"მინდა დედას მალე ჩავეხუტო და სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით ვიყო" - გზაპრესი

"მინდა დედას მალე ჩავეხუტო და სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით ვიყო"

"სიკეთე რომ ირწმუნო, მისი კეთება უნდა დაიწყო... ჯერ არ დაგიწყია? ჰოდა, დაიწყე, რადგან ცხოვრება ჩვენგან ძალიან სწრაფად მიდის", - ეს ამონარიდია კოლხი ქალბატონის, ნონა შონიას პოსტიდან, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, სიცოცხლე და სიკეთის კეთება უყვარს. იტალიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს და თავის "ფეისბუკ"-მეგობრებს ხშირად ანებივრებს თავისი შექმნილი ნახატებით, ლექსებით, სიმღერებით, იმედისმომცემი პოსტებით... ფანქარი არ აქვს? არა უშავს, ყავის ნალექით ან კბილის პასტით დახატავს. სამუშაოდ ქსოვილი არ აქვს? ეგეც არაფერი, კანფეტს ქაღალდს შემოაცლის და თოჯინას კაბას დაუმზადებს... მოკლედ, დღეს მინდა ძალიან პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანი გაგაცნოთ...

- ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ და ისიც არ ვიცი, ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა რატომ მოინდომეთ, მაგრამ რადგან დამიკავშირდით, უარი როგორ გითხრათ? დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ხობში, ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში, სადაც დიდი სიყვარულით და ადამიანობით გაიზარდა 3 დედმამიშვილი. ძალიან ბედნიერი, მრავალფეროვანი, წარმატებული და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება მქონდა. ალბათ ოდესმე მამაჩემის მსგავსად, მეც დავწერ წიგნს...

317429851-532314378922988-5632899832796432889-n-1671521362.jpg

- როგორც ჩანს, თქვენი მშობლები საინტერესო ადამიანები იყვნენ. მათზე მიამბეთ...

- დედა პედაგოგია, მრავალი ბავშვი აღზარდა. მისი კარიერის ბოლო 20 წელი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად მუშაობდა. მინდა დიდხანს მყავდეს და რაც მთავარია, ჯანმრთელად.

მამა სამწუხაროდ, გარდაცვლილი მყავს. მას ცოცხალ ენციკლოპედიას ეძახდნენ. უნიჭიერესი იყო ყველა სფეროში. სულ თანამდებობაზე მუშაობდა. რაიონის კოლორიტი იყო. შეეძლო შვილები ფუფუნებაში გავეზარდეთ, ამის ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის ამბობდა: "ახალგაზრდას ისე არაფერი აფუჭებს, როგორც უშრომლად ნაშოვნი ფული". მან შეგვაყვარა შრომაც და "უბრალო" ადამიანების პატივისცემაც.

სხვათა შორის, მამაჩემისა და მაშინდელი რაიკომის მდივნის, ნუგზარ ნადარაიას თაოსნობით გაიხსნა საკავშირო მნიშვნელობის "კოლხეთის დაშრობის და ათვისების ისტორიის მუზეუმი". მამამ მის მშენებლობასა და მოწყობაში მთელი სული და გული ჩადო. მაგრამ ერთ დღესაც, მხედრიონელებმა იქაურობა ფერფლად აქციეს... არასოდეს დამავიწყდება მამაჩემის თვალები, მისი გამოხედვა ამ ყველაფრის გამო...

მამა ასევე საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის წევრიც იყო. ძალიან უჭრიდა კალამი. მისი ოცნება იყო წიგნი დაეწერა კოლხეთის ისტორიაზე, ხობსა და ხობელებზე. ეს ოცნება მან აიხდინა: 1995 წელს, ჩემი ძმის სპონსორობით გამოიცა სათავგადასავლო მოთხრობა "მე და ჩემი ხობი", რომელიც ყველა ხობელის სამაგიდო წიგნად იქცა. მე კი, როცა მამა მომენატრება, ამ წიგნს გადავშლი ხოლმე და ყოველ ჯერზე, თვალები მეცრემლება.

317556428-703090041126746-7408228497248442725-n-1671521379.jpg

- თქვენ ვინ ხართ პროფესიით და ემიგრაციაში წასვლამდე რას საქმიანობდით?

- სკოლა წარმატებით დავამთავრე. ყველა საგანში ძლიერი ვიყავი. ჩემი მოწოდება ექიმობა იყო და ორჯერ ვცადე ბედი, მაგრამ ვერ მოვეწყვე, მერე კი ხელი ჩავიქნიე, რასაც დღეს ვნანობ... სპეციალობით ტექნოლოგი ვარ. იმ პერიოდში, როცა სტუდენტი ვიყავი, ესეც ძალზე საინტერესო სპეციალობა იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, 90-იან წლებში, ომის შედეგად ბევრი საწარმო განადგურდა და უმუშევარი დავრჩი. თუმცა დამეთანხმებით, ქალისთვის ყველაზე კარგი პროფესია დედობა, შვილის აღზრდაა და ჩემმა დიასახლისობამაც დიდხანს გასტანა. დღეს ჩემი ვაჟი 26 წლისაა. ვფიქრობ, კარგი ქართველი გავუზარდე ქვეყანას...

ემიგრაციაში წამოსვლამდე ვმუშაობდი პედაგოგად. მართალია, სპეციალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ კოლექტივისა და ბავშვების ნდობა გავამართლე, რაშიც პატარების სიყვარულმა დიდად შემიწყო ხელი.

- რა საგანს ასწავლიდით?

- ვინაიდან ქიმია კარგად ვიცოდი, დროებით ქიმიას ვასწავლიდი, მერე დაწყებითებში, პატარებთან ვცადე ბედი და საკმაოდ წარმატებულად. შემდეგ ჩვენი სასწავლებელი უკრაინულ სკოლად გადაკეთდა და შემცირებაში მოვყევი. გარკვეული პაუზის მერე, საბავშვო ბაღში გავაგრძელე პედაგოგობა და იქაც კარგად გავართვი თავი საქმეს. რაც მთავარია, მე და ბავშვებს ერთმანეთი გვიყვარდა და ყოველი დილა მათთან ჩახუტებით იწყებოდა.

- და საბოლოოდ, ემიგრაციაში წასვლა მაინც მოგიხდათ...

- ძალიან ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება, ოჯახის დატოვება, მით უმეტეს, ქალისთვის. ემიგრაციის თემა ათეულობით წლებს ითვლის და გაგრძელდება მანამ, სანამ შრომის შესაბამისი ანაზღაურება არ იქნება ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში არის პატარა საქართველო და გული მტკივა, რომ პატარა გოგო-ბიჭებიც ტოვებენ სამშობლოს. ღმერთმა ქნას, ყველანი დროულად დაბრუნდნენ გაძლიერებულ საქართველოში, რადგან ჩვენნაირი ქვეყანა, ჩვენნაირი ნიჭიერი და მოსიყვარულე ერი, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, არსად არსებობს!

- რამდენი წელია, რაც იტალიაში ხართ?

- უკვე მეოთხე წელია, რაც ჩრდილოეთ იტალიაში ვარ. მართალია, ბავშვობის ოცნება ავიხდინე (შეყვარებული გახლდით იტალიურ მუსიკაზე, ფილმებზე, ულამაზეს არქიტექტურაზე...), მაგრამ ეს ემიგრაციის ხარჯზე მოხდა. სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია აქაურობასთან შეგუება, რადგან ძალზე კომუნიკაბელური ვარ და მეგობრებშიც მიმართლებს, ყოველთვის ვგრძნობ მათ სიყვარულსა და მხარდაჭერას. მე ჩემმა სოხუმელმა მეგობარმა, მარინა გვარამიამ გამიკვალა გზა და დღემდე ერთად დავაბიჯებთ უცხო მიწაზე... აქ თვითონ მასპინძლებიც საოცრად თბილი ხალხია. თითქოს ქართველებსა და იტალიელებს ამსგავსებენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ცოტა "მარილი აკლიათ" (იღიმის).

317788513-552300332988008-5133109929337464120-n-1671521391.jpg

- მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ცხოვრებას იოლად შეეგუეთ, თქვენს პოსტებში იგრძნობა, სამშობლოში დაბრუნება გსურთ და არ აპირებთ დიდხანს მანდ გაჩერებას. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში დაბრუნდებით?

- მეკითხებით, როდის დავბრუნდები? მართლაც, სურვილი შინ ყოფნისა, ძალიან დიდია და ამ სურვილს ორი მიზეზი განაპირობებს: პირველი - დედას, რომელიც 28 დეკემბერს 84 წლის გახდება და რომელსაც ამ დალოცვილი ინტერნეტის საშუალებით ყოველდღე ვუყურებ, მინდა მალე ჩავეხუტო და სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით ვიყო; მეორე - შვილი, რომელიც ჩემს ჩამოსვლამდე არ ქორწინდება... ასე რომ, ძალიან მიმეჩქარება ჩემს საქართველოში...

- ნონა, იცით, რატომაც დაგიკავშირდით: "ფეისბუკ"-მეგობრებს გვანებივრებთ თქვენი სიმღერებით, ლექსებით, ნახატებით, სხვადასხვა ნივთისგან შექმნილი ლამაზობებით... თან ყოველთვის ფორმაში ხართ... როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს დამღლელი სამუშაოს პარალელურად?

- იცით, საკუთარ თავზე საუბარი მეუხერხულება, მაგრამ რადგან კითხვა დამისვით, ვიცი, უნდა გიპასუხოთ და იმედია, თავის ქებაში არ ჩამითვლით. ამბობენ, რომ ყველა ნიჭი თანდაყოლილად მაქვს. რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომდის.

პირველ რიგში, "უგემრიელესი ხელი" მაქვს, რაც ქალის სავიზიტო ბარათია. თითქმის ყველა ენაზე ვმღერი, რამდენიმე ინსტრუმენტზე ვუკრავ, ვცეკვავ ნებისმიერი ეროვნების ცეკვას, ვხატავ, ვძერწავ, ვკერავ, ვქარგავ. ამბობენ, რომ კარგი ხედვა მაქვს და აქედან გამომდინარე, ალბათ, მშვენიერი ფოტოხელოვანიც ვარ... ჯერ კიდევ 6 წლის ვიყავი, როცა მოვინათლე პირველი პრიზით გაზეთ "ნორჩი ლენინელისგან" და მას შემდეგ, უამრავი სიგელი თუ მედალი მიმიღია თითქმის ყველა სფეროში.

- პრიზი რისთვის გადმოგცეს?

- მაშინ კონკურსში ვმონაწილეობდი. ურთულესი რებუსი უნდა ამომეხსნა და თუ ამას შევძლებდი, უნდა მიმეთითებინა მიღებული პასუხის (და სწორი პასუხი იყო ,,იავნანამ რა ჰქმნა?") ავტორიც. ვინაიდან ეს შევძელი, ჩემი პირველი სიგელიც და პრიზიც გადმომცეს...

- ყავის ნალექით ხატავთ პორტრეტებს. მათ შენახვას ალბათ ვერ ახერხებთ და არ გენანებათ ეს შრომა?

- იცით, ადრე ქვიშაზე ვხატავდი და ამიტომ, ყავით ხატვაც არ გამჭირვებია. რა თქმა უნდა, ძნელია ნალექით პორტრეტის დახატვა და ხასიათის გადმოცემა, მაგრამ მგონი, გამომდის. ასევე ვხატავ კბილის პასტით, ტომატით, ფრჩხილის ლაქით, ფქვილით, მარილით... მოკლედ, არ დავტოვე სურსათ-სანოვაგე, ყველაფერს ვიყენებ (იცინის)... თუმცა, ეს ყველაფერი სამწუხაროდ, მართლაც იშლება და მხოლოდ ფოტო რჩება, რომელსაც ამ ნახატს ვუღებ. საერთოდ, დიდი ფანტაზია მაქვს და რასაც სხვები ყრიან, მე ვინახავ და მერე ვქმნი ჩემს "შედევრებს"...

- ლექსებსაც წერთ...

- ვიდრე ლექსებზე ვისაუბრებ, გეტყვით, რომ 45 წელია, დღიურებს ვაწარმოებ და მათი მიხედვით რამდენიმეტომეულიც გამოიცემა... სურათს შევხედავ და მისი შთაგონებით შემიძლია, ლექსი ან ნოველა დავწერო. ლექსებს ადრეც ვწერდი, მაგრამ ემიგრაციამ ორმაგად რომანტიკოსი გამხადა. ვწერ ჩემი მეგობრებისთვის, თორემ პოეტობაზე ამბიცია არ მაქვს.

318241699-1236519607207346-7815205897844178193-n-1671521347.jpg

- დაბოლოს, ხშირად წერთ პოსტებს ხვიჩა კვარაცხელიაზე, დახატეთ კიდეც. გიყვართ ფეხბურთი?

- მხოლოდ ფეხბურთი კი არა, ზოგადად სპორტი მიყვარს. ახლა გაგეცინებათ, მაგრამ ფეხბურთსაც ვთამაშობდი სტუდენტობისას და საკმაოდ საშიში თავდამსხმელიც ვიყავი.

კარგად ვთამაშობ ფრენბურთს, კალათბურთს, მაგიდის ჩოგბურთს. ძლიერიც ვარ და თანრიგოსანიც ტყვიის სროლაში. ნებისმიერი მამაკაცი შემეჯიბროს, ტყვიას ტყვიაში ვაჯენ (იღიმის)!

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია მთელ მსოფლიოში. იცით, ჯერ კიდევ მარადონას დროიდან ვიყავი "ნაპოლის" გულშემატკივარი და იმდროინდელ ემოციებს დღეს ხვიჩა მივსებს. ძალიან შეაყვარა იტალიელებს თავი, არა მარტო როგორც საოცარმა ფეხბურთელმა, არამედ როგორც კეთილშობილმა ადამიანმა. ადგილობრივი პრესა ხშირად აღნიშნავს მის პიროვნულ თვისებებს. ასეა ბატონო, ქართული გენი საოცრებაა!

დაბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს, ჟურნალის - "გზა" კოლექტივს და მთელ სამყაროს მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ოცნებების ასრულებას გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია