ნინო მუმლაძე შეყვარებულია
ცხოვრება შთაბეჭდილებებითაა დატვირთული და მათ შორის არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შეგრძნებები, ემოციები და განცდები. ზოგიერთი მოვლენა მალე გვავიწყდება, ზოგი სამუდამოდ ილექება ჩვენს მეხსიერებაში. ამ თემასთან დაკავშირებით მსახიობმა ნინო მუმლაძემ მისთვის მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენა, რაც ალბათ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის.
- რა არის თქვენი ბოლო პერიოდის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება?
- ალბათ „რა“ კი არა, „ვინ“ (იღიმის). მართალია, ძალიან ცოტა ხანია, რაც ეს ურთიერთობა დაწყებულია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელიც დიდ სიხარულს მანიჭებს და ვისთანაც ბედნიერი ვარ. ამაზე დიდი შთაბეჭდილება რა უნდა იყოს, როცა ადამიანი შეყვარებული ხარ?!
- როგორც და რამდენადაც საჭიროდ ჩათვლით, ისე განვავრცოთ ეს თემა...
- პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს. თან, ცნობილი არ არის, მისი სახელი და გვარი რომც დავასახელო, ალბათ მკითხველისთვის არაფრის მომცემი იქნება. პირადი ცხოვრება პირადია და ამის შესახებ კონკრეტიკა არ მომწონს, უბრალოდ, თუ შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი არსებობს.
- კარგი. ბოლო წლების განმავლობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კარგ ამბებთან ერთად, ცუდიც ბევრი მოხდა...
- დიახ, ჩემს ცხოვრებაში ცუდი მეტი იყო და ბოლო წლებიდან ყველაზე ნეგატიური, ბებიაჩემის გარდაცვალებაა. ის "კოვიდმა" შეიწირა. მართალია, 93 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვირუსის გამო გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში გახლდათ და შეიძლებოდა, მისი ჯანმრთელობის გამო დიდხანს ვერ ეცოცხლა, ეს ჩემთვის მაინც მტკივნეული აღმოჩნდა. ბებია ძალიან მიყვარდა. ის ჩემი გამზრდელი იყო. მის სახელს ვატარებ. კლინიკაში გარდაიცვალა, იქიდან ერთ-ერთმა დამკრძალავმა ბიურომ შეფუთული გამოასვენა და ისე დავკრძალეთ, გარდაცვლილი არ მინახავს. ეს კიდეც ცალკე ტკივილია. იმ დროს ოჯახში "კოვიდი" ყველას გვქონდა, მაღალი სიცხეებით და ცუდად ვიყავით, შესაბამისად, პანაშვიდსა და დაკრძალვას ვერავინ დაესწრებოდა. ბებია 4-მა ქალმა დავკრძალეთ. გული მწყდება, რომ შესაბამისი პატივი ვერ მივაგეთ. თბილისში მას პატივს სცემდნენ და მისი მადლიერი ბევრია. ის დამსახურებული არტისტის, გრიგოლ ქსოვრელის ცოლი იყო და თავისი მეუღლის სახელითა და წყალობით, ბევრისთვის გაუწვდია დახმარების ხელი. სულ მეგონა, რომ მისი დაკრძალვა ძალიან ხალხმრავალი იქნებოდა, მაგრამ პატივის მისაგებადაც ვერავინ მოვიდა. წლისთავი სექტემბერში შესრულდა და მომხდარი დღემდე ისევ ისე მტკივა, როგორც თავიდან.
- ახლობელი ადამიანის გარდაცვალებასთან პირველი შეხება როდის გქონდათ?
- 1994 წელს, როცა დედაჩემის მამა და ნინას მეუღლე, ბაბუაჩემი გრიგოლ (გრიშა) ქსოვრელი გარდაიცვალა. მაშინ 10 წლის ვიყავი. ეს აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდა, არაფერი სჭირდა, ჯანმრთელი იყო. როგორც შემდეგ მივხვდით, ფარული სისხლდენა დაეწყო და 3 დღეში „დაილია". ის გახლდათ ანსამბლ „სოინარის“ დამფუძნებელი და მისი გარდაცვალების, შემდეგ მისმა კოლეგებმა ანსამბლს „ქსოვრელები“ დაარქვეს. ბაბუა ძალიან მიყვარდა... ამ ამბიდან 2 წელიწადში კი მამაჩემის ტრაგედია მოხდა - 34 წლის კაცს ქუჩაში მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ეს შოკი იყო და ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
- უკაცრავად, რომ ასეთი მძიმე ფაქტების გახსენებამ მოგიწიათ. დადებითი, ნათელი მოგონებების გახსენებით შევეცადოთ გავანეიტრალოთ ბავშვობის მოგონებები...
- ლაპარაკი 9 თვიდან დავიწყე, 2 წლისამ უკვე წერა-კითხვა ვიცოდი და შინ დიდ დროს უთმობდნენ ჩემს განათლება-განვითარებას. ვინაიდან დამტოვებელიც მყავდა, საბავშვო ბაღში სიარულის აუცილებლობა არ იყო და 4 წლის რომ გავხდი, საირმეზე არსებული სახელოვნებო სკოლის რამდენიმე წრეზე ერთდროულად შემიყვანეს. ეს იყო: სამსახიობო, მუსიკალური, ხატვა და ბალეტი. ეს უკანასკნელი ჩემი სურვილით მოხდა, რადგან ძალიან მიყვარდა, სულ ბალერინებს ვხატავდი და დედაჩემს ოპერაში რომ დავყავდი, წარმოდგენებს აღფრთოვანებული ვადევნები თვალს. მაინც მიმიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბალეტის წრეზე 6 წლიდან აჰყავდათ, მე კი 4-ის ვიყავი და სხვა ბავშვების ფონზე, დაბალი და მრგვალი ვჩანდი, თან ცოტა პუტკუჩაც გახლდით. ეს იმ დროს ყველაზე დიდი ბედნიერება და პირველი მძაფრი შთაბეჭდილებაც იყო. ალბათ ძალიან სასაცილო ვიყავი, მაგრამ პლასტიკური. მონაცემებიც მქონდა, რადგან, რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვახერხებდი. ბალეტსვე უკავშირდება ჩემი პირველი სცენური შთაბეჭდილებაც, როცა ზღაპარში „სიმღერა ტყეში“ ოქროს წიწილა ვითამაშე. რა თქმა უნდა, დეტალები არ მახსოვს, მაგრამ პრემიერის დღე, აპლოდისმენტები, ეიფორია და ემოციები ჩემთვის კარგი მოგონებაა...
- კიდევ რა იყო ასეთივე შთამბეჭდავი?
- 5 წლის ვიყავი, როცა ფილარმონიაში დიდი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა და გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხა იმ პერიოდში დანგრეული რუსთაველის გამზირის აღდგენისთვის გროვდებოდა. მასში ყველა დამსახურებული არტისტი მონაწილეობდა და მათ შორის, რა თქმა უნდა, „სოინარიც“. ბაბუაჩემის ინიციატივით გადაწყდა, რომ კონცერტში მონაწილეობა მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე გურამ საღარაძე იდგა და დუდუკების ფონზე ლექსებს კითხულობდა, უცბად სცენაზე გამოვედი მეც, 5 წლის წრიპა და ანა კალანდაძის „საქართველოო ლამაზო“ დუდუკების თანხლებით წავიკითხე. სად საბავშვო სტუდია და სად ფილარმონიის დარბაზი, მაგრამ მახსოვს ის შთაბეჭდილება, როცა სცენიდან დარბაზში მსხდომ ზღვა ხალხს გადავხედე. ამხელა მასის წინაშე წარდგომისას არ დავბნეულვარ და არ შემშინებია. ვიღაც პაწაწუნა გოგონამ ლექსი რომ წაიკითხა, ამან აჟიოტაჟი გამოიწვია და დიდი აპლოდისმენტებიც მოჰყვა.
- ვინ არის 3 პიროვნება, რომლებზეც იტყვით: „ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება"?
- პირველ ადგილზე დავასახელებ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემს პედაგოგ მედეა კუჭუხიძეს. იმ პერიოდში კიდევ ვერ ვხვდებოდი, ვისთან მქონდა საქმე. ის არის უგანათლებულესი, უნიკალური ადამიანი და მისი ცოდნის ფასეულობას, წლებთან ერთად, ნელ-ნელა მეტად ვაფასებ და ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამიაზრებია. მან ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ ჩემს პროფესიაში, არამედ ცხოვრებაშიც. მეორე, ვისაც დავასახელებ, ეს კოტე ფურცელაძეა - ჩემი ქორეოგრაფიის მასწავლებელი თეატრალურში. მან დამაჯერა და დამარწმუნა, რომ ცეკვა შემიძლია. მანვე დამასაქმა „ცეკვის თეატრში“. ჯგუფი დავით დოიაშვილმა და კოტე ფურცელაძემ შექმნეს და პირველი პროექტი ოპერაში გააკეთეს, სადაც ნატო მეტონიძე გია ყანჩელის მუსიკაზე მღეროდა, ჩვენ კი ვცეკვავდით. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე კიდევ რამდენიმე პროექტში, ვმოგზაურობდით კიდეც. ვიყავი დასაქმებული, რეალიზებული, თავდაჯერებული... მესამე - ეს არის მურმან ჯინორია, რომელმაც ჩემს პროფესიაში ბევრი რამ მასწავლა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და წარუშლელი კვალი დატოვა. საერთოდ, პედაგოგებში გამიმართლა, ყველასი მადლიერი ვარ, მაგრამ ამ სამეულის - განსაკუთრებით. მათ გარდა, დავასახელებ გიორგი ლიფონავას, რომელმაც პირველად დამაყენა კამერის წინ და მუშაობა მასწავლა. ჩემი კარიერული წარმატება თუ პოპულარობა, ამ კაცის დამსახურებაა.
- ვიცი, რთულია, მაგრამ თითო-თითო თქვენთვის შთამბეჭდავი ფილმი, სპექტაკლი და ნაწარმოები დავასახელოთ.
- პატარა ვიყავი, როცა ანდრეი ტარკოვსკის ფილმი „სარკე“ ვნახე. დიდხანს ვიყავი ემოციების ქვეშ. ტარკოვსკი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კინორეჟისორია, ისევე როგორც ლარს ფონ ტრიერი. სპექტაკლებიდან დავასახელებ თემურ ჩხეიძის „არტ ხელოვნებას“, რომელიც ძალიან მიყვარდა. ჩემი სტუდენტობისას რამდენჯერაც რეპერტუარში ვხედავდი, იმდენჯერ ვესწრებოდი. შთამბეჭდავ წიგნებს შორის კი დავასახელებ ჯეიმს კრუსის წიგნს „თიმ თაილერი, ანუ გაყიდული სიცილი“. მახსოვს, ბავშვობაში ჩუტყვავილა მქონდა და ცუდ ხასიათზე ვიყავი, როცა ეს სქელტანიანი წიგნი მომიტანეს. ნაწარმოების შინაარსის მიხედვით, ბიჭს მოტყუებით, ხელშეკრულების შედეგად, ღიმილს წაართმევენ. მოგვიანებით, სიცილის დაბრუნება მოუნდება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. დაახლოებით ნახევარი წიგნი წაკითხული მქონდა, როცა მივხვდი, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა და დიდი განცდებით ველოდი, თავად ბიჭი ამას როდის შეძლებდა. ბოლოს უბედნიერესი ვიყავი, რადგან ყველაფერი გამოვიცანი და ფინალს სწორად მივხვდი.
- თქვენთვის მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი საჩუქარიც გაიხსენეთ.
- ნივთებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევ, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც იმ პერიოდში მჭირდება და არა ის, რასაც ლამაზად, ვიტრინაში დავდებ. ერთხელ გადაღლილი ვიყავი და სწორედ იმ დროს, ჩემმა ერთმა თაყვანისმცემელმა მე და ჩემი და რამდენიმე დღით სიღნაღში დასასვენებლად გაგვგზავნა. გადასარევი საჩუქარი იყო (იღიმის).
- ადამიანის ნაწილი ყოველდღიურად იწერს შთაბეჭდილებებს. ვის ნაწერს გაეცნობოდით ინტერესით? მსახიობების დიდი ნაწილი ხშირად მერილ სტრიპს მისახელებს...
- მერილ სტრიპზე გაცილებით საინტერესო ადამიანები არსებობენ. კი, ამ მსახიობის ტექნიკის გაცნობა საინტერესო იქნება, მაგრამ არა, შთაბეჭდილებების, რადგან ისედაც ვიცით, რომ ჰოლივუდში მდიდრულად და კარგად ცხოვრობს (იცინის). ჩემთვის გაცილებით საინტერესო იქნებოდა ბევრი სხვა, თუნდაც განდის შთაბეჭდილებები ან ქრისტეს დღიურები.
- ამბებსა და ფაქტებს რის მიხედვით იმახსოვრებთ?
- ლოგიკური და ასოციაციური მეხსიერება მაქვს. ტექსტს ლოგიკურად ვიმახსოვრებ, შთაბეჭდილებებს კი - ემოციებით.
- როგორია თქვენი შთამბეჭდავი ქვეყნების სია?
- ძირითადად, ევროპაში მიმოგზაურია და თუკი სადმე ვიცხოვრებდი, ეს ბარსელონაა. ვნახავდი აფრიკას, თავისი საოცარი ბუნებით, ფლორითა და ფაუნით. ასევე - ახალ ზელანდიას. სიამოვნებით „ვიგულავებდი“ რიო-დე-ჟანეიროშიც. ვიმოგზაურებდი ინდოეთში, მაგრამ იქ არ ვიცხოვრებდი. ავსტრალიაც მაინტერესებს, რადგან ჩემი უახლოესი მეგობრის მონათხრობის მიხედვით, იქ საოცარი წესრიგია, განვითარების დონითა და ღამის გართობით ევროპასაც კი უსწრებს და მინდა ეს საკუთარი თვალით ვნახო.
- დაბოლოს, რას ამბობენ თქვენზე - პირველი შეხვედრისას უცნობ ადამიანებზე როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ?
- ამაზე მარტივად გიპასუხებთ: ვინც გამიცნობს, ყველა ამბობს, რა პოზიტიური ხარო. ეს მაბედნიერებს.
ანა კალანდაძე