"მინდა საპნის ქარხანა და ტანისამოსის ჩემი ბრენდი მქონდეს" - გზაპრესი

"მინდა საპნის ქარხანა და ტანისამოსის ჩემი ბრენდი მქონდეს"

"საბავშვო ევროვიზია 2022"-ის კონკურსზე საქართველოს სახელით მარიამ ბიგვავა ღირსეულად წარდგა. მან გიგა კუხიანიძის სიმღერა შეასრულა, ეროვნული ჟიურისგან 114 ქულა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველ მაყურებელს მეტი რომ ეაქტიურა, ალბათ პირველადგილოსანიც გახდებოდა, რადგან საბოლოო შედეგი ხალხის ხმამ გადაწყვიტა. მარიამს სამშობლოში დიდი ოვაციებით დახვდნენ.

- ემოციებით ვარ დატვირთული. მიხარია, ასეთ კონკურსში რომ მივიღე მონაწილეობა და ოცნებები ავიხდინე, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ცოტა ამეტირა კიდეც. როცა ვმღეროდი, მაშინ არაფერი მესმოდა, მაგრამ თურმე, ხალხი მისამღერს ჩემთან ერთად ასრულებდა, რამაც ძალიან გამახარა... ზოგადად, საოცრებაა სცენაზე დგომა. სხვა ქვეყნების წარმომადგენლები რომ გავიცანი, მიხარია. კონკურსში მონაწილეებსაც დავუმეგობრდი და ამ ურთიერთობას სოციალური ქსელის მეშვეობით გავაგრძელებთ. მართლა მშვენიერი დრო გავატარეთ მე და ჩემმა მოცეკვავეებმა.

- ალბათ შრომატევადი იყო კონკურსისთვის მზადება...

- დიდი დრო და ენერგია დასჭირდა ამ ყველაფერს. არ მეგონა, ამხელა შრომა თუ დასჭირდებოდა. ჩემთვის ასეთი დონის საკონცერტო სამზადისი უცხო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. ჰოდა, ფსიქოლოგიურადაც კარგად მამზადებდნენ - ესეც საჭიროა, რადგან სცენაზე რომ დადგები, შეიძლება საერთოდ თავი დაკარგო.

318425341-690556366045785-1227347705884560563-n-1671521104.jpg

- სცენაზე რა განცდა გქონდა?

- რეპეტიციის დროს დავდექი პირველად ამ სცენაზე. პირველად ვღელავდი, ვნერვიულობდი, შოკში ვიყავი, ამხელა სცენა და ამდენი ადგილი აუდიტორიისთვის არასდროს მინახავს. ზღაპარში მეგონა თავი. 3-ჯერ გვქონდა რეპეტიცია და მერე კონკურზე რომ გავედი, სავსე დარბაზი დამხვდა, ყველა ბოლო ხმაზე ყვიროდა, თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევდი, რადგან ყურსასმენები მეკეთა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ამდენი ხალხი რომ გელოდება და მერე შენთან ერთად მღერის, ფარანს ანთებენ... სცენაზე გასვლის წინ ცოტას ვღელავ ხოლმე, როცა მაყურებელს თვალს გავუსწორებ, მაშინ ვხვდები, რომ სცენა ჩემია და იქაურობა უნდა "დავანგრიო".

- ალბათ არანაკლებ ნერვიულობდი ქულების გამოცხადებისას...

- სხვათა შორის, ამაზე არ ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, საქმეს კარგად გავართვი თავი და უკვე ჩემზე აღარაფერი იყო დამოკიდებული.

- ძალიან ახლოს იყავი პირველ ადგილთან...

- არა უშავს... რაც მთავარია, არა მარტო ქართველები, უამრავი უცხოელი მწერს: შენ ხარ ნამდვილი გამარჯვებულიო. ჩემთვის ეს არის გამარჯვება, ისტორია დავწერე და ხალხს თავი დავამახსოვრე. მინდა ასეთი გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო ყველას.

- ცოტა რამ შენს ყოველდღიურობაზე გვიამბე...

- სანამ კონკურსებში დავიწყებდი მონაწილეობას და აუდიტორია გამიცნობდა, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო: ვსწავლობ თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში, თემქაზე, მეორე ცვლაში ვარ. დილით 11 საათზე უნდა ვყოფილიყავი ვოკალის მასწავლებელთან, იქიდან სკოლაში გავრბოდი, სკოლიდან კარატეზე, შინ დაბრუნებული კი გაკვეთილებს ვამზადებდი და ვიძინებდი... "რანინას" კონკურსის დროს და შემდეგ - ევროვიზიისთვის მზადებისასაც სკოლის გაცდენა მიხდებოდა. ახლა ისევ სწავლას უნდა მივუბრუნდე.

- კარატეზე სიარული ვინმემ გირჩია თუ თავად გინდოდა?

- სულ სპორტით ვიყავი გატაცებული და სხვა გოგონებისგან განსხვავებით, უფრო აქტიური სპორტი მიყვარს. არასდროს არავინ მჩაგრავდა, მაგრამ მინდოდა, თავის დაცვა შემძლებოდა. კარგია, როცა შეგიძლია არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მეგობრებიც დაიცვა. ჩვენთან ახლოს გაიხსნა კარატეს სკოლა და 8 წლის ვიყავი, იქ რომ დავიწყე სიარული. ბოლო ორი წელი ვერ ვიარე - ერთი წელი პანდემიის, მეორე წელი კონკურსების გამო. ახლა აუცილებლად უნდა გავაგრძელო ვარჯიში. ერთხელ კარატეს ჩემპიონატში პირველი და მეორე ადგილები ავიღე. ორ კატეგორიაში ვიბრძოლე. წითელ ქამარზე ვარ და ჩემი მიზანი შავი ქამრის აღებაა.

- კარატისტიაო, რომ იგებენ ბიჭები, რა რეაქცია აქვთ?

- ზოგს მოსწონს, ერთმა აბუჩად ამიგდო ამის გამო, მაგრამ ჭკუა ვასწავლე (იცინის)... სხვათა შორის, მერე, როცა "რანინას" კონკურსში გავიმარჯვე, ამ ბიჭმა მთელ უბანს შეატყობინა, ეს ის გოგოა, კარატეზე რომ დადის და ფეხბურთს თამაშობსო. ჩემი აზრით, მთავარია შენ მოგწონდეს, რასაც აკეთებ....

316282296-513525154125620-7836094520448755096-n-1671521060.jpg

- რას ნიშნავს შენთვის სიმღერა?

- სიმღერა ჩემთვის ყველაფერია! ის დედამ შემაყვარა. ჯერ კიდევ მის მუცელში ვიყავი, როცა დედა გემოვნებიან მუსიკას უსმენდა. რომ გავჩნდი, მერეც მიმღეროდა და რაღაც პერიოდის შემდეგ შეამჩნიეს, რომ მეც ვყვებოდი. დედიკო და მამიკო პროფესიით მომღერლები არ არიან, თუმცა ორივე კარგად მღერის. მამა სამების საკათედრო ტაძარში გალობდა, სადაც მეც დავყავდი. მამას ძლიერი ხმა აქვს, დედას - კარგი სმენა და ერთად სიმღერა მშვენივრად გამოსდით. მამა დილით რომ ლოცულობდა და მერე გალობდა, ვუსმენდი, სიტყვები დამამახსოვრდა და მელოდიაც და ორი წლისა მეც ავყევი. როგორც თავად ამბობს, მას ჩემსავით ბავშვობიდან არ დაუწყია სიმღერა, გვიან აღმოაჩინა, რომ კარგი ხმა და სმენა ჰქონდა. მე და მამას ერთად ვიდეოც გვაქვს, სადაც სიცხიანი საგალობელს ვმღერი. 5 წლიდან "ბზიკების" სტუდიაში დავდიოდი, ეკა კიკნაველიძე იყო ჩემი პედაგოგი. სტუდია ჩვენგან შორს იყო, ამიტომ როცა ლაშა რამიშვილმა ჩვენთან ახლოს გახსნა სტუდია, 2-3 თვე მასთან დავდიოდი. შვიდი წლისა ფანდურზე მივედი, ხალხურ საკრავებზე. კაპელაშიც მოვხვდი ვოკალის მასწავლებელთან. ერთი თვე დავდიოდი და ასე მოვემზადე კონკურსისთვის. მერე იყო კონკურსი და გამარჯვებები.

კარგია, შენს ნამღერს ბევრი ადამიანი რომ მოუსმენს და გეტყვიან, რომ ისიამოვნეს. ვფიქრობ, სიმღერას, მელოდიას ადამიანის შეცვლა შეუძლია და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამდენი ადამიანი მიცნობს, ბევრს მოვწონვარ. მომავალში მომღერლობას ვაპირებ, მაგრამ სხვა პროფესიაც აუცილებლად მექნება და ამისთვის სწავლაა საჭირო. დიზაინერობას ვფიქრობ. ტანსაცმლის ჩემი ბრენდიც მინდა შევქმნა, თანაც ისეთი, რომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლოთ მისი ყიდვა. გემოვნებიანი და "მაგარი" ტანისამოსი მექნება. საპნის ქარხანაც მინდა მქონდეს. ვფიქრობ, მომგებიანი ბიზნესი იქნება, რადგან საპონი ყველა პერიოდში და ყველას სჭირდება. პარალელურად, ცხადია, სიმღერას გავყვები. რაც შეეხება ქორეოგრაფიას, ცეკვა დიდად არ მიყვარდა, არ ვიყავი მოქნილი და როდესაც სხვები ცეკვავდნენ, ამას გავურბოდი. რაღაცნაირად მეგონა, ცეკვა არ გამომდიოდა, მაგრამ პირველი ორი გაკვეთილი რომ ჩამიტარეს, ცეკვაც ძალიან შემიყვარდა...

11 წლის მარიამ ბიგვავას საგულშემატკივროდ ერევანში იყვნენ მარიამის მშობლები და მისი პატარა ძმა დემეტრეც. ისინი მარიამის წარმატებით გახარებულები არიან. მარiამის დედას, თეა დარახველიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ვნერვიულობდი, მაგრამ ვინაიდან კარგი გამოხმაურება იყო ყველასგან, ვიცოდი, წარმატებას მიაღწევდა. კონცერტს ჩვენც დავესწარით. პირველი ადგილი გვინდოდა, მაგრამ მესამეს დავჯერდით, თუმცა ესეც ძალზე სასიხარულოა.

- საზოგადოების აქტიურობა რომ ყოფილიყო, პირველ ადგილზე გასვლის შანსიც ჰქონდა მარიამს. როგორ ფიქრობთ, ინერტულობის მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ ბევრმა არ იცოდა წესები?

- ნამდვილად, გამარჯვების დიდი შანსი იყო და ამიტომ დამწყდა გული. არ ვიცი, სათანადოდ ვერ მივაწვდინეთ ხმა საზოგადოებას, თუ საზოგადოებამ არ მოინდომა, მაგრამ ასე მოხდა.

- მარიამზე რას გვეტყვით, როგორი გოგოა?

- ძალიან მონდომებული, კეთილი, ჭკვიანი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და საყვარელი შვილია.

- რა ასაკში შეამჩნიეთ, რომ სიმღერის მონაცემები ჰქონდა?

- როდესაც ფეხმძიმე ვიყავი, ბავშვის განვითარებაზე სტატიებსა და წიგნებს სულ ვკითხულობდი. ყველგან ეწერა, ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა, მელოდიაო. მქონდა სპეციალური რვეული, სადაც ვიწერდი სიმღერებს, ვსწავლობდი მათ და ვუმღეროდი. ჯერ კიდევ მისი მუცლად ყოფნის დროს ვასმენინებდი გემოვნებიან მუსიკას. როცა დაიბადა, მას მერე ძილის დროს სულ ვუმღეროდი და ვამჩნევდი, თუ გავჩუმდებოდი, მომადებდა თავს და მაგრძნობინებდა, რომ უნდოდა მემღერა, ეს სიამოვნებდა, თვეებისა უკვე "ზუზუნებდა". 3 წლის ასაკში 30-35 მელოდია იცოდა, მერე ლაპარაკიც დაიწყო და ზუსტად გამართული ტექსტით არა, მაგრამ სიტყვებს ამსგავსებდა. მე უფრო სუსტი ხმა, მაგრამ კარგი სმენა მაქვს. სახლში ვმღერი. ჩემი მეუღლეც მღერის და ხმის სიძლიერე მარიამს მამისგან აქვს.

5w8a1455-1671521046.jpg

მარიამის პირველი პედაგოგი მე ვიყავი. მერე მამამისი გალობდა და გადაღებული გვაქვს მამა-შვილის გალობაც. დაახლოებით 2 წლის და 3 თვის იყო მაშინ მარიამი. მერე ბაღში დაიწყო სიარული და იქ უკვე პედაგოგი ამღერებდა. ბაგაში 2 წლისა შევიყვანე. რადგან მარიამი ძილის წინ სიმღერას იყო მიჩვეული, ძილის დრო რომ მოვიდოდა, თვითონ იწყებდა სიმღერას და გაოცებულ მასწავლებელს სხვა პედაგოგებიც ჩამოჰყავდა, მათაც ასმენინებდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის მე-60 ბაღს, საგულშემატკივროდ ძალიან კარგი ვიდეო ჩაგვიწერეს, როცა ევროვიზიაზე მივდიოდით და გაგვახარეს. გულისამაჩუყებელი იყო.... მერე რამდენიმე თვე "ბზიკების" სტუდიაში ვატარე, შემდეგ ლაშა რამიშვილთან ვიყავი ცოტა ხანს. პედაგოგები ყოველთვის აღnიშნავდნენ, რომ განსაკუთრებული სმენა და ხმა ჰქონდა, მაგრამ მეგონა, ამ შეფასებით ჩემთვის უნდოდათ ესიამოვნებინათ. თუმცა ვხვდებოდი, რომ განსხვავებული და გონიერი ბავშვი იყო. 6 წლის გახლდათ, როცა გადავწყვიტე რომელიმე ინსტრუმენტზე მიმეყვანა და მუსიკალური განათლება მიეღო. ვფიქრობდი, ფორტეპიანო რთული იქნებოდა 6 წლის ბავშვისთვის და ფანდურზე მივიყვანე. პედაგოგმა მითხრა, ძალიან პატარაა ფანდურის შესასწავლადო, მაგრამ ორ გაკვეთილში მიხვდა ჩვენი საყვარელი ეკა მასწავლებელი, რომ მარიამისთვის არ იყო რთული და ახლა ფანდურსაც კარგად ფლობს. "რანინა" რომ გამოჩნდა ტელეარხზე, ვოცნებობდი, მარიამსაც მიეღო ამ კონკურსში მონაწილეობა და ვუთხარი, სცადე-მეთქი. მოეწონა ეს წინადადება. ძალზე აზარტულია, უყვარს მოგება და მონაწილეობა გარისკა. ათეულში რომ მოვხვდით, გაოცებულები და ბედნიერები ვიყავით, რადგან ათეულში მოხვედრაც რთული იყო, იმდენად დიდი გახლდათ კონკურენცია. გამოიჩინა თავი და საბოლოოდ, გამარჯვება დაიმსახურა.

- როგორც ვიცი, მეორე შვილიც გყავთ. ისიც მღერის?

- ბიჭი გვყავს, დემეტრე, რომელიც მარიამზე 5 წლით პატარაა. მარიამს ძალიან უნდოდა ძმა ჰყოლოდა. ისიც მღერის, მაგრამ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს სიმღერაsTan, ამბობს, მე არ გამომდისო, არადა, ჯერ პატარაა. 6 წლის არის ახლა. სამწუხაროდ, ისეთ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ, როგორც მარიამს და ამაზე მწყდება გული. მშობლების ჩართულობა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მთლიანად მარიამზე ვიყავით გადართულები, სულ მის გარშემო ვტრიალებთ. სადაც დავდივართ, დემეტრე ყველგან დამყავს და "რანინაში" მარტო მარიამის კი არა, სხვა ბავშვების რეპერტუარებიც ზეპირად იცოდა, ასევე თან გვახლდა "ევროვიზიაზეც". ამბობს, მე მოჭიდავე უნდა გამოვიდეო. დაბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხდი ყველა ჩვენს გულშემატკივარს. გპირდებით, მარიამი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.

თეა ხურცილავა