წარმატების ოქროს წესი
საკუთარ საქმეში წარმატებული, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოცდილებას გვიზიარებენ, როგორ მოახერხეს გადაელახათ გარემოებების თუ ადამიანების მიერ შექმნილი ბარიერები, რა იყო და არის ამ დროს მათთვის ძალის მიმცემი, ჰქონიათ თუ არა დათრგუნვის მომენტი და დღევანდელი გადასახედიდან რას მიიჩნევენ წარმატების ოქროს წესად.
ანკა ვასაძე:
- ანკა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი დაბრკოლება შეგხვედრია?
- რა თქმა უნდა, ცხოვრება დაბრკოლებებითაა სავსე, წინააღმდეგობები გვაძლიერებს, ამიტომ ვცდილობ, არ შევშინდე და გადავლახო.
- ამ დროს რას განიცდი? ძალას როგორ პოულობ?
- გააჩნია, რა სახის დაბრკოლებაა და რამდენად მნიშვნელოვანია. ძალასა და სტიმულს ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მაძლევენ. პირველ რიგში - დედა და ჩემი და.
- არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც იქმნება გარემოებების გამო, და არსებობს დაბრკოლებები, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს ხელოვნურად უქმნიან. შენს ცხოვრებაში ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონია?
- მგონია, რომ მსგავსი რამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა. მთავარია, ამ დროს შენ როგორ მოიქცევი. ჩვენ ხომ საკუთარ თავზე ვაგებთ პასუხს, ისეთივე ქცევით თუ ვუპასუხებთ, მაშინ იმ ადამიანისგან რით განვსხვავდებით? მე ჩემი გზა მაქვს და არ მინდა, ვინმე დავაზიანო.
- წინააღმდეგობების გადალახვის დროს დათრგუნვის მომენტი გქონია?
- ბუნებრივია, ვიღლები ხოლმე და მგონია, ბრძოლასა თუ მუშაობას აზრი აღარ აქვს, მაგრამ ცხოვრებამ ბევრჯერ დამანახვა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბევრი მუშაობით შედეგს ყოველთვის მივიღებთ.
- დღეს ასეთი შემდგარი და რეალიზებული ხარ შენს პროფესიაში, რა დგას ამ წარმატების უკან?
- არ ვიცი, რამდენად შემდგარი ვარ, ჯერჯერობით ადრეა, დასკვნა გამოვიტანოთ. ჩემი პროფესიის უდიდესი სიყვარული და დაუღალავი შრომა არის ჩემი მოტივატორი, რა თქმა უნდა - ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ერთად. როცა ბოლომდე იხარჯები, მერე გენანება, შენივე ნაშრომი წყალში ჩაყარო.
რატი დურგლიშვილი:
- მე ვარ ადამიანი, რომელიც ნეგატივშიც პოზიტივს ეძებს. რომ გითხრა, ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე და დაბრკოლება შემხვედრია-მეთქი, ასე არ ყოფილა ან ყოფილა და ყურადღება არ მიმიქცევია.
- ისეთი ადამიანებიც არ შეგხვედრიან, შენი "გაფუჭება" რომ უცდიათ?
- მსგავსი ფაქტი არ მახსენდება. როცა შენი საქმით ხარ დაკავებული, მსგავს რამეს ყურადღებას არც აქცევ. ცხოვრებაში ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ.
- როცა ვიღაც გბლოკავს, ხელის შეშლას ცდილობს, ამას როგორ ახერხებ?
- მარტივად: შენი საქმე უნდა აკეთო, არ გაჩერდე და არავისზე ცუდი არაფერი თქვა. მირჩევნია, ყოველთვის ყველაფერი საქმით დავამტკიცო, ვიდრე ვიღაცას პასუხი გავცე.
- შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შენი წარმატების ფორმულაა?
- დიახ, სწორედ ასეა.
- რატი, შენს წარმატებაში მამის ფაქტორმა, მისმა სახელმა გარკვეული როლი თუ ითამაშა?
- მამის სახელი რაღაცებში დამეხმარა. თავად სულ მარტო ვცხოვრობდი, დამოუკიდებელი ვიყავი. ჩემი აზრით, მაშინ იბლოკები, როცა ვიღაცას რაღაცას ართმევ, სხვას ჰბაძავ. თავად მსგავსი რამ არასდროს ჩამიდენია. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის კეთილსინდისიერი ნაბიჯებით მივდიოდი და საკუთარ თავთან მართალი ვიყავი. მაგალითად, კონკურსში თუ ვერ გავიმარჯვებდი, ამაზე გული არ მწყდებოდა. დღეს არ გამოვიდა? ხვალ გამოვა.
- მოთმინების უნარი რამდენად მნიშვნელოვანია?
- ძალიან საჭიროა.
- იღბლიანი ხარ?
- ჩვენს მომავალს ჩვენივე წარსულიდან ვქმნით. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. ბოღმიანი არასდროს ვყოფილვარ, არასდროს არავის სიკეთის არ შემშურებია, პირიქით - სხვისი კარგი ამბავი გულით გამხარებია, ასეთი ადამიანები ჩემთვის სტიმულის მომცემი არიან. ყველა ნაბიჯმა, ყველაფერმა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ცხოვრების "მუღამი" მომცა, მოტივაცია შემძინა. ცუდისთვისაც და კარგისთვისაც უფლის მადლიერი ვარ.
- ზოგიერთი ადამიანი სირთულეების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, მათ რას ეტყვი?
- ბევრ ადამიანთან მქონია და მაქვს ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში ნიჭზე მეტად ამბიცია დამინახავს. საკუთარ თავს ისე აფასებენ, თითქოს მათზე უკეთესი არავინ არის. თავდაჯერებულობა აუცილებელია, მაგრამ საჭიროა, ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ამბიციას შორის არ აერიოთ. არაჯანსაღი ამბიცია წარუმატებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ვერიკო ტურაშვილი:
- გარდა იმისა, რომ ადრეული ასაკიდანვე დაუღალავად ვშრომობდი და ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ჩემს წარმატებაში ძალიან კარგი როლი ითამაშეს კონკრეტულმა ადამიანებმა. ჩემი პოპულარობა განაპირობა აჩიკო მეფარიძესთან დუეტმა, რომლის შემდეგაც ყველაფერი გაცილებით ადვილი გახდა. მაშინ ისეთი კონკურსები, სადაც დღეს დამწყები მომღერლები გამოდიან, სრულიად ახალი ხილი იყო. რომ არა ეს დუეტი, ალბათ მსგავს კონკურსებში გამოსვლა მეც მომიწევდა. ესეც საინტერესო იქნებოდა და პროფესიულად გამზრდიდა, მაგრამ ჩემი ამბავი სხვაგვარად მოხდა და ამ ყველაფერმა ძალიან ბევრ რაღაცებს ჩამომაშორა.
- გამოდის, რომ სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩნდით?
- 17 წლის ვიყავი, აჩიკო მეფარიძე ალბომზე რომ მუშაობდა და ბექ-ვოკალში გოგონა სჭირდებოდა. მასთან ერთად ბევრი ვიმუშავე. ამ მუშაობის შემდეგ აჩიკომ დუეტის ჩაწერა შემომთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი წარმატება ამ შრომამაც განაპირობა. მე რომ ბექ-ვოკალში დგომაზე უარი მეთქვა, ალბათ შემდეგ მოვლენები ასე აღარ განვითარდებოდა. გამოდის, რომ ინტუიციურადაც სწორი ნაბიჯი გადავდგი.
- შემდგომ პერიოდში წინააღმდეგობებს აწყდებოდით?
- რომ გითხრა, ჩემზე რაღაც "მანქანა" მუშაობდა, ასე არ იყო, მაგრამ შოუბიზნესში ვარ და სუბიექტური დამოკიდებულებები არაერთხელ მიგრძნია. რომ ვთქვა, ამ ყველაფერმა ათასი მთა გადამატარა, ასე არ იყო. თავიდანვე კარგად დავიწყე, პირველი არტისტი ვიყავი, რომელიც მაშინდელი შოუბიზნესის ერთ-ერთმა მთავარმა კომპანიამ ამიყვანა.
- სუბიექტური მიდგომები შოუბიზნესისთვის უცხო არ არის. როცა ეს თავადაც იგრძენით, როგორი იყო თქვენი რეაქცია, პასუხი?
- გადასარევი (იცინის).
- ასეთ ადამიანებთან დრო დახარჯეთ?
- ხანდახან პირდაპირი პასუხიც გამიცია, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი გოგო არ ვიყავი. თავდაცვის მექანიზმი ყოველთვის მქონდა, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დასახმარებლად. ეს უხერხულობას არ მიქმნიდა და დღესაც არ მიქმნის. პასუხი თუ არის გასაცემი, აუცილებლად უნდა გასცე, არა აქვს მნიშვნელობა, მეორე მხარეს ვინ დგას. ჩემს შვილებსაც ასე ვასწავლი და ვზრდი: უფროსიც რომ იყოს, თუ თვლი, რომ მართალი ხარ და ის დამნაშავეა, აუცილებლად უნდა შეძლო საკუთარი თავის (და სხვების) დაცვა.
- საკუთარი გამოცდილებით, რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც კარიერაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ?
- ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. როცა მე ვიწყებდი, ყველაფერი სხვაგვარად იყო, მაშინ ყველა მარცვალს გაღვივების პერსპექტივა ჰქონდა.
- ახლა არ აქვს?
- დღეს აღარ იცი, რა შეიძლება იყოს წარმატების გარანტია, მაგრამ ახლა გაცილებით გამარტივებულია, ხმა ყველას მიაწვდინო. ოქროს წესია ის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, სხვისი სიმღერების გადამღერება არ დაიწყონ. იყვნენ ინდივიდუალურები, მუსიკას სულ რომ არ წერდნენ, მაინც საკუთარი ხელწერა უნდა ჰქონდეთ. დღეს ბევრი კარგი ახალგაზრდა შემსრულებელი გამოჩნდა და ეს ფაქტი მახარებს. მინდა ვურჩიო, რომ დაუღალავად იშრომონ, შრომა აუცილებლად დაუფასდებათ!
თამუნა კვინიკაძე