ვინ დაუწერა ცუდი რეცენზია ნინო კუნჭულიას? - გზაპრესი

ვინ დაუწერა ცუდი რეცენზია ნინო კუნჭულიას?

ასაკი: 30 წლის.

პროფესია: მსახიობი.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი.

ჰობი: ცურვა, ცეკვა, სიმღერა.

ცხოვრების დევიზი: "სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ".

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ძლიერ, მეოცნებე, გამოუსწორებელ რომანტიკოსს და ოპტიმისტ პიროვნებას.

- უსამართლობის განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლა?

- ბოლოს სპექტაკლში ვითამაშე. მართლა ვიცი, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, მაგრამ საქმე შეგნებულად გამიფუჭეს, უსინდისოდ მოიქცნენ: სპექტაკლის შემდეგ აპლოდისმენტები არ წყდებოდა, მაყურებელი დარბაზიდან არ მიდიოდა, მაგრამ ერთმა გარეწარმა ცუდი რეცენზია დამიწერა. პანდემიური სიტუაცია იყო. ჟიურის ზოგი წევრი სპექტაკლს არც დასწრებია. ცუდ რეცენზიაზე დაყრდნობით შემაფასეს ადამიანებმა, რომლებსაც სპექტაკლი არც უნახავთ. ზოგს პიესა წაკითხულიც კი არ ჰქონდა. ვერაფერს გავხდი... ძალიან დიდი უსამართლობაა.

- ცუდი რეცენზია ვინ დაგიწერათ?

- ძალიან ცნობილი თეატრის კრიტიკოსია, ვინც ცუდ რეცენზიებს წერს. მისი ინტერვიუ რომ წავიკითხე, პირდაპირ ამბობს, - უფასოდ რეცენზიების წერა მომბეზრდაო. ეტყობა, რაღაც უნდოდა...

- მისმა რეცენზიამ შენს კარიერულ განვითარებაზე, გეგმებზე როგორ იმოქმედა?

- მთავარი ის დიდი გამოცდილება იყო, რომელიც მივიღე. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგონიათ, არა? სამაგისტრო სპექტაკლში ახლა უნდა ვითამაშო, ალბათ - უკეთეს რეჟისორთანაც კი...

- დღესდღეობით, შენი ცხოვრება ისეთია, როგორიც ბავშვობაში წარმოგედგინა?

- არა, რა თქმა უნდა. არ ვჩერდები და ვაპირებ, ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო ფერადი გავხადო, თუმცა ღმერთის მადლიერი ვარ იმ საჩუქრებისთვის, რასაც მიკეთებს.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- დედაჩემს. სულ ვურეკავ, აბსოლუტურად ყველაფერზე ვსაუბრობთ. მე და დედას რაღაც "კოსმიური" ურთიერთობა გვაქვს - დიდი ხანია, ეს დედაშვილობას გასცდა (იღიმის). დედას თუ არ დაველაპარაკე, ჩემთვის ის დღე წაშლილია.

- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?

- დაცემა არ მჩვევია. რაღაც უსიამოვნო რომ მოხდება, კი ვიდარდებ - ძალიან ემოციური ვარ და განვიცდი, მაგრამ უკან დახევის ნაცვლად, წინ ორმაგი ძალისხმევით მივიწევ. თითქოს ვიცი, რომ საქმეს სხვაგვარად შემოვაბრუნებ.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- დილით სულ ვაგვიანებდი, რადგან ადრე ადგომა კატასტროფულად მიჭირდა. ჩემი მისწრაფებები ზუსტად ვიცოდი და შესაბამის საგნებს ვსწავლობდი. ძალიან მეოცნებე გახლდით. ახლა ჩემი კლასელები იხსენებენ, - გათენდებოდა დილა და, რა თქმა უნდა, მეორე ან მესამე გაკვეთილზე შემოხვიდოდი, შენი რედიკულით ხელშიო (იცინის). ყოველთვის ექსტრავაგანტური, არასტანდარტული ტიპი ვიყავი. რედიკულს - არა, მაგრამ სკოლისთვის უჩვეულო ჩანთას ნამდვილად ვატარებდი. სხვათა შორის, ამას წინათ სიზმარი ვნახე, რომელიც დროში მოგზაურობას ჰგავდა: ჩემს სკოლაში მისული, ჩემს თავს ველოდებოდი, დერეფანში როდის გამოივლიდა. მახსოვს, მოსწავლეობისას, გაკვეთილებს შორის დიდ შესვენებაზე, გრძელ დერეფანში ისე გამოვდიოდი, თითქოს პარიზის "ფეშენ ვიკზე" ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ, პარალელურკლასელი სიყვარულში გამომიტყდა და მითხრა, - მახსოვს, დიდი დასვენების დროს გამოვდიოდი, რომ მენახე, რადგან ვიცოდი, დერეფანში გამოივლიდიო (იცინის)... სიზმარში ზუსტად ეს ვნახე: ზრდასრული პატარა ნინოს ველოდებოდი, რომ გამოევლო და შემეხედა. შევხედე კიდეც: ნაზი, ფარფატა, თავისებური იყო... ისეთი სიტუაცია გახლდათ, თითქოს სკოლაში სტუმრად მოსულ თეატრალურ დასს წარმოდგენა უნდა გაემართა. თეატრის მიმართ ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. როცა პედაგოგს სკოლიდან თეატრში მივყავდით, ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, გამოვიპრანჭებოდი ხოლმე. ერთხელ საახალწლო არდადეგების დასრულების მერე, როცა სკოლიდან თეატრში სპექტაკლზე წასასვლელად ვემზადებოდით, თავზე ნაძვის ხის "წვიმაც" კი დავიმაგრე და სკოლაში ისე წავედი. შინ ვინ გაბედავდა, რომ ჩემთვის ეთქვა, - მოიხსენი, სირცხვილიაო?! ჩემი აზრით, თეატრში წასასვლელად განსაკუთრებულად გამოვიპრანჭე (იღიმის)... საკუთარ თავზე ლაპარაკი ცუდია, მაგრამ განსხვავებული გახლდით: გულში შური, ბოროტება არ გამივლია. ყოველთვის ჩემს ოცნებებში გართული ვიყავი...

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?

- ყველაზე მეტად - გულწრფელობით და სიკეთით. ოჯახის შექმნამდე, როგორც ყველა გოგოს, მეც უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი რჩეული ძალიან კეთილი უნდა ყოფილიყო, რადგან სხვაგვარი პიროვნება ჩემ გვერდით თავად ვერ გაძლებდა. იმას კი არ ვიკვეხნი, რომ ძალიან კეთილი ვარ? უბრალოდ, გამორიცხულია, ადამიანმა ჩემ გვერდით გაძლოს, თუკი ის დიდსულოვანი არ არის. არ შემიძლია, გასაჭირში მყოფს გვერდი ავუარო. მინდა ყველას დავეხმარო...

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- სულიერი სიმშვიდე. მინდა, სტაბილურობის განცდა მქონდეს. ფეხქვეშ ნიადაგს მყარად უნდა ვგრძნობდე, საიმედო სიტუაციაში ვიყო. ექსტრემალურ სიტუაციებს ყოველთვის გავურბოდი. მიყვარს, როცა ახლობლები, ოჯახის წევრები კარგად არიან, არაფრის მეშინია, სულიერად მშვიდად ვარ, თორემ სცენაზე გამოსვლა ნაკლები ექსტრიმია? წარმოიდგინეთ, სავსე დარბაზის წინაშე უნდა გახვიდე. მაყურებელი ძალიან მიყვარს. მსახიობი მაყურებელს უხილავი სხივებით - სიყვარულის ძალით ეკონტაქტები, რასაც ხალხი გრძნობს... დარბაზში ჩასაფრებული ადამიანებიც მსხდარან, რომლებიც მსახიობის ფეხის გადაბრუნებას ელიან. ზოგჯერ კულისებში მყოფს, სცენაზე გასვლამდე ისეთი განცდა მქონია, რომ მიფიქრია - ეს პროფესია რად მინდოდა? ისეთი საქმე ამერჩია, რომ ოთახში ვმჯდარიყავი და სამუშაო რუდუნებით, წყნარად შემესრულებინა-მეთქი. საერთოდ, სცენაზე მუშაობა ურთულესია: შეიძლება, უცებ ტვინი გაგეთიშოს და რაღაც დაგავიწყდეს. პარტნიორიც შენზეა დამოკიდებული... მიუხედავად ამისა, დიდ სცენაზე დგომა ყოველთვის მინდოდა.

- ასაკის მატება გაშინებს?

- წინათ მაშინებდა. რომ გავიგებდი, ვიღაც 30 წლის იყო, ვფიქრობდი: ოო, მე რომ 30-ის ვიქნები, ალბათ, მწვერვალები დაპყრობილი მექნება-მეთქი. ახლა ასაკის მატება არ მაშინებს, რადგან ადამიანი რაც უფრო იზრდები, მეტ რამეს კითხულობ, მეტს აცნობიერებ... ასაკის მატებასთან ერთად, სხვა უნარები, ფიქრები მემატება. შეიძლება ადამიანს გარეგნული ხიბლიც მოგემატოს. თითქოს ყველაფერი შევიყვარე, რაც დრომ მოიტანა, თუნდაც - ის, რომ ისეთი არ ვარ, როგორიც მაგალითად, 18 წლისა ვიყავი. ვფიქრობ, ახალგაზრდობა, "არდაბერება" ადამიანზეა დამოკიდებული. პლასტიკური ქირურგიის ჩარევებს არ ვგულისხმობ - პირადად მე, არაფერი მაქვს "გაკეთებული". ახლა აღმოსავლური ფსიქოლოგიით დავინტერესდი: სამყაროს უნდა მოუსმინო. შეიძლება, დაბერების პროცესი შეაჩერო კი არა, უფრო გაახალგაზრდავდე და ბუნებრივად უფრო ლამაზიც გახდე - სამყარო ამის საშუალებას გაძლევს.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- ალბათ, ყველაფერი შეიძლება. ვიღაცისთვის მარტოსულობა ტრაგედიაა, მაგრამ თუ ადამიანი იმ სულიერ კომფორტს მიაღწევს, რომ მარტო თავს გადასარევად იგრძნობს, რატომაც არა? პირადად მე, ისეთი ადამიანი ვარ, რომ შვილი, მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა მყოლოდა.

20220831-174405-1670936566.jpg

- მსახიობობის გარდა, რომელ სფეროში წარმოგიდგენია საკუთარი თავი?

- რა თქმა უნდა, მსახიობობა ჩემი ოცნების პროფესიაა - 3-ჯერ რომ დავიბადო, სამჯერვე მსახიობობას ავირჩევ, მაგრამ ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი, რადგან ადამიანების დახმარების საოცარი შინაგანი მოთხოვნილებაც მაქვს. თან, ექიმისთვის გულისხმიერება აუცილებელია. როცა ვიმშობიარე, შვილი ბუნებრივად გავაჩინე, გაუტკივარების გარეშე. ექიმის მითითებებს ზუსტად ვასრულებდი... მერე, როცა სხვა გოგონები მშობიარობდნენ, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ბლოკში არ შევვარდნილიყავი და მათ არ დავხმარებოდი, რადგან ვგრძნობდი, დახმარებას შევძლებდი. ზუსტად ვიცოდი, მშობიარე გოგო რომ კიოდა, რაღაცას არასწორად აკეთებდა: ნიკოლოზი ისე გავაჩინე, არ დამიკვნესია, რადგან ექიმის მითითებებს ვემორჩილებოდი... კიდევ, ფიტოთერაპიით ვარ გატაცებული. ბევრს ვკითხულობ, რომელ დაავადებას რომელი ბალახი შველის... ალტერნატიული მედიცინაც მიყვარს. ამით გატაცებული ისე ვარ, რომ ვფიქრობ, კარგი ექიმი ვიქნებოდი. ასევე, სამართლიანობის იმხელა განცდა მაქვს, რომ იურისტობაზეც ვფიქრობდი. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე კიდეც - 1 წელი ვსწავლობდი, მერე კი საბუთები თეატრალურ უნივერსიტეტში გადავიტანე... კარგი გამომძიებელი დადგებოდა ჩემგან. ჯერ მარტო ინტუიცია საოცრად მაქვს განვითარებული, მერე ამაში ჩემი ზებუნებრივი ხედვებიც მეხმარება - კვალზე ზუსტად მივდივარ და კვამლი საიდან მოდის, ვხედავ...

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- დაგვიანება. მართალია, თადარიგს ვიჭერ, რომ არ დამაგვიანდეს, მაგრამ მაინც სულ სადღაც მივიჩქარი, ფართხაფურთხით მივდივარ...

- ამ ეტაპზე შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- ბევრი რამ ყოფილა, რაზეც არც კი მიოცნებია, მაგრამ მომხდარა, რაც ღმერთის დამსახურებაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ ბედნიერებას ჩემს შვილს - 7 თვის ნიკოლოზს ვუკავშირებ.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- სამყაროსთვის რაღაც სარგებლის მოტანა ყველას შეგვიძლია ჩვენი ყოველდღიურობით, კეთილი საქმით, განწყობით, დადებითი ენერგიის გაცემით, რადგან არაფერი იკარგება: თუ 1 ადამიანი დადებით ენერგიას გასცემს, საკუთარი თავის გარშემო სამყაროს ისიც კი ცვლის, რაც გადამდებია. ნიკოლოზი რომ დაიბადა, ასე დავლოცე: იყავი კეთილი, დედამიწისთვის სიკეთე მოგეტანოს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე სიკეთე გეკეთებინოს, ცხოველები, ადამიანები, ფრინველები, ბუნება გიყვარდეს-მეთქი. მეც ასე ვცხოვრობ: როცა ვიცი, სადღაც მიუსაფარი ცხოველი შიმშილისა და სიცივისგან კანკალებს, ვცდილობ, მისი ყოფა გამოვასწორო (1 კნუტი ქუჩიდან მყავს აყვანილი), გასაჭირში მყოფ ადამიანს დავეხმარო, თუნდაც - იმით, რომ მოვუსმინო...

ეთო ყორღანაშვილი