რა ისწავლა გელა გნოლიძემ საკუთარ შეცდომებზე - გზაპრესი

რა ისწავლა გელა გნოლიძემ საკუთარ შეცდომებზე

"მაკვირვებს ადამიანების ცრუ ამბიციები. კრიტიკა ხშირად ისეთებისგან ისმის, თავად არასდროს რომ არაფერი უკეთებიათ; როცა არა აქვთ ცოდნა, მინიმალური კომპეტენცია, მაინც თავზე ხელაღებით შეუძლიათ ილაპარაკონ"... - ამბობს მუსიკოსი გელა გნოლიძე. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რისი ეშინია, რა არის მისი სავიზიტო ბარათი და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1979 წლის 5 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. სამედიცინო ლიტერატურას, ენციკლოპედიას ხშირად ვკითხულობდი, ამ პროფესიით ძალიან დაინტერესებული ვიყავი. ამის პარალელურად ვმღეროდი, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მუსიკას გავყევი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...უჟმურიაო.

- ცდებიან?

- ასე მანამდე ფიქრობენ, სანამ გამიცნობენ, მერე ამბობენ, უჟმური საერთოდ არ ყოფილაო. არ ვიცი, ეკრანიდან ასეთ შთაბეჭდილებას რატომ ვტოვებ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...რა თქმა უნდა, რაღაცებს შევცვლიდი. ახლა, ამ გადმოსახედიდან, ამის თქმა ადვილია, მაგრამ არის მეორე მხარეც, შეცდომებს თუ არ დავუშვებთ, ვერ გავიზრდებით, ვერ განვვითარდებით, გამოცდილება არ გვექნება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ვფიქრობ, ჩემი მთავარი წარმატება ამ ცხოვრებაში ჩემი შვილები არიან. კარიერას თუ გულისხმობთ, გეტყვით, კარგი ჩანაფიქრები მაქვს და წარმატებაც წინ მელოდება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩემს ბენდშია. ეს ჩვენი საერთო წარმატებაა. ნებისმიერი ადამიანის წარმატების საიდუმლოა, გქონდეს სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებ, შრომისმოყვარე უნდა იყო, გჯეროდეს საკუთარი თავის და აკეთო საქმე უკომპრომისოდ, დიდი ჟინით.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან ერთგული მეგობრები, მათი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კეპი და სათვალე.

demetre-copy-1670939121.jpg

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...რომ უფრო და უფრო გავახარო ჩემი მსმენელი, ახალი ჰიტებით ვასიამოვნო, ჩემი სიმღერა ჟღერდეს ყველა ოჯახში.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ახლახან შევნიშნე, უმნიშვნელო ამბებზე ნერვებს ნაკლებად ვიშლი, მარტივად "ვატარებ".

- ეს უნარი დროთა განმავლობაში გამოგიმუშავდათ?

- დიახ, მივხვდი, ასე სჯობს. ის წვრილმანი, რომელსაც გაატარებ, 5 წუთის შემდეგ არ გემახსოვრება და ნერვებს თუ აიშლი, უფრო დიდხანს გემახსოვრება, თან ცუდ ემოციას დაგიტოვებს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხშირად ვარღვევ დიეტას და ეს ძალიან არ მომწონს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო.

- ადამიანებისგან იმედგაცრუებული ხშირად დარჩენილხართ?

- დიახ.

- ეს თქვენთვის დამთრგუნველიც ყოფილა?

- ძალიან. რაც მთავარია, ახლა ვიცი, რომ ყველას არ უნდა ვენდო.

- პატიება შემიძლია თუ...

- "თუ" ზედმეტია, პატიება აუცილებელია. უნდა მიუტევო, რომ შეცდომები შენც გეპატიოს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...სიბერის პერსპექტივა ძალიან არ მომწონს.

- ვიბნევი...

- ...როცა ქუჩაში მაჩერებს ადამიანი, ჯერ ძალიან მაგრად მომიკითხვას, შემაქებს და მერე სხვის სახელს და გვარს მეტყვის, ხომ ეს ხარო? ამ დროს ძალიან ვიბნევი და ვცდილობ, იმ სიტუაციას რაც შეიძლება მალე გამოვერიდო.

- ვნანობ...

- ...ვინმეს უნებურად თუ ვაწყენინე. ბოდიშის მოხდა, პატიების თხოვნა საერთოდ არ მიჭირს. როცა იცი, მართალი არ ხარ, მარტივია თქვა - ბოდიში, შემეშალა.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...იყოს ზაფხული, რადგან ზამთარი არ მიყვარს, სულ მეძინება.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, უსაფუძვლო ბრალდებას. ამ დროს ისეთი ვარ, როგორც ყველა გაბრაზებული ადამიანი. ვერ მოვისვენებ, სანამ სიმართლეს არ დავამტკიცებ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- მეზარება...

- ...სიტყვა "მეზარება" ჩემს ცხოვრებაში აღარ არის; არ მაქვს უფლება, რამე დამეზაროს. ძალიან, ძალიან დაკავებული ვარ, სიზარმაცისთვის დრო აღარ მაქვს.

- სიყვარული ეს...

- ...კარგი რამეა, რა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ბაღში დავდიოდი. მახსოვს, ძალიან მრცხვენოდა და თავს უხერხულად ვგრძნობდი. ამ მხრივ მორცხვი ბავშვი ვიყავი.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების ცრუ ამბიციები. კრიტიკა ხშირად ისეთებისგან ისმის, თავად არასდროს რომ არაფერი უკეთებიათ, როცა არ აქვთ ცოდნა, მინიმალური კომპეტენცია, მაინც თავზე ხელაღებით შეუძლიათ ილაპარაკონ. ძალიან მიკვირს, საიდან აქვთ ამხელა ამბიცია? სწორი კრიტიკა კარგი და მისაღებია, მაგრამ არაჯანსაღი - საშინელებაა.

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემი ბენდის წევრებმა. როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა მივიდე, ამ ადამიანებთან მოწყენილი ვერაფრით იქნები. ჩვენი ბენდი ძალიან შეკრული და მეგობრული ჯგუფია.

- ვრისკავ...

- ...როცა ისეთ სიმღერებზე ვმუშაობ, რომლებიც ძალიან ფაქიზია და ერთდროულად უნდა შეინარჩუნო ის, რაც მასში ღირებულია, რაც ხალხს უყვარს და თან, ახლებური ჟღერადობა შესძინო. სხვათა შორის, ასეთ პროექტებზე მუშაობა მიყვარს. ორმაგად სასიამოვნოა, როცა კარგი გამოდის.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ამაზე არასდროს მიფიქრია (პაუზის შემდეგ). რაღაც სისუსტე მექნება, არ გეგონოთ, რომ თქმა არ მინდა, მართლა არ მიფიქრია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან არ მიყვარს, თავს უხერხულად ვგრძნობ. მირჩევნია, იქ მაქონ, სადაც არ ვიქნები. სუფრაზე პერსონალურად ჩემს სადღეგრძელოს რომ სვამენ, თავს მაშინაც უხერხულად ვგრძნობ.

- შიში მაქვს...

- ...კალიების, მწერების და მსგავსი რაღაცების. რომ დავდივარ, იმის შიში არ მაქვს, ვაიმე არ მომახტეს-მეთქი, მაგრამ თუ მომახტება, გავიქცევი. ერთხელ კონცერტი გვქონდა, უკვე სცენაზე ვიყავი, სხვებმა დაინახეს, რომ კალია მაჯდა და მომაშორეს, შემდეგ იმ სცენაზე აღარ ავედი, სანამ არ შეამოწმეს და არ დავრწმუნდი, რომ იქ აღარ იყო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხშირად - არა, მაგრამ როცა მსაყვედურობენ, მეუბნებიან, სათქმელს პირდაპირ ნუ მიახლიო.

- ეს თვისება მართლა გაქვთ?

- შეულამაზებლად თქმა ვიცი.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ის თქვი, რას არ შევცვლიდი (იცინის). პირველ რიგში, წონის პრობლემას მოვაგვარებდი.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს. მეგობრები არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ვაფასებ. მეგობრობას ყოველდღიური ზრუნვა სჭირდება. ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც ძალიან გვიყვარს, მაგრამ ყოველდღიურობაში ისე ვართ ჩაფლულები, ხშირად ვერ ვკითხულობთ. როცა ასე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მერე ურთიერთობაც ფერმკრთალდება. ამიტომ საჭიროა, ასეთ ურთიერთობებს ყოველთვის "წყალი დავუსხათ".

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ადამიანებისგან აღარაფერი გამიკვირდეს, მაგრამ პერიოდულად, ჩემს გაკვირვებას მავანნი მაინც ახერხებენ, სულ ახალ და ახალ "ლეველზე" გადიან.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა, ადამიანს პირში ვუთხრა სიმართლე. ხომ მეუბნებიან, სათქმელს პირდაპირ ნუ მიახლიო და ზოგჯერ ვითვალისწინებ.

- თავისუფლება არის...

- ...აკეთო ის, რაც შენს სულსა და გულს უხარია. როცა შენ ხარ დაკავებული იმით, რაც შენი ცხოვრების მოწოდებაა და ამით შემოსავალიც გაქვს. თავისუფლება ღრმა თემაა. რთულია, რამდენიმე წინადადებით ახსნა. მე ჩემს თავისუფლებას მუსიკაში ვპოულობ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვისვენებ, ხმას არ ვიღებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბანალურია, მაგრამ ძალიან ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი. ვეცდებოდი, ბევრი კეთილი საქმე მეკეთებინა.

- საკუთარ თავს რით გაანებივრებდი?

- ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი.

309156033-182087421017600-3875893950117765318-n-copy-1670939103.jpg

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ ვიმღერებ იქ, სადაც არ მინდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს განსაკუთრებით ვცდილობ, ვიყო მობილიზებული. როგორც წესი, ადამიანები ამ დროს ვუშვებთ დიდ შეცდომებს. ამიტომ ვცდილობ, საკუთარი თავის კონტროლი მაქსიმალურად მოვახდინო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...პატარა რომ ვიყავი, პაპა მარიგებდა, - რასაც აიღებ, ის თავის ადგილზე დადეო. ყველაფერს ვუკარგავდი, ვუფანტავდი. ამ სიტყვებს ისე ხშირად მიმეორებდა და გონებაში ისე ჩამებეჭდა, ახლა ძალიან პედანტი ვარ; ვერ ვიტან, როცა ნივთი თავის ადგილზე არ დევს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა თქვენ, რამდენიმე წუთი რომ დაგვითმეთ და ეს სტატია წაიკითხეთ.

თამუნა კვინიკაძე