ქეთი ქემოკლიძე ოჯახსა და 20-წლიან კარიერაზე - გზაპრესი

ქეთი ქემოკლიძე ოჯახსა და 20-წლიან კარიერაზე

ქეთევან ქემოკლიძის წარმატებული კარიერა უკვე 20 წელს ითვლის. 7 წელია ბარსელონაშია და პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის საოპერო სცენაზე აქტიურად მღერის. წელს შემოდგომაზე, საფრანგეთის შემდეგ, ესპანეთში, მადრიდის სამეფო თეატრში, ჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიან ოპერაში „აიდა“ მისი დებიუტი შედგა. წარმოდგენაში მეცო-სოპრანომ ფარაონის ასულის ამნერისის პარტია შეასრულა. 7 სპექტაკლი იმღერა და მის დებიუტს პრესაში საუკეთესო გამოხმაურება მოჰყვა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ქეთი სამშობლოში ხშირად ჩამოდის და ყოველთვის თან ჰყავს შვილებიც - მომღერალი ორი შვილის, 10 წლის ლუკას და 2 წლის ანას დედაა.

- მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, მომავალი 1 წლის განმავლობაში უფრო დიდი დრო გავატაროთ საქართველოში, ვიდრე მანამდე და სხვადასხვა ქვეყანაში აქედან ვიაროთ. მინდა ბავშვებმა ქართულ გარემოში მეტი დრო გაატარონ და განსაკუთრებით ლუკამ ისწავლოს ქართულ სკოლაში. ახლა კონტრაქტებს შორის თავისუფალი რამდენიმე კვირა მქონდა და თბილისში ჩამოვედი, დეკემბერში ქვეყნის დატოვება მიწევს და საახალწლოდ ისევ ჩამოვალ.

- სოციალურ ქსელში შენს პირად გვერდსა თუ „ფეიჯზე“, უმეტესი ინფორმაცია კარიერულ სიახლეებსა და შემოქმედებაზე გვხვდება; არ ათავსებ ფოტო-ვიდეომასალას ოჯახზე, ბავშვებზე. ამ თემაზე შენი მოსაზრება მინდა მოვისმინო...

- სოციალურ სივრცეში ზედმეტად აქტიურობა არ მიყვარს. მას 2 უმთავრესი მიზნით ვიყენებ, ის ჩემი პროფესიისთვის არის საჭირო და მეორე - იმ ადამიანებთან საკონტაქტოდ, ვინც მუდმივად მენატრება და ვისაც ვენატრები. არ მომწონს ყველაფრის გამოფენა და არც სოციალურ ქსელთან ერთად ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ბავშვების ფოტოებსაც ნაკლებად ვდებ, რადგან მიმაჩნია, მათი უფლებების დაცვაა საჭირო. დღევანდელი ტექნიკური პირობებიდან გამომდინარე, ბავშვებს ფოტოების გადაღება არ აკლიათ და ამის გაკეთება ყოველ წამს შეგვიძლია, შესაბამისად, აქვთ კიდეც, მაგრამ როცა გაიზრდებიან, თუ მოუნდებათ ფოტოები სოციალურ ქსელში თავად განათავსონ. არ მინდა ჩემი შვილების პირად სივრცეში ზედმეტად შეჭრა. ცხადია ყველას თავისი აზრი აქვს და ვისაც როგორ უნდა, ისე იქცევა, მაგრამ ამ საკითხისადმი ჩემი მიდგომა ასეთია.

- დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, როგორ უმკლავდები შვილების აღზრდას? ვინმე გეხმარება?

- ესპანეთში არავინ, საქართველოში კი უფრო მარტივდება ეს საკითხი, რადგან დამხმარე ბევრია. უფროსი სკოლის მოსწავლეა, უმცროსი კი 2 წლისაა და ყოველთვის ჩემთან ერთად მოგზაურობს. სექტემბრიდან ბაღში წავიდა, მინდა იქ იაროს, მეგობრები გაიჩინოს და სოციალურად აქტიური გახდეს.

- ახლახან ესპანეთში დიდი ტრიუმფი ჰქონდა „აიდას“. როგორც ვიცი, ამნერისი შენი საოცნებო პარტია იყო. გარდა ვოკალური მომზადებისა, დიდ დროსა და გარდასახვას ითხოვს შენი როლი - გრიმს ვგულისხმობ...

- წელს შედგა ჩემი დებიუტი ვერდის ოპერაში „აიდა“, მეცო-სოპრანოების საოცნებო პარტიით ამნერისი. დებიუტი ჯერ სექტემბერში საფრანგეთში, მონპელიეში მქონდა, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერში ესპანეთში, მადრიდში. საფრანგეთში ეს იყო თანამედროვე დადგმა და მოსამზადებელი პერიოდი გახლდათ გაცილებით მარტივი, მადრიდში კი უკვე ტრადიციული ვერსია გვქონდა, რაშიც ვგულისხმობ კოსტიუმებს, რეკვიზიტს, დეკორაციას და ა.შ. ოპერაში ეგვიპტელი დედოფლის როლს ვასრულებ და სცენაზე გასვლას საკმაოდ გრძელი მოსამზადებელი პერიოდი უძღვის წინ. გრიმის, პარიკის, კოსტიუმის მორგებასა და აქსესუარების გაკეთებას 2 საათი სჭირდება. მართალია, საკმაოდ გრძელი პროცესია, მაგრამ სასიამოვნო, რადგან იმდენად ლამაზდები, რომ ეს დრო არ გაწუხებს. თან, თუ გრიმიორი სასიამოვნო ადამიანია, პირიქით, კარგი განწყობა გიყალიბდება. რაც შეეხება სპექტაკლს, ეს არის ცნობილი იტალიელი რეჟისორის უგო დე ანას დადგმა, რომელიც ულამაზესი და გრანდიოზული წარმოდგენაა, ხოლო სპექტალს დირიჟორობდნენ ნიკოლა ლუიზოტი და დანიელ ორენი. 20 წარმოდგენა გაიმართა, აქედან 7-ში ვმღეროდი და ყველა ბილეთი გაიყიდა. „აიდა“ ყველაზე ცნობილი ოპერების ხუთეულში შედის და ხალხს ძალიან უყვარს. მადრიდელმა პუბლიკამ და მაყურებელს შორის იქნებოდნენ ტურისტებიც, დარბაზი გადაჭედა. წარმოდგენას საუკეთესო გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდანაც. ამნერისი მეცო-სოპრანოს საოცნებო პარტიაა. ვფიქრობ, დღემდე ნამღერი მეცო-სოპრანოების რეპერტუარის გათვალისწინებით, „აიდამდე“ „სწორ“ დროს მივედი. განვლილმა წლებმა როგორც მუსიკალურად, ისე სცენურად, დიდი გამოცდილება მომცა.

- ისე, რომელი ოპერები გიყვარს ყველაზე მეტად?

- პირველ ადგილზეა „ტრისტანი და იზოლდა“, რომელიც ჯერჯერობით არ მიმღერია. მომწონს ვერდის ბოლო ნამუშევრები: „ფალსტაფი“, „დონ კარლოსი“ და „ოტელო“, ასევე ჟიულ მასნეს „ვერთერი“, რომელსაც ვმღერი კიდეც. ზოგადად, ამ ფრანგი კომპოზიტორის შემოქმედება ძალიან მიყვარს.

- ერთი ოცნება რომ ახდება, მეორე ჩნდება. ახლა რა პარტიაა ამ სათვალავში და როგორია უახლოესი გეგმები?

- ვეღარ ვიტყვი, რომ საოცნებო პარტიები კიდევ მაქვს, რადგან რაც მეცო-სოპრანოსთვის არის განკუთვნილი, ყველაფერი ვიმღერე. მოგვიანებით წამოვა ისეთი როლებიც, რაც ასაკში შესულ მომღერალს შეესაბამება და შემდეგი ოცნება ის იქნება, რომ კიდევ დიდხანს ვიმღერო. 2002 წელს თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში ვერდის ოპერაში „რიგოლეტო“ - მადალენას პარტიით დებიუტი მქონდა. 2022 წელს უკვე ვერდის „აიდაში“ ამნერისი შევასრულე. ასე რომ, 20 წლის კარიერა მაქვს და ვისურვებდი, 40-ის გამხდარიყოს.

რაც შეეხება გეგმებს, მალე ესპანეთში „კარმენის“ სიმღერა მიწევს, შემდეგ იტალიაში გავემგზავრები, სადაც „რექვიემში“ ვმონაწილეობ. ამას მოჰყვება ვერონა, სადაც ფრანკო ძეფირელის ცნობილ „აიდაში“ შევასრულებ ამნერისის პარტიას; შემდეგ მაქვს მასტერკლასები, მერე ისევ „კარმენი“ საფრანგეთში, იტალიაში ა.შ. მომავალი წლის ზაფხულამდე ყველაფერი დაგეგმილია.

- ბოლო წლებია „კარმენთან“ ასოცირდები. ეს პარტია შარშან, სევილიაშიც შეასრულე, რაც შენს კარიერაში მორიგი წარმატებული ნაბიჯი გახდა...

- ოპერაში „კარმენი“ ამ პარტიას უკვე 8 წელია ვასრულებ, რომელთან მისასვლელადაც საკმაოდ დიდი გზა გავიარე. შემოთავაზებები სულ მქონდა, მაგრამ უარს ვამბობდი, რადგან მინდოდა, მანამდე სხვა რეპერტუარი მემღერა. როცა „კარმენს“ იწყებ, მერე 1 სეზონში მინიმუმ 3 ადგილას მაინც გიწევს მისი სიმღერა, ამიტომ შევეცადე, მაქსიმალურად გადამეწია დრო და მანამდე სხვა ოპერებში მიმეღო მონაწილეობა. მიხარია, მომწონს და მეამაყება, რომ ამ პარტიის შესასრულებლად სევილიაში, კარმენის სამშობლოშიც მიმიწვიეს. ამ როლთან განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება მაქვს და როცა კარმენის სიმღერა მიწევს, სულ მგონია, შინ ვბრუნდები. ამ პერსონაჟს ჩემებურად ვხედავ და არა ისე, როგორც მიღებულია. „ჩემი კარმენი“ არ არის ვულგარული, სექსუალური და გამომწვევი ქალი. ვფიქრობ, ხალხსაც მოსწონს ისეთი სახე, როგორსაც ვქმნი. „კარმენი“ იმდენად მიყვარს, რომ სადაც და როცა უნდა შემომთავაზონ, სიამოვნებით „გავრბივარ“ და ვმღერი (იღიმის).

- არის თუ არა რამე ნივთი, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში, ოპერიდან ოპერაში სულ თან დაგაქვს?

- სასცენო არაფერი, რადგან დადგმები იმდენად მრავალფეროვანია, ვერც ერთ პროექტში ერთ ნივთს ორჯერ ვერ გამოიყენებ. ამ შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ მისამაგრებელი თმა დავასახელო. მართალია, ხვეული თმა მაქვს, მაგრამ ზოგჯერ ის არ არის იმ სიგრძის, რაც ამა თუ იმ სპექტაკლში შეიძლება დამჭირდეს. მაგალითად, ასე ხდება „კარმენის“ შესრულებისას, მისამაგრებელი თმა ყველგან თან დამაქვს და ვიყენებ. რაც შეეხება პირად ნივთებს, ყოველთვის ვატარებ ჩემს სახელზე ნაკურთხ ჯვარს. ზოგჯერ კოსტიუმი არ მაძლევს საშუალებას, მაგრამ მაინც ისე ვიკეთებ, რომ ჩემთან იყოს.

mari-nakani-mamasaxlisis-poto-1670939289.jpg

- სცენიდან წასვლის შემდეგ, პედაგოგიურ საქმიანობას აპირებ?

- ჩვენს პროფესიაში ყველაფერი წინასწარ იგეგმება და 3-5 წლით ადრე უკვე შედგენილი გვაქვს კონტრაქტები, მაგრამ რა იქნება მრავალი წლის შემდეგ, ამას არ ვგეგმავ. თან, პანდემიურმა პერიოდმა ნათლად დაგვანახვა, რომ არავინ ვიცით, ხვალ რა იქნება... რაც შეეხება პედაგოგობას, რამდენიმე წელია, ამ საქმიანობას ვეწევი და მომავალშიც გავაგრძელებ. ვცდილობ, მადლიერების გრძნობით და მშვიდად მივყვე ცხოვრებას.

- როგორი პედაგოგი ხარ და თუ აღმოგიჩენია შენში ისეთი თვისებები, რომელიც შენი პედაგოგების გავლენით გაქვს?

- ჩემი პედაგოგი გულიკო კარიაულივით ვარ, მოწაფეებს თავს მანამდე არ ვანებებ, სანამ ბოლო ნოტი არ იქნება ისეთი, როგორიც მინდა. ევროპელი სტუდენტები მსგავს მუშაობის სტილს შეჩვეული არ არიან. ისინი უფრო მსუბუქად და მშვიდად უდგებიან ყველაფერს, მე კი ჩემი ქართული გამოცდილებით ვმუშაობ, რომლის მიხედვით ყველაფერი უნდა გააკეთო დროულად, ხარისხიანად, ბოლომდე და სამეცადინო სამომავლოდ არ გადადო. ვისაც 90-იანი წლები გვაქვს გავლილი, თითქოს სულ შიშში ვართ, სიმშვიდის გარანტია არ გვაქვს, ამიტომ მინდა, ყველაფერი დროულად გაკეთდეს. ევროპაში შუქი რომ ჩაქრება, ამ ამბავს მშვიდად ხვდებიან და დარწმუნებულები არიან, რომ 5 წუთში მოვა, ჩვენ კი იმაზე ვიწყებთ ფიქრს, რომ მეცხრე ბლოკი აფეთქდა ან რუსებმა რომელიმე ელექტროსადგურს დაარტყეს. შესაბამისად, ეს წარსულიდან გამოყოლილი განცდები საქმეზეც აისახება. არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ ეს ჩემი რეალობაა. ვფიქრობ, როგორც სამხედრო სამსახურს და სპორტს, თეატრსაც უხდება და სჭირდება წესრიგი. და სხვათა შორის, მოსწავლეებს მოსწონთ ჩემი ასეთი დამოკიდებულება და მუდმივად რეჟიმში ყოფნის მოთხოვნა...

P.S. მასალაში გამოყენებულია გიორგი ცაავას და მარი ნაკანი-მამასახლისის სტუდიური ფოტოები.

ანა კალანდაძე