"სამსახურიდან სახლში დაღლილი ვბრუნდები, მერე ბავშვებს უნდა ვეთამაშო..." - გზაპრესი

"სამსახურიდან სახლში დაღლილი ვბრუნდები, მერე ბავშვებს უნდა ვეთამაშო..."

"კომედი შოუმ" ტელევიზიიდან ინტერნეტში, "იუთუბზე" გადაინაცვლა. "კომედი ჯგუფის" ერთ-ერთ წევრს - გივი პაპავას ჩვეული საქმის ახლებურ სპეციფიკაზე ვესაუბრეთ...

- ინტერნეტს მარტივად მოვერგეთ, რადგან ჩვენი გუნდის ზოგიერთმა წევრმა, მაგალითად - მე და თემო ნიქაბაძემ იუმორის სფეროში "სახელის მოხვეჭა" სოციალური ქსელიდან და "იუთუბიდან" დავიწყეთ. საერთოდ არ გაგვჭირვებია, რომ ტელევიზიიდან ისევ "იუთუბს" დავბრუნებოდით, პირიქით - თავს კარგად ვგრძნობთ, არაფერი შეცვლილა: ვაქტიურობთ, იმავეს ვაკეთებთ, თან - უფრო მეტი სტიმულით.

- თქვენს ერთ-ერთ "სკეტჩს", როცა რეალითი შოუს მონაწილეები განასახიერეთ, ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უყურებთ "პრაიმ ჰაუსს"?

- არა. უბრალოდ, ამ როლისთვის, როცა "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე - ევა განვასახიერე, 1-2 ეპიზოდს ვუყურე, რომ ეს გოგო კარგად შემესწავლა და როლი მომერგო. სოციალურ ქსელში, რეალითი შოუდან ნაწყვეტები მხვდება, თვალს ვადევნებ - ვიცი, რაც ხდება, მაგრამ მოუცლელობის გამო, ეპიზოდების სრულად ნახვას ვერ ვახერხებ. სამსახურიდან სახლში დაღლილი ვბრუნდები, მერე ბავშვებს უნდა ვეთამაშო...

- ევას პიროვნებაზე როგორი წარმოდგენა შეგექმნათ, როგორი გოგოა?

- შოუს "რეალითი" იმიტომ ჰქვია, რომ მონაწილეები რეალურად თამაშობენ: ზოგი საკუთარ თავს, ზოგი - სხვა როლს ირგებს. ჩემი აზრით, ევასაც ისეთი როლი ჰქონდა მორგებული, როგორიც შოუსთვის საჭირო იყო, თორემ ამ ადამიანს არ ვიცნობ. მის შესახებ ვერ ვისაუბრებ. რეალითი შოუს მიღმაც თუ ისეთია, როგორიც "პრაიმ ჰაუსში" იყო, არ ვიცი. შოუში როგორც თამაშობდა, მეც ისე განვასახიერე. ალბათ, კარგად გამომივიდა. თუ არ ვცდები, ევა კმაყოფილი დარჩა: ვნახე, რომ "სკეტჩიდან" ნაწყვეტი "სთორიზე" ედო.

- ქართულ ტელესივრცეში ძირითადად, რა ტიპის გადაცემებს უყურებთ?

- სიმართლე გითხრათ, ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ - არ მიყვარს. უბრალოდ, სახლში სულ ჩართულია და 2 წუთით შევხედავ ხოლმე. ძირითადად, ფილმებს ინტერნეტში ვუყურებ... დიდი ხნის განმავლობაში, თავადაც ტელევიზიაში ყოფნა მიწევდა და ამ ყველაფრისგან დადებითად დაღლილი ვიყავი. მირჩევნია, ტელეგადაცემებს მოვწყდე, სხვა რამეს ვუყურო. თან, ბოლო დროს, თითქმის ყველა გადაცემაში პოლიტიკაა, რაც მოსაბეზრებელია. ალბათ ამიტომ, უმრავლესობა ცდილობს, "იუთუბსა" და სოციალურ ქსელებში რაღაც განსხვავებული გააკეთოს - პოლიტიკასა და ქვეყანაში არსებულ გარემოს თავი აარიდოს...

givis-ojakhi-copy-1671521857.jpg

- "იუთუბერებთან" როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ბევრ "იუთუბერს" არ ვიცნობ, ბევრის გადაცემებს არ ვუყურებ, მაგრამ ვიღაცებს გამოვარჩევ. მაგალითად, სოსო, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და ნომერი პირველი "იუთუბერია". ველოდები ხოლმე, ახალ ვიდეოს როდის გამოაქვეყნებს, რადგან ისეთი "პონტები" აქვს, თითქოს მასთან ერთად მოგზაურობ. ძალიან საინტერესოა!.. საერთოდ, ყველას პატივს ვცემ, გარკვეულწილად, ყველას გადაცემის ნაწყვეტები ნანახი მაქვს. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ.

- "იუთუბზე" პირადად თქვენს ვიდეოებსაც აქვეყნებთ?

- არა. "კომედი ჯგუფმა" "სი კორპორეიშენი" შევქმენით. ახალი იდეები გვაქვს, რომელთა შესახებაც წინასწარ საუბარი არ მინდა... გადაცემას ტელევიზიისთვისაც ვაკეთებთ და "იუთუბისთვისაც". მოკლედ, "კომედი ჯგუფისთვის" ვმუშაობ - "იუთუბზე" პირადი არხი არ მაქვს. უბრალოდ, ხუმრობით "ფეისბუკზე" რამე მოკლე ვიდეოს თუ გამოვაქვეყნებ ხოლმე...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი იუმორი განსხვავებული რითია? სხვა იუმორისტებს კონკურენციას რითი უწევთ?

- არასდროს გვიფიქრია, რომ ვიღაცისთვის კონკურენცია გაგვეწია, რადგან ყველას თავისებური იუმორი, თავისი მიმართულება, კონტენტი აქვს. რაც სასაცილოდ მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ხალხი უყურებს, იმას ვაქვეყნებთ. შემდეგ "ნახვების" რაოდენობას ვაკვირდებით. მაგალითად, შეიძლება 10 გამოქვეყნებული ვიდეოდან ერთს განსაკუთრებულად ბევრი "ნახვა" ჰქონდეს. ამის მიხედვით ვირჩევთ, სამომავლოდ მაყურებელს როგორი ჟანრის იუმორი შევთავაზოთ. კონკურენციაზე კი არა, იმაზე ვფიქრობთ, ხალხს რა მოსწონს, რა სიამოვნებს. ჩემი აზრით, ყველა იუმორისტი და "იუთუბერი" ასე უნდა იყოს განწყობილი: ერთმანეთთან კონკურენცია კი არ უნდა გვქონდეს, ის ვაკეთოთ, რაც ხალხს ესიამოვნება, დააინტერესებს. ხალხს უნდა მოვერგოთ და არა - ერთმანეთს შევეჯიბროთ, ვინ უფრო მაგარი ვართ.

- გქონიათ შემთხვევა, როცა ფიქრობდით, რომ საზოგადოებას კარგი ხუმრობა შესთავაზეთ, მაგრამ აუდიტორიამ ვერ გაგიგოთ?

- კი, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ხუმრობა დაგვიწერია, შემდეგ ოთახში, სადაც რამდენიმე კაცი ვყოფილვართ, წაგვიკითხავს და ყველას გაგვცინებია, მერე ეს ხუმრობა "სკეტჩში" გამოგვიყენებია, მაგრამ ხალხს ვერ გაუგია. მსგავსი რაღაცები ყველა საქმეში ხდება. შეიძლება პატარა დეტალი გაგეპაროს, რაც თავად გსიამოვნებს, მაგრამ მაყურებლამდე სათანადოდ ვერ მიიტანო ან უბრალოდ, ხალხმა ის ვერ გაიგოს, რაც შენთვის გასაგებია, მაგრამ მერე მივმხვდარვართ, სამომავლოდ როგორი ხუმრობა არ უნდა დაგვეწერა. მაგალითად, როცა "პრაიმ ჰაუსის" პაროდია გავაკეთეთ, სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ (იმ პერიოდში ტელევიზიაში აღარ ვმუშაობდით), ძალიან გაამართლა. ვიდეოს ბევრი "ნახვა" ჰქონდა. სოციალური იუმორი სულ სხვაა, ტელევიზიის ეკრანისთვის განკუთვნილი კი - სხვა. გადაცემებს ტელევიზორში უფრო ხანში შესული ადამიანები უყურებენ, ახალგაზრდები კი სოციალურ ქსელებს ამჯობინებენ. "ზღვარზე" უნდა გაიარო, რომ ორივე ტიპის მაყურებელი გყავდეს.

- ტელემაყურებელი "იუთუბზეც" შეინარჩუნეთ?

- სავარაუდოდ, კი, რადგან ბებია-ბაბუებსაც აქვთ ტელეფონი. 21-ე საუკუნეში ინტერნეტს ხომ ყველა იყენებს, არა? ტაქსით ხშირად ვმგზავრობ. ყველა მძღოლი მეუბნება, - "იუთუბზე" გიყურეთო. დღეს თითქმის ყველა გარეთაა, მუშაობს და ცდილობს, ინტერნეტში რაღაც ისეთს უყუროს, რაც გაამხიარულებს. ნელ-ნელა ყველას გავაგებინებთ, რომ "იუთუბზე" ვართ. სამომავლოდ, ალბათ, ტელევიზიაშიც გამოვჩნდებით...

givi-evas-rolshi-copy-1671521842.jpg

- ტვლევიზიაში მუშაობა თქვენთვის ისევ საინტერესოა?

- კი. ტელეეკრანზე გამოჩენას მაინც სხვა პეწი აქვს, ვიდრე - სოციალურ ქსელსა და "იუთუბზე". ინტერნეტში შეიძლება, გადაცემა კვირაში ერთხელ გამოაქვეყნო - 1 კვირა ერთ გადაცემაზე იმუშაო, ტელევიზიაში მუშაობისას კი ყოველდღე ახალ-ახალ გადაცემაზე მუშაობ, იდეებზე ფიქრობ... "იუთუბი" გპატიობს, რომ კვირაში მხოლოდ 1 გადაცემა "დადო". მაყურებელი გელოდება... მოკლედ, თავისებური ხიბლი ორივეგან (ტელევიზია, ინტერნეტი) მუშაობას აქვს.

- ხალხის გემოვნების ფორმირებაზე გიფიქრიათ? გიცდიათ, ისეთი იუმორი შეგეპარებინათ, როგორიც თავად მოგწონთ?

- კი, სხვათა შორის, ასეთი შემთხვევები გვქონია, როცა ტელევიზიაში ვიყავით. მაგალითად, როცა გადაცემაში 4 "სკეტჩი" გადიოდა, გვიფიქრია, - მოდი, 1 "სკეტჩი" ცოტათი თანამედროვეობას მოვარგოთ და "შევაპაროთ"-თქო, რომ მაყურებლისთვის "ანკესი გადაგვეგდო" და მერე მთლიანად იუმორის ჩვენთვის სასურველ ჟანრზე "გვეტარებინა", მაგრამ საქართველოში პრეტენზიული მაყურებელი გვყავს. ამიტომ შიგადაშიგ ეს ხრიკი გამოგვდიოდა, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებდით, რაც ხალხს მოსწონდა - რეიტინგზე დამოკიდებული ვიყავით. ხალხისგან დიდ სიყვარულს ვიღებდით... როცა იუმორისტი ხარ, ადამიანებს შენი დანახვისას უნდა ეცინებოდეთ; შენ შესახებ არ უნდა ამბობდნენ, - ამან ბევრი რაღაც იკადრაო. ამიტომ არ გვინდოდა, ჩვენი მსახიობების რეიტინგი დაცემულიყო. მაქსიმალურად ვცდილობდით, ისეთ თემებზე გვეხუმრა, რასაც ხალხი მარტივად და კარგად გაიგებდა. დღემდე ასე ვართ: პირველ რიგში, იმას ვითვალისწინებთ, მაყურებელი რას იფიქრებს, ჩვენი ნამუშევარი მოეწონება თუ არა, როგორ გაგვიგებს, რადგან მათზე დამოკიდებული ვართ - ჩვენი ყველაზე დიდი შემფასებელი სწორედ ხალხია.

ეთო ყორღანაშვილი