენი პროფესია ისეთია, როცა იმაზე მეტს დაიჯერებ, ვიდრე ხარ, საქმე ფუჭდება. კი, ჯანსაღი ამბიცია საჭიროა, მაგრამ ძალიან მაგარი რეჟისორები და მსახიობები (და ამაში გარდაცვლილებსაც ვგულისხმობ და ცოცხლებსაც), ვინც საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ზედმეტად თავდაჯერებული ხდებიან, მერე ცოტათი "მარცხნივ მიდიან".

- სამი საქმიანობის სფერო დაასახელეთ: რეჟისურა, მსახიობობა და მხატვრობა. ყველაზე მეტად, თავს კარგად სად გრძნობთ?

- ყველაზე კარგად თავს მხატვრობაში ვგრძნობ. ამ დროს აბსოლუტური ანესთეზია მაქვს, გნებავთ, ნირვანა დაარქვით. კედელი იქნება, ფურცელი თუ ყვავილების ქოთანი, ყველგან და ყველაფრით ვხატავ. სახატავად ვიყენებ როგორც საღებავებსა და ფანქარს, ისე ფრჩხილის ლაქს, მარკერს, კბილის პასტას, ყავას, იოდსაც კი.

- თუ დაჰკვირვებიხართ, ხატვისას რომელი ფერებია თქვენთან დომინანტი?

- ყვითელი, შავი, წითელი. ეს სამი ფერი გამორჩეულად, სულ "მუშაობს".

- თქვენზე ამბობენ, ჩიტებს ხშირად ხატავსო...

- კი, უფრო - თეთრ ყვავებს.

- ყვავებზე სულ ჰიჩკოკის ფილმი "ჩიტები" მახსენდება...

- მეც, მაგრამ ჩემი ყორნები ბევრად პოზიტიურები და მეგობრულები არიან. თეთრ ყვავს დავუძმაკაცდი. ხასიათით ჩემს თავსაც ვამსგავსებ. ეს - ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად, ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე ხშირად ამბობდნენ, სხვანაირიაო. ამ დროს, ძალიან ჩვეულებრივი ვარ, მაგრამ ამ იარლიყის მორტყმაში თვითიუმორი გამიცოცხლდა და თეთრი ყვავი მართლა ჩემი გახდა.

- კი, იარლიყების მიწებება ვიცით... კიდევ რას ამბობენ თქვენზე?

- არ ვიცი, ეს გარეგნობის, ხასიათის გამო მოხდა თუ ბუნების, მაგრამ - თავისუფალიაო, ამბობენ. კი, ვარ, ოღონდ თავისუფლებაში იმას არ ვგულისხმობ, რასაც დღეს უზრდელობას ეძახიან.

- თავისუფლების თქვენეული გაგება როგორია?

- ცხოვრებაში არ უნდა ითამაშო და არ იყო ის, ვინც არ ხარ. მგონი, ეს ყველაზე რთული მისაღწევია, თუმცა, გულწრფელად ვამბობ, ამან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. მით უმეტეს, ჩემს პროფესიაში, სადაც პირდაპირობა და თავისუფლება მიღებული არ არის. საერთოდ, კონკრეტულად თეატრის სტრუქტურაში გულწრფელობის დიდი დეფიციტია და სამწუხაროა, რომ დიდ მინუსად ითვლება. თეატრი მიყვარს, მუშაობის პროცესიც, ჩემს მეგობარ მსახიობებზეც ვგიჟდები, მაგრამ ვერ ვეგუები თეატრის სტრუქტურას და ამას რომ ვამბობ, არ ვორიგინალობ.

- როცა რამეს დგამთ ან სპექტაკლში თამაშობთ, წარსულში და ახლაც, ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყველას ვუსმენ, ვისიც მჯერა, დაწყებული შვილიდან, ძმაკაცით დამთავრებული, მაგრამ ერთი კონკრეტული გურუ არ მყავს. თუმცა, რასაკვირველია, არიან ადამიანები, რომლებისაც, მათი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მეტად მჯერა და თან მათი გულწრფელობისაც მწამს. დღესდღეობით უფრო ხშირად სპექტაკლებში ვთამაშობ, ვიდრე ვდგამ, მაგრამ მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა: დათო დოიაშვილის, დათო საყვარელიძის და სხვების; არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. გარდა იმისა, რომ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში ვთამაშობ, მიშა მრევლიშვილსაც უნდა, სპექტაკლი დავდგა და ალბათ ამასაც გავაკეთებ. გონებაში ორი პიესა მიტრიალებს და ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ალბათ ერთი სოხუმის თეატრში განხორციელდება, ხოლო მეორე - მრევლიშვილის თეატრში. ბოლო დროს, რაც ასაკში შევედი, მირჩევნია, გეგმები გონებაში მქონდეს, ვიდრე მათზე ვილაპარაკო.

tetri-qvavi-copy-1670228715.jpg

- ასაკის მატებასთან ერთად ბევრი რამ იცვლება ადამიანში. რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც მანამდე არ იყო და შემდეგ გაჩნდა?

- უფრო რბილი გავხდი. ინტუიციითა და გამოცდილებით წინასწარ ვხვდები, რას რა მოჰყვება. ვცდილობ, სიტუაციები კონფლიქტებამდე არ მივიყვანო. ეს ჩემი შვილის დამსახურებაა და ალბათ ყველა შვილი ცვლის მშობელს. ნინო ახლა 22 წლისაა, ნინუკას ვეძახით. ნინოობაზე დაიბადა და უფალმა თავად დაარქვა სახელი. როგორც კი ამქვეყნად ჩემი შვილი გაჩნდა, ის აფეთქებები, რომლებიც ბავშვობიდან მოყოლებული წლების განმავლობაში მქონდა, დაცხრა, მორბილდა და უფრო მიმტევებელიც გავხდი.

- შვილმა დაგაბალანსათ...

- დამაბალანსა, კი (იღიმის).

- დაბოლოს, ისიც მითხარით, რა პროფესიის ვერ და არ იქნებოდით არასდროს და ვინ იქნებოდით?

- პოლიციელი და კონტროლიორი ვერ ვიქნებოდი... რაც შეეხება "ვინ"-ს... ალბათ ფსიქოლოგი ვიქნებოდი. კარგი ინტუიცია მაქვს და ეს ხელს შემიწყობდა... ზოდიაქოთი მორიელი ვარ, რომელსაც გამორჩეული ინტუიცია აქვს, რენტგენივით ხედავს ადამიანს და უნდა თუ არა, ეს თავისთავად ხდება.

ანა კალანდაძე