13 წლის ჩემპიონი გოგოს ამბავი - გზაპრესი

13 წლის ჩემპიონი გოგოს ამბავი

13 წლის ლიზა კვაჭაძე საქართველოს საცხენოსნო ჩემპიონატის გამარჯვებულია. გოგონა, რომელსაც ცხოველები, განსაკუთრებით კი ცხენები უყვარს, საკუთარ წარმატებაზე გვიამბობს და იმ ემოციას გვიზიარებს, რომელიც ჩემპიონ ცხენ მათესთან აკავშირებს.

- ლიზა, ჩემპიონატში გამარჯვებას გილოცავ! ამ წარმატებას ელოდი?

- მადლობა მოლოცვისთვის, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ველოდებოდი.

- რატომ? შენ ხომ ვარჯიშობდი, საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენაზე მუშაობდი.

- არ მეგონა, სათანადოდ თუ ვიყავი მზად. შეჯიბრებაზე შეცდომები დავუშვი, მაგრამ ცხენმა ეს შეცდომები გამომისწორა, ძალიან დამეხმარა.

- პირველად ცხენზე რომ ამხედრდი, რამდენი წლის იყავი?

- 5 წლის ვიყავი, ოჯახის წევრებთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი და პირველად ცხენზე იქ დავჯექი. ისე მომეწონა, მას შემდეგ სულ ცხენზე ჯდომას ვითხოვდი, მაკაკას მეძახდნენ, ზოგჯერ ცხენს კისერზე ვეკიდებოდი და ისე გარბოდა.

- ამ ასაკში ცხენზე მარტო იჯექი?

- თავიდან მარტო არ ვიჯექი, 8-9 წლიდან კი დამოუკიდებლად შევძელი დაჯდომა. ბუნებრივია, მაშინ ხტომითი ჯირითი არ ვიცოდი.

- და გადაწყვიტე, სპორტის ამ სახეობაზე შესულიყავი?

- დედას მეგობრებთან ერთად ბაზალეთის ტბაზე ვიყავი. იქ თეთრი ცხენი მომეწონა და დავჯექი. მანამდე იპოდრომზე მეგობარსაც დავყვებოდი. მეუბნებოდა, ცხენოსნობაზე სიარული დაიწყეო, მაგრამ თავს ვიკავებდი. ბაზალეთის შემდეგ ძალიან მომინდა, ცხენოსნობაზე შევსულიყავი. ერთ დღეს, იპოდრომზე წავედი და აბონემენტი შევიძინე.

- შენი პირველი ცხენი რომელი იყო?

- ბლექი ერქვა, ახალგაზრდა ცხენი იყო, 6 წლის და ცოტათი გამოუცდელი. სამწუხაროდ, ბლექი მალე მომიკვდა. ახლა მათე მყავს და ძალიან მიყვარს.

- შენი და მათეს პირველი შეხვედრა როგორ გახსოვს?

- ბლექი რომ მომიკვდა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. შემდეგ კაჭრეთში მშობლებთან ერთად ვიყავი. მათე იყო პირველი ცხენი, რომელზეც ბლექის შემდეგ დავჯექი. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა, ძალიან კარგად მოიქცა, მახტუნავა, მენდო, დამითმო.

მათე პრობლემას არასდროს მიქმნის, საქმეს სულ მიადვილებს, ძალიან მეხმარება.

- მითხარი, ჩემპიონატზე ცხენი ძალიან დამეხმარაო. ამას როგორ ახსნი, დახმარება რაში გამოიხატება?

- შეცდომას თუ დავუშვებდი, მომყვებოდა და მისწორებდა. ბარიერებზე გადასახტომად ტემპი უნდა დაითვალო, რაც ზოგჯერ მეშლებოდა და მათე სულ თავად ითვლიდა. ბარიერთან დაბრკოლებას არ მიქმნიდა. შეჯიბრებისას ბარიერთან ცხენს მუხლს თუ არ მოუჭერ, არ გადახტება. იყო მომენტები, როცა ამას სათანადოდ ვერ ვაკეთებდი, მაგრამ მათე პრობლემას მაინც არ მიქმნიდა. ვარჯიშის დროს მხედარი თუ მოდუნებულია, ცხენი ბარიერს გვერდს უვლის, არ ახტება. მათე ჩვეულებრივი ვარჯიშისასაც კი ასე იქცევა, მაგრამ შეჯიბრების დროს იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, ყბის მიტრიალებით უნდა მიანიშნო, რომელ მხარეს წავიდეს.

- მათე რომ შეიძინე, იცოდი, რომ ასეთი გონიერი იყო?

- მათე მაჩუქეს. ბლექი რომ მოგვიკვდა, ეს ჩემთვის იმდენად დიდი სტრესი იყო, იპოდრომზე ვეღარ გავდიოდი. მშობლებს მეგობარმა ურჩია, ლიზა კაჭრეთში წავიყვანოთ, სხვა იპოდრომზე გავიდეს, სტრესს ასე უფრო დასძლევსო, და მათეს პირველად იქ შევხვდი. რომ შევხედე, ძალიან ლამაზი იყო, როცა შემსვეს, კიდევ უფრო მომეწონა. თავიდან მითხრეს, სანამ ახალ ცხენს იყიდი, გათხოვებთო. ისე კარგად ვიჯირითე, ისე მასიამოვნა, ვფიქრობდი, მათე რომ შემიყვარდეს, მერე სად წავიდე-მეთქი?!. ცხენიდან რომ ჩამოვედი, მითხრეს, ამ ცხენს გჩუქნითო. ისე გამიხარდა, არ ვიცი, ეს როგორ გადმოგცეთ. ბედნიერი ვარ, რომ მათე მყავს.

- კვირაში რამდენი დღე ვარჯიშობ?

- ყოველდღე ან 6-ჯერ მაინც იპოდრომზე ვარ, აქედან 5 დღე ვვარჯიშობ, 1 დღე მათეს ვასვენებ.

- ცხენს ვარჯიშისთვის თავად ამზადებ?

- გამომყავს თავლიდან, ვწმენდ, ვვარცხნი, ვკაზმავ, ნაწნავებსაც ვუკეთებ და საერთოდ, ყველანაირად ვუვლი. ფაფარსაც ვკრეჭ, როცა საჭიროა.

- უნაგირსაც თვითონ ადგამ?

- რა თქმა უნდა. ტრენერმა მასწავლა. ფეხებსაც ვუწმენდ, რომ არ იკოჭლოს. ჩემი ტრენერები შალვა გაჩეჩილაძე და რუსო ფიცხელაური არიან. ჩემს ჩემპიონობაში ორივეს ძალიან დიდი შრომა უდევთ.

- მხედრის ემოცია ცხენზე გადადის?

- დიახ, ყოველთვის გადადის, მაგრამ რა ცუდ ხასიათზეც უნდა ვიყო, იპოდრომზე რომ გავდივარ, ყველაფერი მავიწყდება. მათე ვერ იტანს უყურადღებობას.

- ამას როგორ გამოხატავს?

- არა მგონია, მათეს ისე ძალიან ვუყვარდე, როგორც მე მიყვარს. თუ მასთან ზურგშექცევით დავდგები, თავს მომარტყამს, მაგრძნობინებს, რომ ყურადღება მივაქციო.

- სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- მათე (იცინის). ამ სპორტში ძალიან დიდი აზარტია, ვინც ჩართული არ არის, შეიძლება ვერც მიმიხვდეს. შეჯიბრებაზე სანამ გავალ, ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ შემდეგ ამ პროცესით დიდ სიამოვნებას ვიღებ. თუ მოვიგებ, მიხარია, თუ ვერა - მეტირება. ცხენოსნობა ძალიან დიდი აზარტია. შეიძლება, ძალიან კარგად ვიყო მომზადებული, მაგრამ ცხენმა შეცდომა დაუშვას, ან ძალიან კარგად იხტუნაოს და მე შემეშალოს. საერთოდ, ცხოველები ძალიან მიყვარს. შინ 4 ძაღლი მყავს, 2 ეზოში და 2 სახლში.

- ვარჯიშის დროს სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- 5-ჯერ ვარ გადმოვარდნილი, მაგრამ სერიოზული ტრავმა არ მიმიღია. პირველად იპოდრომის ცხენმა გადმომაგდო. მათესგანაც 3-ჯერ გადმოვვარდი.

- ამ დროს მათე როგორ იქცევა?

- შეიძლება გაჩერდეს, ან არ გაჩერდეს.

- ასეთ შემთხვევაში კარგი ცხენი როგორ უნდა მოიქცეს?

- უნდა გაჩერდეს.

- ჯირითი ჯანმრთელობისთვის კარგია, რა იცი ამის შესახებ?

- დიახ, ძალიან კარგია. სანამ ცხენზე დავჯდებოდი, მხრებში მოხრილი ვიყავი და ეს პრობლემა მომიგვარდა.

- სკოლაში მეგობრები, კლასელები, მასწავლებლები შენს წარმატებას როგორ შეხვდნენ?

- მეგობრები მილოცავენ, ერთმა მითხრა, შემდეგ შეჯიბრებაზე უნდა წამოვიდე და პლაკატები წამოვიღოო. ძალიან ბევრმა მასწავლებელმა მომილოცა, ჩვენი ჩემპიონი გოგო ხარ, შენ რა გოგო ყოფილხარო!

319140484-920808469081087-200135375417659587-n-1671433328.jpg

- მეგობრები არ გთხოვენ, შენს ცხენზე დაგვსვიო?

- რა თქმა უნდა. ჩემი მეგობარი იპოდრომზე დღესაც მახლდა.

- ცხენს სახელი თავად დაარქვი?

- არა. როცა მაჩუქეს, უკვე მათე ერქვა. არ ვიცი, ეს სახელი რატომ დაარქვეს. ახლა მათე 17 წლის არის.

- მომავალი პროფესია არჩეული გაქვს?

- ზუსტად არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებ, ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულება მომწონს. ცხენოსნობა ჩემი ჰობი ალბათ სულ იქნება და ცხენზე ჯდომაზე უარს არასდროს ვიტყვი. დიდი რომ გავიზრდები, მათეს აუცილებლად სახლში წამოვიყვან.

თამუნა კვინიკაძე