რამ აატირა ონისე ონიანი საბჭოთა ჯარში ყოფნისას? - გზაპრესი

რამ აატირა ონისე ონიანი საბჭოთა ჯარში ყოფნისას?

მსახიობი და ტელეწამყვანი ონისე ონიანი გამოგვიტყდა: - ალბათ, ცხოვრებაში დაახლოებით, 100 წიგნი მაქვს წაკითხულიო, თუმცა მიიჩნევს, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ადამიანის სულს და გონებას ავითარებს, ამიტომ ყველას კითხვისკენ მოუწოდებს.

- ხმამაღლა როგორ ვთქვა, მაგრამ დღესდღეობით, ჩემს ცხოვრებაში წიგნმა უკვე მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ჩემი მოუცლელობის გამო. თუმცა, წიგნი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რისგანაც შეიძლება, ადამიანი სულიერად თუ გონებრივად განვითარდეს. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ ზაფხულობით, შვებულებაში ყოფნისას თუ ვახერხებთ რამე წავიკითხოთ, თუმცა საწოლის გვერდით, მაგიდაზე გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები ყოველთვის მიდევს, რომელსაც თვალს შევავლებ ხოლმე. ეს ნაწარმოებები ჩემთვის ძალიან კარგია, გოდერძი ჩოხელი კი - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწერალია.

- რას გრძნობთ, როცა მის ნაწარმოებებს კითხულობთ?

- მოგეხსენებათ, ვაჟა-ფშაველა დიდი კლასიკოსია. ცხოველების, ფრინველების, მცენარეების ენით გველაპარაკებოდა, თითქოს მათი ენა ესმოდა. გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების კითხვისას ვაჟა-ფშაველასთან პარალელებს ვავლებ. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მის მოთხრობას, ჩანახატს ვკითხულობ - სულში ჩამწვდომია (მაგალითად, - "შემინახე, დედაო მიწავ!"). რაღაცნაირად მამშვიდებს, კარგ გუნებაზე მაყენებს, მაფიქრებს...

- მანამდე თქვენს მაგიდაზე რომელი წიგნი იდო?

- ორჰან ფამუქის "მე წითელი მქვია". ფსიქოლოგიური ნაწარმოებია, ცხოვრებისეული დეტალებით - თითქოს ისეთი "ხაზებია გავლებული", რომ თითოეულ სიტყვას უნდა ჩაუღრმავდე. მომწონდა, თუმცა წავიკითხე და მაგიდიდან მალევე ავიღე. გოდერძი ჩოხელი იმიტომ ვახსენე, რომ მის ნაწარმოებებში რაღაც ისეთია, რაც მკითხველთან ახლოსაა...

- პირველად, საკუთარი სურვილით, რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- 10-12 წლის ვიყავი, სოფელში (რაჭაში) ვისვენებდი. იქ ბიბლიოთეკა იყო. გადავწყვიტე, წიგნი წამეკითხა. რატომღაც, "მოლა ნასრედინის ოხუნჯობები" ავიღე. არ ვიცი, მაშინ რას ვგრძნობდი, რას ვიგებდი, მაგრამ კარგად მახსოვს, გულმოდგინედ ვკითხულობდი (იცინის)... რომ გითხრათ, სულ წიგნებში ჩაფლული ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ. მერე ვის უნდა ეთამაშა და ეცელქა, მშობლები ვის უნდა გაებრაზებინა? არცთუ ისე ჭკვიანი და თვინიერი ბავშვი ვიყავი. შესაბამისად, წიგნებს პერიოდულად ჩავუჯდებოდი ხოლმე... 18 წლის ვიყავი, როცა ჯარში ვმსახურობდი. მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო. ბიბლიოთეკის განყოფილებაში ჩავედი და უბრალოდ, ვიკითხე, - ქართული წიგნები თუ გაქვთ-მეთქი? - ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" გვაქვსო, - მითხრეს... არ დამავიწყდება, როცა ნაწარმოების ფინალში, ბებიის წერილს ვკითხულობდი, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ყველა ახლობელი და თავად საქართველო მენატრებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ 2-წლიანი ჯარი იყო. ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ვიყავით (მოსკოვთან ახლოს ვმსახურობდით)...

- ასაკისთვის შეუსაბამო ნაწარმოები წაგიკითხავთ?

- ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რადგან მოზარდობისას, როცა ვხედავდით, რომ მეგობარი რაღაც წიგნს კითხულობდა, ჩვენც იმ ნაწარმოების წაკითხვა გვსურდა. შემდეგ წაკითხულ წიგნებს ერთმანეთს ვუცვლიდით... ამიტომ ისე გამოვიდა, რომ ასაკისთვის შეუსაბამო არაფერი წამიკითხავს. საერთოდ, ალბათ 100 წიგნი თუ მექნება წაკითხული. ეს ძალიან ცოტაა და ვნანობ. 14 წლის განმავლობაში, როცა სკოლაში ბავშვებს სასცენო ხელოვნებას ვასწავლიდი, მოსწავლეებს ვეუბნებოდი, - ბევრი უნდა იკითხოთ, რადგან წიგნის შეგრძნება, მისი სურნელი, გადაფურცვლა, სანიშნის მორგება სხვაგვარად სასიამოვნო პროცესია, რომელიც გიზიდავს. ესა თუ ის ნაწარმოები მასზე დამოკიდებულს გხდის. საბოლოოდ, წაკითხული გონებაში გვრჩება, გვზრდის, გვავითარებს, ურთიერთობას გვასწავლის და ცხოვრებას საინტერესოს ხდის, რადგან ხანდახან რეალობაში ისეთ სიუჟეტში აღმოვჩნდებით ხოლმე, წიგნში რომ წაგვიკითხავს-მეთქი...

- მოზარდობისას როგორი ლიტერატურა გიზიდავდათ?

- "სამი მუშკეტერი", "კაცი, რომელიც იცინის", "უთავო მხედარი" (იღიმის)...

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თქვენთვის თუა საინტერესო?

- საერთოდ, როცა რომელიმე წიგნს ვკითხულობთ, მერე გავიგებთ, რომ ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია გამოდის, ყოველთვის გვინდა ვნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი კარგად ვიცით. ჩემს შემთხვევაში, ლიტერატურული პერსონაჟები ეკრანზეც და სპექტაკლებშიც ზუსტად ისეთები ყოფილან, როგორიც წიგნის კითხვისას წარმომედგინა. როცა ნაწარმოებს კითხულობ, როცა უკვე "გაპიესებულია" და აბსოლუტურად სხვანაირია, რადგან რეჟისორი სხვაგვარად აღიქვამს ფინალს, თითოეული გმირის განვითარებას და საკუთარ ვერსიას გვაწვდის, ხშირად იმ ვერსიას ვეთანხმებოდი კიდეც, თუმცა მითქვამს, - წიგნში ამბავი სხვაგვარად მთავრდება-მეთქი. მაგალითად, შექსპირის რომელიმე პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმს, თუნდაც - "რომეო და ჯულიეტას" თუ ავიღებთ, ძეფირელის ვერსია შექსპირისას თითქოს ერთი ერთში ერწყმის. ძალიან მიყვარს!.. ამ ფილმის თანამედროვე ვერსიაც მისაღებია, რა თქმა უნდა, რადგან ახლა სხვა ეპოქაა... ყოველთვის ვცდილობ, ცხოვრების რიტმს ავყვე, არ ჩამოვრჩე...

- მშობლიურის გარდა, თქვენთვის რომელი ქვეყნის ლიტერატურაა შთამბეჭდავი?

- ესპანური ლიტერატურა ემოციური და მუხტიანია. ფრანგულიც მომწონს... საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურა, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მისაღები და კარგია.

- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდათ?

- სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებიდან გარკვეული გმირების როლი მითამაშია, მაგრამ უცნაური არ იქნება ალბათ, თუ ვიტყვი, რომ როცა რეჟისორი რომელიმე როლს მთავაზობს, ყოველთვის ვენდობი და მას "მივყვები", ვკმაყოფილდები და სერიოზულ მუშაობას ვიწყებ, თუმცა ჩემს გონებაში ყოველთვის არიან ლიტერატურული გმირები, რომელთა შესახებაც ვფიქრობ, რომ ვითამაშებდი. უბრალოდ, იცი, ახლა როგორ მემართება? როცა გთხოვენ, შენი ცხოვრებიდან კურიოზული ეპიზოდი გაიხსენეო, მაგრამ უცებ არაფერი გახსენდება (იღიმის)...

dsc-7308-1670938537.jpg

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნებოდა? მაგალითად, დღიურს ხომ არ აწარმოებთ?

- თურმე, წერა იოლი არ ყოფილა, თუნდაც - დღიურის. ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდების წერა პანდემიის დროს დავიწყე. წიგნის მესამედი უკვე დაწერილი მაქვს. იდეაში, ფინალისკენ მალე უნდა "წავიდე", მაგრამ თითქოს ფეხს ვითრევ, რაღაც მეტი უნდა დაგროვდეს... ვფიქრობ, დღიურის წერას მალე დავასრულებ. მასში ავტობიოგრაფიაცაა და პარალელურად, მეორე "ხაზი" - რომანი ვითარდება. მგონი, ერთმანეთში კარგად გადამყავს. როცა რედაქტირება გაუკეთდება, ამბავი "შეიკვრება" და "დაშალაშინდება", მერე ვნახავთ, როგორი გამოვა, მაგრამ ამ ეტაპზე, "შავად" დაწერილი ძალზე საინტერესო მგონია. მომწონს, როცა ადამიანი რაღაცას იგონებს, წერს, ფიქრობს... ახლახან ბორის აკუნინს შევხვდი, ვისაუბრეთ. თავად აკუნინი ამბობს, - მწერალი ყოველთვის თავისთვის წერს და არა - სხვისთვისო. თუ სხვისთვის წერ, ე.ი. ამით გინდა, სახელი მოიხვეჭო. ჩემ გარდა, ჩემ მიერ დაწერილს ვინმე სხვაც თუ წაიკითხავს და ისიამოვნებს, კარგი იქნება.

- ბორის აკუნინთან შეხვედრის შესახებ გვიამბეთ...

- საქართველო მან ახლახან დატოვა. საქართველოში "ჰამლეტის" მისეული ვერსიის დადგმა იგეგმება, სადაც ისეთი აქცენტებია გაკეთებული, რომელმაც შეიძლება, სხვა მიმართულებით "წაგვიყვანოს" - შესაძლოა, ქვეყანას ისეთი ვინმე მართავდეს, რომ შენთვის წარმოუდგენელი იყოს. საბოლოოდ იგებ, რომ მეფე არაფერ შუაში ყოფილა... ძალიან კარგი ვერსიაა. აკუნინის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაზე, მის მწერლობასა და შემოქმედებაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ეს ბედნიერება და წარმატება იყო.

- აკუნინის "ჰამლეტშიც" ითამაშებთ?

- კლავდიუსის როლი შემომთავაზეს, მაგრამ მოუცლელობის გამო, ამ როლმა სამწუხაროდ "გვერდით ჩამიარა" (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი