"კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით" - გზაპრესი

"კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით"

ახლახან ჩვენს ქვეყანაში "მის და მისტერ პლანეტის" საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. გოგონებს შორის ბულგარეთის წარმომადგენელმა - სარა მლადენოვამ გაიმარჯვა, "მისტერ პლანეტა 2022" კი საქართველოს წარმომადგენელი გიორგი მეტრეველი გახდა. გიორგის რეალითი შოუში შეძენილი მეგობრები - ბაგირა და გურამ შეროზია გულშემატკივრობდნენ. სწორედ ბაგირას მილოცვა გახდა დიდი მითქმა-მოთქმის საბაბი...

- "მისტერ პლანეტის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება ჩემთვის დიდი პატივი და წარმატებაა, რადგან სხვა ქვეყნებს შორის საქართველო რჩეული გახდა. მინდა ეს წარმატება ყველას მივულოცო. ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს - კიდევ მრავალჯერ მოგვეგოს, მსგავსი კონკურსები წარმატებით დაგვეგვირგვინებინოს.

- "მის და მისტერ პლანეტის" დამფუძნებელი, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი მაქსიმალურად გვერდში დამიდგა და მენდო, ასევე - მარკუს მეტრეველი და საერთაშორისო ჟიური, რომელმაც "მისტერ პლანეტის" გამოვლენისას მე ამირჩია. არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!.. 5 დღის განმავლობაში რეპეტიციებს თითქმის შეუსვენებლად გავდიოდით. ყველაფერმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. კონკურსანტებმა ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ. კონკურსზე ასევე ღირსეულად წარდგა უმშვენიერესი ანი სტეფანიშვილი, რომელიც "ვიცე-მის პლანეტა" გახდა.

- რამდენი ადამიანი გიწევდა კონკურენციას და ყველაზე ძლიერ მეტოქედ ვინ მიგაჩნდა?

- წელს მხოლოდ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც 15 ქვეყნის 20 ფინალისტი კონკურსანტი მონაწილეობდა. საერთოდ, კონკურსში 50 ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ საერთაშორისო ჟიურიმ ნახევარფინალი ონლაინრეჟიმში ჩაატარა. ეკა მგალობლიშვილმა წელს გადაწყვიტა, მხოლოდ ფინალისტებისთვის ემასპინძლა... ყველაზე ძლიერი კონკურენტი თურქეთის წარმატებული ადამიანი, მსახიობი გახლდათ. ამიტომ კონკურენცია მაღალი იყო.

img-5920-1670939546.jpg

- გამარჯვებას ელოდი?

- როცა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ და საქართველოს სახელით მონაწილეობ, თავისთავად, გამარჯვებაზე ორიენტირებული უნდა იყო. ამიტომ მაქსიმუმი გავაკეთე, რაც შემეძლო. ძალიან გახარებული ვარ, ეს რომ დამიფასდა და საქართველოს სახელით გავიმარჯვე.

- სცენის მიღმა რა ხდებოდა?

- საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიება ჩავატარეთ, სტუმრები ექსკურსიაზე წავიყვანეთ, ქართული კერძები გავასინჯეთ... მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად ვუმასპიnძლეთ, რის გამოც ძალიან გახარებულები იყვნენ. საქართველო შეუყვარდათ. ასევე ვმონაწილეობდით დიზაინერი ხათკოს სამოსისთვის გადაღებებში, საცურაო კოსტიუმებში გვქონდა ფოტოსესია... გაიმართა "ტალანტ შოუც", რომელიც კონკურსის დამატებითი აქტივობა გახლდათ: ყველა კონკურსანტს ჰქონდა საშუალება, თავისი ნიჭი წარმოეჩინა. ყირგიზეთის წარმომადგენელი გოგონას შესახებაც მინდა აღვნიშნო: მან ყირგიზულ და ქართულ ენაზე არაჩვეულებრივად შეგვისრულა "სულიკო". თავდაპირველად, ცოტათი ეშლებოდა - "სულიკოს" ნაცვლად, "გულიკოს" ამბობდა (იცინის), მაგრამ თანდათან, ფინალისთვის კარგად შეისწავლა და გამოასწორა... ნუგზარ კვანტალიანის მიერ შექმნილმა სამოსმა - არაჩვეულებრივმა ჩოხამ "ნაციონალური სამოსის" ნომინაციაში გაიმარჯვა. ასევე, "ხალხის რჩეული" გავხდი - ამ ნომინაციაში კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა ონლაინრეჟიმში ხდებოდა... სცენის მიღმა საოცარი, მეგობრული, ოჯახური განწყობა იყო. ყველანი ერთად ვშრომობდით, მეგობრული კავშირები ჩამოგვიყალიბდა. მთავარია, ყველა კმაყოფილი დარჩა და არავის ჰქონია პრეტენზია. აბსოლუტურად ყველა ითხოვდა, რომ იანვარში საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და აინტერესებდათ, მოხერხდებოდა თუ არა ეს. რამდენიმე კონკურსანტი აღნიშნავდა: სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე მაგარი საქართველოში ვიზიტი და ამ კონკურსში მონაწილეობა იყოო!

- "ტალანტ შოუში" სასცენო ნომერი თავადაც შეასრულე?

- არა. საერთოდ, ვმღერი, მაგრამ მხოლოდ ვახშამზე, მეგობრულ გარემოში (იცინის).

- როგორ ფიქრობ, შენი მთავარი შარმი რა იყო, რითიც საერთაშორისო ჟიური მოხიბლე და ხალხის სიმპათიაც დაიმსახურე?

- ქართველობა. ეს მოიცავს: კულტურას, კარგ მასპინძლობას, პატივისცემას, გვერდში დგომას... სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მეგობრობას კონკურსის მიღმაც გავაგრძელებ. კონკურსზე განსაკუთრებული მონდომებით გამოვდიოდი, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან ჩემს ქვეყანაში იმართებოდა. როდესაც ქართული სამოსი გაცვია, სისხლის ყივილიც თავისას შვრება - კიდევ უფრო ამაღლებული განცდები გეუფლება, სხვა დამოკიდებულება გიჩნდება...

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ იყო?

- მარკუსი, ეკა, მეგობრები, ოჯახის წევრები და ჩემი საუკეთესო მეგობრები - გურამ შეროზია და ბაგირა. გავიგე, რომ ბაგირას "შავი პიარი" გაუკეთეს, თითქოს სცენაზე მოლოცვისას, როცა კონკურსის გამარჯვებულად დამასახელეს, ტუჩებში მაკოცა. მსგავსი რამ არ მომხდარა. ალბათ "ფოტოშოპი" გამოიყენეს. ამ ქვეყანაში მეგობრებს ერთმანეთთან ჩახუტებას არ აცდიან... იმ საღამოს ბედნიერები ვიყავით. კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით და მეგობრობასაც გავაგრძელებთ!

- რეალითი შოუში ყოფნისას, თითქოს შენსა და გურამს შორის გაუგებრობა მოხდა, კონკურსს კი შენი გულშემატკივრის ამპლუაში ესწრებოდა. ურთიერთობა როგორ მოაგვარეთ?

- არ ვიცოდი, თუ გურამ შეროზია კონკურსზე მოვიდოდა. ეს ყველაფერი ეკა მგალობლიშვილმა დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა. დიდ მადლობას ვუხდი ეკას, რადგან მეგობრების გვერდში დგომა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მან იცოდა, რომ ჩემსა და გურამს შორის გაუგებრობა მოხდა და სინამდვილეში, მეგობრები ვართ. როცა რეალითი შოუში მონაწილეობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, გადაცემაში რა როგორ მონტაჟდება. შეიძლება, რაღაცები ხალხმა არასწორად გაიგო, თუმცა მეგობრები ასე იოლად არ იშლებიან - ვერ მივართვი (იცინის). მე, ბაგირა და გურამი საუკეთესო მეგობრები ვართ.

- პოლიტიკის სფეროში მოსვლასთან დაკავშირებული აზრი ხომ არ შეგიცვლია?

- არა. სწავლის დასრულების და განვითარების შემდეგ, როცა უკვე ღირსეული კანდიდატი ვიქნები, ამ სფეროში აქტიურად ჩავერთვები.

img-6446-1670939557.jpg

- "მისტერ პლანეტის" კონკურსში მონაწილეობას რეალითი შოუში ყოფნიდანვე გეგმავდი თუ როგორ მოხდა ეს?

- კონკურსში მონაწილეობა მინდოდა, მაგრამ თუკი შოუში ყოფნის გამო, ამის საშუალება არ მექნებოდა, გაისად მაინც ვიბრძოლებდი.

- ახლა რას აპირებ, შენი უახლესი გეგმები როგორია?

- ერთ კვირაში დუბაიში, მოდის საერთაშორისო კვირეულზე, სამოდელო სააგენტო "კატრინის" დაფინანსებით მივემგზავრები. არაერთ მოდის კვირეულზე კიდევ მიხილავთ. "კატრინის" ოჯახის წევრი გავხდი.

- "მისტერ პლანეტის" სტატუსი რა პასუხისმგებლობას გაკისრებს?

- იმას, რომ მეტი საქველმოქმედო აქტივობა განვახორციელო, სხვადასხვა ღონისძიებაში ჩავერთო, 1 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას პროპაგანდა გავუწიო, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიყვანო, ჩვენი ქვეყანა ვასახელო და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ გაჟღერდეს...

ეთო ყორღანაშვილი